„…მე სამშობლოსთვის სისხლი დამიღვრია და ისევ დავღვრი, თუ საჭიროა. დამაპატიმრეთ, არ მაქვს პრობლემა… პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ ოღონდ.
პატიმრობამ კი არა, მურვან ყრუმ და თემურ ლენგმა ვერ დააჩოქეს საქართველო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მოქალაქე ლევან ხორავამ.
ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს „ნაბოზარი” უწოდა 27 მაისის სასამართლო სხდომის შემდეგ, როცა სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი მტკიცებულებების გარეშე 12 დღით დააპატიმრეს.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ამ საქმის განხილვა დღეს დაპირებით დაასრულა, რამდენიმე წუთში დავბრუნდები და გადაწყვეტილებას გამოგიცხადებთო. რამდენიმე წუთში მოსამართლე სხდომათა დარბაზში მართლაც გამოცხადდა, მაგრამ განაცხადა, ტექნიკური ხარვეზი გვაქვს და გადაწყვეტილებას ვერ გამოვაცხადებ, ხვალ დღის ორზე მოდითო.
მანამდე კი, სასამართლო სხდომაზე ლევან ხორავამ ამ საქმის ირგვლივ ბევრი რამ თქვა. მისი მთავარი გზავნილი ისაა, რომ უსამართლო დევნით ივანიშვილის რეჟიმს პროტესტის ჩახშობა სურს, მაგრამ კრემლს ამით არაფერი გამოუვა საქართველოში.
„ტონი, რა ტონით მიმართავს [თეა ლაღაძეს]?”- შსს-ს წარმომადგენელმა, ლანა მოდებაძემ მოსამართლეს „ბათუმელების” 27 მაისის ლაივ-ჩართვის ჩანაწერზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც შსს ამტკიცებს, რომ ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: ლუკა ნაცვლიშვილის გასამართლების შემდეგ შსს-ს წარმომადგენელს – თეა ლაღაძეს გაბრაზებული მოქალაქეები შეძახილებით მიჰყვებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მათ შორისაა, ლევან ხორავა.
„ქვეყნის გამყიდველს როგორ უნდა მივმართო, აბა?“- შსს-ს იურისტს ჰკითხა ლევან ხორავამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მან შეურაცხმყოფელი ფრაზით კონკრეტულად თეა ლაღაძეს კი არ მიმართა, არამედ უსამართლო სისტემას.
თავად თეა ლაღაძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იურისტია და აქციაზე დაკავებულების საქმეზე შსს-ს ყველაზე ხშირად სწორედ ის წარმოადგენს სასამართლოში.
თეა ლაღაძემ მარიამ კერესელიძესთან ერთად წარმოადგინა სასამართლოში მზია ამაღლობელის გაყალბებული საქმეც.
„უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოთ მოსამართლის მითითებებს,” – დარბაზში შემოსვლისთანავე ძალაუფლების დემონსტრირება სცადა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ და „ოცნების“ რეჟიმის მიერ აკრძალულ ფოტო-ვიდეო გადაღებას და ხმის ჩაწერას ესეც დაუმატა: მობილურებს ხმა კი არ ჩაუწიოთ, საერთოდ გამორთეთ, „სასამართლოში წესრიგს“ ასე სჭირდებაო.
„რა მაინტერესებს, იცით? როცა ვამბობ, რომ ცრუ მოწმეობა არის ჯოჯოხეთი, ეს არის შეურაცხყოფა?” – მოსამართლეს მიმართა ლევან ხორავამ და შემდეგ შსს-ს წარმომადგენელს, რომელმაც ამ საქმეზე ლევან ხორავას მიერ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გავრცელებული ვიდეომიმართვის დართვაც ითხოვა. აქაც ეს ბატონი შეურაცხყოფას აყენებს თეა ლაღაძეს, ჩანს მისი დამოკიდებულებაო.
ეს ვიდეო და „ბათუმელების“ ლაივის ჩანაწერის სასამართლოში წარმოდგენა გააპროტესტა ლევან ხორავას ადვოკატმა თამარ წულუკიძემ – შსს პროცედურას არ იცავს და „ბათუმელებიდან“ ლაივჩანაწერი არ გამოუთხოვიაო.
„აგერაა, ვიდეო და გამოვიკვლიოთ“ – დისკის შეფუთვა აიღო ხელში მოსამართლემ და თითქოს სიტუაციის განმუხტვა სცადა.
„მოსამართლემ საიდან იცის, რა არის დისკზე?“ – დარბაზში ჩაილაპარაკა მოქალაქე გუბაზ ლამპარაძემ.
„დატოვეთ დარბაზი“ – შენიშვნის მიცემის ეტაპის გაუვლელად, ისევ ძალის დემონსტრირება არჩია მოსამართლემ და დარბაზიდან გასულ მოქალაქეს გააყოლა თვალი.
რაც შეეხება ლევან ხორავას მეორე ვიდეოს, რომელიც მას შემდეგ გაავრცელა, როცა სასამართლოდან დაურეკეს, გიბარებთო – აქ ლევან ხორავა თეა ლაღაძეს და სისტემის სხვა მსახურებს მიმართავს, ცრუ მოწმეებს და სამშობლოს გამყიდველებს ჯოჯოხეთის ცეცხლი გელითო.
„რაა აქ შეურაცხყოფა?“ – მოსამართლეს ჰკითხა ლევან ხორავამ, რომელსაც გულწრფელობა დაეტყო, რას მედავებით, ვერ გამიგიაო.
„ამ ვიდეოზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია“, – მოქალაქის დამშვიდებასავით გამოუვიდა მოსამართლეს და დასძინა, განწყობისთვის მოგვიტანესო.
ამ დროს მოსამართლეს მოესმა, დარბაზში ვიღაცამ ვიღაცას გადაულაპარაკა – ალექსანდრე გოგუაძემ ამჯერად დარბაზიდან ლევან ხორავას შვილი გააძევა.
„ჩემი შვილია, თბილისიდან ჩამოვიდა,“ – წამოიძახა ლევან ხორავამ.
„ლაპარაკობდა“ – ჩაილაპარაკა მოსამართლემ და საქმის მასალებს მიუბრუნდა, თუმცა მალევე შენიშნა: ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე – ზურაბ ჭავჭანიძე ხელის აწევით სიტყვას ითხოვდა – მედროშე სასამართლოშიც საქართველოს ისტორიული დროშით მხრებზე მოფენილი მისულიყო.
„თქვენც მიბრძანდით,“ – მოსამართლემ მედროშეს არც კი მოუსმინა და პრაქტიკულად ხელის აწევის გამო გააძევა.
„რა დავარღვიე?“ – იკითხა მედროშემ და ფეხზე წამოდგა, მას მანდატურები მიუახლოვდნენ, მობრძანდით, აქეთაა გასასვლელიო.
„ქცევის წესები უნდა იცოდეთ, არ გეკადრებათ ამ ხნის კაცს,“ – წესის დაცვა ახსენა ისევ მოსამართლემ.
„ეს იყო სულიერი აღელვების ფონი,”- ადვოკატი თამარ წულუკიძე მოსამართლეს მოუყვა, რეალურად როგორ გაბრაზდა ლევან ხორავა 27 მაისის სასამართლო სხდომაზე, როცა სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12 დღით დააპატიმრა: „თუ ლუკა ნაცვლიშვილმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომელიმე პოლიციელს შეეძლო ამის გადაღება მობილურით, მაგრამ არცერთი კადრი არ არსებობდა ლუკას საქმეში…”- აღნიშნა თამარ წულუკიძემ.
შსს-ს წარმომადგენელმა, ლანა მოდებაძემ „არასერიოზული“ უწოდა არგუმენტს, რომ ლევან ხორავამ შესაძლო შეურაცხმყოფელი ფრაზა სულიერი აღელვების გამო თქვა.
„აქ ვინ დაჯდება, მალე დაინახავთ ამას“, – საკუთარ სკამზე მიუთითა შსს-ს წარმომადგენელს ლევან ხორავამ და შემდეგ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პოლიციის ოფიცერია, კაპიტანი და სპეცრაზმის ერთ-ერთი დანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი. ლევან ხორავამ მოსამართლეს უთხრა, რომ მისთვის პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუტები განსაკუთრებულად პატივსაცემია, მაგრამ დღეს პოლიცია „საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ებრძვის“.
„გახსოვთ ის დრო, ქორწილებში ხალხი საკუთარი ჯიბიდან იღებდა ფულს და უკვეთდა მუსიკას, პოლიციის ჰიმნი დაგვიკარიო?“ – შსს-ს წარმომადგენელს მიუბრუნდა შეკითხვით ლევან ხორავა.

ლევან ხორავა
„რომელი?“ – იკითხა შსს-ს წარმომადგენელმაც.
„რომელი და… საქართველო, მე პირობა მომიცია, ვემსახურო,“ – წაუმღერასავით პოლიციის ჰიმნი ლევან ხორავამ.
„გასაგებია, საკმარისია,“ – მოქალაქე შეაჩერა მოსამართლემ.
„მოსახლეობას რა დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს დღეს, ამას სხვა ნუ დააბრალებთ,“ – ხმამაღლა მიმართა ისევ ლევან ხორავამ მის წინ მჯდომ შსს-ს წარმომადგენელს. – „დღეს ეს სისტემა კანონს კი არ იცავს, არამედ ებრძვის ქვეყნის მოსახლეობას, სისხლის გუბეებს აყენებს და გენოფონდს წყვეტს,“ – ბრაზი დაეტყო ლევან ხორავას.
„რას ნიშნავს ბოზი განგიმარტავთ, ნაბოზარს სისტემის მიმართ ვამბობ, რადგან ბოზი ბიბლიურად ნიშნავს მოღალატეს… მე მივმართე, რომ სიკვდილი არ მოვა ჯოჯოხეთში, ისე იქცევით-მეთქი, მაგრამ ეს შეურაცხყოფა კი არა, ქადაგებაა.
მაგრამ თქვენ „მე მიყვარს პატრიარქის” დონის მორწმუნეები ხართ. მარტო ამას დაწერთ ფეისბუქში, ამინ, ამინ და დამთავრდა. ეს არ არის ქრისტიანობა, პირიქით, ქრისტიანობისგან დაცლილია.
ფაშისტური გერმანიის შემდეგ გაზის კამერა არ მოუწყვია არავის, ის მოაწყო რუსთაველზე იმ ძალამ, თქვენ რომ პოლიციას ეძახით“, – დაასრულა ლევან ხორავამ.
შს სამინისტრო ლევან ხორავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავება. ეს მუხლი ითვალისწინებს 3 500-დან 6 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით იმ პირის მიმართ, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენის დროს სახდელი აქვს დადებული.
ლევან ხორავა 12 იანვარს საპროტესტო აქციაზეც დააკავეს. შსს-ს ვერსიით, იგი თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა არც ამ საქმეზე წარმოუდგენია ნეიტრალური მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს. ლევან ხორავა მაშინ 8 დღით გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
___
ამ თემაზე:
ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის






