მთავარი,სიახლეები

არაადამიანური მოპყრობის ფაქტს მზია ამაღლობელის მიმართ არ იძიებენ – რატომ დუმს პროკურატურა 

24.07.2025 •
არაადამიანური მოპყრობის ფაქტს მზია ამაღლობელის მიმართ არ იძიებენ – რატომ დუმს პროკურატურა 

თითქმის 7 თვე გავიდა, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულ მზია ამაღლობელს, აგინა, სახეში შეაფურთხა და არაადამიანურად მოეპყრო.

პროკურატურას დღემდე არ უცვნია დაზარალებულად მზია ამაღლობელი.

„სახალხო დამცველი როცა შემოდის და მეკითხება რა გინდა, სულ იმას ვეუბნები, რომ იქნებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკითხოთ ეს საქმე.

ყოველ ჯერზე ოფიციალურ პასუხს მიგზავნიან: მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის…“ – 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა ჩვენება მისცა. 

მზია ამაღლობელმა დეტალურად აღწერა, რა მოხდა 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

  • რა მოხდა 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში?

12 იანვარს, დაახლოებით 00:49 საათზე მზია ამაღლობელმა სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

ოფიციალური ჩანაწერის მიხედვით, მზია ამაღლობელი დააკავეს 00:50 საათზე და პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაც ასევე ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილ დოკუმენტში, დაკავების პირველივე საათებში მოხდა.

მაშინ, როცა მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატებს, რომლებიც დაკავებიდან 5 წუთში პოლიციის ჭიშკართან იდგნენ, პოლიციის სამმართველოს შენობაში, დაკავებულ ქალ ჟურნალისტს პოლიციის მაღალჩინოსნები აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მზია ამაღლობელი ასე იხსენებს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს:

„სამმართველოს შენობაში რომ შემიყვანეს, პირველივე სართულზე, პირველივე ოთახი რაც იყო, ისე შემაგდეს, რომ კარები ჩემი შეგდებით გაიღო, ასე ვთქვათ.

რამდენიმე წუთში, ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, 5-10 წუთი ალბათ, ვიღაც ახალგაზრდა შემოვარდა ყვირილით, გინებით. მოიწევდა ჩემკენ დედის გინებით.

იმდენად ვიწრო ოთახი იყო, განცდა მქონდა, რომ თავზე მადგა. ვცდილობდი არ შემეხედა. ის მაინც – „როგორ დამარტყი, რატომ“ და უსასრულოდ იგინებოდა.

ასეთ მოცემულობაში პირველად ვიყავი, თან იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ პირველი გინების შემდეგ როცა გაიყვანეს, ჩემკენ როცა მოიწევდა, იქვე მყოფ კაცს ვუთხარი – ვინ არის ეს კაცი, სულ ამ ლექსიკით საუბრობს-მეთქი. როგორ, არ იცნობო? ეს ირაკლი დგებუაძეაო. სახელი და გვარი ვიცოდი, რა თქმა უნდა.

იქ, ოთახში, როცა დგებუაძე, ე.წ. დაზარალებული, შემოდიოდა და მაგინებდა, სხვებიც შემოდიოდნენ… შემოყვებოდნენ, რომ გაეყვანათ, იმიტომ, რომ ჩემკენ მოიწევდა. ისინი არ ვიცი ვინ იყვნენ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ორი პოლიციელი ქალი, ერთი ცირა ჩოგაძე იყო, ერთი ნანა მახარაძე ან ანა მახარაძე.

დივანზე რომ ვიჯექი, ისე ახლოს მოვიდა ფეხები, ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას და როცა ავხედე, აი, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა.

როცა შემაფურთხა… იმდენად ცუდად ვიყავი, ერთადერთი, რაც მოვახერხე, იყო ის, რომ წამოვვარდი – წყალი მომიტანეთ და საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი. მინდოდა, რომ სახე დამებანა… არ ვიცი რა იყო ეს.

ერთ-ერთი ქალი პოლიციელი, ვიწრო ოთახი იყო, ჩემი ცოტა გაწევა მოუწია იქით, რომ კარადამდე მისულიყო და ჭიქა აეღო და ალბათ წყალი მოეტანა.

კარებისკენ მიდიოდა, როცა ხმამ შეაჩერა… დგებუაძე იყო. „არა, არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანთ. ჩაიფსას“.

იმ დღეს პოლიციის სამმართველოს შენობაში ყველა იყო მომართული იმისთვის, რომ არაადამიანურად მეგრძნო თავი. განსაკუთრებით კაცები. ქალი პოლიციელები სრულიად უხმოდ იყვნენ.

ხელბორკილის დასადებად რომ შემოვიდნენ, ვიღაც მამაკაცი შემოვიდა და „ამას ხელბორკილი რატომ არ ადევსო“. ხელბორკილი რომ გამიკეთეს, მეორედ შემოვიდა და „წინ რატომ უკეთია ხელბორკილი, ახლავე უკან შეუკარით ხელებიო“ და ნიშნისმოგებით… ისე რომ შემოგხედავენ, ყოველი შემოხედვისას ფეხქვეშ რომ გაგიგდებს… ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ,“ – გაიხსენა 14 ივლისის სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა.

შემთხვევიდან თითქმის 7 თვე გავიდა, მიუხედავად ამისა მზია ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

მზია ამაღლობელის საქმე არ გამოიძია არც  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. აღნიშნული სამსახური მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა პროკურატურას.

  • რა უნდა გაეკეთებინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და რა არ გააკეთა?

იურისტების შეფასებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მინიმუმ უნდა შეეგროვებინა მტკიცებულებები და გამოეკვეთა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული. მას შემდეგ, რაც ამას დაადგენდნენ, უნდა ეცნოთ დაზარალებულად.

გარდა ამისა, იმის გამო, რომ პოლიციის უფროსი არაადამიანურად და ღირსების შემლახავად მოექცა მზია ამაღლობელს, მას გამოძიების დასრულებამდე მაინც უნდა შეჩერებოდა უფლებამოსილება.

საგამოძიებო სამსახურს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება არ უწარმოებია. ეს ჩანს იქიდან, რომ თითქმის  7 თვის თავზეც მზია ამაღლობელს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში აქციაზე დაკავებული პირების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება ბათუმში 13 იანვარს დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე N199130125002-ს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველო იძიებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თებერვლის დასაწყისში გამოკითხა ირაკლი დგებუაძე და 9 პოლიციელი. მაშინ საგამოძიებო სამსახური ამბობდა, რომ გამოკითხული პოლიციელებიდან არცერთი არ ადასტურებდა მზია ამაღლობელისადმი განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი.

ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ვიდეოში, სადაც ის აგინებს მზია ამაღლობელს, ნამდვილად მისი ხმა ისმის.

“სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ” – იმუქრებოდა ირაკლი დგებუაძე 12 იანვრის ღამეს და აგინებს მზია ამაღლობელს.

მას შემდეგ რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდა, უცნობია რა ეტაპზეა საქმე.

„ბათუმელები“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პროკურატურისგან მიეღო განმარტება, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საქმის გამოძიება. უშედეგოდ. უწყებაში ჩვენ კითხვებს არ უპასუხეს.

მთავარ  ფოტო: აჭარის ახალი პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და აჭარის ყოფილი პროკურორი ზაზა მეტონიძე.

ამავე თემაზე:

რა კომენტარი გააკეთა საგამოძიებოს უფროსმა გიორგი პერანიძემ, მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: