მთავარი,სიახლეები

დიდი ბრიტანეთის საელჩო – „სამწუხაროდ, „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას“

25.07.2025
დიდი ბრიტანეთის საელჩო – „სამწუხაროდ, „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას“

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში წერს, რომ „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.

საელჩო წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას.

„ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ გააკრიტიკა რუსეთის უპასუხისმგებლო, დამანგრეველი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ჰიბრიდული აქტივობა, მიმართული გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ.

რუსეთის მხრიდან მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს, ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას.

დასანქცირებულთა სიაშია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, „გრუ“ -ს ის დანაყოფი, რომელმაც 2022 წელს ჩაატარა ონლაინ დაზვერვა მარიუპოლზე სარაკეტო დარტყმების დასაგეგმად — მათ შორის იმ დარტყმისთვის, რომელმაც გაანადგურა მარიუპოლის თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.

ასევე, სანქციები დაეკისრა რუსეთის „აფრიკის ინიციატივის“ სამ ლიდერს.

„აფრიკის ინიციატივა“ არის რუსეთის მიერ დაფინანსებული “უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და გავლენის” (FIMI) პლატფორმის ნაწილი, რომელიც იყენებს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს დასავლეთ აფრიკაში საინფორმაციო ოპერაციების ჩასატარებლად. „აფრიკის ინიციატივა“ ცდილობდა რეგიონში სიცოცხლის გადამრჩენი გლობალური ჯანდაცვის პროგრამების დისკრედიტაციას უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების გავრცელებით, რათა გაევრცელებინა კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგი.

გამოვლენილი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰიბრიდული შეტევები — მათ შორის კიბერშეტევები და დეზინფორმაციის გავრცელება — წარმოადგენენ ევროპის დესტაბილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი და გაუმართლებელი აგრესიის ომის ფარგლებში რუსეთის კამპანიის ინსტრუმენტებს.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოც გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი. 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი. გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფერხებლად იყო მიმართული.

გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერ-მედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“ – წერს საელჩო.

_______________

ფოტოზე: გარეტ უორდი – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ფოტო: ბრიტანეთის საელჩო საქართველოში/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: