მთავარი,სიახლეები

აქციების დროს პატრულის კვებაში 71 500 ლარი დაიხარჯა 7 თვეში

24.07.2025 •
აქციების დროს პატრულის კვებაში 71 500 ლარი დაიხარჯა 7 თვეში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ტენდერის გარეშე 20 000 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების კვებით მომსახურებაზე.

ხელშეკრულება 2025 წლის 24 ივლისიდან შევიდა ძალაში და ის სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

დეპარტამენტი ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას „გადაუდებელი აუცილებლობით“ ხსნის, ვინაიდან 2024 წლის დეკემბერში ანალოგიურ მომსახურებაზე ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 71 500 ლარი „უკვე ამოიწურა“.

„საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი აქტივობიდან და საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო და საზოგადოებრივი ღონისძიებების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, რისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს მათი საველე პირობებში კვებით უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ გადაუდებელ აუცილებლობად“ – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.

დეპარტამენტის განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ „ვითარება ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული, ვინაიდან საზოგადოებრივი და საპროტესტო აქტივობების მასშტაბის წინასწარ დადგენა შეუძლებელია“.

ამასთან, „ვინაიდან საპატრულო ეკიპაჟები, სხვადასხვა საზოგადოებრივი და საპროტესტო აქტივობებიდან გამომდინარე პერიოდულად გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და სამუშაოს შესრულების დროს ხანგრძლივი დროით უწევთ კონკრეტულ ლოკაციებზე განლაგება, დაუშვებელია მათი კვებითი მომსახურების დაყოვნება.“

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებულ შპს „დეჟავუსთან“ კვებითი მომსახურებაზე ხელშეკრულება 2024 წლის 20 დეკემბერს ჰქონდა გაფორმებული 65 000 ლარზე [ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა].

ახალი ხელშეკრულება კი, 20 000 ლარზე, დეპარტამენტმა უტენდეროდ კვლავ „დეჟავუსთან“ გააფორმა.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა მას შემდეგ რაც 2025 წლის მთლიანი პერიოდისთვის საჭირო კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2024 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანხა ამოიწურა. აღნიშნული ცნობილი გახდა 2025 წლის 24 ივლისის პატაკით“ – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, თუმცა 21 ივლისს ცვლილება შეიტანეს დეკემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში და თანხა 65 000 ლარიდან 71 500 ლარამდე გაზარდეს.

პრეისკურანტი 20 000-ლარიანი ხელშეკრულებიდან

  • რა ხდება

ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 239-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში დღეს 60-ზე მეტი სინდისის პატიმარია. მათ შორის, 6 თვეზე მეტია რაც უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

ამავე თემაზე:

საპატრულო პოლიცია 849 ათასი ლარის სამკერდე კამერებს ყიდულობს – ზრდის პირად შემადგენლობას

 

მთავარი ფოტო: ბათუმელები/ნეტგაზეთის არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: