აჭარაში თხილის მოსავალი წელს მკვეთრადაა შემცირებული. ფერმერები მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თხილს 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს, რამაც ნაყოფი დააზიანა. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ფაროსანას პოპულაციამ რეგიონში საგრძნობლად იკლო, რაც იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ატარებს. „ფაროსანასგან გამოწვეული შემაწუხებელი ეფექტი საცხოვრებელ გარემოშიც კი მკვეთრად არის შემცირებულ “, – აცხადებენ სამინისტროში.
აჭარაში ახლა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. აზიური ფაროსანა კი ნაყოფის დამწიფებამდე ციტრუსზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი, გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადავა.
რა უნდა გაკეთდეს ამჯერად ციტრუსის დასაცავად, რომ ნაკლებ მავნებელს მივცეთ გამოზამთრების საშუალება და რა აგროღონისძიებებია გასატარებელი თხილის ბაღებში, რათა სამომავლოდ ზარალი ნაკლები იყოს?
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მანდარინის ბაღები ფერმერებმა ორჯერ შეწამლონ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით. პირველი წამლობა უკვე შეიძლება, მეორე წამლობა კი სასურველია მოსავლის აღებამდე 10-15 დღით ადრე. ამ შემთხვევაში დასაშვებია იგივე პრეპარატები და იგივე დოზით, რაც თხილის შემთხვევაშია რეკომენდებული“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე.
მისივე თქმით, ციტრუსზე ფაროსანა გაცილებით გვიან გადადის და გარკვეულ წილად ის ამ კუთხითაც არის დაცული. თუმცა, არსებობს რისკები და ამიტომ მოუწოდებენ ფერმერებს, რომ მანდარინის წამლობა ჩაატარონ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ციტრუსს აჭარაში სხვა დაავადებებიც აქვს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის მოსავლიანობაზე და ბაღები ამ კუთხითაც უნდა დამუშავდეს.
„ჩვენს სუბტროპიკულ ზონაში ციტრუსისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია ვერცხლისფერი ტკიპა, რომელიც ათწლეულებია უკვე გავრცელებულია. ასევე ბოლო პერიოდში გავრცელებულია შავი ბუზი, არის სხვა მავნებლები – ფარიანები და ცრუფარიანები, ხოლო სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია მცენარის ქეცი. ესენი ოდითგანვე აყენებდა ზიანს ციტრუსს და არც წელს იქნება გამონაკლისი, შესაბამისად, ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ჩაერთონ სამინისტროს ექსტენციის პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში კონსულაციები ჩვენთან, სხვა ქვეყნებისგან განსახვავებით, არის უფასო“, – აცხადებს მამუკა თურმანიძე. – „ჩვენ კი სოფლებს ვაძლევთ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, მაგრამ ყველამ შეიძლება არ იცოდეს, ამიტომ, ნებისმიერმა ფერმერმა, ვინც დაინტერესებულია საკუთარი ბაღი მავნებლებისა და დაავადებებისგან დაიცვას, თავად უნდა იაქტიუროს, რომ არ გამორჩეს ასეთ პროგრამებს; თავად უნდა მიმართოს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბს, თუ მუნიციპალურ სამსახურებს, ასევე მერის წარმომადგენლებს სოფლებში, რომლებიც დაეხმარებიან და დააკვალიანებენ ინფორმაციის მოძიებაში. ბევრი არხია დღეს, რათა ფერმერებმა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია წამლობით და სხვა ღონისძიებებზე“.
„მანდარინს პრობლემა რომ არ შეექმნას, ამიტომ იგეგმება ახლა მასიური წამლობა ფაროსანას წინააღმდეგ, რისთვისაც 60 სპეციალური მანქანა შემოვა აჭარაში. წამლობის ახალი ეტაპი უკვე დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა, დამოკიდებული ვართ ამინდზე. იმის მიხედვით, თუ სანამდე იქნება ფაროსანა გარეთ და შეგვეძლება მასთან ბრძოლა, მანამდე იფუნქციონირებს შტაბიც“, – ამბობს გიორგი მახარაძე, აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი.
ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბის ინფორმაციით:
[checklist]
- წელს თერმული ნისლით აჭარის 127 სოფელში [ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის მუნიციპალიტეტებისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე] უკვე შეიწამლა 17 860 ჰექტარი – მანქანები მოძრაობენ სახელმწიფო მიწებზე, თუმცა ნისლი გადაივლის კერძო ნაკვეთებზეც და, ფაქტობრივად, მთლიანად მოიცავს სოფლებს. თერმული ნისლი, ეს არის დიზელში შერეული პრეპარატი დეცისი.
- ცივი [უშუალოდ პრეპარატის] შესხურებით კი აჭარაში წელს 131 სოფელია დამუშავებული, რამაც ამ სოფლებში ჯამში 2 143 ჰექტარი მოიცვა.
- ბოლო პერიოდში აჭარაში დამატებით 340 მაღალეფექტური ფერომენი განლაგდა, რომელიც 5 კმ რადიუსიდან იზიდავს ფაროსანებს, შემდეგ მიდის სპეცმანქანა და ცივი შესხურებით წამლავს.
[/checklist]
მამუკა თურმანიძის თქმით, აზიური ფაროსანას სრულ განადგურებას ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია. სახელმწიფო კი მავნებელთან ბრძოლაში მარტო, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის გარეშე, ვერაფერს გახდება:
„ჩვენ 3 157 შემასხურებელი აპარატი გადავეცით ფერმერებს იმ სოფლებში, სადაც ფაროსანა ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. ასევე სოფლებს გადაეცა შესაწამლი პრეპარატები. დღესაც ვმუშაობთ ფერმერებთან, რათა ბოლო ორ წამლობაში, რაც არის დარჩენილი ციტრუსთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ჩართონ ეს პრეპარატები. ფერმერების ცნობიერება გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია, წელს უფრო მეტმა ადამიანმა გამოიყენა შესაწამლი პრეპარატები, ვიდრე შარშან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ჩამოყალიბებული ვართ ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფერმერებს, რომ ამ კუთხით მათი ჩართულობა, აქტიურობა გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
სამინისტროში და შტაბში აცხადებენ, რომ აუცილებელია მოსახლეობამ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობის გარდა მექანიკური საშუალებებიც გამოიყენოს.
„სასურველია მოსახლეობამ მაქსიმალურად გამოიყენოს ფაროსანას დასაჭერი ხაფანგები, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ფაროსანამ გამოიზამთროს და, შესაბამისად, ნაკლები პრობლემა გვქონდეს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.
აზიური ფაროსანა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეძებს სითბოს. ეს სითბო კი, გიორგი მახარაძის თქმით, არის საცხოვრებელ სახლებში, მიტოვებულ შენობებში, ასევე ტყეში. შტაბში ამბობენ, რომ აზიური ფაროსანა ბაღებში ვერ იზამთრებს – ყველაზე დაბალი პროცენტია, რომ ბაღში დარჩენილი ფაროსანა გადაურჩეს ზამთარს. რაც შეეხება ტყეს, ტყეში წამლობა კანონით აკრძალულია.
„ტყეში სხვა ცოცხალი ორგანიზმებიც არის, რომლებსაც შესაძლოა ხიფათი შეექმნას. ვერტმფრენით წამლობა კი შეიძლება იქ, სადაც ფართო მასივებია, მაგალითად, სიმინდის. ასეთი არ გვაქვს აჭარაში და ვერტმფრენით წამლობა არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ტყეს – ტყისპირებში, სოფლების საზღვართან დამონტაჟებულია ფერომენები, რომლებიც იზიდავს ტყიდან და სოფლიდან მავნებელს და ადგილზე ხდება მისი განადგურება“, – ამბობს გიორგი მახარაძე.
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ეფექტურია მექანიკური საშუალებები. თუ როგორ დავიცვათ შენობები ფაროსანასგან, ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
გარდა ცნობილი საშუალებებისა, არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც, როგორც ფაროსანასთან ბრძოლის შტაბში აცხადებენ, საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.
უნდა აიღოთ თეთრი ფერის ტილო, ზომით 2X1 მეტრი და დაასველოთ ბიფეტრინის შემცველი ხსნარით. სველ ტილოს ვკიდებთ ხეზე ბაღში ან ეზოს ბოლოში ისე, რომ ერთი ბოლო მიწას ეხებოდეს და მთელი ღამის განმავლობაში ვტოვებთ განათებას [თუ საშუალებაა ნათურას, ან ფანარს]. სინათლე იზიდავს ფაროსანას, ის ჯდება პრეპარატით გაჟღენთილ ტილოზე, რაც იწვევს მის სიკვდილს.
„აჭარის მუნიციპალიტეტებში დარიგებული იყო პრეპარატები და 350 მილიგრამი ყველას შეეძლო გაეტანა. 2 ლიტრ წყალში ვასხამთ 30 მილიგრამ ბიფეტრინს, ეს საკმარისია, რომ დავასველოთ ტილო. ყოველ მეორე დღეს სპეციალური ხელსაწყოთი მივასხუროთ და დავასველოთ ტილო ამ ხსნარით. ეს იდეალური მისაზიდია ფაროსანებისთვის, რომლებიც ტილოზე დაინფიცირდებიან. ასეთი „ხაფანგი“ სახლებში არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან პრეპარატიც მომწამვლელია და ამასთან შუქზე ფაროსანას ბაღიდან სახლისკენ ვიზიდავთ“, – ამბობს გიორგი მახარაძე.
სახლებში დიხლოფოსების გამოყენების შემთხვევაში კი ფაროსანას 60% კვდება, 40% კი ბრუვდება და ძირს ვარდება, ამიტომ სასურველია ჩამოვარდნილი ფაროსანები შეგროვდეს და დაიწვას, რათა ის 40%-იც არ გადარჩეს. ეფექტურია საპნიანი/ქაფიანი წყალიც რაიმე ჭურჭელით მოვათავსოთ აივანზე და ჩავანათოთ ნათურა. ფაროსანა ჩვეულებრივ წყალში არ კვდება, ქაფიან წყალში კი ვეღარ სუნთქავს და იღუპება.
რატომ გაფუჭდა თხილის მოსავალი წელს აჭარაში?
„უგუნურობა იქნება ეს მხოლოდ ფაროსანას დავაბრალოთ, ვინაიდან სხვა მტერი გვყავს – სოკო ან ბაქტერია. თითქმის ყველა სოფელში ვარ ნამყოფი, სადაც წამლობა ჩავატარეთ და მოსახლეობას ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა ბაღებში – შავი ლაქიანობა, კოლორადოს ხოჭო და სხვა ბევრი პრობლემა ვნახე, მოსავლის გაფუჭებას კი აბრალებენ მხოლოდ აზიურ ფაროსანას“, – ამბობს გიორგი მახარაძე.
მამუკა თურმანიძის თქმით, „გასულ წლებში აჭარაში 2-2,5 ტონა თხილი მოდიოდა ჰექტარზე, მაგრამ ვინაიდან აგრარული ტექნოლოგიები არ განხორციელდა სრულფასოვნად, ამან გამოიწვია მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება. აჭარაში ადგილობრივმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა იმუშავა, ასევე მოწვეული გვყავდა სპეციალისტები თურქეთიდან, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ თხილის ბაღებში დაახლოებით 16-დან 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება არის გავრცელებული აჭარაში, რასაც შეიძლება ეკონომიკური ზიანის ეფექტი ჰქონდეს “.
აჭარაში ქობულეთელმა ფერმერებმა, რომლებსაც აგროსესხები აქვთ აღებული და თხილის მოსავალს ელოდებოდნენ, წელს მოსავალი ვერ მიიღეს. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს კომპენსაციის მოთხოვნით. მთავრობა კომპენსაციის გაცემის საკითხს არ განიხილავს, თუმცა საფინანსო ორგანიზაციებთან ფერმერებს სესხის დაფარვის ვადის გადავადების საკითხზე უშუამდგომლა.
„ნებისმიერ აგროსესხზე არ არის საუბარი. იმ ფერმერებზეა საუბარი, ვისაც შემოსავლების ძირითად ნაწილში ნაჩვენები ჰქონდათ თხილის კულტურა, სესხის აღების მომენტში. შესაბამისად, მათ რესტრუქტურიზაციასა და სხვადასხვა საშეღავათო პირობებზე თავად უნდა მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს. ჩვენ საფინანსო ორგანიზაციებს წერილობით მივმართეთ და დღეიდან შეუძლიათ ფერმერებს დაუკავშირდნენ საფინანსო ორგანიზაციებს და დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა“, – აცხადებს მამაუკა თურმანიძე.
მამუკა თურმანიძის თქმით, უკეთესი შედეგი ჰქონდა იმ ფერმერს, ვინც ზუსტად შეასრულა ყველა ინსტრუქცია აგროტექნიკურ ვადებში, დაიცვა მითითებული პერიოდები: „ხუთი დღე იქეთ ან აქეთ წამლობაში რომ შეგვცდეს, შესაბამისი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რითი ვწამლავთ, როდის ვწამლავთ და რის წინააღმდეგ ვწამლავთ. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ფერმერმა იცოდეს და ამიტომ ვცდილობთ აგრარული განათლება წამოვწიოთ წინ, რათა აგრონომიული ფონი გაუმჯობესდეს ჩვენს პლანტაციებში. შესაბამისად, მსგავსი რისკები თავიდან იქნება აცილებული“.
მოსახლეობის ერთი ნაწილი მოსავლის გაფუჭებას თერმული ნისლით შესხურებასაც კი აბრალებს. მათი თქმით, პრეპარატი, რომელიც დიზელს შეიცავს, აზიანებს კაკლის ხეებს, სხვა კულტურებს, მათ შორის ბოსტნეულს [პომიდორი, კიტრი]. მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ ფაროსანამ წელს წაბლის ნაყოფიც კი დააზიანა.
„თერმულმა ნისლმა მცენარე შეიძლება იმ შემთხვევაში დააზიანოს, თუ იქნება 3-4 მეტრში პრეპარატის გაფრქვევის ადგილიდან, დანარჩენ შემთხვევაში ის არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.
„როცა ამბობენ, რომ დიზელი ნიგვზის ფოთლებს ხრუკავს, ვერ დავეთანხმები. აჭარაში ნიგოზსაც აქვს პრობლემა დამწვარივით აქვს ფოთლები, მაგრამ ასე აქვს იქაც, სადაც არ გაგვიშვია თერმული ნისლი, აქ უკვე სხვა პრობლემაა. ეს საკითხი შესასწავლია. შესაძლოა ბაქტერიული ხმობა იყოს, ბევრი სხვა დაავადებაა, რამაც შესაძლოა მცენარეზე იმოქმედოს“, – ამბობს გიორგი მახარაძე.
თხილის მავნებლებისა და დაავადებებისგან დაცვის სქემის მიხედვით, რომელსაც წელს მოსახლეობაში ავრცელებენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის შეწამლვა რეკომენდებულია წელიწადში სამჯერ:
პირველი შესხურება – ივნისის დასაწყისში;
მეორე შესხურება – ივნისის ბოლოს/ივლისის დასაწყისში;
მესამე შესხურება – [მოსავლის აღების შემდეგ] – აგვისტოს ბოლოს/სექტემბრის დასაწყისში.
ძირითადად გამოიყენება ბიფეტრინის შემცველი ქიმიკატები, რომლის გამოყენების ინსტრუქცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თუმცა, მოსავალი რომ არ გაფუჭდეს, თხილს, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში სჭირდება მოვლა, მათ შორის წამლობა არა მარტო ფაროსანასგან, არამედ სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად.
წამლობის პერიოდები, ასევე შესაბამისი პრეპარატები და მათი დოზები, რათა ისინი სწორად გამოვიყენოთ, მოცემულია ფენოკალენდარულ სქემაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ არის მომზადებული:
შეიცვლება თუ არა ეს კალენდარი 2019 წლისთვის? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ სქემა, ძირითადად, უცვლელი დარჩება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს, გაცილებით ვრცელი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტების დარიგებას.
ფაროსანასთან დაკავშირებით აჭარის მოსახლეობას შეუძლია დარეკოს
საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე: 595 10 23 97
ან დაუკავშირდნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს.