მთავარი,სიახლეები

„მამალი მგლების არ გვეშინია” – თეატრის წარმომადგენელი აჭარის ტელევიზიის დირექტორს [ვიდეო]

11.01.2018 • 5071
„მამალი მგლების არ გვეშინია” – თეატრის წარმომადგენელი აჭარის ტელევიზიის დირექტორს [ვიდეო]

ბათუმის თოჯინების თეატრში დღეს დასავლეთ საქართველოს თეატრების რეჟისორები და მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელს შეხვდნენ. დისკუსია, ფაქტობრივად, ცალმხრივ ფორმატში წარიმართა. ჯგუფი სატელევიზიო გადაცემა „ტელესპექტაკლების“ შეწყვეტას აპროტესტებდა.

„მამალი მგლებისაც არ გვეშინია, პირად ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, აქ შეკრებილებს თავისი დამოკიდებულება აქვს ბათუმის მიმართ, საძმაკაცო ჰყავს და ასე შემდეგ“, – მიმართავდა ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს – ნათია კაპანაძეს.

„საჩხუბრად გამოგყვებით მუშტიკრივით, ოღონდ ნუ „ვიმატავებთ“. აქ ამ საქმის დიდოსტატები სხედან, თამაში რეჟისორებისა და არტისტების საქმეა. კონკრეტული კითხვა გვაქვს და გვიპასუხეთ, რომ პროექტი გრძელდება ან დახურულია. თუ პროექტი გააგრძელებს მუშაობას, ვეჩხუბოთ ვისაც გინდა. კონკრეტული პასუხი გაგვეცით. ეს არის ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც. არ შეგვიწუხებია არავინ, არც მინისტრები და ვთქვით, რომ აჭარის ტელევიზიასთან ჩვენით მოვაგვარებთ ყველაფერს, რადგან ამ ადამიანებთან სამწლიანი ურთიერთობა გვაქვს“, – დასძინა ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.

ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე

არხის დირექტორი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ „თეატრი არასდროს დარჩება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების გარეშე და ამის დადასტურებაა ის, რომ ეთერში რჩება გადაცემა „სცენა“, რომლის ფორმატიც შედარებით განსხვავებულია.

,,თუ ავყვირდით ჩვენ ძალიან მაღალი ხმა გვაქვს ქალბატონო ნათია!”, „დავანებოთ რა თავი ამათ, ხომ ვამბობდი, რომ ჩვენს ინტელექტთან ვერ მოვლენ!”, „რამდენჯერ ჩაგიტარე გოგო ლექცია და ვერაფერი შეგაგნებინე!”, ,,თუ გმართავენ გვითხარი ვინ გაიძულებს პროექტის დახურვას და ჩვენ დაველაპარაკებით ვისაც საჭიროა!” – მიმართავდნენ თეატრის წარმომადგენლები ნათია კაპანაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ შეურაცხყოფის ფორმატში დიალოგს ვერ გააგრძლებდა მათთან და შეჩერებული პროექტის ხარისხთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრა.

„მინდა მოგახსენოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემებზე, გადაცემას, რომელზეც ვსაუბრობთ არ ჰქონდა საკუთარი კაბინეტი, კომპიუტერი, არ ჰყავდა გუნდი. ძალიან რთულია, რამის დაგეგმვა ასეთ პირობებში. გამოწვევები კი, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას არის ძალიან დიდი. აჭარის მაუწყებელი ღია იქნება თეატრებისთვის, თუკი გადაწყვეტთ, რომ ჩაწეროთ თქვენი სპექტაკლები და ვიმუშავებთ იმაზე, შეიძლება თუ არა საეთეროდ მომზადდეს მასალები. ორ გადაცემასთან ერთად სხვა ბერკეტებიც იქნება გამოყენებული თეატრისა და კინოს ნაწილში“, – აცხადებს მაუწყებლის დირექტორი.

არხის დირექტორმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაზრდილ მოთხოვნას ხარისხზე და აღნიშნა, რომ აჭარის ტელევიზია ითანამშრომლებს თეატრებთან და გააშუქებს სპექტაკლებს, თუკი ისინი საკუთარი რესურსით გააკეთებენ ჩანაწერებს. მისივე განმარტებით, „ტელესპექტაკლების“ სახელშეკრულებო ვადა ამოიწურა და პროექტის სამომავლო ფორმატი, თუ ის არსებობას გააგრძელებს გადასახედია.

დღეს თეატრის წარმომადგენლები პროექტ „ტელესპექტაკლების“ დახურვას აპროტესტებდნენ. თეატრის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ, რომ სპექტაკლები ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსით ჩაიწეროს და გავიდეს ეთერში. რადგან, თეატრებს ამის საშუალება არ აქვთ.

თეატრისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა შეხვედრა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა.

ამავე თემაზე:  ორი აზრი პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმებაზე – ნერონ აბულაძე VS ნათია კაპანაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: