მთავარი,სიახლეები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ივანე აბაშიძე დანიშნეს

24.07.2025
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ივანე აბაშიძე დანიშნეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტზე ივანე აბაშიძე დანიშნეს. 2023 წლიდან დღემდე ის Columbia Shipmanagement Georgia LLC გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ახალი დირექტორი სააგენტოს თანამშრომლებს მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა. ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.

ალექსი ახვლედიანი 7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც საგარეჯოში მდებარე მის სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ვერსიით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ეკუთვნოდა იარაღი, საიდანაც გაისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.

სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 2011 წლიდან. 2014 – 2018 წლებში ის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2018–2023 წლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.

ივანე აბაშიძეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2018 – 2020 წლებში ის იყო საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე [ლონდონი, გაერთიანებული სამეფო]. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში [IMO]: მათ შორის 2023 წელს იყო პასუხისმგებლობისა და ანაზღაურების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, 2021 – 2024 წლებში კი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.

ივანე აბაშიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა – 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე ის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორია საერთაშორისო საზღვაო სამართლის და სანაოსნო სამართლის დარგში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეროვნულ საზღვაო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად საზღვაო სფეროს ორგანიზაციულ და სამართლებრივ ფუნქციონირებას.

მისი საქმიანობის სფეროში ასევე შედის საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა, ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაცია, ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაცია და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: