ბათუმის აეროპორტში ისრაელის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები აღმოაჩნდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 11 თებერვლას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, 48 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ

ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონთან მწვანე საფარი ჩააბეტონეს [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს, ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს.

“ბათუმელები” კომენტარისა და განმარტებებისთვის ბათუმის მერიას დაუკავშირდა.

ნახეთ ბათუმის მერიის განმარტება ამ თემაზე:

ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

როგორ მოვუაროთ ციკლომენს, გაზაფხულის პირველ ყვავილს

ციკლომენი, შეიძლება ითქვას, გაზაფხულის პირველი ყვავილია. იგი სწორედ ახლა ყვავილობს და მისი ყვავილობა მარტის ბოლომდე გრძელდება. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ მცენარეს, გვესაუბრა ეკატერინე წილოსანი, ფლორისტი ყვავილების მაღაზია „მილანიდან“.

– ციკლომენი იგივე ყოჩივარდის ჰიბრიდული ჯიშია. არის გარე მცენარე, აივნის, არ უყვარს სითბო, უნდა იყოს სიგრილეში, ამიტომ არ უნდა გავაჩეროთ ოთახში. კარგი მოვლის პირობებში ყვავის დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ყვავილობას იწყებს იანვარში.

მორწყვა: განსაკუთრებით, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნებისმიერი მცენარის მოვლისას, არის სწორად მორწყვა. ციკლომენი მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოვრწყოთ მაშინ, როდესაც მიწა ძალიან გამოშრება და მოწყენას დაიწყებს. ზედმეტი მორწყვა მავნებელია ნებისმიერი მცენარისთვის, განსაკუთრებით ბათუმის პირობებში, სადაც მაღალი ნესტიანობაა. ხშირად მცენარის ფესვები ზედმეტი მორწყვისგან ზიანდება და იწყებს ლპობას. ციკლომენი, თუ ნიადაგი ძალიან არ არის გამომშრალი, სასურველია მოვრწყოთ შემდეგი მეთოდით: ჭურჭელში ჩავასხათ ერთი დღის გაჩერებული წყალი და შიგ ქოთნით ჩავდგათ მცენარე. თუ ნიადაგი ძალიან გამომშრალია, შესაძლოა პირდაპირ ქოთანშივე დავუსხათ წყალი. სასურველია მცენარეს ერთხელ დავუსხათ წალი, გაიჟღინთოს და დაველოდოთ გამოშრობას, ვიდრე ყოველდღე მოვრწყოთ. რეკომენდებულია თვეში ერთხელ დავეხმაროთ ვიტამინებით.

გამრავლება: ძირითადად მრავლდება ბოლქვებით, რომელსაც კარგი მოვლის პირობებში ფესვებში გამოისხამს.

გადარგვა: იწყება ადრე გაზაფხულიდან. თუმცა ყვავილობის დროს მცენარის გადარგვა რეკომენდებული არ არის. იგი უნდა გადავრგოთ  მას შემდეგ, როცა დაასრულებს ყვავილობას. ციკლომენი არის მრავალწლიანი მცენარე და მისთვის ნიადაგის შეცვლა რეკომენდებულია წელიწად-ნახევარში-ორწელიწადში ერთხელ. ნიადაგის შეცვლის დროს ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ქოთნიდან მიწიანად და გადავიტანოთ ოდნავ დიდ ქოთანში, ძალიან დიდი ქოთანი ციკლომენს არ სჭირდება. და ზოგადად, ქოთანი უნდა გაიზარდოს მცენარესთან ერთად.

ნიადაგი: საკმარისია ჩვეულებრივი ტყის კარგი მიწა. დასაწყისში მას სხვა დანამატები არ სჭირდება, შემდეგ კი შესაძლებელია ნიადაგის გამდიდრება სხვადასხვა სპეციალიზებული ვიტამინით, თვეში ერთხელ.

მომზადებულია ნაზიბროლა ზოსიძის მიერ

ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 450 ათას ლარად ერთი Steinway-ის მარკის როიალის ყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. თეატრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა.

განაცხადში ნათქვამია, რომ თეატრს 2019 წლის ივლის-აგვისტოში გათვალისწინებული აქვს საერთაშორისო რანგის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ჩატარება, „შესაბამისად, მონაწილეების მოთხოვნათა შორის პირდაპირ მითითებულია Steinway-ის ინსტრუმენტის არსებობა“.

„მსოფლიო არტსცენის შესაბამისი სტანდარტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის დრამატულმა თეატრმა ღირსეულად დაიმკვიდროს რესპექტაბელური სცენის იმიჯი და უზრუნველყოს Steinway-ის ინსტრუმენტის შეძენა, რათა შეძლოს ამბიციურ საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და მონაწილეობა. საქართველოში Steinway&Sons-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას ახორციელებს ერთი კომპანია, შპს „აი ემ ტი სი მიუზიკ“, იგივე კომპანია ახორციელებს ინსტრუმენტის მიწოდებას და შესაბამის საგარანტიო მომსახურებას ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით… გთხოვთ, დაგვრთოთ ნება საერთაშორისო ხარისხის გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით შესყიდვა განვახორციელოთ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით“, – აღნიშნულია თეატრის დირექტორის მიერ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში.

თეატრში მიიჩნევენ, რომ „ელექტრონული ტენდერის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა გამოიწვევს ინსტრუმენტის შეძენის ვადების გაჭიანურებას. გარდა ამისა, გაიზრდება საგარანტიო მომსახურების ხარისხიანობის რისკები და, საერთოდ, შესყიდვის ხარისხის საიმედოობა“.

შპს „აი ემ ტი სი მიუზიკი“ თბილისში 2015 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული. კომპანიის 50-50%-ს რაკეშ შიამ კირპალანი [ინდოეთი] და მამუკა ბაზაძე ფლობენ. კომპანიის დირექტორი გელა ნიკურაძეა.

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტით სსიპ „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი“ 3 მილიონ 151 ათას 900 ლარით არის დაფინანსებული. აქედან, 1,4 მილიონი ლარი ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული.

დრამატული თეატრის შენობა ბათუმში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით გარემონტდა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეატრი 2018 წლის 25 ნოემბერს გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია და შეხვედრა მსახიობებთან მედიისთვისაც დახურული იყო.

გაზის მაღალი გადასახადი იანვარში – ვენდოთ თუ არა „სოკარის“ განმარტებას?

წელს, იანვრის თვეში, ბუნებრივი აირის/გაზის მოხმარებაზე დარიცხულმა მაღალმა გადასახადმა არაერთი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეები ამბობენ, რომ იანვარში, წინა წლების იმავე პერიოდთან შედარებით, 30-50 ლარით მეტი, ზოგს კი გაორმაგებული თანხა დაერიცხა. მოქალაქეების საპასუხოდ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ზარი შევიდა. ამავე განცხადებაში „სოკარი“ განმარტავს, თუ რამ გამოიწვია ფასების ზრდა. კომპანია ამის ძირითად მიზეზად ტემპერატურას ასახელებს.

„კვლევების თანახმად ცნობილია, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას. თუ თქვენს საცხოვრებელ სახლში გამათბობელი გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, თქვენი დანადგარი მუშაობს შესაბამისი დატვირთვით, მაგრამ როგორც კი გარეთ ტემპერატურა დაიწევს, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სასურველი ტემპერატურა თქვენს სახლში, დანადგარს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად ზრდის გაზის მოხმარებას/ხარჯს. აქვე გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ცვალებადობა. რაც უფრო დაბალია შემომავალი წყლის ტემპერატურა, მით მეტი ენერგიაა (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი) საჭირო მის გასათბობად“, – ეს არის ამონარიდი კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებიდან.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ხარჯების მომატება „პირდაპირ კავშირშია ზამთრის პერიოდთან“, მაგრამ ბოლო ოთხი წლის მონაცემები რომ ავიღოთ, ბათუმში, 2019 წლის იანვარი ყველაზე ცივი არ ყოფილა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2016 წლის იანვარში იყო ბათუმში, როდესაც ქალაქში თითქმის 1 მეტრი სიმაღლის თოვლი მოვიდა, 26 იანვარს კი ტემპერატურა -6°-მდე დაეცა და გაიყინა ცენტრალურ პარკში მდებარე ტბა, მანამდე კი ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლიანი ამინდი იყო. როგორც კომპანიაში გვითხრეს, „სოკარი“ გაზის მრიცხველის ჩვენებას სტანდარტულად – ყოველი თვის 25-27 რიცხვში იღებს, შესაბამისად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ცივი დღეების მონაცემები 2016 წლის იანვრის ჩვენებაში უნდა ასახულიყო.

თოვლი იყო 2017  წლის იანვარშიც, მაგრამ ზამთარი წინა წელთან შედარებით ნაკლებად მკაცრი იყო. თოვლის გარეშე გაილია გასული, 2018 წლის ზამთარი ბათუმში და არც წელს, იანვარში მოსულა თოვლი.

გაზის მოხმარებისთვის დარიცხული გადასახადი ყოველწლიურად რომ იზრდება, გთავაზობთ ერთ-ერთი აბონენტის მაგალითზე. ამ აბონენტის ოჯახში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა სულადობის თვალსაზრისით. ოჯახს არც გაზის წერტილების ოდენობა მოუმატებია [სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეს ინფორმაცია ყოფილიყო უტყუარი, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ „ბათუმელების“ თანამშრომლის მონაცემები, რომელიც მრავალი წელია „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტია].

2016 – 2017 წლები: „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი აბონენტის იანვრის თვის გადასახადი. 2016 წლის იანვარი – 159.56 ლარი. 2017 წლის იანვარი – 152.99 ლარი.

 

2018 – 2019 წლები: „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი აბონენტის იანვრის თვის გადასახადი. 2018 წლის იანვარი – 173.67 ლარი. 2019 წლის იანვარი – 246.50 ლარი. 

ამ კონკრეტულმა აბონენტმა, ისე როგორც სხვა დანარჩენმა, არ იცის, ასე მკვეთრად რატომ გაუძვირდა გაზის გადასახადი 2016 წლის შემდეგ. ოთხი წლის განმავლობაში „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ტარიფი მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ გაუზარდა: 2017 წლის 20 ივლისიდან, ერთ კუბ/მეტრ მოხმარებულ აირში აჭარის ტერიტორიაზე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [მოსახლეობა] ნაცვლად 55 თეთრისა 57 თეთრს იხდის, ანუ გაზი 2 თეთრით გაძვირდა.

თუ თქვენ არ ეთანხმებით 2019 წლის იანვრის თვეში განხორციელებულ დარიცხვას, „სოკარ ჯორჯია გაზი“ გამოსავალს გთავაზობთ: შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 16 114, სადაც ოპერატორები მოგაწოდებენ ინფორმაციას გასული წლების ანალოგიურ პერიოდის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ შედარებითი ანალიზი, ან მიმართოთ კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებს, სადაც ინდივიდუალურად განიხილავენ თქვენს საკითხს.

გეოგრაფები აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან ბატიაშვილს მიმართავენ

გეოგრაფები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს საქართველოს განათლების სისტემაში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა და განსაკუთრებით ზარალდება გეოგრაფია.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილის ტექსტს:

„ჩვენ, გეოგრაფები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,  შეშფოთებულნი ვართ იმ რეფორმებით, რომელიც ბოლო დროს განათლების სისტემაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ჩვენთან განათლების მესვეურებს რეფორმა, სამწუხაროდ, გამოცდების დანიშვნა და მოხსნა ჰგონიათ. რეალურად, პირიქით უნდა იყოს, ჯერ უნდა იცვლებოდეს სტანდარტი, პროგრამა, სასწავლო გეგმა, ხედვა, მიდგომა, სახელმძღვანელოები, ინერგებოდეს სიახლეები, იზრდებოდეს მასწავლებელთა კვალიფიკაცია და მერე გამოცდით ან თუნდაც შეფასების სხვა სანდრო ინსტრუმენტით ვზომავდეთ შედეგს.

მაშინ, როდესაც, მსოფლიოში სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე ტექნოლოგიებს, გარემოსდაცვითი საკითხების შეტანას საგანმანთლებლო სისტემაში, სამეცნიერო ექსპერიმენტების დანერგვას, გლობალური პრობლემების ანალიზს, შემაშფოთებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენთან სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა  საბუნებისმეტყველო საგნებს. სამწუხაროდ, ასეთივე დამოკიდებულებაა გეოგრაფიისადმი.

მავანს გეოგრაფია ქვეყნების დედაქალაქებისა და ნომენკლატურის დაზეპირება და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები ჰგონია. ამიტომ რამდენიმე სიტყვით გვინდა შეგახსენოთ გეოგრაფიის მნიშვნელობა:

  • გეოგრაფია ერთადერთი საგანია, რომელიც თავის თავში მოიცავს ორ ძირითად: საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მიმართულებას და იკვლევს მათ შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს
  • გეოგრაფია ავითარებს სამყაროს ერთიანობისა და მთლიანობის აღქმის უნარს
  • გეოგრაფია ხელს უწყობს საგნებისა და მოვლენების სივრცე-დროით ხედვას
  • გეოგრაფია ერთადერთი საგანია, რომელიც ასწავლის რუკის კითხვას, ავითარებს გარემოში ორიენტირების და სივრცითი აზროვნების უნარებს
  • გეოგრაფია მშობლიური ქვეყნისა თუ მსოფლიოს გეოგრაფიის შესწავლით, ხელს უწყობს თვალსაწიერის გაფართოებას
  • გეოგრაფია ავითარებს რეგიონული და გლობალური პრობლემების ანალიზის უნარს
  • გეოგრაფიის ცოდნა ხელს უწყობს ბუნებათსარგებლობის და წარმოების დაგეგმვის პროცესებში გარემოზე ორიენტირებული სწორი გადაწყვეტილების მიღებას
  • გეოგრაფია ყველაზე კარგად ემსახურება გარემოს დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარების ჩამოყალიბებას. თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი მიზნის „მდგრადი განვითარების“ მიღწევა წამოუდგენელია გეოგრაფიული ცოდნის გარეშე
  • გეოგრაფიულ კვლევებში დღეს მნიშვნელოვანია ბუნებრივი და საზოგადოებრივი პროცესების პროგნოზი, რომელსაც საფუძვლად უდევს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS), რომლითაც იმართება მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს მაგალითისთვის ბუნების კატასტროფული მოვლენებისა და დემოგრაფიული პროცესების, განსაკუთრებით, მოსახლეობის რაოდენობის კვლევა და პროგნოზირებაც საკმარისი იქნება რომ დავასახელოთ.

ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება…

გეოგრაფია და გეოგრაფები ხელისუფლებას მხოლოდ სტიქიური უბედურების დროს  ახსენდება.  ასე იყო მაგალითად, მდინარე ვერეს სტიქიის დროს (2015), სხვა დროსაც… მაშინ მიმართავენ გეოგრაფიის ინსტიტუტს, გეოგრაფიულ საზოგადოებას, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტ გეოგრაფებს. ითხოვენ კომენტარს, შეფასებას, პროგნოზს, არადა ანალიზისთვის სისტემატური სამეცნიერო მუშაობაა საჭირო.

თვალსა და ხელს შუა იკარგება ისეთი ძლიერი სკოლები, რომლებიც გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებით არსებობდა. დანგრეულის აღდგენა კი მერე ძალიან რთულია.

სფერო, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება ჩვენთან, ტურიზმია. ხელისუფლება თავს იწონებს, რომ 7 მილიონამდე ტურისტი შემოდის ქვეყანაში. ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მაღალანაზღაურებად ტურისტებზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რასაც კარგად მომზადებული სპეციალისტები სჭირდება. ასეთმა სპეციალისტმა კი ენების გარდა, სულ მცირე თავისი ქვეყნის გეოგრაფიაც უნდა იცოდეს. ახალგაზრდებს კი ვეუბნებით, რომ გეოგრაფია არ არის ღირებული საგანი. ამას ვეუბნებით რეფორმით, რომლის მიხედვით, უმაღლესში მისაღები გამოცდებიდან გეოგრაფიის გამოცდა იხსნება, უფრო ზუსტად, ამ გამოცდის არჩევას უმაღლეს სასწავლებელს ანდობს.

ვაცნობიერებთ, რომ გამოცდა მხოლოდ აისბერგის წვერია. ვინ ვინ და გეოგრაფებმა კარგად ვიცით, წვერი აისბერგის თვალისთვის ხილული ნაწილია და ჩვენი განათლების პრობლემებიც გაცილებით ღრმად დევს. ჩვენ კარგად ვიცნობთ დღევანდელ ქართულ  სკოლას და შეგვიძლია ვთქვათ, თუ  სკოლაში მაღალი კვალიფიკაციის და თავისი საგნისადმი სწორი დამოკიდებულების მქონე მასწავლებელი არ არის, გამოცდებს მიღმა დარჩენილი საგნები, ნებით თუ უნებლიეთ, მეორეხარისხოვან საგნებად იქცევა ხოლმე. ასეთი მასწავლებლებით კი, სამწუხაროდ, ყველა სკოლა ვერ დაიკვეხნის.

სფეროს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ იმ ცვლილებებით, რომელიც დაგეგმეს, ებრძვიან რეპეტიტორობის ინსტიტუტს. სინამდვილეში, რეპეტიტორები არსებობენ იმიტომ, რომ სკოლაა სუსტი. სწორედ რეპეტიტორები ავსებენ სკოლის შავ ხვრელებს.

თუმცა, განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები და ფეისბუქგამოკითხვები სხვას ამბობს: ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდხანს ახალგაზრდები ინგლისურში, ქართულსა და მათემატიკაში ემზადებიან. გეოგრაფიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებს ყველაზე ნაკლებად ასახელებენ.

როცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავად ასახელებს ორ სავალდებულო და მესამე ნაწილობრივ არჩევით საგანს, რომელშიც, აბიტურიენტს მწირი არჩევანი აქვს (მხოლოდ მათემატიკა ან ისტორია), ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებს ვართმევთ არჩევანის უფლებას. თუ სოციალური გათანაბრებისთვის ვიბრძვით, აბიტურიენტებს უნდა მივცეთ საშუალება, აირჩიონ არა სამინისტროს მიერ დასახელებული სამი, არამედ მათთვის სასურველი საგნები.

ამასთან, გეოგრაფიის, გეოეკოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმის  სპეციალისტისთვის, გეოგრაფია, არათუ მესამე სავალდებულო, რატომ არ უნდა იყოს პირველი საგანი?

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, სულ უფრო იზრდებოდა იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მეოთხე, არჩევით საგნად გეოგრაფიას ირჩევდნენ. თუ არჩევითი საგნების დამატებისას, პირველ წელს გეოგრაფია 1500-მდე აბიტურიენტმა ჩააბარა, შარშან ეს რიცხვი 13 000-მდე ავიდა. ისევ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დისციპლინაში ყველაზე ნაკლები ახალგაზრდა იჭრებოდა. გეოგრაფიის ქულა კი, როგორც გამოცდების შედეგები გვაჩვენებს, ძალიან მაღალ კორელაციაშია უნარების ქულასთან, ანუ გეოგრაფია არის საგანი, რომელიც ძალიან კარგად ამოწმებს აბიტურიენტის უნარებსა და შესაძლებლობებს.

გვესმის, რომ განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა. ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ სტრატეგიის, ხედვების, რეფორმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დისკუსიაში, მიეძღვნება ეს გეოგრაფიას თუ, ზოგადად, განათლების სისტემას.

ამგვარად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ არჩევანი. დაე, აბიტურიენტმა მისაღებ გამოცდაზე აირჩიოს საგანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს და იცის, ყველაზე მეტად სჭირდება მის მომავალ საქმიანობას.

მიმართვას, რომელიც პარლამენტში და განათლების სამინისტროში შევიდა, ხელს 200-მდე პირი აწერს.

„ბათუმის წყალი“: დაშავებულმა მუშებმა საავადმყოფო დატოვეს

ბათუმში, მესხის ქუჩაზე, სამი მუშის დაზიანებასთან დაკავშირებით „ბათუმის წყალი“ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, მუშები თხრილში, ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამივე მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

„უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად დაცული იყო… ამიტომაც გვაქვს ეს მდგომარეობა, რომ ადამიანების დაზიანება არის მინიმალური. იქ არ წარმოქმნილა ისეთი ტიპის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში.

წყალი ამ დროისთვის არ მიეწოდება მეჯინისწყლის დასახლების ნაწილს. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ წყლის მიწოდება ძველი წყალმომარაგების ქსელის აბონენტებს უახლოეს საათებში აღუდგებათ.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13 თებერვლის  21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 15 თებერვალს  მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 16 თებერვალს აჭარის სანაპიროზე იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.

ქედაში მდინარეში ავტომანქანა გადავარდა – დაიღუპა 35 წლის ქალი

ქედაში, მდინარეში ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 35 წლის ქალი დაიღუპა, დაშავებული 4 მგზავრი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიდასტურა.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ავტომანქანა აჭარისწყალში სოფელ ცხემნართან გადავარდა.

“მანქანაში ოთხი მგზავრი იყო, როგორც ვიცი, ნათესავები იყვნენ ერთმანეთის. ქალი გარდაიცვალა. ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი მკურნალობა არ დასჭირდა. ავტომანქანიდან დაშავებულები სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა,”- გვითხრა ლევან გორგილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

„ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, კაი ბიჭი ვარ და ასე შემდეგ არ მითქვამს…“ – უთხრა პროკურორს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა მანუჩარ ბერიძემ. ის ერთ-ერთია, ვინც ამ საქმეში ჩვენება შეცვალა.

დღეს, 12 თებერვალს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 5 მოწმის ჩვენება მოისმინა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე მანუჩარ ბერიძეს თავიდან ბოლომდე წაუკითხა ის ჩვენება, რომელიც მან სასამართლო პროცესების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოძიებას მისცა. ჩვენებაში მოწმე ამბობდა, რომ ბრალდებული მას „ქურდულ ცხოვრებაზე“ ესაუბრებოდა. პროკურორმა მოწმეს ხელმოწერაც აჩვენა, ეს ხომ თქვენიაო, თუმცა მოწმემ თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში არ წაუკითხავს, რას მოაწერა ხელი. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელიან, რადგან საქმეში ბრალდებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებები აღარ რჩება.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

გამოძიების ვერსიით, მანუჩარ ბერიძეს, რომელმაც დღეს ჩვენება მისცა სასამართლოს, ბრალდებული მარად წითელაძე აიძულებდა თანხის გადახდას კონკრეტული პირისთვის. მანუჩარი ბოლო 10 წელია ავტომანქანების ექსპორტითაა დაკავებული.

ვიდრე მანუჩარ ბერიძე პროცესზე გამოცხადებოდა, მოსამართლეს მოწმის სახით ჩვენება თბილისიდან ჩამოსულმა დედა-შვილმაც მისცა. „მე მანქანის შეძენა მინდოდა და დახმარება მანუჩარმა შემომთავაზა. ის ჩემი შვილის მეგობარია, „ფეისბუქში“ გაიცნო. მანუჩარს ჩემთვის ML-ის მარკის მერსედესი უნდა ჩამოეყვანა ამერიკიდან და 8 ათასი დოლარი ჩავურიცხე… აღმოჩნდა, რომ მანქანა ვერ ჩამოიყვანა, პრობლემა შემექმნაო. შევთანხმდით, რომ თანხას დამიბრუნებდა და 4500 დოლარი დამიბრუნა, შემდეგ კიდევ 1000 და 2500 დამრჩა ასაღები… ვეღარ ვუკავშირდებოდი მანუჩარს და ახლობლის მეუღლეს ვთხოვე, იქნებ ვინმეს იცნობ ბათუმში… მერე მასაუბრეს კონკრეტულ პირს, რომელმაც მითხრა სექტემბრის ბოლომდე მანუჩარი თანხას გადაიხდისო,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმე მაია კანდელაკმა.

ავტომანქანის ჩამოყვანა რომ პრობლემა გახდა და მარად წითელაძეს მართლაც რომ შეხვდა, ეს მანუჩარ ბერიძემაც დაადასტურა, თუმცა მისი მონათხრობის მიხედვით, იძულებას ადგილი არ ჰქონია და მას, უბრალოდ, თანხის დაბრუნება სთხოვეს.

მას შემდეგ, რაც პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის თითქმის ყველა შეკითხვაზე ადვოკატებმა აცილების შუამდგომლობა დააყენეს, პროკურორმა კანონმდებლობის მიხედვით გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების გამოქვეყნება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურორმა სრულად წაიკითხა ის ჩვენება, რაც მანუჩარ ბერიძემ სამართალდამცველებს სასამართლო განხილვის დაწყებამდე უთხრა.

„დამირეკა და მითხრა, მარად წითელაძე ვარ, მშვიდობიან საქმეზე მინდა საუბარიო… სამი თუ ოთხი დღის შემდეგ შემხვდა და მითხრა, შენ მაიას თუ იცნობ, თბილისში რომ ცხოვრობსო, იმ ქალს ემალები… თბილისელმა კაი ბიჭებმა მთხოვეს ამ საქმის მოგვარება და უნდა მოვაგვაროო… მარადმა მითხრა, ქუჩის ბიჭი ვარ, ქურდულად ვცხოვრობო… მერე ვიღაცას ტელეფონით დაურეკა და უთხრა, ჩემთან აქვს სიტყვა ნათქვამი, სექტემბერს არ გადასცდებაო,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერდა მოწმე ბრალდებულ მარად წითელაძესთან ურთიერთობას გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში მანუჩარ ბერიძე საუბრობდა სხვა შემთხვევაზეც, როცა მას ავტომანქანის დათმობას აიძულებდნენ.

მოსამართლეს მოწმე მანუჩარ ბერიძემ უთხრა, რომ მხოლოდ კონკრეტულ ფრაზებს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას ეხება, არ ეთანხმება. მისი განმარტებით, მარად წითელაძე მას მხოლოდ თანხის დაბრუნებაზე ესაუბრა. მოწმეს არც ის უთქვამს, რომ პოლიციის განყოფილებაში აიძულეს ვინმესთვის სასარგებლო ჩვენების მიცემა.

„ხომ არ ყოფილა რაიმე სახის ზეწოლა მარად წითელაძის მხრიდან?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა მზია დიასამიძემ. მოწმეს უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გაიქნია.

„მოწმეები ჩვენებებს კი არ ცვლიან, არამედ აზუსტებენ ფაქტებს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ პროცესის დასრულების შემდეგ. ის ელის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება, რადგან მოწმეები ბრალდებულების საწინააღმდეგოს არაფერს ამბობენ. საქმეშია ასევე სატელეფონო ჩანაწერები, რომლებსაც თავიდანვე სადავოდ მიიჩნევდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ხმები, რაც ჩანაწერებში ისმის, ბრალდებულებს არ ეკუთვნით.

ხომ არ დაწყებულა გამოძიება მოწმეების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის ან მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით პროკურატურას მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი უწყებიდან არ მიგვიღია.

ამ თემაზე:

“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში

ბათუმში მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, სამი მუშა დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ, ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულებს კიდურების მოტეხილობა ჰქონდათ, მათ გონება არ დაუკარგავთ. მათივე ინფორმაციით, მუშები დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ, კონკრეტული სამონტაჟო სამუშაოების დროს.

მომხდარზე განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების მონაცემებით, მშენებარე ობიექტზე მუშები წყლის მილების გაყვანის დროს დაშავდნენ და მათ მიწის მასა დაეცათ. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

დაშავებულები მოინახულა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებათ.

განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავებულები „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც თხრილში, ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამივე მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა. 

„ბათუმის წყალი“: დაშავებულმა მუშებმა საავადმყოფო დატოვეს

რა ხდება „ოცნების ქალაქში“ – რეგისტრაცია ბინების მისაღებად დაპირისპირებების ფონზე

„ოცნების ქალაქში“ სამთავრობო კომისიის მუშაობა, დღეს, 12 თებერვალს, დაპირისპირების ფონზე დაიწყო. გარკვეული პერიოდი მოსახლეობის მონაცემების მიღება საერთოდ შეჩერებული იყო. მიზეზი – „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

სამთავრობო კომისიის მუშაობას, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს, ორი ჯგუფი აკვირდება, ერთის მხრივ ააიპ „ოცნების ქალაქი“, რომლის ხელმძღვანელი მარინა ბერიძეა და მეორეს მხრივ ამხანაგობა „შენება“, რომლის ხელმძღვანელი ნარგიზ დიასამიძეა. ორივე ორგანიზაციის დამფუძნებელი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ორივე ორგანიზაციის წევრები ასევე „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები არიან.

12 თებერვლის დილას მომხდარი კონფლიქტის შედეგად, სამთავრობო კომისიის მუშაობას ვეღარ აკვირდება ნარგიზ დიასამიძე. მას იმ შენობის დატოვება მოუხდა, სადაც მოსახლეობის მონაცემებს აგროვებენ.

რა იყო კონფლიქტის მიზეზი? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ ოცნების ქალაქში შეეცადა.

მარინა ბერიძის ვერსია

ააიპ „ოცნების ქალაქის“ ხელმძღვანელი მარინა ბერიძე ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა უცხო ადამიანის შესვლა იმ ოთახში, სადაც სამთავრობო კომისია მუშაობს.

„უცხო ადამიანი შემოვიდა, რომელსაც მარტო ნარგიზ დიასამიძე იცნობდა,“ – ამბობს მარინა ბერიძე. მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა უცხო პირების შენობაში შესვლის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს რომ ამხანაგობა „შენების“ წარმომადგენლები, ნარგიზ დიასამიძე და მერაბ ჯოყილაძე აღარ უნდა დასწრებოდნენ კომისიის მუშაობას.

მარინა ბერიძის თქმით, ამჟამად სამთავრობო კომისიის მუშაობას მისი ნდობით აღჭურვილი პირები ესწრებიან, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დასახლებაში მცხოვრები ყველა ოჯახის შესახებ.

ნარგიზ დიასამიძის ვერსია

ამხანაგობა „შენების“ ხელმძღვანელი ნარგიზ დიასამიძე ამბობს, რომ მარინა ბერიძე კონფლიქტის გამოწვევას სამი დღეა ცდილობდა, ის კი ითმენდა, რადგან არ უნდოდა სამთავრობო კომისიისთვის ხელი შეეშალა.

„როგორც აქ მცხოვრებმა რიგითმა ადამიანმა, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, ვიღებდი მონაწილეობას სამუშაო პროცესში. გუშინ, 11 თებერვალს, ორი აქტივისტი მოვიდა ამხანაგობა „შენებიდან“. თუ მარინა ბერიძე კომისიაში წარმოდგენილია 14 ადამიანზე მეტით, რატომ არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ორგანიზაციიდანაც ვინმე? ამაზე აგორდა ამბავი“.

კითხვაზე, რა ინტერესი ამოძრავებს მარინა ბერიძეს და რატომ უნდა ცდილობდეს კონფლიქტის პროვოცირებას, ნარგიზ დიასამიძე პასუხობს:

„მარინას მიაჩნია, რომ მე და ბატონი მერაბი, ვინც ვაკვირდებოდით კომისიის მუშაობას, ვართ „ჩამშვებები“, ვუკავშირდებით ხელისუფლებას და რაღაცეებს ვამცნობთ. გარდა ამისა, იქ [კომისიის მუშაობისას] იკვეთება ის, რომ ვიღაც ლობირებს ვიღაცას განცხადებების შევსებისას. ცხადია, რატომაც ვარ მათთვის მიუღებელი“.

ნარგიზ დიასამიძე ამბობს, რომ ამხანაგობა „შენებაში“ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები 99 ოჯახია გაწევრიანებული. ეს ოჯახები აპირებენ განცხადებები ინდივიდუალურად, პირდაპირ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანონ.

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები აკვირდებიან სამთავრობო კომისიის მუშაობას

[red_box]როგორ პირობებში მუშაობს სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“[/red_box]

სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აშენებულ შენობაშია განთავსებული. სამინისტროს სამი თანამშრომელი დღეში დაახლოებით 30-35 პირის რეგისტრაციას ახერხებს. თითოეული პირი, რომელიც აღრიცხვაზე დგება, დეტალურ ინფორმაციას აწვდის კომისიას მისი საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური პირობების შესახებ. კომისიის მუშაობას „ოცნების ქალაქში“ „ბათუმელების“ მისვლისას 12 ადამიანი აკვირდებოდა. ყველა მათგანი იმ ორგანიზაციის წევრია, რომელსაც მარინა ბერიძე ხელმძღვანელობს.

„კომისია თანახმაა, რომ ვისაც სურვილი აქვს, დაესწროს კომისიის მუშაობას. თუ რამე კითხვები აქვთ, მოვიდნენ და ნახონ. ჩვენთან ერთად მუშაობენ, სურვილი გამოთქვეს, რომ ყოფილიყვნენ, თორემ ამ ბაინდერში ჩვენც ჩავალაგებთ [დოკუმენტებს]. ბოლო ოჯახს სანამ არ დავასრულებთ, მანამდე ვერ გეტყვით [მონაცემებს]. შაბათ-კვირასაც ვაპირებთ მუშაობას,” – ამბობს სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე.

სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესი

[red_box]რატომ შეიქმნა და რას აკეთებს სამთავრობო კომისია?[/red_box]

6 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. აჭარის მთავრობის დავალებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა აღწეროს და შეაგროვოს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების მონაცემები. ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ კი გადაწყდება, ვინ როდის და როგორ მიიღებს საცხოვრებელ ფართობს ახალაშენებულ კორპუსში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭება უსახლკაროებს, ეკომიგრანტებსა და იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, იგულისხმება 53-ე და 25-ე ბატალიონის ტერიტორია, ასევე ე.წ. ოპიზრების დასახლება, სულ 1727 სახლი/ჯიხურია აღწერილ-დანომრილი. სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ ქოხებიდან დაახლოებით 10-15%-ში არავინ არ ცხოვრობს.

აჭარის სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების განცხადებების მიღება 9 თებერვალს დაიწყო.

ადგილი, სადაც „ოცნების ქალაქი“ უნდა აშენდეს

რატომ არ უნდა დამტკიცდეს მერიის დაკორექტირებული დოკუმენტი ბათუმის დამცავ ზონებზე

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, 15 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ბათუმის დამცავი ზონების დადგენაზე მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს განიხილავს. მან გვითხრა ისიც, რომ სააგენტოში კვლევის პირველადი ვარიანტიცაა გადაგზავნილი. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ განიხილება ორივე დოკუმენტი. 

კომპანია „გეოგრაფიკის“ კვლევით დადგენილსა და შემდეგში მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს შორის განსხვავება მხოლოდ საზღვრებშია – კვლევით დადგენილი ისტორიული ბათუმის საზღვრებიდან მერიამ ე.წ. „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია ამოიღო. ამ ტერიტორიაზე კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი მაღლივი კოშკის მშენებლობას გეგმავს. თუ ამ ტერიტორიას ისტორიული ზონის საზღვრებიდან არ ამოიღებდნენ, მაშინ კომპანიას ამ სიმაღლის კომპლექსების აშენების უფლება არ ექნებოდა.

დოკუმენტის შეცვლილი ვარიანტის დამტკიცებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ ეწინააღმდეგება. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ვკითხეთ, რატომ ფიქრობს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაამტკიცებს „გეოგრაფიკის“ შემუშავებულ დოკუმენტი და არა ბათუმის მერიის მიერ შეცვლილი ვერსია:

„…აქ არის რამდენიმე გარემოება, პირველი ის, რომ ეს არის ისტორიული, ყველაზე ძველი ბათუმი. თუკი რაიმე ისტორია ძველი ბათუმის განსაზღვრებაზე არსებობს, პირველ რიგში, არის ეს ადგილი. გარდა ამისა, ამ ქალაქს  ასევე აქვს კულტურული დანიშნულება, ბევრი გარემოების გამო. ეს რაც შეეხება ისტორიულ-კულტურულ გარემოებას.

გარდა ამის, იურიდიულად დადასტურებულია, რომ ქალაქის მერმა როცა ეს ტერიტორია ისტორიული საზღვრებიდან ამოიღო, ჩაიდინა დანაშაული – მას არ ჰქონდა ამისი უფლება. სხვა რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს? – არანაირი საფუძველი ამის კანონიერი და არც სინდისიერი გადაწყვეტის არ არსებობს.

მათივე კვლევით [ სამთავრობო სტრუქტურები] ყოველთვის დასტურდებოდა, რომ ისტორიული საზღვრები გადის აქ, ერთი სიტყვა ხომ უნდა ახლდეს განმარტებისთვის, რატომ იღებ ტერიტორიას ისტორიული საზღვრებიდან, გარდა იმისა, რომ კერძო ინტერესებს ერგები – ეს ისეთივე არგუმენტია, როგორიც, მაგალითად, დავალება დამრჩა სახლში“.

ბათუმის დამცავ ზონებზე სადავო დოკუმენტის ორ ვარიანტს 15 თებერვალს თბილისში განიხილავენ

 

ბათუმის დამცავ ზონებზე სადავო დოკუმენტის ორ ვარიანტს 15 თებერვალს თბილისში განიხილავენ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ბათუმის მერიის მიერ წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტს 15 თებერვალს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

დოკუმენტის განხილვასა და მის დამტკიცებას ბათუმში გასული წლის მეორე ნახევრიდან ელიან, თუმცა საკითხზე მსჯელობა ცენტრალურ უწყებებში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ორგანიზაცია „ბათომმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. 

ეს ის დოკუმენტია, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით „გეოგრაფიკმა” მოამზადა და შემდეგ ბათუმის მერიამ დააკორექტირა: უფრო კონკრეტულად კი, მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევაში მოცემული საზღვრები შეცვალა.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლითაც ბათუმში ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს, ბათუმის მერიამ თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. საკრებულომ სწორედ ეს უკანასკნელი დოკუმენტი მოიწონა და დასამტკიცებლად საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა.

ამ ცვლილების გამო მერიას სასამართლოში უჩივლა „ბათომმა“, რომლის ინტერესებსაც საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი [საია] წარმოადგენს. საია იმ დადგენილების [#33]  გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა.

საიას განმარტებით, მერია სათანადო ექსპერტიზის გარეშე, თვითნებურად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, მაშინ, როცა ისტორიული საზღვრების დადგენას სჭირდება მეცნიერული კვლევა. მსგავსი დოკუმენტი კი, სპეციალისტების ჯგუფმა უნდა შეადგინოს.

თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დოკუმენტი მოიწონეს, მშვიდად იყვნენ, რადგან ეგონათ, რომ საკრებულოში არა შესწორებული, არამედ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი იყო წარდგენილი. მათთვის დოკუმენტის შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ეგრეთ წოდებული ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მერიაში ახალი სამშენებლო პროექტის განხილვა დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე [მერიამ სწორედ ეს ტერიტორია ამოიღო დამცავი ზონების საზღვრებიდან] ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი მაღლივი კოშკის მშენებლობას გეგმავს. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ცვლილების შემდეგ „გეოგრაფიკმა“ კვლევაზე თავისი ლოგოს მოხსნა მოითხოვა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს სულ სხვა დოკუმენტია, ამიტომაც მას კომპანიის ლოგო არ უნდა ჰქონდეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში სწორედ დაკორექტირებული დოკუმენტის განხილვა იგეგმება, ბათუმის მერიაში დაგვიდასტურეს. თუმცა გვითხრეს ისიც, რომ გადაგზავნილია პირველადი დოკუმენტიც. ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, საბჭო ორივე დოკუმენტს განიხილავს და იმ საკითხსაც, თუ რის საფუძველზე ამოიღეს ეს ტერიტორია დამცავი ზონების საზღვრებიდან.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, მერიის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტს  გაფართოებული საბჭოს ფორმატში განიხილავენ.

„საკითხის კომპლექსურობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას სააგენტო საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად სფეროში მომუშავე ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივად გეგმავს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეკრებაზე წარმოდგენილი იქნებიან:  ორგანიზაცია  ICOMOS საქართველო, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა და კვლევის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის მერია და საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი”.

განსახილველი თემის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტოს ინიციატივით საბჭოს სხდომას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“  წარმომადგენლებიც.

სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგებს სააგენტო მოკლე დროშივე  გაასაჯაროვებს, რაც პროცესის მიმართ პროფესიული წრეებისა და დარგობრივი გაერთიანებების ინტერესს დააკმაყოფილებს.

 

მთავარი ფოტო: ტერიტორია, რომელიც მერიამ ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოიღო

შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს – კანონპროექტი

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების [მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების] ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს.

„დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი [86 პირი] მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში: „აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს“.

შსს-ს განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.

„ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე,“ – აცხადებს შსს.

ბათუმში მძევლად ხელში ჩაგდების საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

„მძევლად ხელში ჩაგდების საქმე“ შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს იცავს. ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სხდომა პირველად გაიმართება, თუკი მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგება წინასასამართლო სხდომამდე. ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, განიხილავენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები საქმეს.

საუბარია გასული წლის ბოლოს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი ასევე ქობულეთში მცხოვრებისთვის – დაახლოებით 10 ათასი ამერიკული დოლარი. პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული, თანხის მიღების მოტივით, სამმა ბრალდებულმა ჯერ შუახევში წაიყვანა იძულებით ნათესავის ოჯახში, შემდეგ – ქობულეთში. საბოლოოდ, დაზარალებული ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახიდან ბრალდებულებმა მხოლოდ 900 ლარის ამოღება მოახერხეს, მძევალს წებოვანი ლენტი პირზე ააკრეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სკამზე მიბმული დატოვეს. ოჯახმა პოლიციას გატაცებიდან მეხუთე დღეს მიმართა.

„სასამართლოს უარის თქმის უფლება არ აქვს, კანონი იძლევა ამის შესაძლებლობას… ნაფიცი მსაჯულები საქმეს არ განიხილავენ, თუკი საპროცესო შეთანხმება შედგება,“ – განმარტავს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა. აღიარებითი ჩვენებები კი ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა, თუმცა ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში არავის მოუთხოვია, მისი საქმე მსაჯულებს განეხილა. მსაჯულებისთვის დარბაზი 2014 წელს მოეწყო.

 

რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით

ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ „იაფი სახლის“, ანუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესი დაიწყება. საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ბათუმის მერია მიზანშეწონილად თვლის დამტკიცდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი“, რის შემდეგადაც მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღების, განხილვის, ბენეფიციართა შერჩევისა და მათთვის ბინების გადაცემის მარეგულირებელი შესაბამისი აქტებისა და პროექტების მომზადებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას“.

[მერიაში დამატებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და საკრებულოს მიერ მათი დამტკიცების შემდეგ დაიწყება პროგრამის ფარგლებში ბინების შეძენაზე განცხადებების მიღებაც].

მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია: „იმის გათვალისწინებით, რომ კრიტერიუმების შემუშავების დროს პროგრამის ბენეფიციართა მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხები დაანგარიშებულია 2016 წლის მდგომარეობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს თანხების დღეის მდგომარეობით დაანგარიშება“.

ბათუმის მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ კრიტერიუმები 2018 წლის 25 მაისს წარმოადგინა. მაშინდელი კრიტერიუმებით ერთ და ორსულიან ოჯახს [ერთოთახიან ბინაში] თვეში 189 ლარის გადახდა უწევდა, სამ ან ოთხსულიან ოჯახს [ოროთახიან ბინაში] – 287-301 ლარის, ხოლო ხუთ ან მეტსულიან ოჯახს [სამოთახიან ბინაში] – 374 ლარის გადახდა. თანხის დაფარვის პერიოდად 15 წელი იყო განსაზღვრული.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე: ვის შეუძლია ბათუმში „იაფი სახლის“ ყიდვა – მერიამ კრიტერიუმები წარმოადგინა,
ხოლო 
დეტალური ინფორმაცია „ხელმისაწვდომ საცხოვრისზე“ იხილეთ ამ ბმულზე. 

ყოველთვიური გადასახადის ოდენობა მერიას ამ დროისთვის ჯერ დაანგარიშებული არ აქვს. „ბინის თვითღირებულება ხელახლა უნდა დაითვალოს და შემდეგ მოხდება ყოველთვიური გადასახადის დაანგარიშება“ – გვითხრეს მერიაში.

ადრე მოთხოვნებში იყო, რომ ოჯახი, რომელიც ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს.

დღეს კი პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოში გადააგზავნა, ბინის ქირავნობა საერთოდ ამოღებულია და დატოვებულია მხოლოდ გირაო. ანუ, ბინას ვერ მიიღებს ის ოჯახი, რომელიც ბინას გირაობს და ამასთან ეს გირაო შეადგენს ხელმისაწვდომი საცხოვრისის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტს.

მერიაში აცხადებენ, რომ ქირის [თუ რამდენს არ უნდა იხდიდეს პროგრამით მოსარგებლე] ოდენობა მას შემდეგ დაზუსტდება, როცა ხელახლა განისაზღვრება ბინის ღირებულება.

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე

ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ოთხი კორპუსი, ე.წ. იაფი სახლები, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ აშენდება. აქ ორი [„გ“ და „დ“] კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ახალი ტენდერით კი, დანარჩენი ორი სახლი [„ა“ და „ბ“ კორპუსები], ხელშეკრულების დადებიდან 360 დღეში უნდა აშენდეს.

„ა“ და „ბ“ სახლების მშენებლობისთვის სატენდერო თანხა 2 461 751 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.

„გ“ და „დ“ კორპუსებს პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი აშენებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე 2018 წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა. სახლების მშენებლობა 2019 წლის 29 მარტამდე უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა

„იაფი სახლი“ ბათუმში, „გ“ და „დ“ კორპუსები უკვე აშენებულია, აქ ასეთი კიდევ ორი კორპუსი უნდა აშენდეს / 12.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
„იაფი სახლი“ ბათუმში, „გ“ და „დ“ კორპუსები უკვე აშენებულია, აქ ასეთი კიდევ ორი კორპუსი უნდა აშენდეს / 12.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 15 წლის ბიჭი სასამართლომ გაათავისუფლა

არასრულწლოვანი, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საუბარია ორი თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ლერმონტოვის ქუჩაზე ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. ჩხუბის დროს 14 წლის ბიჭი დანით დაჭრეს.

“კონფლიქტი იყო გოგოს გამო, ფეისბუქსში ერთ-ერთი კომენტარისთვის იჩხუბეს,” – ამბობს გვანცა თურმანიძე, იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი. იგი სასამართლოში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.

დაზარალებული ფილტვში იყო დაჭრილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მან ჩვენებაც მისცა სასამართლოს.

ბრალდებულმა კი სასამართლოს უთხრა, რომ მას სცემდნენ და თავდაცვის მიზნით გამოიყენა დანა.

“საბოლოოდ დადასტურდა ცემის ფაქტი და მოსამართლემ კვალიფიკაცია შეცვალა. მან განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაცვლად, 122-ე მუხლის შესაბამისად გაასამართლა ბრალდებული. ეს მუხლი გულისხმობს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას,” – განმარტავს იურისტი გვანცა თურმანიძე.

15 წლის ბრალდებული გათავისუფლდა, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედით, არასრულწლოვანს არ შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის და იმ პირის მიმართ, რომელიც მანამდე ნასამართლევი არ არის.

ეს მუხლი შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს, მაგრამ სასჯელის ეს ფორმა ჯერ ქვეყანაში ამოქმედებული არ არის.

მოსამართლემ ვერც ჯარიმა დააკისრა არასრულწლოვანს, რადგან მას დამოუკიდებელი შემოსავალი არ ჰქონდა.

“ამიტომ მოსამართლემ ნაკლებად მსუბუქი სასჯელის ზომა გამოიყენა – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 50 საათით, რაც მას ჩაეთვალა წინასწარი პატიმრობის გამო. არასრულწლოვანი 2 თვე და 5 დღე იმყოფებოდა პატიმრობაში”, – დასძინა ადვოკატმა.

 

გადახდის მოსახერხებელი პირობები საქართველოს უნივერსიტეტისგან

უმაღლესი ხარისხის ევროპული განათლება საქართველოში ნამდვილად ხელმისაწვდომია, და ამის მაგალითი  საქართველოს უნივერსიტეტია.

სწავლების მაღალ ხარისხსს უზრუნველყოფენ დარგის ლიდერი ლექტორები, რომლებიც საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას, თეორიულ ცოდნასთან  ერთად სტუდენტებს უზიარებენ. ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ.

საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობების მქონე  აბიტურიენტებს მისცეს სწავლის შანსი, ამიტომ მათ განსაკუთრებულ ფინანსურ პირობებს სთავაზობს, მაგალითად, სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდა, რომელიც მოიაზრებს სურვილის შემთხვევაში სრული საფასურის 10 თანაბარ ნაწილად გაყოფას და ეტაპობრივად მის დაფარვას.   თუ სწავლის სრული საფასური 2250 ლარია, სტუდენტის ყოველთვიური გადასახდელი თანხა 250 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა,  უნივერსიტეტი ცდილობს ნებისმიერი გრანტის მქონე სტუდენტი  წაახალისოს და მისცეს უფრო მეტი მოტივაცია გრანტის  თანადაფინანსების პროგრამის ახით,  რაც იმას ნიშნავს იმას, რომ თუ იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს, საქართველოს უნივერსიტეტში ნებისმიერი ღირებულების პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში მისი სრული ყოველწლიური გადასახადი გაუთანაბრდება  სახელმწიფო ფასს, 2250 ლარს.

პირობითად, თუ აბიტურიენტმა მოიპოვა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი და მისი არჩევანი ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაა, რომლის ღირებულება 2500 ლარია, მაშინ სწავლის საფასური საქართველოს უნივერსიტეტში იქნება 0 ლარი, ხოლო 70%-იანი გრანტის შემთხვევაში 675 ლარს შეადგენს.  იგივე პირობა ვრცელდება 50%  გრანტის შემთხვევაშიც,  ნებისმიერი ღირებულების სხვა საბაკალავრო პროგრამაზე.  მეტიც, ვინც საქართველოს უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, 2500 ან 2500-ზე  მეტი ლარის ღირებულების პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, დამატებით 20%-იან შეღავათს მიიღებს.

ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტი ყოველწლიურად ყველა აბიტურენტს სთავაზობს მონაწილეობას უფასო სწავლის გათამაშებაში, რაზეც რეგისტრაცია უნივერსიტეტის ვებ გვერდზეა შესაძლებელი www.ug.edu.ge. გათამაშების გამარჯვებული კი ვლინდება ტრაციდიულად 1 ივნიის, შედეგად, მის სწავლის საფასურს საქართველოს უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს.  

წლიდან წლამდე საქართველოს უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც თავის მხრივ მეტი პასუხისმგებლობა და დიდი მოტივაციაა, შესთავაზოს უფრო მეტი.

განათლება გაგამდიდრებს – სწორედ ასე ჟღერს უნივერსიტეტის ახალი გზავნილი, რომლის კურსდამთავრებულთა 93% უკვე დასაქმებულია. ამიტომ თუ სწავლა გინდა, საქართველოს უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია.

მშენებლობის ნებართვა შეუჩერდება კომპანიას, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

მერიის გაფრთხილება: კომპანიებს, რომლებიც მშენებლობის დროს უსაფრთხოების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მშენებლობის ნებართვა შეუჩერდებათ. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მშენებელი კომპანიების გასაფრთხილებლად სპეციალური განცხადება დღეს, 12 თებერვალს, გააკეთა.

ირაკლი მოქიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ. ამიტომაც  კომპანიებს, რომლებიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, სამშენებლო ნებართვა შეუჩერდებათ.

„მერიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით, გაფრთხილებით შემოიფარგლოს. გაფრთხილების ჩაბარებიდან არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში კონკრეტული ობიექტები, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით არ იქნებიან წესრიგში, მათზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება და მშენებელ კომპანიებს შეუჩერდებათ მშენებლობის გაგრძელების უფლება“, – აცხადებს მერიის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი მოქია.

ზედამხედველობის განყოფილება კომპანიისგან ითხოვს,  როგორც მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოებას, ასევე, მშენებლობის დროს, მაღლივი სართულიდან ვარდნის საშიშროების აღკვეთას, როგორც ამას საქართველოს მთავრობის 477 დადგენილება ითვალისწინებს.

ზედამხედველობის განყოფილებამ გაფრთხილების წერილი 79 სამშენებლო კომპანიას უკვე ჩააბარა.  საერთო ჯამში, ასეთი გაფრთხილება 200-მდე კომპანიას მიუვა.

გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მშენებლობის ნებართვის შეჩერების შემთხვევაში, კომპანია მშენებლობის გაგრძელების უფლებას მანამდე ვერ მიიღებს, ვიდრე უსაფრთხოების მოთხოვნილ ნორმებს არ უზრუნველყოფს.

 

Belhouse-ის რომანტიკული საჩუქარი წყვილებისთვის ვალენტინობას

12-დან 28 თებერვლის ჩათვლით მოდი „ბელჰაუსის“ ნებისმიერ ფილიალში შენს მეწყვილესთან ერთად (ცოლი, ქმარი, შეყვარებული), გადაიღე სახალისო ფოტო ჩვენი ავეჯის ფონზე, დააგროვე ყველაზე მეტი მოწონება და გახდი ულამაზესი საწოლის მფლობელი – საძინებელი „სოფია“ , ფასი – 9350 ლარი.

[checklist]

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა გქონდეთ მოწონებული ჩვენი ფეისბუქგვერდი.
  • უნდა გააზიაროთ ეს პოსტი
  • „ბელჰაუსში“ გადაღებული ფოტო უნდა დადო შენს გვერდზე საჯაროდ ჰეშთეგით #Belhousegift

[/checklist]

დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse

გვეწვიეთ  მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N14 ; თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N11; თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი N12

ტელ.: +995 32 230 95 50

300 ვაკანსია და ანაზღაურებადი გადამზადების პროგრამა

24 წლის თიკო ხითაროვს ეკონომისტის განათლება აქვს მიღებული და 6 თვეა ეძებს სამსახურს. ოჯახის შექმნამდე მას მერიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში უმუშავია, ასევე, მარკეტში კონსულტანტად. 7 თვის შვილი ჰყავს.  შეუძლია ბავშვი სახლში ბებიასთან დატოვოს, ოჯახის წევრები ფინანსურად უზრუნველყოფენ, მაგრამ თიკო მიიჩნევს, რომ დროა საქმეს შეუდგეს, დამოუკიდებელი შემოსავალი გაუჩნდეს და ისეთ კომპანიაში დასაქმდეს, სადაც დროებით და მხოლოდ ხელფასისთვის არ იმუშავებს. სურს, ახალ სამსახურში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და პროფესიული განვითარების საშუალება მიეცეს.

„არ მინდა, სამსახური ჩემთვის მხოლოდ ხელფასის გამომუშავების ადგილი იყოს. საინტერესო გარემო და განვითარების პერსპექტივაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი,” – ამბობს თიკო.

ქალებისთვის, რომლებსაც თიკოზე მეტხანს მოუხდათ შინ დარჩენა შვილების გასაზრდელად, კიდევ უფრო რთულდება დასაქმება.

მრავალმხრივი და კომპლექსური მიზეზების გამო დასაქმება საქართველოში დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

იმ ჯგუფებს შორის, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ სამსახურის პოვნა, ბევრი ქალია, ვინც გარკვეული პერიოდით დასაქმების ბაზარს გამოეთიშა, შვილი გააჩინა და ახლა სამსახურის პოვნა უჭირს.

ახალგაზრდები, რომლებსაც ბევრ სხვადასხვა სამსახურში უმუშავიათ, თუმცა კვლავ ახალი ვაკანსიების ძებნა უწევთ, ხშირად აღნიშნავენ, რომ რთულია დასაქმდე სტაბილურად და გრძელვადიანი კონტრაქტით. ცალკე პრობლემაა ნეპოტიზმი, არარეალური, ხელფასთან შეუსაბამოდ ბევრი საქმე და არაანაზღაურებადი სტაჟირება.

უმუშევრობის მიზეზები საქართველოში

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რასაც მრავალმხრივი მიზეზი აქვს. გარდა სამუშაო ადგილების სიმცირისა, ვაკანსიების მონიტორინგმა და შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად დამსაქმებლები გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებენ როგორც ცენზის, ასევე, ზოგადი უნარების თვალსაზრისით.

საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მხოლოდ 1 706 600 ადამიანია დასაქმებული, უმუშევრად კი 13,9%, ანუ 276 400 ადამიანი მიიჩნევა.

საქსტატი უმუშევრობის შესწავლის არსებული მეთოდოლოგიით თვითდასაქმებულ პირებს უმუშევრებად არ მოიაზრებს. შესაბამისად, უმუშევართა სავარაუდო რიცხვი რეალურად, მოცემულ სტატისტიკაზე გაცილებით მაღალია.

 

Loading...

Loading…

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა და, შესაბამისად, ვერ ყალიბდება ეფექტური შრომითი ურთიერთობები. დამსაქმებელთა თვალთახედვის არეალში ხშირად ვერ ხვდებიან შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები.

ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში სტაბილურ და მრავალრიცხოვან სამუშაო ადგილებს კერძო სექტორი ქმნის. აქამდე კი საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი, სამუშაო ადგილები საქართველოში ნელა იქმნება.

ყველაზე მეტი რაოდენობით ვაკანსიას ჩვენთან ქმნიან ტურიზმის, მშენებლობისა და მომსახურების სფეროები. ქვეყანაში, ძირითადად, საშუალო და პატარა კომპანიები გვაქვს, რომლებიც სამუშაოს ბევრ მაძიებელს ვერ ასაქმებენ და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს უზრუნველყოფენ. ეს ყველაფერი დიდი, კომპლექსური პრობლემების ჯაჭვს ქმნის, რისი მოგვარებაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღეობასთან.

 

Loading...

Loading…

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ 300 ადამიანს დაასაქმებს

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“ უკვე მესამე წელია დაინტერესებულ კანდიდატებს  გადამზადების უფასო პროგრამასა და სწავლების პროცესში ანაზღაურებად სამუშაოს სთავაზობს. პროგრამა მოტივირებულ, აქტიურ და შრომისმოყვარე 300 კანდიდატს დაასაქმებს საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

„ჯი პი აი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრად გახდომის შესაძლებლობა ეძლევა ყველას – ასაკის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების მიუხედავად.

სწავლებისა და გადამზადების პროცესში ანაზღაურება შეადგენს ფიქსირებულ 400 ლარს, რომელსაც გამომუშავებული ბონუსი დაემატება. წარმატებულ და მონდომებულ კანდიდატებს ეძლევათ შანსი, შეიქმნან წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

2016 და 2017 წლებში „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ 600 ადამიანს მისცა შანსი, გაევლოთ ანაზღაურებადი გადამზადების პროგრამა და დასაქმებულიყვნენ. მათი უმეტესობა ახლაც აგრძელებს კომპანიაში წარმატებულ კარიერას.

პაატა ლომაძე, „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელიც ადასტურებს დასაქმების პროგრამის ეფექტურობას. წელსაც პროგრამა საშუალებას მისცემს მონდომებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, დაეუფლონ ახალ და ყველაზე მოთხოვნად პროფესიას (გაყიდვების სპეციალიზაცია) და ამავდროულად მიიღონ ანაზღაურება სწავლების პროცესში, ხოლო შემდგომ ვთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს, კარიერულ განვითარებას და შემოსავლის ზრდის საშუალებას“.

წარმატებულ კანდიდატთა ინტენსიური გადამზადების პროგრამას „ჯი პი აი ჰოლდინგის“ ტრენინგცენტრი უზრუნველყოფს. პროგრამა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობითაა მომზადებული.

300 სამუშაო ადგილი თბილისში!

 

 

ბათუმის ბულვარი პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებს შეისყიდის – ტენდერი 130 ათასი ლარი

ბათუმის ბულვარი პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებს შეისყიდის. ბილიკების სიგრძე ჯამში 990 მეტრი იქნება და ისინი ზღვის სეზონზე პლაჟზე – ანბანის კოშკიდან რესტორან „სანრემომდე“ მონაკვეთში – ათ ლოკაციაზე მოეწყობა.

ხის გადასასვლელი საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადებაში ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 130 949 ლარს გადაიხდის. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება. წინადადებების მიღება 28 თებერვალს შეწყდება, ბილიკები კი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დამზადდეს. ბილიკების საგარანტიო ვადად ერთი წელია განსაზღვრული.

ხის ბილიკები ბულვარის ადმინისტრაციამ გასულ წელსაც შეიძინა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გაითვალისწინეს შშმ პირთა მოთხოვნა და ბილიკის სიგანე 90 სმ-დან 1,2 მეტრომდე გაზარდეს. მიმდინარე წელს კი, როგორც ტენდერის პირობებშია აღნიშნული, ბილიკების სიგანე კიდევ უფრო მეტი, 1,5 მეტრი იქნება. ხის ბილიკები ბულვარის საფეხმავლო ბილიკებიდან ზღვამდე მივა.

პლაჟზე გადასასვლელი ბილიკების სიტუაციური გეგმა
პლაჟზე გადასასვლელი ბილიკების სიტუაციური გეგმა

ამ თემაზე:

პლაჟზე ხის ბილიკები მოეწყობა – გადაადგილება ეტლითაც იქნება შესაძლებელი

გზა ორკესტრამდე

სანამ კლასიკური მუსიკა ჩვენამდე მოაღწევს საკონცერტო დარბაზებიდან სიმებიანი, ჩასაბერი თუ სხვა სახის ინსტრუმენტების საშუალებით, მუსიკოსებს დიდი შრომა უწევთ. მევიოლინეები დღეში საშუალოდ 6-7 საათს უკრავენ ფორმის შესანარჩუნებლად. ფლეიტისტებისთვის სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშებია აუცილებელი, ჩელისტებს კი, მართალია, ერთი შეხედვით უზარმაზარი ინსტრუმენტის ტარება უწევთ, თუმცა ვიოლონჩელოზე დაკვრას ძალიან მსუბუქი ხელი სჭირდება.

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ ყოველდღიურობაზე გვიამბობენ.

24 წლის მევიოლინე, სოფია მატიუში 18 წელია, რაც ინსტრუმენტზე უკრავს. ვიოლინოზე 5 წლის შეიყვანეს. ახლა ხელოვნების უნივერსიტეტში საორკესტრო სიმებიანი ინსტრუმენტების განყოფილებაზე, ვიოლინოს მიმართულებით სწავლობს.

სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი ბევრი სხვადასხვა ზომის ვიოლინო არსებობს, სოფიას 8 ინსტრუმენტი აქვს გამოცვლილი. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ მევიოლინე იქნებოდა, სერიოზული ინსტრუმენტი შეიძინა, რადგან ბგერის ხარისხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ისეთი პროფესიაა, ორკვირიანი ვარჯიშისა და დაკვრის შემდეგ რომ ერთი დღე არ იმეცადინო, მთელი ორი კვირის შრომა წყალში გეყრება.

დღის განმავლობაში 4, 5 საათზე ნაკლებს არასდროს ვუკრავ. 12 საათიც მიმეცადინია დღის განმავლობაში კონცერტების წინ“, – ამბობს სოფია.

მისი დღე დილის შვიდ საათზე იწყება ეტიუდებითა და პაგანინის კაპრიზებით.  ვიოლინოს გაკვეთილი დილის ცხრაზე ეწყება და მასწავლებელთან მოუმზადებლად, „გაუხურებლად“ მისვლა არ შეიძლება, ისევე, როგორც სპორტსმენი ვერ გავა მოუმზადებლად სათამაშო მოედანზე.

სოფია მატიუში. მევიოლინე

როგორც სოფია ამბობს, ნაწარმოების პირდაპირ დაკვრა ვიოლინოზე შეუძლებელია. ამისთვის ჯერ თითები მწყობრში უნდა მოიყვანო, გაავარჯიშო, სავარჯიშოები დაუკრა და მერე შეუდგე ნაწარმოების დაკვრას.

ვიოლინოზე დასაკრავად აბსოლუტური სმენა, რიტმისა და ინტონაციის განსაკუთრებული მგრძნობელობაა აუცილებელი, რადგან ამ ინსტრუმენტის გრიფი გიტარის მსგავსად დაყოფილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბგერა სრული სმენით უნდა იგრძნოს მევიოლინემ, სად მდებარეობს მოცემულ მომენტში.

მართალია, ვიოლინო მსუბუქი ინსტრუმენტია და ნაზი ჟღერადობა აქვს, მაგრა მასზე დაკვრა მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ექვსი საათის განმავლობაში ფეხზე დგომისას დაკვრა რთულია, დაჯდომისას კი ხერხემალზე დატვირთვა იზრდება და  იმატებს სქოლიოზის განვითარების რისკი.

თამუნა კუბლაშვილი ჩელისტია და ბათუმის კონსერვატორიის მეოთხე კურსზე სწავლობს.

ჩელოზე 7 წელია უკრავს. პატარა იყო, როცა უზარმაზარი ინსტრუმენტით დაინტერესდა, სამუსიკო სკოლაში კი პირველად ამ ინსტრუმენტზე შესრულებული რევაზ ლაღიძის „საჭიდაო“ მოასმენინეს, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

თამუნა კუბლაშვილი. ჩელისტი

„თავიდან ვიოლონჩელო ჩემი ჰობი იყო, მერე კი პროფესიად იქცა. მასზე დასაკრავად ხელის სიმსუბუქეა საჭირო. მუსიკას დიდი შრომა სჭირდება, რაც ყოველთვის არ ხერხდება. დღეში სასურველია 5-6 საათს იმეცადინო, მაგრამ მე მხოლოდ ორ საათ-ნახევარს ვახერხებ დავუკრა,“ – ამბობს ჩელისტი.

თამუნა თავისუფალ დროს მსუბუქ მუსიკას უსმენს. ამბობს, რომ ასე მას, უბრალოდ, ყველაფრისგან გათიშვა შეუძლია. ფეხსაცმელზეც კი ნოტები ახატია და არც უზარმაზარი ინსტრუმენტის ტარება უჭირს.

თამარ კუბლაშვილი

ნაზი ძიძიგურმა ფლეიტაზე დაკვრა მოულოდნელად გადაწყვიტა. ერთ დღეს ნათლიამ ფლეიტა აჩუქა და მას შემდეგ დაკვრა არ შეუწყვეტია. მართალია, ხანდახან, როცა სახლში აივნის კარს აღებს და ისე მეცადინეობს, მეზობლები დიდ სიხარულს არ გამოხატავენ, მაგრამ ასეთ დროს კარს კეტავს და ფარდას აფარებს. ყველა მუსიკოსი თანხმდება, რომ მეცადინეობა სასწავლებელშია ყველაზე მოსახერხებელი.

ნაზი ძიძიგური. ფლეიტისტი

ნაზის ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსია, რამაც მასზეც იქონია გავლენა. სიმფონიურ ორკესტრში დაკვრაზე ოცნებობს, ჯერ კი ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია.

დილას ერთსაათიანი გამების დაკვრით იწყებს და მერე 6-7 საათს მეცადინეობს. ვირტუოზ ფლეიტისტებს, კლასიკურ მუსიკას, როკს და ჯაზს უსმენს. ამბობს, რომ ბენდში დაკვრასაც არ გამორიცხავს სამომავლოდ, თუმცა ფლეიტის ნაზი ჟღერადობა ყველა ტიპის ბენდს ვერ ერგება.

ნაზის ყოველდღიურად უწევს შინ სუნთქვითი ვარჯიშების კეთება. ამ დროს ზურგზე დაწოლილები მუცელზე მძიმე წიგნს იდებენ და ცდილობენ ღრმად შესუნთქვა-ამოსუნთქვით წიგნი აამოძრაონ. არსებობს კიდევ უამრავი ვარჯიში, რაც ფილტვებს აძლიერებს.

 

ვიდეო: ია ფრანგიშვილი

 

სამშენებლო კომპანიამ გონიოში მოასფალტებული გზა დააზიანა

კომპანია „რმგ გრუპი“ გონიოში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე, #65ა-ში რვასართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას სახლებთან მისასვლელი, კაპიტალურად მოასფალტებული გზა ისე დააზიანა, რომ ამ გზაზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათო გახდა.

ერთ-ერთი აქ მცხოვრების, რესან კონცელიძის ინფორმაციით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანია ყოველგვარი რეაგირების გარეშე აგრძელებდა მუშაობას, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციასთან ერთად ვითარების შესასწავლად 2019 წლის იანვარში ადგილზე გავიდა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაც.

სახლებთან მისასვლელი გზა სვიმონ კანანელის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ

„როგორც ვიცით, ოცდღიანი ვადა მისცეს [კომპანიას], რომ გამოასწორონ ის, რაც გააფუჭეს. თუმცა ვადა გავიდა და მხოლოდ ღობე  გააკეთეს, რითაც თავიანთი სამშენებლო მოედანი შემოსაზღვრეს, გზა იგივე მდგომარეობაში“, – ამბობს რესან კონცელიძე.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების მითითება 2019 წლის 23 იანვრით თარიღდება. დოკუმენტით ირკვევა ასევე, რომ კომპანიამ მითითება შეასრულა, რადგან ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიცემულ წერილობით გაფრთხილებაში ვკითხულობთ:

„მშენებლობა მიმდინარეობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, კერძოდ არაა ღობე. დაუყონებლივ შეაჩერეთ სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოიყვანეთ უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაში“.

კომპანიამ მერიის ოფიციალური დავალება შეასრულა – დაზიანებული გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა კი მისთვის არავის დაუვალებია. შესაბამისად, მოსახლეობის მოთხოვნა უგულებელყოფილი დარჩა.

რესან კონცელიძე გვიყვება იმის შესახებაც, რომ კომპანიამ არამხოლოდ სამანქანო გზა დააზიანა, არამედ მოთხარა იქ არსებული მწვანე ნარგავებიც. მან ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც მოგვაწოდა.

მწვანე ხეები ღობის გასწვრივ მშენებლობის დაწყებამდე
მშენებლობის დაწყების შემდეგ

რატომ მოსთხოვა მერიის ზედამხედველობის განყოფილებამ მხოლოდ სამშენებლო მოედნის ღობით შემოსაზღვრა კომპანიას და რატომ არ დაავალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა? – ამ კითხვაზე პასუხი მერიაში ვერ მივიღეთ, ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მოუცლელობის მიზეზით არ გვიპასუხა.

კომპანიის წარმომადგენელი, გუჯა თურმანიძე კი ირწმუნება, რომ კომპანია გზის აღდგენას უახლოეს მომავალში გეგმავს: „ ჩვენ მივეცით პირობა ზედამხედველობის სამსახურს და მოსახლეობასაც, რომ ამ გზას აღვადგენთ. უახლოეს პერიოდში დავასრულებთ საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოებს და მერე გზასაც მოვაწესრიგებთ – აღვადგენთ ჯებირს პირვანდელი მდგომარეობით და ასევე დავაბრუნებთ მწვანე ნარგავებს, რომლებიც დროებით სხვაგან გადავრგეთ.“

შპს “რმგ გრუპი“ 2017 წლის დეკემბერში, გონიოში მშენებლობაზე ნებართვის მიღებამდე ერთი თვით ადრე დააფუძნეს – კომპანიამ ჯერ ნებართვა მიიღო, შემდეგ კი k2 კოეფიციენტის 3,8-მდე გაზრდის უფლება მისცეს. კომპანია რვასართულიან სახლს 783 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენებს.

კომპანიის წილებს სამი მესაკუთრე ინაწილებს – 33.33%-ის მფლობელი და დირექტორი მამუკა დოლიძეა, 33.33%-ს გენადი დოლიძე ფლობს, 33.34%-ის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე რომან შარაძეა.

 

 

სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები მარტის ნაცვლად სექტემბრიდან ამოქმედდება

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის განცხადებით, დღეს, 11 თებერვალს, სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე.

სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები 2019 წლის პირველი მარტიდან შედის ძალაში, თუმცა, ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, პროდუქციაზე გარდამავალი პერიოდის რეგულაცია გავრცელდება და კომპანიებს მიეცემათ საშუალება, პროდუქციის რეალიზება [გარდამავალ პერიოდში] ძველი ფორმით მოახდინონ.

რას გულისხმობს კონკრეტულად გარდამავალი რეგულაცია და რა პერიოდით განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი? – პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროდან დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში გადაგვამისამართეს.

„გარდამავალ პერიოდში ზოგიერთი გაიდლაინი [მითითებები] დაზუსტდება, კომპანიები კი მოახდენენ ძველი ფორმით იმ პროდუქციის რეალიზებას, რაც აქვთ. ამით მიეცათ საშუალება, კარგად მოემზადონ ახალი რეგულაციისთვის – მიიღონ კონკრეტული მითითებები და ოფიციალური დასტური ექნებათ სამინისტროსგან, რათა გაუადვილდეთ საქმიანობა. ბევრი კითხვა იყო დაგროვილი, რაზედაც ვერ იღებდნენ პასუხს და კომპანიები ამ კითხვებზეც მიიღებენ პასუხებს ისე, რომ პროდუქტის რეალიზების კუთხით პრობლემა არ შეიქმნას“, – გვითხრეს ბიზნესასოციაციაში.

ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები [გაიდლაინი] – მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ – სამინისტროს უკვე შემუშავებული და გამოქვეყნებულიც აქვს.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, გარდამავალი პერიოდი 2019 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება: „ამ პერიოდში კი კომპანიები უნდა მოემზადონ, რათა სექტემბრიდან მთლიანად დააკმაყოფილონ ტექნიკური რეგლამენტის ყველა მოთხოვნა და დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც“.

ამ თემაზე: 2019 წლის პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ახალი რეგულაციით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია: „მათ შორის, სავალდებულოა ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევაში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის; ეტიკეტზე, ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს“.

ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა [ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები] და ადგილი [თვალსაჩინო].

ლადო აფხაზავა განათლების რეფორმაზე: თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პრაქტიკოსი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ განათლების სფეროში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებზე საუბრობს. პედაგოგის აზრით, ახალმა რეფორმამ სისტემაში გაურკვევლობა და ბუნდოვანება შემოიტანა. თუმცა, ცვლილებები, მისი აზრით, მაინც აუცილებელი იყო.

ბატონო ლადო, ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საატესტატო გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმება, მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას დაუკარგავს. იზიარებთ ამ შეხედულებას თუ არა?

ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმების მომხრე არ ვარ. ვფიქრობ, ეს გამოცდა საჭიროა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბავშვმა გამოცდის გულისთვის არ უნდა ისწავლოს. მე სამოქალაქო განათლებას იმიტომ ვასწავლი, რომ ვცდილობ ბავშვები მომავლისთვის მოვამზადო და ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილ სტანდარტებზეც გავიდე. CAT-ის გამოცდებმა თავის დროზე ორგანიზება გაუკეთა მოსწავლეებს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდებოდა შემდეგ დანამატი. ყველაფერს მუდმივად ესაჭიროება ცვლილება. თუ გამოცდებს აუქმებ, მაშინ მასწავლებლებს უნდა მოსთხოვო იმდენად კარგი გაკვეთილები ჩაატარონ, რომ ბავშვი მოვიდეს გაკვეთილზე და არ გაიქცეს.

მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი გაკვეთილი იყოს ხალისიანი, შემოქმედებითი, აქტივობებით დატვირთული. შეიძლება ასეთი არ ყოფილიყო, თუკი ამ საგანშიც ბავშვებს გამოცდის ჩაბარება მოუწევდათ.

რატომ, რას ცვლის ეს მასწავლებლისთვის?

ალბათ უფრო მეტად ტექსტების დამახსოვრებაზე იქნებოდა ორიენტირებული. მოსწავლეებს კი მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდებათ. ბევრი კოლეგა მეუბნებოდა, შენ ათამაშებ ბავშვებს და მასე ვერ ისწავლიანო, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი დავდეთ. თუმცა, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის რთული იქნება მსგავსი გაკვეთილების ჩატარება, რადგან არ აქვთ ლაბორატორიები, სასწავლო რესურსები. როგორ ჩაატაროს მხიარული, საინტერესო ექსპერიმენტებზე დამყარებული გაკვეთილები, სადაც ბავშვი თვითონ ნახავს ყველაფერს?

საერთოდ, როცა გამოცდას აუქმებ, სხვა ალტერნატივა უნდა შესთავაზო სკოლას, ცარიელი ხელებით მასწავლებელი უკვე პრობლემის წინაშეა. მეც მოვისმინე, რომ „მასწავლებლებს ყველანაირად დავუდგებით გვერდით“, „მათ ექნებათ დიდი შესაძლებლობა“, მაგრამ რეფორმა, ვფიქრობ, მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა მასწავლებელი, სკოლა ძლიერია. თუ მასწავლებელი გაჭირვებულია და ვერ ახერხებს მისი პირადი მოთხოვნილებების უზრუნველყოფას, გაკვეთილზე ის რეფორმას ვერ განგიხორციელებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ მასწავლებლის ხელფასი უნდა გაზრდილიყო, სკოლები უნდა აღჭურვილიყო ტექნიკურად და შემდეგ უნდა დაწყებულიყო ცვლილებები?

როდესაც სკოლაში მუშაობ და მოსწავლე, თანამშრომლები გიყვარს და ა.შ. შესაძლებელია ფულზე არ გაყიდო ყველაფერი, მაგრამ  ძირეული რეფორმებისთვის ძალიან დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.

შედეგი რა მოჰყვება ამ ცვლილებებს და რა იქნება, მე არ ვარ განათლების ექსპერტი და არ ვიცი, შეიძლება ობიექტურად ვერ შევაფასო, მაგრამ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს შემოქმედებითი გაკვეთილების ჩატარება.

გურამიშვილის სიტყვები: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“, დღეს აღარ მუშაობს. სწავლა ძირშიც ტკბილი უნდა იყოს და თავშიც. თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის. ახლანდელ თაობას უნდა სიტკბოება, სიხარული, საინტერესო გაკვეთილები…

ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი უცებ გაქრა, მასწავლებლების აქტივობები სავალდებულო აღარ არის, არც კრედიქტულების დაგროვება, არც გამოცდები… ალბათ ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო ეს ცვლილებები.

არ მომეწონა, როცა თქვეს მეთორმეტეკლასელები ჩააბარებენ გამოცდებსო, მოსწავლეების პროტესტის შემდეგ კი თქვეს, გავაუქმეთო. კი, ბატონო, ბავშვებს ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, მაგრამ მე მგონია, რომ განათლების სამინისტროს თავისი პრინციპები უნდა ჰქონდეს.

აკადემიურ ცოდნას როგორ უნდა იღებდეს მოსწავლე, რაში უნდა შეაფასოს ის სკოლამ?

ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გამოწვევები აქვს მოსწავლეს და იმის დაძლევაზე უნდა ვიმუშაოთ. რაში უნდა მივცეთ ატესტატი? – რა თქმა უნდა, ეს კითხვები არის, მაგრამ მე, პირადად, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. მე, პირადად, მოსწავლეს ნიშანს ვუწერ ჩართულობაში, სხვა მოსწავლეების ორგანიზებაში, ინიციატივებში, დამოუკიდებლად რომ განახორციელა პროექტი იმაში და ა.შ. ყველა ბავშვი არის გარკვეული რესურსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება აკადემიურ სწავლებას, მე შემიძლია ბავშვი მივიყვანო რაღაც კონდიციამდე, დავაინტერესო, აკადემიური ცოდნისთვის კი უნივერსიტეტებს უნდა მიმართოს.

მე წავიყვანე მოსწავლე თეატრში, კინოში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, გავაცანი სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანი, სპეციალისტი და მერე თავად უნდა დაინტერესდეს – ამ ყველაფრის მისაღწევად რა ცოდნაა საჭირო, შემდეგ, უკვე, თვითონ ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს.

თქვენ მომხრე ხართ იმის, რომ ზოგადი განათლების შემდეგ სკოლამ მოსწავლეები უნივერსიტეტებისთვის მოამზადოს?

მე-11 კლასამდე მოსწავლე უნდა სწავლობდეს შემოქმედებითად და ხალისიანად. შემდეგი საფეხურები კი უნდა იყოს უფრო აკადემიური. საგნობრივი კომპეტენციების განვითარება უნდა მოხდეს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია მოსწავლეს შეეძლოს პატიება, იყოს ტოლერანტი, თავისი ქვეყნის პატრიოტი, შეეძლოს თანამშრომლობა, პატივისცემა და ბევრი უნარი ჰქონდეს. ჩვენ ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ ბავშვები, რადგან სამომავლოდ მათ ბევრი გამოწვევა ექნებათ.

გამოწვევებია თუნდაც ციფრული კომპეტენციები, ეს უნდა იცოდნენ, უნდა შეეძლოთ კულტურულ, ეთნიკურ მრავალფეროვნებაში თანაარსებობა, თუ ამას არ ასწავლის სკოლა, შემდეგ ამ გამოწვევის წინაშე დადგება ახალგაზრდობა.

თუ გინდა 21-ე საუკუნის ბავშვი გაკვეთილზე შემოგივიდეს, მზად უნდა დახვდე. მას რაღაც განსხვავებული, დინამიკური უნდა შესთავაზო, საინტერესოდ უნდა მიაწოდო ინფორმაცია – ეს არის სკოლის მიზანი, თორემ ბევრ რამეს დღეს ინტერნეტითაც ისწავლი. გაკვეთილების ჩატარებასაც, მათ შორის. სკოლამ გარკვეული ცოდნის გადაცემის გარდა მოსწავლეს თანამშრომლობა, კომუნიკაცია უნდა ასწავლოს, საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციების ჩატარების უნარი უნდა გამოიმუშაოს. ერთია, რას ასწავლი თეორიულად და რას გამოაყენებინებ პრაქტიკაში. გამჭოლი კომპეტენციები უნდა განვუვითაროთ, ჩვენი მიზანია, სამომავლოდ გვყავდეს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები. მშობელიც უნდა გაიზარდოს და თავის დროზე დაინახოს რა შეუძლია მის შვილს.

დღეს ხედავს ამ მიზნებს სკოლა თუ ვერა?

მე, უბრალოდ, ძალიან მწყინს, რომ ასეთ აურზაურში გვიწევს სწავლება და განათლება სახელმწიფოს პრიორიტეტი ისევ არ არის. როცა განათლებაა პრიორიტეტი, მაშინ იქ მარტო ერთი პოლიტიკური პარტია კი არ წყვეტს ყველაფერს, ყველა შესაბამის ჯგუფთან ხდება თანამშრომლობა და როცა მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

მინისტრების და ხელისუფლების ცვლილება არ უნდა იწვევდეს ცვლილებებს განათლების სისტემაში. ერთი მინისტრი იწყებს ახალს, შემდეგ მეორე მოდის და ცვლის, შემდეგ მესამე ისევ სხვა მიმართულებას აძლევს… მოკლედ, აირია მონასტერი. სერიოზულადაც კი აღარ ვუყურებ და მგონია, რომ კიდევ რაღაც შეიცვლება. განათლების რეფორმები ხელისუფლების ცვლილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. განათლებას არამდგრადობა ნამდვილად არ უხდება.

ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „ბათუმის აეროპორტი“, სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული [18 აბი] და ფსიქოტროპული [11 აბი] ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

„საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რომელ წელს მიმართეს ყველაზე მეტჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს

საკონსტიტუციო სასამართლოში, 2013 წლიდან დღემდე, ყველაზე მეტი, 423 სარჩელი, 2017 წელს შევიდა. ამის შესახებ კონსტიტუციური კანონიერების შესახებ მომზადებულ ინფორმაციაში წერია, რომელიც დღეს, 11 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმოხილვასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემებიცაა.

ამ მონაცემების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში 2018 წელს 95 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება შევიდა, 2017 წელს – 423, 2016 წელს – 158, 2015 წელს – 86, 2014 წელს – 51, ხოლო  2013 წელს – 22.

2018 წელს 64 კონსტიტუციურ სარჩელზე დასრულდა სამართალწარმოება, ხოლო სასამართლოს 67-მა ფიზიკურმა პირმა მიმართა.

სარჩელების 81%-ის შემთხვევაში მოპასუხე პარლამენტი იყო, 10%-ის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობა,  6 -ის – მინისტრი, 2-ის – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 2 – სხვა.

14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

2018 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა – ამ სტატისტიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

14 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად.

განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მერია ქმნის ახალ ა(ა)იპს, რომელსაც უკანონო მიშენებების მოშლის უფლება ექნება

ბათუმის მერია ახალი ა(ა)იპის შექმნას გეგმავს, რომელიც საზედამხედველო სამსახურებს გააერთიანებს. მერის განმარტებით, ახალი ა(ა)იპი აღჭურვილი იქნება ტექნიკით, რაც ზედამხედველს დარღვევის გამოვლენისთანავე დაუყონებლივ რეაგირების საშუალებას მისცემს. ა(ა)იპს უკანონო მშენებლობის დაფიქსირებისას დემონტაჟის უფლება ექნება.

„შესაძლოა მრავალსართულიან სახლებს ვერ შევეჭიდოთ თავიდანვე, ეს შეიძლება იყოს მცირე ტიპის, როგორიც არის აივნის, ან  სარდაფის მიშენება – თვითონ სამსახური გადაწყვეტს და კანონმდებლობაც მისცემს ამის საშუალებას“, – განმარტა მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“.

დღემდე, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, მერია უკანონოდ დაშენება-მიშენების ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნას აღსრულების ბიუროში აგზავნიდა, რის შემდეგაც პროცესი წლობით იწელებოდა. ასე გრძელდება დღემდე.

გასული წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, რაც მერიამ მოგვაწოდა, ბათუმში უკანონოდ აშენებული და დაურეგისტრირებელია 9000 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. ამ მონაცემებში არ შედის ის ფართობები, რომლებიც მშენებლებმა ბოლო წლებში უკანონოდ ააშენეს და მათი კანონის ჩარჩოში მოქცევა მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლეს; არც ის მონაცემები, რაც გასული წლის ივლისიდან დღემდე ნებართვის გარეშე აშენდა.

ლაშა კომახიძემ მერად არჩევიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ არც ერთ უკანონოდ დაშენებულ ფართობს ექსპლუატაციაში არ მიიღებდა, თუმცა მშენებლები ამას არ შეუფერხებია. მოგვიანებით ის უკანონოდ აშენებული ფართობების მოშლის პრეცედენტის ნაკლებობასა და აღსრულების პრობლემაზე აკეთებდა აქცენტებს. ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებაზე კანონპროექტის შემუშავება მან აჭარის უმაღლეს საბჭოსაც სთხოვა.

მერი ითხოვდა ცვლილების პროექტის მომზადებას, რომლის მიხედვითაც, მსგავსად სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებოდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებლობა. „ან შემოღებულ იქნას სხვა ქმედითი რეგულაციები აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით.“

დღეის მდგომარეობით ზედამხედველობის მიერ გამოტანილი განჩინებების აღსრულების პრობლემას მერი შესაბამისი აღჭურვილობის არქონითაც ხსნის: „ხშირად ეს გულისხმობს სპეცტექნიკისა და ფინანსური რესურსის საჭიროებას, რომ   კონკრეტული გადაწყვეტილება, მონგრევის დანგრევის თუ სხვადასხვა კუთხით… აღსრულდეს, ეს არის შემაფერხებელი.“

ა (ა) იპის შექმნის ინიციატივით მერია საკრებულოს უახლოეს მომავალში მიმართავს. ახალ აიპის ექნება ყველა სახის – არქიტექტურული, ადმინისტრაციული, სანიტარული ზედამხედველობითი, სამშენებლო, ხმაურზე კონტროლის უფლება,  ასევე, ნარგავებისა და დასუფთავების  მიმართულებით კონტროლი, პარკების მოვლა-პატრონობაზე კონტროლი,  სატრანსპორტო კონტროლი.

მერის ინფორმაციით, ახალ აიპს სპეცტექნიკის გარდა ექნება ავტომანქანები, რომლებსაც დაეკვრება სამსახურებრივი სტიკერები.

როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას

 

 

 

 

ავეჯის სახლი Lusso – საძინებლის 15 ახალი მოდელი 1790 ლარიდან

ავეჯის სახლი „Lusso“ საძინებლების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ აჭარაში – აქ დაგხვდებათ გემოვნებიანი და კლასიკური სტილის საძინებლები, რომლებიც შოურუმში დამოუკიდებელ სივრცეებადაა განლაგებული. აქვეა შესაფერისი თეთრეული, მატრასები, განათების აქსესუარები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საუცხოო ფერთა გამა.

რატომ Lusso?

[checklist]

  • გარანტირებული ხარისხი
  • საძინებლების ყველაზე ფართო არჩევანი ბათუმში
  • მომხმარებლისთვის სასურველი ზომები, ფერი
  • საძინებლის 15 ახალი მოდელი 1790 ლარიდან
  • მის: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის 72.
  • მობ.: 551 88 80 40

[/checklist]

 

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხილვა შუახევსა და ხულოში 12 მარტს გაიმართება

გაზგამანაწილებელი ქსელის [შუახევი-ხულო-გოდერძის] მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის საჯარო განხილვა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 12 მარტს არის დაგეგმილი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილია:

[checklist]

  • 2019 წლის 12 მარტი, 11 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში;
  • 2019 წლის 12 მარტი, 13 საათი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში;
  • 2019 წლის 12 მარტი, 15 საათი, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ დიოკნისის კულტურის სახლში.

[/checklist]

„საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს,“ – აცხადებენ სამინისტროში – „დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 29 მარტამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge“.

გაზსადენის პროექტი შპს „გაზპროექტი 2009“-მ მოამზადა. საპროექტო კომპანიამ [„გაზპროექტი 2009“] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე [გზშ-ს დამტკიცებაზე] 2019 წლის 15 იანვარს წარადგინა. სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა და კომპანიას მოსთხოვა, დამატებით წარედგინა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი, რაც კომპანიამ წარადგინა.

გზშ-ს დამტკიცების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

შუახევი [ხიჭაურის დასახლება]-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისად, ტენდერს აჭარის სამინისტრო გამოაცხადებს.

ამ თემაზე:

შუახევი-ხულო-გოდერძის გაზსადენის გზშ მზადაა

„ჯერ ქმარს ვაკითხავდი ციხეში, მერე ძმას“ – საქმიანი ქალის გამოცდილება

„იმ წელს ბათუმში დიდი თოვლი მოვიდა. ჩემი მეუღლე, ძმა – ორივე დაჭერილი იყო, ორივე თბილისში იხდიდა სასჯელს, ქმარი მატროსოვზე, ძმა – გლდანში. ზუსტად იმ წელს შეეძინა დეიდაშვილს ცერებრალური დამბლით ბავშვი, იაშვილში იწვნენ. ჩავდიოდი თბილისში, ჯერ ქმარს მივაკითხავდი ციხეში, მერე – ძმას, ბოლოს პატარას დავხედავდი ბავშვთა საავადმყოფოში და გული მშვიდად მქონდა: ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისაც იმ დროს უჭირდა, ნანახი მყავდა.

ბოლოს ლილოსკენ მივუყვებოდი გზას, რომ პროდუქტი წამომეღო ბათუმში. რა მაძლევდა ამხელა ძალას, არ ვიცი. ახლა რომ იმავეს გაკეთება მთხოვოს ვინმემ, ალბათ ვერ შევძლებდი. ერთი წუთითაც არ დამიყრია ფარ-ხმალი. რკინა ვიყავი“, – ამას ია ბერიძე, პრობაციონერ ზაზა დუმბაძის მეუღლე გვიყვება. ფიქრობს, რომ მეუღლისა და ძმის პატიმრობის წლები მას სილამაზის პატარა სალონმა გადაატანინა, სადაც ინტერვიუს დროს შევხვდით.

„სილამაზის სალონმა გაგვატანინა პატიმრობის წლები, არჩინა ოჯახი, სილამაზის სალონი აფინანსებს ჩემი შვილების სწავლა-განათლებასაც. სალონს ძირითადად მე ვუძღვები, ჩემი მეუღლე, მართალია, თავად სტილისტი არ არის, მაგრამ საორგანიზაციო და მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებს“, – ამბობს ია ბერიძე.

იამ და ზაზამ ერთმანეთი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიცნეს. ორი შვილი გაუჩნდათ და გადაწყვიტეს საოჯახო ბიზნესი დაეწყოთ. გახსნეს სილამაზის სალონი და უფროსი შვილის სახელი – „ოთო“ დაარქვეს.

ამის შემდეგ იას მეუღლე საპატიმროში მოხვდა, მაგრამ სალონი არ დაუკეტავს და დღემდე 5 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამბობს, რომ ყველას საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევს.

მეუღლის გათავისუფლების შემდეგ ოჯახმა სურსათისა და ტანსაცმლის მაღაზიების ამუშავებაც სცადა, თუმცა ბოლოს ორივე დახურეს, სალონი კი დარჩა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტიდან ზაზასა და იას დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს, რადგან პროექტი ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, გარდა ბევრი სხვა მიმართულებისა, მცირე ბიზნესის განვითარებაშიც ეხმარება.

ია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ სემინარებს დაესწრო, სადაც ბიზნესის პოპულარიზაციისა და გაფართოების, მომხმარებლამდე ინფორმაციის ეფექტურად მიტანის ნიუანსებზე შეიტყო.

ბოლოს პროექტის ფარგლებში მას სალონისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების – სტერილიზაციის აპარატი გადასცეს. მეუღლე, ზაზა დუმბაძე კი, შარშან პროექტის მიერ მოწყობილ გასვლით ღონისძიებაში ჩაერთო და დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობები მოინახულა.

ია ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს კიდევ არაერთი გეგმა აქვთ და მხოლოდ სალონის მუშაობით არ შემოიფარგლებიან. ზაზა სეზონურ, დროებით სამუშაოებსაც ასრულებს და მალე მეუღლის სალონთან ახლოს საკონდიტროს გახსნას გეგმავს.

ოჯახი, რომელმაც პატიმრობის წლები მცირე ბიზნესის საშუალებით გაიმარტივა, მზადაა, სტილისტის საქმე ნებისმიერ პრობაციონერს, ყოფილ პატიმარს უფასოდ შეასწავლოს და პრაქტიკის საშუალებაც მისცეს.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს. პროექტით გათვალისწინებულია ლიმონარიუმის რესტავრაციაც. პროექტის განსახორციელებლად სააგენტოს 1 მილიონ 750 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სააგენტომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 24 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება. სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2020 წლის პირველ ივლისამდე.

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც სააგენტოს დაკვეთით ააიპ „ქართულმა სახლმა“ 2017 წელს მოამზადა, და რაც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას.

დენდროლოგის რეკომენდაციით კი, „ვინაიდან დღეისათვის პეტრას ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ გვხვდება მისთვის დამახასიათებელი ფლორის ძირითადი ენდემური სახეობები, სასურველია დაირგოს რამდენიმე სახეობა. კერძოდ – რცხილა, ცაცხვი, ჰართვისის მუხა, წაბლი და ბზა.

მუზეუმ-ნაკრძალის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს აშენდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც ვერ ეწერება ნაკრძალიდან ხილულ გარემოში და სასურველია მიენიჭოს შეუსაბამო შენობის სტატუსი. ამიტომ ამ მიმართულებით ხედის შეზღუდვისათვის არსებული ცრუ ქაფურის ხეების რიგს, რომლებიც ქმნიან ვიზუალურ ფარდას, ჩრდილოეთის  მხრიდან დაემატოს 3 ძირი მარადმწვანე ცრუ ქაფურის ხე ან მარადმწვანე მაგნოლიები.

ამჟამად ტერიტორიაზე მოდებულია ეკალ-ბარდი, რომელიც გაუვალს ხდის ზოგიერთ მონაკვეთს. საჭიროა ტერიტორიის სავალი ნაწილების გათავისუფლება მათგან. არსებული ლიმონის ნარგავები გადაბერებული და ამორტიზებულია, რეკომენდებულია
მათი ამოძირკვა. ვინაიდან ლიმონარიუმი პეტრას ციხის მუზეუმ–ნაკრძალის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და, პროექტის შესაბამისად, მისი შენარჩუნებაა გადაწყვეტილი, პროექტის ზონირების მიხედვით ლიმონარიუმისთვის გამოყოფილ ზონაში აუცილებელია ლიმონის ნარგავების ნაწილის აღდგენა. ლიმონარიუმის რკინაბეტონის მზიდი კარკასი დაფარულია სუროთი. მზიდი კარკასი ზოგან დაზიანებულია. პროექტის მიხედვით განსაზღვრულია ლიმონარიუმის რესტავრაცია, ბალახის გაზონები მოეწყოს კორდის საფარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის რეკომენდებულია მოიჭრას რუკაზე წითლად აღნიშნული მცენარეები: დაფნა, ევკალიპტი, კედარი, კრიპტომერია, მურყანი და წყავი“.

ფოტოები მუშა პროექტიდან:

პეტრას ციხე, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს / ფოტო პროექტიდან
პეტრას ციხე / ბილიკების ნიმუშები / ფოტო პროექტიდან
პეტრას ციხე, კაფე / ფოტო პროექტიდან
პეტრას ციხე, ადმინისტრაციული შენობა / ფოტო პროექტიდან

 

 

„ბათომის“ ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

საზოგადოება „ბათომი“ მიმართავს: პრემირ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს. მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მთავრობაში წარდგენილია დოკუმენტი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების საზღვრების დამტკიცების შესახებ, რომლის საფუძველია ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმა. ამ მრავალდისციპლინარულ კვლევაზე სხვადასხვა დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა ასობით ათასი ლარი. 2017 წელს ბათუმის თვითმმართველობის დაკვეთით კიდევ ერთხელ მოხდა ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონის საზღვრების გადამოწმება. აღნიშნული დოკუმენტი ბათუმის მერიამ 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა, თუმცა მოგვიანებით, თვითნებურად, კვლევისა და დასაბუთების გარეშე, შეცვალა ის. 2018 წლის ოქტომბერში კი, დასამტკიცებლად გააგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროში.

ვინაიდან ცვლილება არ ეფუძნება კვლევას, უფლებამოსილმა ორგანომ, საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის ნოემბერში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისგან საკითხის შესწავლის მიზნით მოითხოვა დამატებითი მასალა, რომელიც დაასაბუთებდა განხორციელებული კორექტირების მიზანშეწონილობას. დოკუმენტაცია სამინისტროში დღემდე არ არის წარდგენილი.

აღნიშნული პროცესის გამო შეფერხდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცების პროცესი; შეიქმნა სტაგნაცია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისტორიული ქალაქის შენარჩუნებასა და გონივრულ განვითარებას.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელოვნურად ფერხდება აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება, რათა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების საზიანოდ ხელ–ფეხი გაუხსნან კონკრეტულ კერძო ინვესტიციებს. ამაზე თვალნათლივ მეტყველებს აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს – კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს (ე.წ. „ზონალური“ საბჭო) მიერ დაცვის ზონაში არსებულ შენობებთან დაკავშირებით მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები. თუ ასე გაგრძელდა, ისტორიულ ქალაქს სრული განადგურება ემუქრება.

ქალაქ ბათუმის ისტორიული ნაწილის – ძველი ბათუმის დამცველები საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ უსწრაფესად მოითხოვოს თვითმართველობის ორგანოსგან კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის აუცილებელი, მეთოდოლოგიურად სწორად შემუშავებული და კვლევებით გამყარებული დოკუმენტაცია და დაამტკიცოს ის.
სხვა შემთხვევაში თქვენ, ისევე როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმართველობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანამონაწილენი და პასუხისმგებელნი იქნებით ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე“.

 

Exit mobile version