ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის ახალი დიზაინის ავეჯს დაამზადებენ, მანამდე კი ქალაქის მერია 3 000 ლარად „ავეჯის დიზაინის მომსახურებას“ შეისყიდის, რაზეც ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულს ევალება ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტების საოფისე ავეჯის დიზაინის შექმნა, აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სქემატური ნახაზების/ესკიზების დახაზვა.
პირობებში მერიას გაწერილი აქვს, რომ „შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ზედმიწევნით სიზუსტით შესრულებული; დასამზადებელი ავეჯის ნახაზების თითოეული კონტური უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული; როგორც მთლიანი, ისევე თითოეული დეტალის ზომები უნდა იყოს გარკვევით მითითებული.
დასამზადებელი ავეჯის ნახაზთან ერთად მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ეგზემპლარის ტექნიკური მახასიათებლები: დასამზადებელი მასალა, ფერი, შემადგენელი დეტალები, დანიშნულება, ღირებულება და ა.შ.
შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის მიღებაზე.“
მერიის მოთხოვნა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღეში უნდა შეასრულოს.
ამავე ტენდერის პირობაში მოცემულია საკრებულოს „სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის განკუთვნილი საოფისე ავეჯის სავარაუდო რაოდენობები და ჩამონათვალი“:
- სამუშაო ოთახი, სულ – 15
- კომპიუტერული მაგიდა აპარატის თანამშრომლებისთვის – 40 ცალი
- კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებისათვის მაგიდა წინა მისადგმელით – 7 ცალი
- კარადები – 15 ცალი
- დიდი კარადა [არქივისთვის] – 2 ცალი
- ტუმბოები – 20 ცალი,
- საზურგეები – 30 ცალი
- კედლის თარო – 10 ცალი
მერიის შენიშვნა: „აღნიშნული მონაცემები შესაძლებელია დაზუსტდეს უშუალოდ ადგილზე დეტალური ზომების აღების დროს“.
დიზაინის შექმნისა და ესკიზების მომზადების შემდეგ მერია საკრებულოსთვის ახალ ავეჯს იყიდის, თუმცა, რა თანხა დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან, ეს დამოკიდებული იქნება იმ დიზაინისა და ხარისხის ავეჯზე, რასაც მერიას აღნიშნული ტენდერის ფარგლებში შესთავაზებენ.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 5 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.
განახლება: ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერიამ წარადგინა პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ. ამ ცვლილებების მიხედვით საკრებულოსთვის საოფისე ინვენტარისა და ავეჯის შესასყიდად 61 200 ლარი გამოიყოფა. პროექტი საკრებულომ 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.






