მთავარი,სიახლეები

როგორ იყენებს „ოცნება“ „კაცების გათხოვების“ თემას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ – ინტერვიუ

23.07.2025
როგორ იყენებს „ოცნება“ „კაცების გათხოვების“ თემას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ – ინტერვიუ

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანია მოძველებული მესიჯბოქსით განაახლა – ისევ დაატრიალეს ე.წ. ომის და „კაცების გათხოვების“ თემა.

რატომ ცდილობს „ოცნება“ დაუკარგოს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება და თავად რატომ მიჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო თამთა, რას ფიქრობთ „ოცნების“ პროპაგანდაზე, რომელსაც ის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ აწარმოებს და ცდილობს დააჯეროს თუნდაც მისი ამომრჩეველი, რომ ევროკავშირი ცუდია. მესიჯბოქსი არეული აქვთ, ტრამპის არჩევის შემდეგ თითქოს ომის საფრთხე აღარ არსებობდა. ახლა კობახიძე ამბობს, რომ ისევ არსებობს. რამდენად გამოვა ამ გაცვეთილი რიტორიკის კვლავ გაცოცხლება?

კრიტერიუმები და რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქვს მიცემული, არის უფრო სუსტი, სტანდარტული რეკომენდაციები, ვიდრე ის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კონტექსტში ეძლევა.

თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირს არაერთ სახელმწიფოსთან აქვს, მათ შორის აზიის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან. შესაბამისად, მოთხოვნები, რომელიც ამ სტატუსის მქონე სახელმწიფოებს ეძლევათ, უფრო დაბალია, ვიდრე გაწევრიანების პროცესში მოაზრებულ ქვეყნებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ.

შესაბამისად, ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი 2 წელია აყენებს საქართველოს წინაშე, უფრო დაბალი დონის რეკომენდაციებია და ის უკავშირდება კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ანტიკორუფციული სამსახურის რეფორმირებას, კორუფციული საქმეების ეფექტიან გამოძიებას, საემიგრაციო საკითხების დარეგულირებას, თავშესაფრების მაძიებელთა სტანდარტების დახვეწას, ასევე იმ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პრობლემის გადაჭრას, რომელიც ევროკავშირისთვის საემიგრაციო საფრთხეებს წარმოშობს. მათ შორისაა ჩინეთი და ცენტრალური აზია.

ცხადია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის კონტექსტში – ევროკავშირს აშფოთებს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ფართო კონტექსტშია დანახული, სადაც პოლიტპატიმრების საკითხი შემოდის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული კანონებიც.

დღეს „ქართული ოცნება“ არათუ მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოწოდებებს, არამედ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სტანდარტულ რეკომენდაციებსაც არ ასრულებს და ეს რეკომენდაციები არ სრულდება უკვე ორი წელია.

იმას, რასაც „ქართულ ოცნებას“ სთხოვენ, შესაძლებელია გაკეთდეს მარტივად, რადგან ეს არ არის მაღალი პოლიტიკური დონის საკითხები. უბრალოდ, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ავლენს.

ახლა გადავიდეთ პროპაგანდისტულ გზავნილებზე.

ვიზალიბერალიზაციის საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. რამდენიმე სოციალური ჯგუფი შეიძლება გამოვყოთ, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით.

ესენი არიან: ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლობით არიან ევროკავშირში, მაგრამ იმის გამო, რომ საემიგრაციო პრობლემები ჰქონდათ, საქართველოში ვერ ჩამოდიოდნენ ან რეზიდენტობისა და მოქალაქეობისთვის იბრძვიან და შესაბამისად, ცდილობენ იმ ქვეყნებიდან არ გამოვიდნენ. ეს იყო წლების განმავლობაში გაუცხოებული ოჯახები, რომლებიც ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ.

ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა ის, რომ მათი ოჯახის წევრებს – მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს შეუძლიათ იმ ქვეყნებში ჩავიდნენ. ზოგჯერ იმუშაონ მათთან ერთად ან მინიმუმ, ოჯახური ურთიერთობები ჰქონდეთ.

მეორე კატეგორია ეს არის მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები – ჩვენთან ჯანდაცვის სექტორი ძალიან ძვირია, მაგრამ უხარისხო. მძიმე დაავადებით ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ხშირად ამის გამო ბარდებიან სხვადასხვა ქვეყანას, მაგალითად ონკოლოგიურ დაავადებებზე, ლეიკემიაზე ან განსაკუთრებულად სპეციფიკურ დაავადებებზე, სათანადო სამედიცინო მკურნალობა რომ მიიღონ.

საქართველოდან წინა წელს 36 000 პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა შევიდა ევროკავშირში.

მესამე კატეგორია, რომელსაც გამოვყოფდი, არის სეზონური შრომა. საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ჩადის ევროპის ქვეყნებში, პოლონეთში, გერმანიაში და მძიმე, მაგრამ უკეთესი ანაზღაურების პირობებში შრომობენ და ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს შემოსავლის წყარო გახდა.

რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე და სხვებზე, რომლებიც მოგზაურობენ და მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

  • თავის დროზე, თავად ივანიშვილმა უთხრა ხალხს, აგერ გახსნილია გზა ევროპაში წადით და იმუშავეთ. ახლა კი კობახიძე ცდილობს მზარდი ემიგრაცია თავისუფალ მიმოსვლას დაუკავშიროს. რატომ იხლართებიან ამ მესიჯბოქსში?

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ბოლო ათ წელში 320 ათასამდე მოქალაქე წავიდა და აღარ დაბრუნდა, ესენი არ არიან ის ადამიანები, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გრძელვადიანი წასვლის გადაწყვეტილებას იღებენ.

სავიზო მიმოსვლა არის სამთვიანი, დროებითი, ხანმოკლე და არავითარ კავშირში არ არის მზარდ ემიგრაციასთან, რომელიც უკავშირდება სიღარიბეს, პოლიტიკურ დევნას და სხვა სოციალურ ფაქტორებს.

ეს არის სპეკულაცია. მიგრაციის საკითხი აბსურდია და ის, რომ ამ სავიზო მიმოსვლის სოციალურ განზომილებას ვერ ხედავს „ოცნება“, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას მოქალაქეებთან კავშირი არ აქვს.

  • „ოცნებამ“ ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში შემოიტანა ლგბტქ საკითხები, რასაც დასცინის საზოგადოების ნაწილი. მდინარაძემ ისიც კი თქვა, „გათხოვილ კაცებზე ღადაობით გინდათ ოჯახური ღირებულებების კანონი გაგვაუქმებინოთ“. თქვენი დაკვირვებით, მუშაობს „კაცების ქალებად გადაკეთების“ პროპაგანდა?

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ეს პროპაგანდისტული გზავნილები ლგბტქ საკითხებზე არ მუშაობს ჩვენ საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად ტრაბახობს 17 მაისს ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანით.

ამ დღეს სულ სხვა კონტექსტში გამოდიან ადამიანები. არ ვიცი დაივიწყეს თუ არა მოქალაქეებმა 2014 წლის 17 მაისის ძალადობა ლგბტ ადამიანებზე და არ ახსოვთ ვთქვათ, რაზე დააფუძნეს ამ დღის აღნიშვნა, მაგრამ ბევრი ამ დღეს პოზიტიურ კონტექსტში აღიქვამს, რადგან დღეს ოჯახია ერთადერთი რგოლი, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნვას და მხარდაჭერას ვახერხებთ. ამიტომ „ოცნების“ ფაშისტური ენა, ჰომოფობია და ეს ორი რამ, ერთმანეთს არ უტოლდება.

ეს (კაცების გათხოვების თემა) თემაც კომიკური და არასერიოზულია – თურმე ქართველი ქალები და კაცები ყველა ტრანსგენდერები გავხდებით და ამისგან გვაკავებს თურმე „ქართული ოცნება“, რომელიც მაღალი მორალური სტანდარტებით არ გამოირჩევა, თუმცა მაინც ცდილობენ ამ თემის გამოყენებას.

მიზეზი, რის გამოც არ მუშაობს ეს თემა არის ის, რომ კარგად ვიცით ჩვენს ოჯახებს რა პრობლემები აქვს რეალურად.

ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბეშია, ყოველი მესამე ბავშვი ბაღში არ დადის – სოფლებსა და დაბებში არ არის ბაღები, ბავშვების 35%-ი არასდროს იკვებება სკოლებში, ამის გამო მათ მოსწრებისა და სწავლის პრობლემები აქვთ, შობადობა ბოლო ათ წელიწადში 34%-ით, ქორწინება 36%-ით შემცირდა, ხოლო განქორწინება 69%-ით გაიზარდა. ამ ქვეყანაში ბავშვები კარგავენ დედებს ემიგრაციის გამო, ამიტომ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენს ოჯახებს რა კუთხით სჭირდებათ დაცვა.

ყოველი მესამე ბავშვი იღებს 150 ან 200-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან, ეს ხომ მიზერულია ოჯახების მხარდაჭერისთვის. ქალების დეკრეტული შვებულება და კომპენსაცია იმდენად დაბალია, რომ ძალიან ბევრი ქალი ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

  • ქართველ კაცებს აჩვევენ პროპაგანდას, რომ თუ სამშობლოსთვის ომში მოკვდები, „ტყუილად კვდები“; რომ გმირობა მარტო სტადიონზე შეიძლება და არა ომში; რომ თურმე კაცებს იცავენ „გათხოვებისგან“. რას ეუბნებიან ამით თუნდაც მათ მხარდამჭერ კაცებს, როგორ წარმოაჩენენ მათ?

ყველა კვლევა ამას აჩვენებს, რომ ლგბტქ საკითხების მიმართ კაცებს უფრო მტრული და ჰომოფობიური დამოკიდებულება აქვთ, ამიტომ იყენებს „ოცნება“ ამ კონტექსტს და პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული განწყობების იმედად არიან.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებაში ქალებიც და კაცებიც ძალიან კარგად ვხვდებით რას ვკარგავთ. ჩვენი ხალხი გონიერია, გამოცდილია, რადგან არაერთხელ მოუტყუებია პოლიტიკურ რეჟიმს. მე არა მგონია, რომ ეს გზავნილი მუშაობს.

ევროკავშირის დეკემბრის მოთხოვნებში ნამდვილად არის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კანონების გაუქმება. მათ შორის არის რუსული კანონი და ე.წ „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უფლებრივი პრობლემა – ის აწესებს ცენზურას გამოხატვაზე, ტრანსგენდერ ადამიანებზე სამედიცინო მომსახურების კრიმინალიზებას ახდენს და ასე შემდეგ.

ვენეციის კომისიამ ეს გააკრიტიკა, რადგან ეს კანონი შეკრების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების, თანასწორობის უფლებასთან არ მოდის შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი, სადაც თანასწორობის პრინციპებია დაცული, ამ კანონებში ხედავს პრობლემას.

  • ნინო წილოსანის ორი შვილი ცხოვრობს დასავლეთში – ერთი აშშ-ში, მეორე ბრიტანეთში, ღარიბაშვილმა აშშ-ში გადააფრინა შვილი, როცა აქ ჰომოფობიურ პროპაგანადს ეწეოდა, ამერიკაში ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის შვილიც. მათ არ ემუქრებათ სქესის გადაკეთების საფრთხე? ანუ რატომ სჯერა „ოცნების“ ამომრჩეველს ამ მესიჯების?

„ქართული ოცნების“ ლიდერების ცხოვრების წესი ამის საპირისპიროს აჩვენებს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება გახდა ან იყო ძალიან მოწყვლადი. მისი მოწყვლადობის ერთ-ერთი ცენტრალური მიზეზი სიღარიბეა, რომელიც კიდევ უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი რეგიონებში – სოფლად მცხოვრებ საზოგადოებაში.

კიდევ ერთი მძლავრი ფაქტორი ეს არის რეგიონული უთანასწორობა და არა მხოლოდ სოციალური, არამედ პოლიტიკურიც – რეგიონებში არ არის კულტურული ცხოვრება, აქტიური სოციალური ცხოვრება და დემოკრატიული პრაქტიკის მქონე საზოგადოება ძალიან სუსტია. ეს პოლიტიკურ გაუცხოებას და გამოფიტვას ზრდის. კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ტრავმირება, რადგან ომებით და კონფლიქტებით დახუნძლულია ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ამ გამოცდილებებზე სათანადოდ არ ვლაპარაკობთ.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ნაკლებად ხდებოდა და ეს ტრავმები, მათ შორის 90-იანების ტრავმები, ახდენს გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე.

განათლებაში კატასტროფული მდგომარეობაა და ბოლო კვლევამაც აჩვენა ეს, რაც პირდაპირ არის დემოკრატიულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ. შესაბამისად, ეს ფაქტორები გამოყენებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეების პოლიტიკური კონტროლისა და დაქვემდებარებისთვის.

  • 9 წელი გავიდა თითქმის, რაც ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, ამ ხნის მანძილზე არც კაცები „გათხოვილან“ და არც ომში ჩავუთრევივართ ვინმეს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ დეზინფორმაციების გავლენით ქვეყანამ ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი დაკარგოს?

მიჭირს პასუხის გაცემა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამაზე, თუ ეს რეალობა დადგება. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ევროკავშირთან ურთიერთობების სრულ დეინსტიტუციონალიზაციას ძალიან მძიმე შედეგები ექნება მომავალში ქვეყნისთვის.

თუმცა ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

  • როგორ ფიქრობთ, მხოლოდ „კაცების გათხოვების“ თემა დარჩა „ოცნებას“ ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ სამუშაოდ?

ვფიქრობ, მეორე უფრო მძლავრი ინსტრუმენტი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს არის ომის თემა. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მოლაპარაკებების პროცესი დაზიანდა, რუსეთმა ამ თვეში კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი ადამიანი დახოცა უკრაინაში და ბოლო ორ წელში, ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა მსხვერპლების რაოდენობა. მას უნდა ეჩვენებინა მილაპარაკებებისთვის მზადყოფნა, თუმცა კიდევ უფრო აგრესიული და სასტიკი გახდა. შესაბამისად, ომის საკითხი „ოცნების“ დღის წესრიგში ისევ დგება.

  • რუსეთთან ომის კონტექსტი რატომ არ აშინებს სომხეთს, აზერბაიჯანს, რომლებიც სწორედ ამ ომის შემდეგ გააქტიურდნენ ევროინტეგრაციის მიმართულებით და სომხეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირში უნდა. მხოლოდ საქართველოსთვისაა რუსეთი საფრთხე?

ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები, როგორ ახერხებენ ჩვენზე სუსტი ქვეყნები, მაგალითად სომხეთი და მოლდოვა, რომლებიც ორმაგად მოწყვლადები არიან რუსეთის გავლენის მიმართ ყველა დონეზე, სრულიად შემოაბრუნონ თავიანთი გეოპოლიტიკა. ასევე საუბარია თურქეთი-აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს ალტერნატიული დერეფნების გახსნაზე; ამერიკული კომპანიების შემოსვლაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კორიდორის უსაფრთხოებას – ამის გამო მოლაპარაკებებისკენ მიდის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი.

რატომ არის მაინცა და მაინც საქართველო ომის საფრთხეში? ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან ომი უკვე განიცადა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და არაფერი აღარ რჩება რუსეთს, რისი გამოყენებაც შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ უკვე ნაომარი ვართ, დანაკარგები გვაქვს და უფრო გაბედულად შეგვიძლია ევროინტეგრაცია, ამიტომაც ომის თემა არის მთლიანად სპეკულაციური.

თუმცა არ მგონია, რომ ახლა, როცა ამხელა ცვლილებებია რეგიონში და რუსეთს პრაქტიკულად სამხრეთ კავკასიაზე გავლენა აქვს დაკარგული, მოსახლეობისთვის ომის თემა იყოს დამაჯერებელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: