„ღიად საუბრობენ უკვე რუსი ჩინოვნიკები, რომ ეკონომიკური და რესურსების პრობლემები აქვთ. ჯერჯერობით ომის ეკონომიკა მუშაობს, მაგრამ მათ აუცილებლად ექნებათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მწვავედ, უფრო სერიოზულად ექნებათ ადამიანური რესურსის პრობლემაც,“ – გვიყვება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მას რუსეთ-უკრაინის ომზე ვესაუბრეთ: რა იცვლება ფრონტის ხაზზე?
სამხედრო ანალიტიკოსს სამხრეთ კავკასიაზეც ვკითხეთ: სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის სფეროს ტოვებენ კავკასიაში. როგორ აისახება ეს რუსეთზე?
„ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანმა პანჩურით გამოდევნა რუსული გავლენა – ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს… რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან გამოაგდეს ფაქტობრივად, შუა აზიიდან მანამდე ჩინეთმა გამოდენა, კავკასიიდან გამოდევნეს, უკრაინაში ომს ვერ იგებს და მარცხდება, დასავლეთში უკვე პირდაპირ მტერია რუსეთი… ამ მოცემულობაში რუსეთი განწირულია მარცხისთვის. ამას მარტო ვერ ხედავენ იდიოტები და ბიძინა ივანიშვილი,“ – მიიჩნევს ლაშა ბერიძე.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილეა.
- ბატონო ლაშა, წუხელ აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონში. უკრაინელებმა დაარტყეს სოჭში ნავთობის ბაზასაც. რა გათვლებით მოქმედებს უკრაინა?
უკრაინა ძირითადად ირჩევს ლოჯისტიკური და სამხედრო მნიშვნელობის ობიექტებს. ამით უკრაინა ცდილობს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები შეასუსტოს და დეგრადირება მოახდინოს.
უკრაინელები არჩევენ ისეთ ობიექტებს, რომელიც ნაკლებადაა დაცული, ასე ვთქვათ, სუსტ წერტილებს არჩევენ. სოჭშიც ამგვარ სამიზნეებზე იქნა მიტანილი იერიში.
- მანამდე რუსებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს უკრაინაში ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო ოდესაზე. რუსეთს ისევ აქვს იმედი, რომ უკრაინას ამით უკან დაახევინებს?
რუსებს იმის იმედი აქვთ, რომ გამოფიტოს და დაღალოს უკრაინა მაქსიმალურად. რუსეთი ცდილობს, უკრაინას ყურადღება გადაატანინოს სხვადასხვა მიმართულებაზე. ამ თავდასხმებით რუსეთს იმის იმედი არ აქვს, რომ ომს მოიგებს.
რუსეთი ცდილობს, ზიანი მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას – თვლიან, რომ უკრაინას ამ გზით მოუწევს რესურსის გაფანტვა, მაგალითად, ოდესა ხომ ისეთი დაცული არაა, როგორც კიევი, მაგრამ თუ ამ დაუცველ ადგილებზე იქნება ხშირი თავდასხმები, უკრაინას მოუწევს რესურსების გადანაწილება.
ეს ომი უპირველეს ყოვლისა რესურსების ომია – ეს უნდა გვახსოვდეს!
- სტამბოლში გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. რა გაირკვა ამ შეხვედრით?
არაფერი არ იყო ახალი. მხოლოდ ტყვეების მორიგ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის მომენტმა უკვე ჩაიარა, რომლის თეორიული შანსიც არსებობდა: მიეღწიათ შეთანხმებისთვის პირობების გარეშე, მაგრამ რუსეთი კატეგორიულად უარს ამბობს. ეს უარიც არაა რუსეთის ინტერესებში, მაგრამ რუსეთი არარაციონალურად იქცევა. ცეცხლის შეწყვეტის საკითხი ახალი მოლაპარაკების მაგიდაზე არც ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქტიურად ცდილობს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.
- თქვენი აზრით, რას ელოდება ტრამპი 50 დღის შემდეგ, რა ვადაც მან 14 ივლისს პუტინს მისცა?
არ ვიცი, ტრამპს რის იმედი აქვს – თავის ჩვენებას აწვება, მაგრამ არა მგონია, ამან შედეგი მოიტანოს. ვფიქრობ, დიდ ომთან გვაქვს საქმე, რომელიც დიდხანს გაგრძელდება.
ცეცხლის შეწყვეტას რაც შეეხება, პუტინის და რუსეთის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ არარეალისტურ, არარაციონალურ მოთხოვნებს, რასაც რუსეთს არავინ დაუთმობს.
როგორც ჩანს, ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდა გადააფიქრებინებს პუტინს პოზიციას, მაგრამ არა მგონია, რომ ამან შედეგი მოიტანოს.
- რეალურად რამდენად იზრდება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? აშშ-მ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 322 მლნ დოლარი ღირებულების სარაკეტო სისტემების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიყიდვას.
რა თქმა უნდა, უკრაინას აწვდიან ყველა იმ საშუალებას, რაც სჭირდება. ეს აძლებინებს უკრაინას ამდენი ხანი. ამ დახმარების მიწოდება უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
- შესაძლოა უკრაინამ იფიქროს კონტრშეტევაზე უახლოეს პერსპექტივაში?
როცა კონტრშეტევასა და შეტევით ოპერაციებზე ვსაუბრობთ, რეალურად ეს ომი შეტევით და თავდაცვით არ დამთავრდება. ეს ომის არის გამძლეობაზე – რესურსების ომია: ვინც პირველი გატყდება, იმას ჩამოეშლება ფრონტის ხაზი.
არ არის ასე, რომ უკრაინა კონტრშეტევას დაიწყებს და ამხელა ფრონტის ხაზს კონტრშეტევით გაათავისუფლებს. არაფერი ჯერ უკრაინას არ გაუთავისუფლებია კონტრშეტევით. უკრაინამ გარკვეული ტერიტორიები გაათავისუფლა იმით, რომ რუსებმა ვეღარ შეძლეს ბრძოლის გაგრძელება ამა თუ იმ მიმართულებაზე.
- ფიქრობთ, რომ ამჯერადაც ოკუპირებულ ტერიტორიებს თავისი სურვილით დატოვებენ რუსები?
დიახ, ძალიან ლამაზად დატოვებს – ვეღარ შეძლებს შენარჩუნებას და ნელ-ნელა დათმობს. თავისი ნებით დათმო რუსეთმა კიევის შემოგარენი, თავისი ნებით გავიდა ხერსონიდანაც და ჯარი მდინარის მეორე სანაპიროზე გადაიყვანა, ხარკოვის ოლქიც თავისით დათმეს, ყველაფერი თავისი ნებით დათმეს რუსებმა.
შეიძლება ითქვას, რომ თავისი ნებით არ დაუთმია – ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ ეს არ იყო კონტრშეტევის შედეგი.
- ფრონტის ხაზზე რა ხდება, რა იცვლება კონკრეტულად?
არაფერი არ იცვლება. მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს: ერთი სოფელი აქეთ არის თუ იქეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
- პუტინს აქვს მოლოდინი, რომ ასე გამოფიტავს უკრაინას?
დიახ, მაგრამ ამის რესურსი რეალურად არ ეყოფა რუსეთს. მას აქვს პრობლემები ამ ომის დაწყებიდან და ეს პრობლემები რუსეთში იზრდება.
ზოგადად, ხანგრძლივი ომი დიდ სახელმწიფოს არც ერთხელ არ მოუგია – დიდ სახელმწიფოში დიდი მოთხოვნებია. რუსეთს კიდევ ისეთი მხარდაჭერა არ აქვს, როგორც უკრაინას: არც ავღანეთს და არც ერაყს ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონია. დიდ სახელმწიფოს გაცილებით მეტი პრობლემები ექმნება გლობალურ შეჯიბრებაში.
რუსეთს სურს უკრაინის ბოლომდე დაპყრობა, რეალურად კი, რუსეთს მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია, პირიქით, უკან დაიხია ბევრ პოზიციაზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად გამოიფიტება რუსეთი რესურსებისგან.
ღიად საუბრობენ უკვე რუსი ჩინოვნიკები, რომ ეკონომიკური და რესურსების პრობლემები აქვთ. ჯერჯერობით ომის ეკონომიკა მუშაობს, მაგრამ მათ აუცილებლად ექნებათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მწვავე, უფრო სერიოზულად ექნებათ ადამიანური რესურსის პრობლემაც.
- რას მიუთითებს ეს თქვენთვის, როცა რუსეთში ჩინოვნიკებმა ღიად საუბარი დაიწყეს ეკონომიკურ პრობლემებზე?
იმას, რომ ეკონომიკური რეცესია ელით. იმას, რომ 21-ე საუკუნეა და ასე ყველაფერს ვერ დამალავ.
ვერ გეტყვით, რისთვის არსებობს მზაობა რუსეთში, სადაც ახლაც არარაციონალურად მოქმედებენ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო ცუდია ეს რუსეთისთვის. ეს რუსეთშიც ესმის ბევრს, მაგრამ რამდენად შეძლებს ვინმე პუტინს აზრი გადაათქმევინოს, არ ვიცი. ამ ეტაპზე არავითარი ცვლილება არ ჩანს.
- როგორ აისახება რუსეთზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მისი გავლენის სფეროდან გასვლა? შუშის გლობალური მედია ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრაზე ალიევმა განაცხადა, უკრაინა არ უნდა შეეგუოს ოკუპაციასო.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: სომხეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ წარმატებულად გადიან რუსეთის გავლენის სფეროდან, საქართველოზე იმავეს ვერ ვიტყვი. ეს რთული პროცესია, მაგრამ ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანმა პანჩურით გამოდევნა რუსული გავლენა – ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს პროცესები რუსეთზე: რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან გამოაგდეს ფაქტობრივად, შეიძლება თამამად ითქვას, შუა აზიიდან მანამდე ჩინეთმა გამოდენა, კავკასიიდან გამოდევნეს, უკრაინაში ომს ვერ იგებს და მარცხდება, დასავლეთში უკვე პირდაპირ მტერია რუსეთი. დარჩა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა.
ჩინეთიც კი არ არის რუსეთის მოკავშირე. ის უფრო თავისი თავის მოკავშირეა: სანამ აწყობს ეხმარება რუსეთს. ჩინეთი დაელოდება მომენტს და ეს მომენტი როცა დადგება, მაშინ ყველაზე ეფექტურად სწორედ ჩინეთი გამოიყენებს რუსეთის დანგრევას.
- გამოდის, რუსეთი მხოლოდ დამარცხებას უნდა ელოდეს?
დიახ, ამ მოცემულობაში რუსეთი განწირულია მარცხისთვის. ამას მარტო ვერ ხედავენ იდიოტები და ბიძინა ივანიშვილი.






