აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ და ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 000 ლარი გამოეყოფა.
სამინისტროს ცნობით, თითოეულ ოჯახზე 10 000 ლარია გათვალისწინებული.
სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
________________
მთავარ ფოტოზე: ხანძარი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო არქივიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი
ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 10 თებერვალს ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, 11-12 თებერვალს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოში, 2018 წელს, სულ 26 საბავშვო ბაღი დააჯარიმეს, მათ შორის ზოგი – ორჯერ. ბაღები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ძირითადად, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის მიხედვით, არაკრიტიკული შეუსაბამობა – ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე.
ბიზნესოპერატორის მიერ ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება გონივრულ ვადაში კანონით სავალდებულოა. აჭარის ზოგიერთ საბავშვო ბაღში კი, როგორც სურსათის სააგენტოს გასული წლის კონტროლის შედეგებიდან ჩანს, ასეთი შეუსაბამობების გამოსწორება არც უცდიათ.
ქალაქ ბათუმში 2018 წელს სულ ოთხი საბავშვო ბაღი დაჯარიმდა, რომელთაგან ორი ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ეკუთვნის [მისამართებზე: აღმაშენებლის 14 და მელიქიშვილის 8]. მუნიციპალური ბაღები ბიზნესოპერატორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის 400-400 ლარით დააჯარიმეს.
ბათუმში დაჯარიმებული დანარჩენი ორი ბაგა-ბაღი კერძოა: შპს აისი [სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე] და შპს „ბაგა 2017“[ბაგრატიონის ქუჩაზე], ეს კერძო ბაგა-ბაღები ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს. თითოეული – 400 ლარით.
10 საბავშვო ბაღი დააჯარიმეს ქობულეთში, აქედან 9 საჯაროა, ანუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შედის [მისამართები: რუსთაველის მე-2 შესახ # 3, დაბა ოჩხამური, თამარ მეფის ქ #7 ა, ქვედა კვირიკე, ციხისძირი, კვირიკე, ქაქუთი, გვარა, აჭყვისთავი და საჩინო]. ყველა მათგანი არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის 400-400 ლარით დააჯარიმეს.
ქობულეთში ერთი კერძო ბაღი, შპს „რაო-რაო“ [მისამართი: რუსთაველის ქ#154, ახალი ტალღა] ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა – 100 ლარით.
400 ლარით დაჯარიმდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი ბაღი სოფელ ორთაბათუმში [სადაც, როგორც სურსათის სააგენტოს დოკუმენტშია აღნიშნული, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოებიც].
16-ჯერ დაჯარიმდა 11 საბავშვო ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტში. ყველა დაჯარიმებული ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ეკუთვნის:
სოფელ დიდაჭარაში მდებარე ბაღი არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების განმეორებით შეუსრულებლობისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 500 ლარით;
არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების განმეორებით შეუსრულებლობისთვის 1200-1200 ლარით დააჯარიმეს სოფელ ოქრუაშვილებისა და დიოკნისის ბაღებიც. ეს ბაღები ასევე დააჯარიმეს 400-400 ლარითაც – არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის;
1200 ლარით დააჯარიმეს მითითებების განმეორებით შეუსრულებლობისთვის სოფელ ღორჯომის ბაღი;
სოფელ ვერნების ბაღი კი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 500 ლარით, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის კი, 400 ლარით დაჯარიმდა.
სოფელ ღურტას ბაღი, შარშან, სხვადასხვა დროს, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის ორჯერ დააჯარიმეს – სულ 800 ლარით;
არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის, 400 ლარით დააჯარიმეს ასევე დაბა ხულოში, რუსთაველის 13-ში მდებარე ბაღი, ასევე ბაღები სოფელ საციხურში, უჩხოში, ქედლებსა და ვაშლოვანში.
პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 14 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, შესაძლოა ტერიტორიის დათმობა მოუწიოთ. ბათუმის მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა. მოიჯარეების ვერსიით, მერია ბათუმის ბულვარში ახალგამოჩენილი მსხვილი ინვესტორებისთვის ადგილს ათავისუფლებს.
მთლიანობაში საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. ფიზიკურმა პირებმა აიღეს ვალდებულება, რომ გადაცემულ ნაკვეთებზე კაპიტალურ შენობებს ააშენებდნენ და ტურისტულ ობიექტებს, ძირითადად სარესტორნო ბიზნესს განავითარებდნენ. მოიჯარეებმა ვალდებულება შეასრულეს, ისინი იხდიდნენ საიჯარო თანხებსაც.
რესტორანი „ლათინო“ ბათუმის ბულვარში ერთ-ერთია მათ შორის, რომლისგანაც მერია ტერიტორიის გათავისუფლებას ითხოვს. ამ შენობის წინ, ბულვარის მხრიდან, კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. გასულ წელს, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიმდებარე ტერიტორია ატრაქციონებისგან გაათავისუფლეს – არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაატანინეს.
რესტორანი „ლათინო“ ერთი მხრიდან ბულვარს, მეორე მხრიდან კი ზღვის სანაპიროს ესაზღვრება. აქვს ორსართულიანი შენობა და პატარა ეზო, სადაც საცეკვაო სცენაა მოწყობილი. ეს შენობა მერიას აუდიტმა 155 000 ლარად შეუფასა.
2010-2011 წლებში [ეტაპობრივად და ინდივიდუალურად] მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები შეცვალა და რადგან უკვე ამ ტერიტორიებზე შენობებიც იდგა, მას აღნაგობის ხელშეკრულებები უწოდა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საზღაური. 2015 წელს ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ოფიციალურად ითხოვდნენ. მერიამ ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, ხელშეკრულებების ვადის გასვლის მიზეზით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყდა.
ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, მოიჯარეების ადვოკატის ზურა ცეცხლაძის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს ქონება უზურფრუქტის წესით გადასცეს ბათუმის ბულვარს, იმ პირობით, რომ ბულვარს პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება ყოფილ მოაღნაგეებთან, იგივე ფასებში სამი წლის ვადით.
2018 წლის ბოლოს კი, ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა გავიდა და ისინი მართლზომიერად მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის საფასურის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს.
აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი-მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.
მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ. ისინი მერიას არასამართლიან მიდგომაში ადანაშაულებენ, რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე] საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობების საფასური არასაბაზრო ფასით [როგორც თვითონ ამბობენ] „ფაქტობრივად კაპიკებში“ დაუთვალა.
„თავის ასაღებ თანხას საბაზრო ფასით ითვლის და ჩვენ რაც უნდა გადაგვიხადოს იმას არასაბაზრო ფასით. ეს სწორია? – მათ უნდათ, რომ ტექნიკური სვლებით გაგვყარონ აქედან და სხვას დაუთმონ ტერიტორია, აგაფარებენ თითქოს კანონს. სინამდვილეში კანონს ეფარებიან და კანონის უკან დამალულია სულ სხვა ინტერესი“, – ამბობს რესტორან „მწვანე ბარის“ მეპატრონე დავით მამულაძე.
რესტორანი „მწვანე ბარი“ ბათუმის ბულვარში ბათუმის მერიას აუდიტმა 95 000 ლარად შეუფასა
გარდა ამისა, მოაღნაგეებს პრეტენზიები აქვთ იმაზეც, რომ მერია სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ ფლობას და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობას ედავება [2015 წლიდან დღემდე], მაშინ, როცა მოიჯარეები დაჟინებით ითხოვდნენ მათთვის ხელშეკრულებები გაეგრძელებინათ, მიეცათ აღნაგობის საფასურის გადახდის საშუალება ან სხვა რაიმე ფორმა მოეფიქრებინათ, რაც ამ პროცესს სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევდა. ამაზე მათ მერიას ოფიციალურად რამდენჯერმე მისწერეს. დასტურად რამდენიმე განცხადება გვაჩვენა მოიჯარეების ადვოკატმა ზურა ცეცხლაძემ.
მერიამ მათ არ უპასუხა, არც რაიმე მოიმოქმედა იმისთვის, რომ ამ პირებს უკვე არამართლზომიერ ფლობაში არსებული ტერიტორია დაეტოვებინათ, ანუ მერიას თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია და ამ პირებისთვის შენობის ღირებულების ორი მესამედი არ გადაუხდია. შესაბამისად, მათ მუშაობა იმ ფორმით გააგრძელეს, რა ფორმითაც ამას მანამდე აკეთებდნენ, იმ განსხვავებით, რომ ისინი ვეღარ იხდიდნენ აღნაგობის საფასურს.
„მერიას მივმართეთ განცხადებით ვადის გასვლამდე და ვთხოვეთ, რომ ვადა გაეგრძელებინა ან გადაეხადა შენობებისთვის გათვალისწინებული თანხა, რადგანაც მესაკუთრეებს თანხა არ გადაუხადეს, ჩვენ დავრჩით მესაკუთრეებად. ვიდრე ამ თანხას არ გადაგვიხდიან, ჩვენ იქ მესაკუთრეებად დავრჩებით“, – ამბობს ერთ-ერთი მოიჯარის, ლევან ბარამიძის შვილი, იაგო ბარამიძე.
მესაკუთრეებს შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის საჯარო მოხელე მიხეილ უკლებაც [საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში]. ბიზნესს მისი ძმა, ზურაბ უკლება უძღვება. ამის მიუხედავად, მთავრობაში სანდო შუამავალი [ფაქტობრივი მესაკუთრე] ზურაბ უკლებას პრობლემის მოგვარებაში ვერ დაეხმარა – „ისიც დაჩაგრეს“. დიპლომატის ძმას ამ თემაზე საუბარი ოფიციალურად არ სურს.
ოფიციალური მიმოწერა ბათუმის მერსა და მიხეილ უკლებას შორის კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ და რის ფასად გეგმავს მერია ამ ქონების გამოთავისუფლებას.
2018 წლის დეკემბერში მერმა ლაშა კომახიძემ ოფიციალური წერილით, ოფიციალურ მოაღნაგეს მიხეილ უკლებას შეახსენა, რომ აღნაგობის საფასურის სახით წელიწადში 3 625 ლარი უნდა გადაეხადა და დღემდე არაფერი გადაუხდია. ასევე განუმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის [122-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი] თანახმად, ის ვალდებულია გადაიხადოს ამ ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5% – 21 230 ლარი, ამას დაემატება პირგასამტეხლოც, უძრავი ქონების საფასური და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა თანხები. საერთო ჯამში კი, როგორც მერიის წერილშია დათვლილი, ყოფილ ელჩს 57 020 ლარი ვალი აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის.
მიხეილ უკლებას ბათუმის მერმა ორი ანგარიშის ნომერი გაუგზავნა – ერთი, რომელზეც გადასახდელი ქონებით სარგებლობის საფასური, ხოლო მეორე, რომელზეც პირგასამტეხლო უნდა ჩარიცხოს და იქვე მიუთითა, რომ თუ ის დავალიანებას დროულად არ გადაიხდის, მერია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.
12 დეკემბერს მიხეილ უკლებამ ბათუმის მერს ასევე წერილობითი აცნობა, რომ აღნაგობის საფასურს გადაიხდის, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც მერიამ გამოუთვალა.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ 2016-2018 წლებში აღნაგობის საფასურის გადაუხდელობა მისი ბრალი არ ყოფილა, ამიტომაც დაკისრებული თანხის გადახდაზე არ თანხმდება და მერიას გარიგებას სთავაზობს. მიხეილ უკლებას განმარტებით, 2016 წელს აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე წერილობით მოსთხოვა მერიას ანგარიშის ნომრის მითითება, სადაც ის აღნაგობის საფასურს გადაიხდიდა, თუმცა უშედეგოდ. ამბობს, რომ „მერიისგან ამ საკითხზე პასუხი დღესაც არ მიგვიღიაო“.
მიხეილ უკლებას პირობები ასეთია: ის გადაიხდის მხოლოდ აღნაგობის საფასურს, „ძველი ტარიფებით“ [წელიწადში 3 945 ლარს] ჯამში 11 835 ლარს. მერიამ კი უარი უნდა თქვას გასაჩივრების უფლებაზე. დიპლომატმა მერს მოლაპარაკების კიდევ ერთი ვარიანტი შესთავაზა.
„ჩვენ მიერ აშენებული შენობის ღირებულება შეადგენს 132 000 ლარს [მერიის განმარტებით ქონება აუდიტმა შეაფასა], საიდანაც შეიძლება თანხები გაიქვითოს მომდევნო წლების იჯარის გადასახადში“, – წერს მიხეილ უკლება. სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სამი წლის განმავლობაში ისე სარგებლობდა სახელმწიფოს ქონებით, რომ ვერ გაარკვია ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად აღნაგობის საფასური სად და როგორ გადაეხადა, იმავე ქონებით სარგებლობა ისევ სურს.
მიხეილ უკლება მერს სთავაზობს, შენობის ღირებულების სრულიად გაქვითვამდე, ექვსი წლის ვადით, გაუფორმონ ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ირკვევა, რომ მერია მოაღნაგეებთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებს. ახლა მერიის შესაბამისი სამსახური სასამართლოს გზით ცდილობს იმის გარკვევას, ამ ამბიდან ვის რა თანხა ერგება.
ბათუმის მერის თქმით, საქმე გვაქვს მომენტთან, როდესაც კანონი ცალსახად არ განმარტავს, როგორ უნდა იყოს გაგებული სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული მუხლი [239 – პირველი ნაწილი ]. ლაშა კომახიძის თქმით, მერიის თანამშრომლები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნების, ასევე დავალიანების გაქვითვის მიზნით, ქონების სარგებლობის ვადის გახანგრძლივების საკითხს: „შემდეგ მაკონტროლებელმა რომ არ გვითხრას, რატომ დაუტოვეთ ქონება, ან რატომ დაუთვალეთ საბაზრო ფასით, რადგან კანონი ამის უფლებას არ გაძლევდათო“.
განკარგულების პროექტით ირკვევა, რომ მერიის შესაბამისი სამსახური ამ მუხლის ზუსტ ინტერპრეტირებას ითხოვდა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან, ასევე პარლამენტისგან, როგორც ყველაზე კომპეტენტური ორგანოსგან. ორივე უწყებამ მერიას ურჩია, რომ ზუსტი განმარტებისთვის სასამართლოს მიმართოს.
კითხვაზე, სასამართლო პროცესის შემდეგ, თუ ეს სამართლებრივად სწორი იქნება, განიხილავს თუ არა მერია მოიჯარეებთან ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე პასუხობს, რომ ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ეს შენობები ბულვარის ახალ კონცეფციაში ჩაჯდება. ბულვარის ახალ კონცეფციაზე კი ბულვარის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ მუშაობს.
სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ. მათ უკვე მოამზადეს განცხადება, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ატყობინებენ, რომ გაფიცვას დაიწყებენ.
განცხადების ელექტრონული ვერსია „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა გამოუგზავნა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით. განცხადებაში რამდენიმე მოთხოვნაა გააქტიურებული, მაგალითად, ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკის სამუშაოს განსაზღვრა, ხელფასის გაზრდა, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სამგზავრო ხარჯის გათვალისწინება, თავად სოციალური მუშაკების რაოდენობის დამატება, ისიც, რომ თითოეულ სოციალურ მუშაკს მაქსიმუმ თვეში 50-ზე მეტი საქმე არ ჰქონდეს…
„სამედიცინო დაზღვევა და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება,“ – ესეც ერთ-ერთი მოთხოვნაა იმ სოციალური მუშაკების, რომლებიც სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობენ. ასეთი ქვეყანაში სულ 250 მუშაკია. სოციალური მუშაკების უმთავრესი მოთხოვნა კი ის არის, რომ დამსაქმებელმა გააცნობიეროს პროფესიული მანდატი და შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებმა შეიმუშაონ სისტემური ცვლილებების გეგმა.
სოციალურმა მუშაკებმა ამ განცხადებაზე ხელმოწერა უკვე დაიწყეს, ზეგ წერილი – ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩაბარდება. განცხადებაში სოციალური მუშაკები სამინისტროს ახსენებენ იმასაც, რომ წინა კოლექტიური წერილი ანალოგიურ პრობლემებზე 2018 წლის 19 ივნისს შევიდა ჯანდაცვის სამინისტროში და ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
„არაერთხელ მოგახსენეთ ამ პრობლემების შესახებ და გთხოვეთ მათ გადაწყვეტაში დახმარება, თუმცა არც ერთ მათგანს თქვენი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია…“ – წერენ სოციალური მუშაკები და იქვე დასძენენ: „მოთხოვნის კვლავ უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – გაფიცვას, კანონით გათვალისწინებულ ვადებში“.
ამონარიდი სოცმუშაკების მიმართვის ტექსტიდან
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ტრაგედიაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა – 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე. ამ ფაქტის შემდეგ 4 სოცმუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა კი, თანამდებობა დატოვა.
განცხადებაში სოციალური მუშაკები ხაზს უსვამენ იმას, რომ სოციალური მუშაკების მიმართ მენეჯმენტი არაეფექტურია, რამაც შესაძლოა ახალ ტრაგედიამდეც მიგვიყვანოს.
„სისტემურ დონეზე არსებული ხარვეზები სერვისცენტრებში, არსებული მძიმე სამუშაო გარემო და ეფექტური მენეჯმენტის არარსებობა აუცილებლად მიგვიყვანს ახალ ტრაგედიებამდე,“ – აღნიშნავენ სოციალური მუშაკები.
სოციალურ მუშაკების სამუშაო გარემოს ცვლილება გასულ კვირას დაანონსდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა კუთხით ამზადებს ცვლილებას ჯანდაცვის სამინისტრო ან რა პრობლემის გამოკვეთა მოხერხდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამ თემაზე კომენტარს გუშინ დაგვპირდნენ. გუშინ, 6 თებერვალს, სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრმა კი განმარტა, რომ კომენტარს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაახმოვანებენ, ამ დრომდე კი სოცმუშაკებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
„ამდენი წელია არაფერი შეცვლილა. როცა ბავშვი კვდება და ტრაგედია დატრიალდება, მაშინ გვაძლევენ დაპირებებს, ახლაც დროის გაყვანის მიზნით ხდება ეს ყველაფერი,“ – გვითხრა სოციალურმა მუშაკმა, რომელმაც ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ბათუმში შეხვედრას პარასკევს გეგმავს, თუმცა სოცმუშაკების ნაწილი შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებს.
დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.
ახალი ტერმინალის მშენებლობისას ნავსადგურის აკვატორიაზე ფსკერი დააღრმავეს, რისი საშუალებითაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე შესაძლებელი იქნება FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება. ახალ ტერმინალში ასევე შესაძელებელი იქნება ჩვეულებრივი სატვირთო მანქანებით მისული ტვირთი საკონტეინერო ნავმისადგომთან მდებარე საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე დაიცალოს და ჩაიტვირთოს.
ტერმინალის ტერიტორიაზე 1 ჰა პარკინგი მოეწყო იმ სატვირთო მანქანებისათვის, რომლებიც საბორნე გადაზიდვებით სარგებლობენ. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობით გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა.
„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა“ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი „მედლოგ ჯორჯიასთან“ ერთად მოაწყო.
ბათუმში 2019 წელს ორი კაზინო – „ინტურისტი“ და „აჭარაბეთი“ დაიხურა. კაზინოების დახურვით 400-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი. „ინტურისტის“ შემთხვევაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კაზინოს მოწყობის ლიცენზიას ვადა გაუვიდა, „აჭარაბეთის“ შემთხვევაში კი – კაზინოს დახურვის კონკრეტული მიზეზი უცნობია, ამ კაზინოს ლიცენზიას ჯერ ვადა აქვს.
რატომ დაიხურა ბათუმში კაზინო „აჭარაბეთი“
ბათუმში კაზინო „აჭარაბეთის“ მოწყობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლია“. ლიცენზიას ვადა 2021 წლის 16 ივნისს ეწურება, თუმცა კაზინო მიმდინარე წლის იანვრიდან აღარ მუშაობს. „ს გემბლინგ ჰოლის“ 50-50%-ს წილებს ბიზნესმენები – თეიმურაზ [თემურ] უგულავა და თენგიზ ფერაძე ფლობენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „აჭარაბეთის“ თანამშრომლები 2018 წლის 22 დეკემბერს გააფრთხილეს, რომ კაზინო იხურებოდა და მუშაობა 29 დეკემბრამდე გააგრძელეს. კაზინოში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 200-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ზოგიერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით, ბათუმში კაზინოს დახურვის მიზეზად შენობა დაუსახელეს, რომელსაც არ აქვს სასტუმრო: „ითქვა, რომ, სავარაუდოდ, კაზინო ახალ შენობაში გაიხსნებოდა, თუმცა დეტალების შესახებ ინფორმაცია არც აქაურ მენეჯმენტს ჰქონდა“.
კონკრეტულად რატომ დაიხურა სამორინე „აჭარაბეთი“ და სად აპირებს კომპანია ბათუმში სამორინეს გახსნას? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „აჭარაბეთში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთვის ელექტრონულ ფოსტაზე მიგვემართა. კომპანიას კითხვები გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
ვინაიდან „ს გემბლინგ ჰოლს“ შესაბამისი ლიცენზია აქვს, შეუძლია კაზინო „აჭარაბეთი“ ისევ იმ შენობაში აამუშაოს, სადაც ეს კაზინო ფუნქციონირებდა – ეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მოსაკრებელს გადაიხდის. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ – სამორინეს მოწყობის ლიცენზიანტებს უფლება აქვთ, შესაბამისი [მაგიდების] მოსაკრებელი ყოველკვარტალურად [წინასწარ, კვარტალის დასაწყისში] გადაიხადონ და გააგრძელონ მუშაობა.
თუმცა, ამ შემთხვევაში ლიცენზიანტი კომპანიის „ს გემბლინგ ჰოლის“ერთ-ერთ მეწილეს, თემურ უგულავას, ბათუმში კაზინოს ამოქმედების ვალდებულება, ოღონდ ახალ შენობაში, ისედაც აქვს.
საქმე იმაშია, რომ შპს „ქროსვეისს“, რომელიც თემურ უგულავას ეკუთვნის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს ადრე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ის ვალდებულია ბათუმში, გოგებაშვილის ქ#10-ში [აჭარის ყოფილი შსს-ს შენობის ტერიტორია] უზრუნველყოს არანაკლებ 150 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსისა და კაზინოს ექსპლუატაციაში შეყვანა. ახალ კომპლექსში ახალი კაზინოს დასახელება ისევ „აჭარაბეთი“ იქნება თუ სხვა სახელი დაერქმევა, ეს უკვე თემურ უგულავას გადასაწყვეტი იქნება.
თემურ უგულავას კომპანიას აღნიშნული ვალდებულებები ადრე უნდა შეესრულებინა, თუმცა ვერ შეასრულა და მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დღემდე მიმდინარეობს. ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად კი კომპანიას, როგორც „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, 2021 წლის 31 იანვარი განუსაზღვრეს.
შპს „ქროსვეისი“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მარტო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ მაშინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.
ბათუმი, გოგებაშვილის ქ#10, სადაც „ქროსვეისიმ“ არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო უნდა გახსნას 2021 წლის 31 იანვრამდე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ცალკე მდგომი ორსართულიანი შენობა ბათუმში, რომელიც დრამატულ თეატრთან, ახმეტელის ქ. N7ა-ში მდებარეობს და სადაც კაზინო „აჭარაბეთი“ ფუნქციონირებდა, შპს „ს ბათუმის“ საკუთრებაშია. ეს კომპანია 2016 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა შპს „ს გემბლინგ ჰოლმა“, რეგისტრაციიდან სამ დღეში კი „ს ბათუმის“ 100% წილი „ს გემბლინგ ჰოლმა“ 1,4 მილიონ ლარად მიჰყიდა ბესიკ ოქროპირიძეს. ბესიკ ოქროპირიძე დღეს „ს ბათუმის“ ერთადერთი პარტნიორი და კომპანიის დირექტორია. ამ შენობაში დღეს მხოლოდ „აჭარაბეთის“ სალარო მუშაობს.
„აჭარაბეთის“ გაყიდული წილები
2019 წლის იანვარში „აჭარაბეთის“ 51%-იანი წილი 116 მილიონ ევროდ ონლაინთამაშების კომპანიამ Paddy Power Betfair (PPB)-მა შეიძინა. აჭარაბეთში აცხადებენ, რომ „PPB ჯგუფი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის წლიური შემოსავალი 1.8 მილიარდ ფუნტს შეადგენს. კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდი ფუნტია“.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგანაც ქვეყანაში შემოვიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მყოფი 6 მილიარდი ბრიტანული ფუნტის კაპიტალიზაციის კომპანია, რომელიც სათამაშო ბიზნესის ბაზრის ლიდერია თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ოპერირებს: ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია მაღალი ცნობადობა რეგიონში, ვოპერირებთ საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე და გვყავს ძლიერი მენეჯმენტის გუნდი. ვფიქრობ, რომ ორივე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან საინტერესო მომავლის დასაწყისი“, – „აჭარაბეთის“ გენერალური დირექტორის, არჩილ კახიძის სახელით ეს განცხადება„აჭარაბეთის“ ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.
adjarabet.com-ზე აღნიშნულია, რომ „აჭარაბეთის“ საქმიანობა სრულად რეგულირდება შპს „ავიატორისა“ და შპს „კოსმოსის“ შესაბამისი ნებართვების ფარგლებში.
„ავიატორის“ [დირექტორია აჩილ კახიძე] 100% წილს ფლობს შპს „ატლასი“, ამ კომპანიის 49%-ს კი დღეს ფლობს „სითი ლოფთი“, რომლის ერთადერთი მესაკუთრეც თემურ უგულავაა, ხოლო 51%-ს – „ატლას ჰოლდინგსი“, რომელიც 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა თბილისში ბრიტანულმა კომპანია TSE Holdings Limited-მა.
სწორედ „სითი ლოფთსა“ და TSE Holdings Limited-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 31 იანვარს, რითაც „ატლას ჰოლდინგსმა“ „ატლასის“ 51% წილი 116 472 099 ევროდ შეიძინა.
თემურ უგულავა, „აჭარაბეთი“ და ტელეარხი „პირველი“
ბათუმში კაზინოს [„აჭარაბეთის“] მოწყობის ლიცენზიანტი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლის“ 50% დოკუმენტების მიხედვით, თემურ უგულავამ თენგიზ ფერაძისგან 3 მილიონ აშშ დოლარად 2018 წლის თებერვალში შეიძინა.
„ნეტგაზეთი“ წერდა, რომ თემურ უგულავამ $3 მილიონი წილის შესაძენად იმ დროს გადაიხადა, როცა ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა მას ბრალდებები დახურულ შეხვედრებზე წაუყენა. ვახტანგ წერეთელმა არასამთავრობოებთან დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ „აჭარაბეთში“ არაოფიციალურად ფლობდა წილს. იმ პირს კი, ვისზეც წერეთლის წილი იყო გადაფორმებული, შეეცვალა გეგმები, რის გამოც დაკარგა ის შემოსავალი, რომლითაც აფინანსებდა ტელეკომპანია „პირველს“.
„ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, სწორედ თენგიზ ფერაძეა ვახტანგ წერეთლის მიერ მინდობილი ის პირი, რომელიც „აჭარაბეთში“ ფლობდა წერეთლის წილს და რომლის გეგმებისა და დამოკიდებულების ცვლილებაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე არასამთავრობოებთან“ წერდა „ნეტგაზეთი“.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს აჭარაში 9 მოქმედი კაზინოა – რვა ბათუმში და ერთიც სარფში.
ბათუმში დღეს მოქმედი კაზინოებია: „მშვიდობა“, [სასტუმრო „შერატონი“], „ივერია“, [„რედისონი“], „გოლდენ პალასი“, [„გოლდენ პალასი“], „მედეა“, [PASHA medea], „ინტერნეშენალი“, [„ჰილტონი“], „ოქროს ლომი“, [„ველმონდი“], „პრინცესა ბათუმი“ – [Wyndham] და „ეკლიფსი“ – [„ეუფორია“].
ბათუმში კიდევ ერთ კომპანიას, „ალიანსი +“-ს აქვს კაზინოს ლიცენზია 2021 წლის ივლისამდე [სასტუმრო „გალოგრე“], ხოლო ხელვაჩაურის სოფელ სარფში მოქმედებს კაზინო „ატლანტიკ სიტი“.
შემოსავლები ბიუჯეტში კაზინოებიდან
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს კაზინოების მიერ აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული საშემოსავლო გადასახადი ჯამურად 9,7 მილიონი ლარია, ხოლო ბათუმის მუნიციპალურ ბიუჯეტში კაზინოების მიერ გადახდილი მოსაკრებლების ჯამი 27 მილიონი ლარი იყო.
ბათუმის ბიუჯეტში კაზინოებისგან მიღებული შემოსავლების ნაწილში სამინისტროსა და ბათუმის მერიის მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება. მერიისგან მიღებული ინფორმაციით 2018 წელს სამორინეს მაგიდიდან მოსაკრებელი – 13 566 996 ლარი იყო, მთლიანად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა კი, ჯამში, 36 174 483 ლარი შეადგინა.
ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით კი, გასულ 2018 წელს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან სულ 1 მილიონ 100 ათასი ლარი შევიდა. თუმცა აქედან რამდენი იყო კონკრეტულად მოსაკრებელი სამორინეს მაგიდებიდან, მუნიციპალიტეტში არ დაგვიკონკრეტეს.
სამინისტროს და ბათუმის მერიას ასევე განსხვავებული მონაცემები აქვთ კაზინოების რაოდენობასთან დაკავშირებით. 2018 წელს, სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 10 კაზინო იხდიდა გადასახადს, ბათუმის მერიის მონაცემებით კი -11.
ვიზიტორები ბათუმის კაზინოებში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს აჭარაში მოქმედი კაზინოების ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 1,1 მილიონი. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს „აჭარაბეთისა“ და „ლიბერთის“[ინტურისტის] მონაცემებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმსა და ქობულეთში დამატებით 5 კაზინო უნდა გაიხსნას [ასეთი ვალდებულება ინვესტორებს უკვე აქვთ]. ამ ინვესტორებისგან ერთი ჰოლდინგი „მეტროა“ [„მეტრო ატლას ჯორჯია“], რომელმაც „ინტურისტში“ კაზინო დახურა, ხოლო მეორე – ბიზნესმენი თეიმურაზ უგულავა [„ქროსვეისის“ მესაკუთრე], რომელმაც კაზინო „აჭარაბეთი“ დახურა:
[checklist]
„მეტრო ატლას ჯორჯიამ“, ბათუმში, ახალ ბულვართან, 200-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო 2020 წლის 12 მარტამდე უნდა აამოქმედოს. „მეტროს“ საკუთრებაშია სასტუმრო „ინტურისტიც“, სადაც კაზინო დაიხურა. გაიხსნება თუ არა „ინტურისტში“ კაზინო, ამ დრომდე უცნობია;
კომპანია „ქროსვეისის“ ვალდებულებაა ბათუმში, გოგებაშვილის ქ#10-ში [აჭარის ყოფილი შსს-ს შენობა] უზრუნველყოს არანაკლებ 150 ნომერზე სასტუმრო კომპლექსის და კაზინოს ექსპლუატაციაში შეყვანა 2021 წლის 31 იანვრამდე;
ახალ ბულვართან „ეიერ-მერიდიანსიმ“ არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს 600 აპარტამენტის მშენებლობა, არანაკლებ 220-ნომრიანი სასტუმროსა და სამორინეს ამოქმედება; „ეიარ მერიდიანსი“ ბათუმში რუსულ ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ბათუმში 2015 წელს რუსეთის მოქალაქემ რეფიყ კაიტამბამ დააფუძნა და კომპანიასაც თავად ხელმძღვანელობს.
„ჯეო დეველოპმენტიმ“ ბათუმში, ფიროსმანისა და ჟიული შარტავს ქუჩების კვეთაში, 2021 წლის 12 დეკემბრამდე, აჭარის ფინანსთა და სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა მოეწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: ღამის კლუბი, კაზინო, ბილიარდ კლუბი, სპორტული კაფე;
ქალაქ ქობულეთში კი, აღმაშენებლის გამზირზე, 2021 წლის 15 აგვისტომდე, კომპანია შპს „კრისტალ ბილდინგიმ“ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო და საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედი სამორინე.
[/checklist]
კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები კი, კუთვნილი ხელფასების მისაღებად ბათუმში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია 2019 წლის 30 იანვარს გაიმართა. როგორც კომპანია „მეტროში“ მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, „კაზინო ლიბერთი“, რომელსაც „მეტროსგან“ ორწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული შენობა, დაფარავს არსებულ სახელფასო დავალიანებას, მაგრამ ზუსტ თარიღს, თუ როდის მიიღებენ ხელფასს კაზინოს თანამშრომლები, ვერ ასახელებენ.
ვაჭრობა ქუჩაში მათი უმრავლესობისთვის ფიზიკური გადარჩენის გზაა, ისინი დღეში 12 საათზე მეტს მუშაობენ ოჯახების სარჩენად. მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი გარემოვაჭრეები არიან და მათ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე შეხვდებით. ბათუმის მერიაში კი მიიჩნევენ, რომ გარევაჭრობა ბათუმის იერსახეს ამახინჯებს.
ბათუმელმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც წერეთლის, ბერიძის და ესენინის ქუჩაზე წლების მანძილზე ვაჭრობდნენ, 28 იანვრის დილას აღმოაჩინეს, რომ სამსახურის გარეშე დარჩნენ. გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ამ ქუჩებზე რეიდი მოაწყეს და ქუჩები კუსტარულად დამზადებული სავაჭრო დახლებისგან გაწმინდეს.
მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. მათი უმრავლესობისთვის, ბათუმის მერიის მიერ ძველი ავტოსადგურის მეორე სართულზე განთავსებული სავაჭრო დახლები მიუღებელი აღმოჩნდა. სამდღიანი აქციების შემდეგ, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებსა და ბათუმის მერიას შორის მოლაპარაკება შედგა. მერია ავტოსადგურის დირექციასთან ერთად სადგურის გარე პერიმეტრზე ახალ ჯიხურებს ამონტაჟებს. სამუშაოებს დრო სჭირდება. ამ ხნის მანძილზე კი მოვაჭრეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
4 თებერვალს ბათუმის მერიამ გარევაჭრობა აკრძალა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაშიც. აკრძალვების შედეგად ჯამში 160-მდე ადამიანი ბათუმში, დროებით, შემოსავლის გარეშე დარჩა.
გაეცანით ისტორიებს, თუ როგორ და რის გამო დაიწყეს ადამიანებმა ვაჭრობა ქუჩაში, როგორ დაირღვა მათი უფლებები და რა პოზიცია აქვს ბათუმის მერს.
ეთერ თავართქილაძე
ეთერ თავართქილაძე, გარემოვაჭრე: „20 წელზე მეტია, რაც ვვაჭრობ. რამ გამომიყვანა ქუჩაში და გაჭირვებამ. შვილები, საჭმელი, ჩასაცმელი, ვერ ვმუშაობდით ვერავინ, არ იყო სამუშაო… იძულებული გავხდი, თორემ ვის უნდა წვიმაში, სიცივეში, ქარში დგომა. მშენებელი ინჟინერი ვარ, მაგრამ ვერ ვიმუშავე ჩემი პროფესიით.
ახლა ისეთი ასაკი მაქვს – არც პენსია, არც ხელფასი, არც არანაირი შემოსავალი. 7 წელი მინდა პენსია რომ ავიღო, სადაც კი მივედი, ასაკის ხალხს არსად არ ღებულობენ. წვრილმან ტანსაცმელზე ვვაჭრობდი – „ნასკი“, „მაიკა“ და ასეთები მქონდა. ბანკი მაქვს, მეუღლე ავად მყავს. მე ვარ ერთადერთი შემომტანი ოჯახში. გამოვედით დილით სამუშაოდ და ალაგებული დაგვხვდა ყველაფერი. ჩვენი ნაწვალები დაგვინგრიეს, დაგვიშალეს. ახლის გაკეთებას დრო სჭირდებაო გვეუბნებიან. მანამდე რა უნდა ვქნათ?“
მედეა ტუკვაძე
მედეა ტუკვაძე, გარემოვაჭრე:„15 წელია 23-ე სკოლასთან ვდგავარ და ტანსაცმელზე ვვაჭრობ. უმუშევარი ვიყავით ყველა ოჯახში, ძალიან გვიჭირდა. ავდექი და ვაჭრობა დავიწყე იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გადამერჩინა. 28 იანვრის შემდეგ ვეღარ ვვაჭრობ. სახლში არც საჭმელია და არც ფული. მერია ავტოსადგურის ტერიტორიაზე დაგვპირდა სავაჭრო ჯიხურების მოწყობას, ამას დროს უნდა. რა უნდა ვქნა არ ვიცი.“
დარეჯან ცენტერაძე
დარეჯან ცენტერაძე, გარემოვაჭრე:„ახალი რძალი ვიყავი ვაჭრობა რომ დავიწყე. 25 წელია ვვაჭრობ. ისე მიჭირდა, არაფრის საშუალება არ გვქონდა. შვილები როგორ გამეზარდა? ავდექი და დავდექი ქუჩაში სავაჭროდ. პატიოსნად, როგორც ქართველ დედას შეეფერებოდა ისე ვარჩენდი ჩემს ოჯახს. ჩემი მეუღლეც ჩემთან ერთად ვაჭრობდა. ახლა რომ გადაგვყარეს, რით უნდა ვიარსებოთ ვინმემ იფიქრა? დღეს ფული ვისესხე მეზობლისგან, რომ ავტოსადგურამდე მოვსულიყავი.
ჩვენ ისეთი ფენა არ ვართ, ფული ბალიშქვეშ გვქონდეს შენახული. ყოველდღიურ შემოსავალზე ვიყავით დამოკიდებული. სახლში შვიდი სული ვართ. ბანკის გადასახადი მოვიდა, კომუნალურის გადასახადიც მოვიდა, ნისიად გვაქვს საქონელი აღებული, ის თანხაც უკვე გადასახდელი გვაქვს. როგორ უნდა გადავიხადოთ? – არ ვიცი…“
მაია ნადიბაიძე
მაია ნადიბაიძე, გარემოვაჭრე:„გაჭირვებამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება – სიდუხჭირის გამო იძულებული ხარ გამოხვიდე გარეთ და იმუშაო. ორი წელია რაც გარემოვაჭრე ვარ, წვრილმანზე ვვაჭრობდი. ოჯახში ჩემზე ორი ადამიანია დამოკიდებული. ქვრივი ვარ, მეუღლე გარდამეცვალა. შვილზე და დედამთილზე მაქვს პასუხისმგებლობა. მე ვარჩენ. რაღაცით გაგვაქვს თავი, გაძაღლებულად.
საშუალო სკოლა დავამთავრე, 17 წლის გავთხოვდი და არსად არ მიმუშავია. როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მომიწია პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება. ჩვენ ყოველდღიურ შემოსავალზე ვართ, ახლა დაგვტოვეს ულუკმაპუროდ“.
[red_box]ბათუმის მერის პოზიცია[/red_box]
წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გარევაჭრობის აღკვეთა ბათუმის მერის – ლაშა კომახიძის ინიციატივაა. მერი ამას ქალაქის იერსახის დამახინჯების და ანტისანიტარიის მიზეზით ხსნის. თუმცა ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზეც, სადაც მერიამ მოვაჭრეებს გადავლა შესთავაზა, ასევე ანტისანიტარიაა.
ლაშა კომახიძე
თუ პრობლემის მოგვარება მართლა გინდოდათ, რატომ არ მოაწესრიგეთ ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, მანამ სანამ იქ მოვაჭრეებს გადაიყვანდით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს დაუსვა.
ლაშა კომახიძე: “მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გარევაჭრობა უნდა აღებულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ იმ ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული სანიტარული მდგომარეობის. თუმცა იქ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მოიხრეშა ტერიტორია, სადაც უნდა განთავსდეს ეს ჯიხურები, პირობები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. პირველ რიგში მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შევასრულეთ. იქ მარტო ანტისანიტარიაზე არ იყო საუბარი, ადამიანების უსაფრთხოებაზე იყო. არაერთი ჩივილი იყო მეზობლებისგან უსაფრთოხებასთან დაკავშირებით.
ანტისანიტარიასაც თავისი საზღვრები აქვს. ის ადგილები ღამის საათებში ლამის ტუალეტებად იყო ქცეული. მე ვთქვი, რომ წერეთლის ქუჩაზე არის სკოლა და ბაღი. გადაწყვეტილება – რატომ ავტოსადგური, მიღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით: ავტოსადგური არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი. ის ხალხი რომ არ ვაზარალოთ, გვინდა, რომ იმათაც ჰქონდეთ სარჩო ხვალინდელი დღის… დღეში, საშუალოდ, 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ჩვენ წავედით რაღაც დათმობაზე, თორემ გაცილებით უფრო სუფთა და მოწესრიგებული ადგილი იყო მეტროს ავტოსადგურის ტერიტორიაზე.
ეს არ იყო შეიძლება ძალიან კარგი არჩევანი, მაგრამ ეს იყო ქალაქისთვის კარგი არჩევანი – გავათავისუფლეთ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდრებთ სტანდარტს, რომ ეს აღარ განმეორდეს. პარალელურად გაუმჯობესდება სიტუაცია ავტოსადგურის ტერიტორიაზეც.
ბათუმის ძველი ავტოსადგურის ერთ-ერთი კუთხე. წვიმისგან დასაცავად ჭერზე ცელოფანია აკრული, ხოლო დაგროვილი წყალი ძაბრით და პლასტმასის მილის დახმარებით მიწამდე ჩადის
ბატონო ლაშა, თუ გაქვთ შესწავლილი ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა და მათ შორის ხომ არ არიან ისეთი პირები, ვისთვისაც იქ ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. რა შეთავაზება გაქვთ მათთვის?
ადამიანური ისტორიებით ჩვენ შეიძლება დავუბრუნდეთ იგივე მდგომარეობას, რაც იყო. მათი სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ივაჭრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ ვიტყოდით წადით სახლში.
ჩვენ ამაზე თვეებია ვმუშაობთ. მე არათუ ვიცოდი მათი მდგომარეობა, არამედ თითოეულ მათგანზე პირადი საქმე მაქვს, დასურათებული ოჯახის წევრებით, ვინ მუშაობს, ვინ რას აკეთებს. ამ ადამიანებთან ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ ხანგრძლივად. თვეების განმავლობაში.
ის, რომ არ იცოდნენ, არასწორია. დიდი ხანია მოლოდინი აქვთ. მეორე სართულზე მოწყობილ დახლებზე აჭარის ტელევიზიამ აჩვენა – წარწერა დაკავებულია და ტელეფონის ნომრები. გადასასვლელად მზადება იყო. ამ ადამიანებს მანქანაში ისვამდნენ ჩვენი თანამშრომლები და მიჰყავდათ, აჩვენებდნენ რას აკეთებდნენ. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა.
ავტოსადგურის მეორე სართულზე მოწყობილ დახლებთან, რომელზეც ბათუმის მერი საუბრობს, 28 იანვრიდან დღემდე არცერთი მოვაჭრე არ გამოჩენილა. ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ამ სივრცის დაკავებისბათუმის მერის შეთავაზებას მხოლოდ ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეთა ნაწილი დასთანხმდა და ავტოსადგურის პირველ სართულზე მოწყობილ დახლებზე დაიწყო ვაჭრობა
იმ დღეს, როდესაც დახლები აიღეს, რა თქმა უნდა, არავინ არ გააფრთხილებდა ამ ადამიანებს და ეს ბუნებრივია, რომ დაპირისპირება აგვერიდებინა თავიდან და არ მომხდარიყო რაღაც კონფლიქტი. არსად არ ხდება ამის გაფრთხილება. თუმცა ვინც მოითხოვა ყველას მიეხმარნენ ჩვენები და გაატანეს ფუთა იქნებოდა თუ დახლი.
სწორედ იმიტომ, რომ მეც და ჩემი თანამშრომლებიც ვდგებით ყველას მდგომარეობაში, იმ დონემდე სადამდეც ამის გაკეთება შეიძლება, გადავდგით შემხვედრი ნაბიჯები. მაგრამ ის, რომ ადამიანს მძიმე სოციალური პრობლემა აქვს, ეს აძლევს მას საშუალებას ჩაიდინოს ისეთი კანონდარღვევა, როგორიცაა მოიპაროს? ხომ არ აძლევს.
საუბარია იმაზე, რომ ეს [გარევაჭრობა] არის ადმინისტრაციული დანაშაული… დაჯდა უკანონოდ – რეალურად ეს სისხლის სამართლის დანაშაულია თუკი კოდექსში ჩაუღრმავდებით. უკანონო ვაჭრობა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ანტისანიტარიაზე და სხვა რამეზე რომ არ ვისაუბროთ. მე აღარ ვამბობ არაფერს იერსახის გაფუჭებაზე, აღარ ვამბობ იქ მცხოვრებ ადამიანებზე…
იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ავიღეთ დახლები, ხუთი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ამას დავამატოთ კიდევ შვიდასამდე მოსწავლე და ბაღის აღსაზრდელი, რომელიც იქ დადის. მაგას დავამატოთ ის ადამიანები, რომლებიც იქ მაღაზიებში მუშაობენ. ეს ციფრი რომ დავამრგვალოთ, გადის 6-7 ათასზე. ეს 6-7 ათასი ადამიანი ყოველდღიურად იყო შეწუხებული ანტისანიტარიით, უსაფრთხოებით და შეწუხებული ყველაფრით, რითაც ადამიანი შეიძლება შეწუხდეს საკუთარ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილზე.
მეორეს მხრივ, ჩვენ გვყავს 160 ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართალდამრღვევია და უბრალოდ არ უნდა ადგომა იქიდან, რადგან არ უნდა მოინაცვლოს ერთი ადგილი მეორეთი. ჩვენ ვეუბნებით, რომ მოსინჯე ადამიანო. შეუძლებელია 5 ათასი ადამიანი მოძრაობდეს ობიექტზე და იქ ვაჭრობა არ იყოს.
ძალიან ადვილია ავიღოთ რომელიმე ისტორია, არცერთი არაა დალხინებული და იმის უკან მოვყვეთ დეტალები, დავაკავშიროთ იმასთან, რომ აი მერიამ აიღო და გამოვა ძალიან ისეთი სურათი, რომ ეს კაციჭამია მერიის თანამშრომლები, როგორ აუყენებიათ ხალხი და დააკარგვინეს ლუკმა-პური. მაგრამ რეალური სურათი არის სხვა. სურათი არის ის, რომ მერიის თანამშრომლებმა თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომეს, რომ მოენაცვლათ მათთვის ადგილი და მისცეს მათ ალტერნატიული შესაძლებლობა“.
გარემოვაჭრეების აქცია ბათუმის მერიასთან
არის თუ არა ქალაქის იერსახე ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანი?
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC აპირებს ბათუმელ გარემოვაჭრეებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. EMC-ის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი თავად იყო ბათუმში ჩამოსული, შეხვდა გარემოვაჭრეებს და საქმის დეტალური შესწავლა დაიწყო.
ლელა გვიშიანი: „გარემოვაჭრეობა არის დარეგულირებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან და ამ რეგულაციის მიღმა არსებული რაიმე ტიპის ვაჭრობა არის უკანონო ქმედება. მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება არ ათავისუფლებს სახელმწიფოს (ადგილობრივ მუნიციპალიტეტს) გარკვეული ტიპის ვალდებულებებისგან, რომელიც მას კონკრეტული სოციალური ჯგუფის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ გააჩნია.
ადგილობრივი თვითმმართველობა არის ბაზრობების მოწყობაზე პასუხისმგებელი უწყება. ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. თუმცა, წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეების მიმართ გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია სოციალური კონტექსტების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ სახელმწიფო არასაკმარისად დასაბუთებული ინტერესის დაცვის მიზნით, ნაკლებად რადიკალური და უხეში ფორმით მისი გადაჭრის შესაძლებლობის განხილვის გარეშე ხელყოფს ამ ჯგუფის ინტერესს. მით უფრო, რომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკითხვისას ირკვევა – გარემოვაჭრეებიდან ზოგიერთი ოც წელზე მეტია თავს ამ საქმიანობით ირჩენს და მათთვის ეს საქმიანობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბევრი მათგანი სოციალურად მოწყვლად ფენას მიეკუთვნება და ერთადერთი შემოსავლის წყარო, როგორც მათთვის ისე მათი ოჯახებისთვის არის ვაჭრობიდან მიღებული თანხა. გარემოვაჭრეები ძირითადად არიან ასაკოვანი, საპენსიო ასაკს მიღწეული ქალები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანები, რომელთაც ინდივიდუალური საჭიროებები გააჩნიათ და ალტერნატივების შეთავაზება სწორედ მათი საჭიროებების შესწავლის შემდგომ უნდა მომხდარიყო და არა დახლების დემონტაჟის შემდგომ. ეს მოლაპარაკებების პროცესიც მანამდე უნდა ჩატარებულიყო.
თავის მხრივ ეს სოციალური ფონი სოციალურ რისკებსაც წარმოშობს, მათ შორის ეს რისკები შეიძლება ბევრი ფუნდამენტური უფლების დარღვევამდე მივიდეს, მაშინ როდესაც შემოსავლის წყაროს მოუსპობ ოჯახს და შეთავაზებული ალტერნატივა არ იქნება ადეკვატური.
დახლების დემონტაჟი განხორციელდა ღამით. როგორც გარემოვაჭრეებმა განგვიმარტეს, მათ მიმართ არანაირი წერილობითი გაფრთხილება კონსტრუქციების დემონტაჟის თაობაზე, კონკრეტული თარიღის მითითებით არ ყოფილა.
ის ფორმა, როგორც „მოაგვარა“ ეს პრობლემა მერიამ, ნამდვილად არ იყო კანონის სრული დაცვით განხორციელებული. ამ შემთხვევაში ჩვენ პრობლემას ვხედავთ მონაწილეობითი პროცესის არარსებობაში და გადაწყვეტილების მიღებისას დაინტერესებული პირების ჩართულობის არარსებობაში. ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება აუცილებელია მონაწილეობითი პროცესის გზით, დემოკრატიულად წარიმართოს.
ეს მოლაპარაკებები, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებამდე და მით უმეტეს აღსრულებამდე უნდა მომხდარიყო. შეთანხმება მანამდე უნდა ყოფილიყო მიღწეული. ეს შეამცირებდა ზიანის რისკებს გარემოვაჭრეებისთვის“.
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სავალდებულო საბაზო განათლების ცხრაწლიანი სისტემა 10 წლამდე გაზრდება.
„დამტკიცდება საშუალო საფეხურის (მე-11 და მე-12 კლასების) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია,“- განაცხადა მინისტრმა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე ახსენა შეფასების ახალი მოდელი, რომლის მიზანი, ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირებაა.
ბატიაშვილი უმაღლესში მისაღებ გამოცდებსაც შეეხო. მისი თქმით, უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რომლებიც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ.
როგორც მინისტრი ამბობს, 2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება – „შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი
კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას“.
მინისტრის თქმით, აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. „უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი
გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით). უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება
ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის“-ამბობს ბატიაშვილი.
ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
გაგრძელდება კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული.
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ფრანგული ენის შესწავლის მსურველებს უფასო კურსებს სთავაზობს.
კურსი საკომუნიკაციო, საბაზისო ფრანგულს შეასწავლის დაინტერესებულ პირებს თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიური მასალების დახმარებით.
დასაწყისისთვის ფრანგული ენის კურსი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სამთვიანი იქნება და A 1 საფეხურით დაიწყება, შემდეგ კი, მსურველთა დაინტერესების შესაბამისად გაგრძელდება.
გაკვეთილები 2019 წლის პირველი მარტიდან ჩატარდება კვირაში ორჯერ, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.
ფრანგული ენის უფასო კურსზე ჩაწერა 18-30 წლის ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რისთვისაც დაინტერესებულმა პირებმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს უნდა მიმართონ ვაჟა-ფშაველას ქ. № 21-ში.
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პედაგოგების ანაზღაურებაზე გეგმას მაისში წარმოადგენს.
„მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა. სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი – ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს – შემოქმედებით მიდგომაზე. მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია“.
ბატიაშვილის თქმით, გრძელვადიან პროცესში უნდა მოხდეს სკოლის, ხარისხის სამსახურების გაძლიერება და სკოლა თვითონ უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე.
აჭარის მთავრობის თანამდებობის პირთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
ორგანიზაციამ თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა და დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოავლინა.
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. თანამდებობის პირი, ასევე, ვალდებულია საწარმოში საკუთარი წილი სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვა პირს გადასცეს.
“გამჭვირვალობის” ცნობით:
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, გიორგი მანველიძეს 2019 წლის 18 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ის არის შპს I-G-ის 50% წილის მფლობელი. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს არც 2018 წლის და არც 2017 წლის დეკლარაციებში არ ჰქონდა მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ მანველიძე კომპანიის მეწილეა 2012 წლიდან. კანონის მოთხოვნის თანახმად, მანველიძემ აღნიშნული წილი, დეკლარირებასთან ერთად, სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ხვიჩა შარაშიძეს 2018 წლის 26 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს vox-ის 50%-იანი წილის მფლობელი, რაც კანონის შესაბამისად, მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, შორენა ქარცივაძე შპს HAIR FASHION-ის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ დავით ბაციკაძეს 2019 წლის 24 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მის საკუთრებაშია შპს „როიალ ბათუმის” 25% წილი. თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული. აღნიშნული კომპანიის დირექტორი დავით ბაციკაძის მეუღლე, ნანა ბაჯელიძეა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ილია ვერძაძეს 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი შს „ცდა 2008”-ის 15%-იანი წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ჯამბულ ხოზრევანიძეს 2018 წლის 2 მარტს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „სენეს” 100%-იანი და შპს „ჯთას” 50%-იანი წილის მფლობელობა. გარდა იმისა, რომ ჯამბულ ხოზრევანიძეს აღნიშნული წილების შესახებ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა, თანამდებობის დაკავებისთანავე ისინი სამართავად მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, თეონა ბერიძეს 2018 წლის 28 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რამაზ ბალაძე არის შპს „ბალა+”-ის 50%-იანი წილისა და შპს „იქს-სთოუნის” 33%-იანი წილის მფლობელი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს, თორნიკე კუჭავას 2018 წლის 3 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი შპს „ჯეო-სვლას” 20%-იან წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული.
ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ზაზა ოქუაშვილს 2018 წლის 28 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილები, რატი და გიორგი ოქუაშვილები არიან შპს „ბენმონტი-BENMONT”-ის 50-50%-იანი წილის მფლობელები, თუმცა ზაზა ოქუაშვილს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება წელს, 24 იანვარს შეუწყდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინწინ, 5 თებერვალს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ჩაატარა თბილისიდან ჩამოსულმა სპეციალურმა ჯგუფმა.
თვითმხილველის თქმით, დაახლოებით ერთ კილოგრამამდე ჰეროინი ქალს და კაცს ფოსტით გამოუგზავნეს და ისინი ქობულეთის ცენტრში მდებარე ფოსტის შენობიდან გამოსვლისთანავე დააკავეს.
„ფოსტიდან გამოსვლის დროს უცებ დააკავეს. კაცი თურქულად იძახდა, ეს ჩემი არ არის, ქალს ეკუთვნისო, ახალგაზრდა ქალს კი არაფერი უთქვამს, ის ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს,“ – გვითხრა თვითმხილველმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას ნარკოდანაშაულისთვის ქობულეთში ორი პირის დაკავების შესახებ. შსს-ს ინფორმაციით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით დააკავეს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გასაღებას.
ამ ტიპის დანაშაული მძიმე სასჯელს – მათ შორის უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს.
შსს-ში არ აკონკრეტებენ საქმის დეტალებს, მათ შორის იმაზე, თუ რა ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს სამართალდამველებმა ქობულეთში.
გუშინ, 6 თებერვალს, სამართალდამცველებმა ქალი და მამაკაცი სპეცოპერაციით ბათუმშიც დააკავეს.
სამართლებრივ ნორმას, რომელიც ჩხრეკის ჩატარების მიზანს და საფუძველს ადგენს, მოქალაქე გიორგი ქებურია ასაჩივრებს. იგი 2017 წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოქალაქის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 7 თებერვალს, განიხილავს განმწესრიგებელ სხდომაზე.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაციის წყარო შესაძლოა ე.წ. კონფიდენტი იყოს, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, მათ შორის, მოსამართლისთვისაც.
„ამგვარი რეგულირება ქმნის პირადი ცხოვრების უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევის რისკებს, ასევე, არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპსა და დაცვის უფლებას,“ – მიიჩნევს მოსარჩელე.
სარჩელში აღწერილია კონკრეტული შემთხვევაც, როცა უზენაესმა სასამართლომ შეცვალა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და პირის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ დაფიქსირდა.
„სასამართლო უთითებს დაცვის მხარის ბრალდებებზე ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებასთან“ დაკავშირებით, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მათ ვერ მოახერხეს ბრალდების არგუმენტების გაბათილება, სასამართლოს სიტყვებით: „დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ გ. ვ-ს [ბრალდებული] ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, თუმცა მათ ვერ წარმოადგინეს რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.“
უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ეჭვები არ გაითვალისწინა, იმის მიუხედავად, რომ დაცვამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა სხვა რესურსი და წარმოადგინა ექსპერტიზების დასკვნები, რომელიც ადასტურებდა, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე ბრალდებულის შეხების კვალი არ აღმოჩნდა.
უზენაესი სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტების ჩვენებებით მითითებულ თეორიულ შესაძლებლობაზე, ნივთიერ მტკიცებულებასთან შეხების მიუხედავად, კვალი გამოსაკვლევ ობიექტზე არ დარჩენილიყო… ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს,“ – აღნიშნული სარჩელში.
მოსარჩელე გიორგი ქებურია მთავარ აქცენტს კონფიდენტის კონფიდენციალურობაზე აკეთებს. მისი აზრით, კონფიდენტის ვინაობის დადგენამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსამართლის „შინაგან რწმენაზე“.
„ბრალდებულების მიერ წამოჭრილი ეჭვი, მაშინაც კი, როცა ის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით იყო გამყარებული და დამაჯერებლობის აუცილებელი ხარისხით არ გაბათილებულა, არ იქნა გამოყენებული ბრალდებულის სასარგებლოდ. ამ დროს არც ბრალდების, არც დაცვის მხარეს, ან სასამართლოს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ინფორმაციის პირველწყაროს – კონფიდენტის შესახებ რაიმე ინფორმაცია მოეპოვებინათ… კონფიდენტის ვინაობის და ინფორმაციის მოპოვების გარემოებების შესახებ ინფორმაციას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაში, არსებობდა თუ არა რეალური საფუძველი წარმოდგენილი ვერსიის გასაზიარებლად,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.
სარჩელში ხაზგასმულია ისიც, რომ სასამართლო ამ ტიპის საქმეებზე არ უნდა იღებდეს გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს.
„სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ მოთხოვნას… მართალია, პოლიციელების ჩვენება არ არის ირიბი ჩვენება პირის ბრალეულობასთან მიმართებით, რადგან მას წყაროს იდენტიფიცირება არ შეუძლია, ხოლო პირდაპირ ჩვენებად მხოლოდ ჩხრეკის საფუძვლებთან მიმართებით შეიძლება მოგვევლინოს, ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად არის წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებებში და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებასთან ერთად მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“, – წერია სარჩელში.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.
2019 წლის დასაწყისისთვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს შორის არის როგორც უცხოურიდან თარგმნილი, ასევე, ქართულენოვანი წიგნები. აქტიური მკითხველები ხშირად ბესტსელერებს სკეპტიკურად უყურებენ და რეალურადაც ყველას საუკეთესო წიგნების საკუთარი სია აქვს. თუმცა თუ ქართველი მკითხველის არჩევანს ენდობით, მაშინ ამ ათეულიდანაც აარჩევთ რამეს წასაკითხად.
გამომცემლობების – „ინტელექტი”, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, „დიოგენე” და „წიგნები ბათუმში” – ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლის დასაწყისის მონაცემებით, ბესტსელერების სია საკმაოდ გრძელია, ჩვენ მათგან ათ საუკეთესოს გთავაზობთ:
ამ რომანში ყველა კვდება
„ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას: ხან ამაოდ არწმუნებს რომეოსა და ჯულიეტას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებენ, ხან ტუბერკულოზით დაავადებულთა ცნობილ სანატორიუმს ფარულად ამარაგებს პენიცილინით, ხანაც მორიარტის აგდებს ჩანჩქერიდან ჰოლმსის გადასარჩენად. მაგრამ სხვა პერსონაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მემენტო მორი შეიტყობს, რომ მისი ავტორი საკუთარ რომანში ვიღაცის მოკვლას გადაწყვეტს”, – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.
„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო. რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა – ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდიალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის”, – გამომცემლობა „ინტელექტი”.
თამარ გეგეშიძე „სული-ჩიტი”
„სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის სადებიუტო რომანი, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნია.
ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება”, – გამომცემლობა „ინტელექტი”
„ვიტოლდ გომბროვიჩი პოლონელი მწერალია, რომელსაც მეოცე საუკუნის ლიტერატურაში მნიშვნელობით მარსელ პრუსტსა და ჯეიმზ ჯოისს უთანაბრებენ.
“უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, – ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში. პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას კათოლიკობის, ქვეყნის მსახურების გარშემო – გომბროვიჩმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა.
რომანში ორი ვარშაველი ინტელექტუალი გარემოებათა გამო ადგილს იცვლის, მათთვის უჩვეულო ,,სცენაზე“ ხვდება და ამის შემდეგ რაღაც ბნელ-ნათელი იმპულსების კარნახით მოქმედებს, რაღაც ახალ რეალობას ქმნის, ძველი ყაიდის მემამულეთა ცხოვრებიდან სიკვდილ-სიცოცხლის სცენას ჩარხავს – რისთვის, რატომ – იმიტომ, რომ ესთეტიკური მგრძნობელობა არ აქვთ დაკარგული: სადღაც სიცოცხლის ძარღვი ფეთქავს, სადღაც არის აბსოლუტური მშვენიერება, ახალგაზრდობა, თავაწყვეტილი სიცოცხლე… ომის, გამოფიტულობის, უსურვილობის ატმოსფეროში”, – ქეთი ქანთარია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”
დათო გორგილაძე „ღმერთი სამსახურშია”
„წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ”, – გამომცემლობა „ინტელექტი”.
ვიქტორ პელევინი „GENERATION „პ” ” – მთარგმნელი: შოთა იათაშვილი
„პელევინის საკულტო რომანი „Generation „პ“ 1990-იანი წლების რუსეთზე, მის სოციალურ და პოლიტიკურ რეალიებზე მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ავტორი „პეპსის თაობას“ უწოდებს. იგი „მზიური“ საბჭოთა ყოფიდან უცებ აღმოჩნდება სრულიად ახალ, სასტიკ რეალობაში. კაცი, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლობს და თავის მომავალ საქმედ მთარგმნელობა დაუსახავს, უცებ თავს ამოყოფს რეკლამისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში”, – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.
“დედის რძე” წიგნების ახალი სერიის, “საკუთარი ოთახის” პირველი წიგნია. სერია „საკუთარი ოთახი“ ქალ ავტორებს გააერთიანებს. ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს თავიანთი საქმითა თუ სიტყვით ხელი შეუწყვეს თანასწორობის საკითხების წინ წამოწევას, ქალებისთვის უფლებების მოპოვებას, მათ გააქტიურებას. ქალების, რომლებიც არაერთი სხვა ქალისთვის გახდნენ შთაგონების წყარო, მათი წიგნები კი იქცა ახალი ტალღების, ახალი მოძრაობების სათავედ. ეს ნაწარმოებები – მნიშვნელოვანი, აქტუალური ნაწარმოებები – შეგვახსენებენ, რომ მსოფლიოში თანასწორობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, რომ არსებობს უამრავი ქალი, რომელთა ხმა უბრალოდ არ ისმის, რადგან ისინი გამომწყვდეულები არიან ტრადიციების, ადათების, ძალადობის, სიღარიბის, აუნაზღაურებელი და უჩინარი საშინაო შრომის, დისკრიმინაციული კანონების მარწუხებში”, – გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”.
თემურ ბაბლუანი – „მზე, მთვარე და პურის ყანა“
„ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი”, – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.
„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ – მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი – 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა.
რომანის გმირები 1960-1970-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს”, – გამომცემლობა „დიოგენე”.
„უნივერსიტეტიდან არდადეგებზე შინ დაბრუნებული 19 წლის პოლი საჩოგბურთო კლუბში წევრიანდება, სადაც სიუზენს გაიცნობს. სიუზენი 48 წლისაა, დაოჯახებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მცირე ხანში პოლისა და სიუზენის ურთიერთობა უბრალო ნაცნობობას სცდება – მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს წიგნი სწორედ ამ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც უკვე ხანში შესული პოლი ჰყვება”, – გამომცემლობა „დიოგენე”.
ხვალ, 07 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნის.
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო:
[checklist]
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ძალისხმევით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები: მოპირკეთდა 1ჰა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია; მომზადდა და გამოიყო 1ჰა პარკირების ადგილი საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისათვის; დამატებით 1,7ჰა ტერიტორიაზე მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი; მოეწყო 180მ სარკინიგზო ჩიხი და სატვირთო ავტომანქანების პარკინგი 2ჰა ტერიტორიაზე. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა;
ნავსადგურის საქონელბრუნვის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და საავტომობილო მოძრაობისათვის დაბრკოლებების შექმნის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვნი როლი ითამაშა აჭარის ა.რ. ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულმა საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტმა – საავტომობილო ხიდის გახსნამ შესაძლებლობა მისცა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“ გაეკეთებინა 280მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები და განიტვირთოს ნავსადგურის მთავარი შესასვლელი;
წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არა მარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე;
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა“ და შპს „მედლოგ ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.
[/checklist]
ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან:
ალქან ალიჯიქი – MSC Georgia, მმართველი დირექტორი,
ვოლკან ტეკ – MEDLOG Turkey, კომერციული დირექტორი,
ჯემალ ინაიშვილი – MSC Georgia-სა და MEDLOG Georgia-ს პარტნიორი,
სალვადორე პრუდენტე – MEDLOG, Geneva, აღმასრულებელი დირექტორი,
ჰანს ოლე მადსენ – ICTSI Europe, Middle East and Afrika, ვიცე-პრეზიდენტი,
ნიკოლოზ გოგოლი – Batumi International Container Terminal (BICT) მმართველი დირექტორი.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე დაზიანდა 225მმ-იანი წყლის მაგისტრალური მილსადენი, რომლის აღდგენისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, დღეს საღამოს 00:00 საათიდან, 7 თებერვლის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:
[checklist]
ჯავახიშვილის ქუჩას: პუშკინისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში;
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას: გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩების მონაკვეთში;
გიორგი ბრწყინვალის ქუჩას: N122-დან, N132-ის ჩათვლით;
[/checklist]
„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაგეგმილია ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, თუმცა სკოლის ორსართულიან შენობაზე სართულების დაშენება არ იგეგმება.
„ჩვენ წელს გამოვაცხადეთ რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია, ეს არის სააქციო საზოგადოება „აჭარკავშირი“. დავალება არის ის, რომ შეიმუშაოს სარეაბილიტაციო პროექტი“, – გვეუბნება სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია.
რადგან მეორე საჯარო სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რეაბილიტაციის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა გასცეს.
„სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რეალურად, ჩვენ ამ ტენდერით მხოლოდ სარეაბილიტაციო პროექტს ვყიდულობთ და დაშენება გათვალისწინებული არ არის, არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და არც სკოლის მეორე შენობაზე“, – გვითხრა თეა ვადაჭკორიამ.
რეაბილიტაციის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარია გამოყოფილი.
შენობის რეაბილიტაცია რამდენი დაჯდება, ჯერ არ არის ცნობილი. ხარჯთაღრიცხვას ტენდერში გამარჯვებული პირი წარუდგენს სამინისტროს. 2019 წელს რეაბილიტაცია არ არის დაგეგმილი. წელს მხოლოდ პროექტს შეისყიდიან.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე კი ამბობს, რომ დაშენებასთან დაკავშირებით სმენია, თუმცა ოფიციალურ დონეზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ამ საკითხზე წერილი არ მომსვლია, არც შეხვედრა მქონია ვინმესთან. სკოლას რომ გაფართოება სჭირდება, ეს ცხადია, რადგან მოსწავლეთა კონტინგენტი იზრდება და გაფართოების წინააღმდეგი არ ვიქნებით“, – ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, სკოლის შიდა შენობაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი არ აქვს და 1972 წელსაა აშენებული, დაშენება შესაძლებელია.
ახლანდელი მეორე საჯარო სკოლის მშენებლობა 1900 წელს დაიწყო. 1904 წელს აქ ქალთა გიმნაზია იყო განთავსებული. საარქივო წყაროების მიხედვით, გიმნაზიის შენობის აშენება დაუწყია ა.ლ. შაპიროს პოდპოლკოვნიკ პომორსკის პროექტის მიხედვითა და მისი ხელმძღვანელობით.
ბათუმში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების რეალიზაციისთვის 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე არავინ დაუჯარიმებიათ. თუმცა, მარტო ოქტომბრის თვეში ათასამდე ობიექტი იყო გაფრთხილებული აკრძალული პარკების ქსელიდან ამოღებაზე. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქში დღეისათვის თითქმის ყველა ობიექტი გაფრთხილებულია, მაგრამ ეს გაფრთხილებები იყო საინფორმაციო ხასიათის. მერიაში ამბობენ, რომ დაჯარიმებას პირველი აპრილიდან დაიწყებენ.
საქართველოს კანონმდებლობით:
მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე, მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.
2018 წლის პირველი ოქტომბრიდან სავაჭრო ქსელში მხოლოდ 15 მიკრონზე მეტი სისქის პარკების რეალიზაციაა დაშვებული. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ასეთი პარკებიც აიკრძალება.
ბათუმის სავაჭრო ქსელში აკრძალული [თხელი] პარკები დღესაცაა რეალიზაციაში, თუმცა არის მარკეტები, სადაც ისეთი პარკებიც არის, რომლებზეც მწარმოებელი და პარკის სისქეც არის მითითებული. თუმცა, ზოგან ასეთი პარკები უფასო აღარ არის და მომხმარებელს მასში 5-8-10 თეთრს ახდევინებენ.
ბათუმის მერიისსგან მიღებულ ინფორმაციას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სავაჭრო ქსელში არავინ აკონტროლებს პარკი, რომელსაც სთავაზობენ მომხმარებელს, შეესაბამება თუ არა იმ სტანდარტს, რაც დაშვებულია კანონით.
პოლიეთილენის პარკი წარწერით, რომ პარკის სისქე მეტია 15 მიკრონზე, ანუ ასეთი პარკის რეალიზაცია არ არის აკრძალული / გადაღებულია ბათუმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში / 5.02.2019
პლასტიკის პარკები 2019 წლის აპრილიდანაც იქნება რეალიზაციაში, თუმცა დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები, აუცილებლად შესაბამისი წარწერით.
პლასტიკის პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. ბიოდეგრადირებადიდაკომპოსტირებადიპარკი კი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია.
სპეციალისტის თქმით, ე.წ. ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ იშლება და არ ქრება ნიადაგში. ბიოდეგრადირებადი პარკი კი, შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ ცელოფნის პარკის ბიოდეგრადირებას, ანუ ბუნებაში გაქრობას იწვევს. ეს ნივთიერებები ამ პროცესს აჩქარებს.
რა თანხით აშენებს აჭარის მთავრობა საცხოვრებელ კორპუსს „ოცნების ქალაქში“, როცა ბიუჯეტში ეს ფული გათვალისწინებული არ არის? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა დაახლოებით 10 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ამ კუთხით ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს.
„საპროექტო თანხა გამოიყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და ეს იქნება დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარი. მიმდინარეობს ბაზრის შესწავლა და ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება,“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
არჩილ ვანაძე ასევე ამბობს, რომ ტენდერი პროექტის შესყიდვაზე „ოცნების ქალაქში“ 8400 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე გამოცხადდება. სადაც შენობა-ნაგებობები განთავსებული არ არის. მინისტრის მოადგილის თქმით, მომავალი წლისთვის მორიგი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებელად თანხა შესაძლოა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოს.
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენების შესახებ დღეს, 6 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. ამავე ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ პირველ ეტაპზე საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებელად 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამ სპეცოპერაციას ბათუმის ცენტრში არაერთი თვითმხილველი ჰყავდა – ნიღბიანმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დღეს, 6 თებერვალს, ორი პირი დააკავეს. დაკავებული ქალი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო კაცი – თურქეთის.
რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდგომი ტაქსის მძღოლი, რომელიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა, ამბობს, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი იყო ქუჩაზე, მაგრამ პროცესი სანამ არ დასრულდა, ვერაფრით გაიგო, რა ხდებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღებზე წარედგინებათ.
განათლების სამინისტრომ სკოლებში საატესტატო გამოცდები გააუქმა. თუმცა რა სისტემით შეაფასებენ მოსწავლეებს საბოლოოდ, არიან თუ არა სკოლები მზად საგამოცდო სისტემის დეცენტრალიზაციისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხები არც სკოლას აქვს და არც სამინისტროს. ბუნდოვანებით მოცულ რეფორმაზე, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობასა და მოსალოდნელ რისკებზე „ბათუმელებთან“ მეორე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნანა პაპუნაიშვილი საუბრობს.
ქალბატონო ნანა,თქვენი აზრით,რა რისკებს შეიცავს საატესტატო გამოცდების გაუქმება სკოლაში?
ვფიქრობ, რომ CAT-ის სისტემამ დრო მოჭამა. ნამდვილად გასაუქმებელი იყო, მან თავისი დრო ამოწურა, მაგრამ ასე რადიკალურად, უცებ, ყოველგვარი მომზადების გარეშე, არასასწავლო წლის დასაწყისში, იყო უხეში შეცდომა.
გარკვეულ პერიოდში მან ნამდვილად ითამაშა დიდი როლი, ბავშვი დაუბრუნდა სკოლას, გაუჩნდა მოტივაცია და, რაც მთავარია, კორუფცია შეამცირა ნულამდე. სიახლეების აუცილებლობაა დღეს და ცვლილებებს ველოდებოდით კიდეც, მაგრამ ცვლილებებისთვის მომზადება საერთოდ არ მომხდარა.
დღეს სკოლებმა თუ იცით, როგორ უნდა შეაფასოთ მოსწავლე, არის ამაზე საუბარი?
ითქვა, რომ სკოლამ უნდა ჩაატაროს გამოცდები და ეს ფუნქცია არ იქნება მარტივი და ადვილი. ეს საკითხიც დასახვეწია. აქამდე როგორც ატარებდა სკოლა გამოცდებს, ისე შეუძლებელია. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას. ფაქტობრივად, მასწავლებელმა უნდა შეაფასოს საბოლოოდ მოსწავლე ატესტატისთვის. მაგრამ სამომავლოდ, ვფიქრობ, მოსწავლის საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს შემაჯამებელი წერითი ტესტებით და აუცილებლად კომპიუტერთან და აქედან უნდა გამოვიყვანოთ საბოლოო ქულა. ფაქტობრივად, სკოლამ უნდა აიღოს ის ფუნქცია, რაც აქამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა. რამდენად არის სკოლა დღეს ამისთვის მზად, რთული სათქმელია. ბევრი ნიუანსია, მათ შორის პედაგოგების პროფესიონალიზმი.
ფიქრობთ, რომ შემაჯამებელი ტესტები იქნება გადამზღვევი, რომ მოსწავლე ობიექტურად შეფასდეს და მასწავლებელმა არ გამოიყენოს ეს ბერკეტი ბოროტად?
რა თქმა უნდა. თუმცა ამაზე ისევ მიდის მსჯელობა. ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული აზრი სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე არ მომისმენია. ისევ გასარკვევია, ვინ აიღებს საბოლოოდ ამ ფუნქციას – სკოლა თუ გამოცდების ცენტრი.
წესით, მასწავლებელი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, არ მოიქცევა არაკეთილსინდისიერად. კორუფცია არის დანაშაული, მაგრამ რისკები არსებობს. მასწავლებელს, რომელსაც, მიუხედავად მისი პროფესიონალიზმისა, ძალიან უჭირს მატერიალურად, ვერ მოსთხოვ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებას, მაგრამ პროფესიონალი პედაგოგი ამას არასდროს დაუშვებს.
სკოლის დირექციამ, მოსწავლემ, მშობელმა უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი. მე მინდა წიგნიერი, განათლებული, ამბიციური თაობა, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს წინ.
თქვენი აზრით, შემაჯამებელი ტესტი ვინ უნდა შეადგინოს – გამოცდების ცენტრმა თუ სკოლამ?
თვითონ მასწავლებელმა ან კათედრამ. საერთოდ, კონსერვატორულ საზოგადოებაში ყოველთვის არის შიში სიახლეების მიმართ. მე შიში გამიჩნდა ჩემი საგნის მიმართ, რადგან განათლების მინისტრმა საერთოდ უგულებელყო საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება. არც კი უხსენებია. თქვა, რომ უმაღლესში ჩასარიცხად პრიორიტეტი იქნება ქართული და უცხო ენა. ეს კიდევ უფრო მეტად შეასუსტებს ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ და ეს ძალიან მტკენს გულს.
ის ბავშვები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ გახდნენ ექიმები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, მათთვის ხომ მაინც იქნება ეს საგნები მნიშვნელოვანი?
რა თქმა უნდა, მაგრამ მოსწავლე ამ ასაკში უკვე წინ იხედება. თუ მან იცის, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად არ არის ეს საგნები მნიშვნელოვანი, არ ისწავლის.
უმაღლესი სასწავლებლები კი, ვფიქრობ, არ გახდიან ამ საგნებს პრიორიტეტულს იმისთვის, რომ მეტი აბიტურიენტი მიიზიდონ. ბატიაშვილს არც კი უხსენებია საბუნებისმეტყველო საგნები.
საბაზო განათლების ატესტატი ხომ უნდა აიღოს ბავშვმა. ამ ეტაპზე ხომ ისწავლება ეს საგნები. არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ დროს უნდა გაუჩინოს მასწავლებელმა მოსწავლეს ამ საგნების მიმართ ინტერესი?
რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ სახელმწიფოს დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია. ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ გახსნილიყო, ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდებოდა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ.
40 წელია ვასწავლი ქიმიას და ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ძალიან გულსატკენია, რომ ასეთი საოცარი მეცნიერებები ასე უყურადღებოდაა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ამ სფეროში სპეციალისტების დეფიციტი გვექნება.
თუ ვინმეს მედიცინა აინტერესებს, ის ბიოლოგიას აირჩევს და არა ქიმიას. კონტექსტში – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია მეორეხარისხოვანი გახდება. მე მგონია, რომ ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. იცით როგორი სახელმძღვანელოები გვაქვს სკოლაში? – დრომოჭმული, გადასაგდები. ლაბორატორიები არ გვაქვს, რა ინტერესზეა საუბარი. ჩვენ იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, რომ კლასში ასაკის შესაბამისი მერხები დავდგათ. 12 წლის ბავშვი და 17 წლის ერთი და იმავე ზომის მერხზე ზის. რამდენიმე დღის წინ გამოკვლევებზე იყვნენ მოსული და ათიდან რვა ბავშვს სქოლიოზი აღმოაჩნდა. ელემენტარული საკითხები ვერ მოუგვარებიათ და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. პრობლემაა ბავშვების რაოდენობა კლასებში და ბევრი რამ.
თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, რა იწვევს ყველაზე დიდ ბუნდოვანებას ამ პროცესებში?
როგორც საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლისთვის, ბუნდოვანება არის ის, რომ მოტივაცია არ დაეკარგოს ბავშვს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, საბაზო საფეხური მეათე კლასის ჩათვლით იქნება, თუ ისევ მეცხრე კლასი დარჩება. მე ვერ დავინახე პროგრამები, რა და როგორ იქნება, სამინისტროშიც არ არიან ჯერ ჩამოყალიბებული. სკოლის დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას თავს გაართმევენ ისეთი სკოლები, სადაც ჰყავს პროფესიონალი, აზრიანი დირექტორები. ასეთი კი ბევრი არ იქნება.
ახალი სისტემახომ არ შეუწყობს ხელს იმას, რომ საბაზო საფეხურიდან უფრო მეტი მოსწავლე გავა, ვიდრე აქამდე იყო?
თუ სკოლა აიღებს თავის თავზე იმ ფუნქციას, რაც ჰქონდა ეროვნულ საგამოცდო ცენტრს, შესაძლებელია ეს მოხდეს. მაგრამ, მეორე დიდი პრობლემაა ის, რომ, თუნდაც ჩვენს ქალაქში, არ არის მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლები. არც მათი აქტიურობა მინახია. არ მოდიან სკოლაში, არ ხდება მოსწავლეების დაინტერესება, რეკლამა. ეს თუ იქნება, უკეთესია.
სისტემა, რაზეც ვსაუბრობთ, თუ დარჩება ძალაში, რა შემთხვევაში დასჭირდება მოსწავლეს მაღალი ქულები. ანუ, ათოსნობა ისევ იქნება აქტუალური თუ არა?
ვიღაცისთვის ეს იქნება პრესტიჟის საკითხი. ვიღაცისთვის აღარ ექნება ყველა საგანში მაღალ ნიშნებს მნიშვნელობა. ისწავლის მხოლოდ იმ საგნებს, რის ჩაბარებასაც აპირებს უმაღლეს სასწავლებელში.
როგორ ფიქრობთ, სიახლეები შეცვლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის დამოკიდებულებას?
გააჩნია, ყველაფერი მაინც პიროვნებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მასწავლებელი მაინც ვერ გაბედავს ბოროტად ისარგებლოს უფლებებით და შეგნებულად დააკლოს ნიშანი მოსწავლეს. მოსწავლე ყოველთვის იქნება დაცული, თუ სკოლა დგას თავის სიმაღლეზე, სადაც ბავშვია ამოსავალი და მისი დაჩაგვრა, შეურაცხყოფა მიუღებელია, ანგარებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი საფრანგეთში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა.
5 თებერვალს, სომეხთა ორგანიზაციების ყოველწლიური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გააკრიტიკა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი.
ოფიციალურად სომეხთა გენოციდი საფრანგეთმა 2001 წელს აღიარა.
ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და რომის პაპმა 1915 წლის 24 აპრილის სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად მიიჩნიეს, თუმცა ზოგი ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ფაქტის გენოციდად შესაფასებლად არსებული მტკიცებულებები არასაკმარისად დამაჯერებელია.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდზე საფრანგეთის დამოკიდებულების შესახებ მან წინასწარ აცნობა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაეპ ერდოღანს. მაკრონმა ასევე მზაობა გამოხატა თურქეთთან ღია დიალოგისთვის.
„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შეხედულებები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლასთან, თურქეთში სამოქალაქო თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს სომეხთა გენოციდზეც.
თუმცა არის საკითხები, რაზეც ვთანხმდებით, მაგალითად, სირიაში პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. თურქეთთან დიალოგი გარდაუვალია,“ – აცხადებს მაკრონი.
თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების დიდი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიასთან შეტაკებებისას დაიღუპა. თუმცა სადავოდ მიიჩნევს გარდაცვლილთა რაოდენობის მასშტაბს და უარყოფს, რომ ეს იყო სისტემური და ორგანიზებული ხოცვა-ჟლეტა. თურქეთი ასევე მიიჩნევს, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდის ნიშნებს არ შეიცავდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 8 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.
ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს. საუბარია ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებზე, რომლებიც რეისებს თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის მიმართულებით ასრულებენ.
„უკანონო ავტოსადგურებს რომ ვეძახით, რომელიც ქალაქთაშორის მარშრუტებზე დადიან, იმათ აღებასაც დავიწყებთ, გაუქმებას და მათ შეყვანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ახლა დღეში საშუალოდ 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ამით კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა,“ – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი თანამშრომლები უკვე შეხვდნენ ე.წ. უკანონო ავტოსადგურებში მომუშავე მძღოლებს და ინფორმაცია მიაწოდეს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ.
„პირველ მარტამდე მივეცით ვადა. ამ დროის მანძილზე უნდა მოძებნონ თავად ადგილი რომელიმე ავტოსადგურში და გადავიდნენ. თუ ამ მითითებას არ დაემორჩილებიან, პირველი მარტიდან მათ დაჯარიმებას დავიწყებთ,“ – აცხადებს ემზარ ქავჟარაძე.
მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ მძღოლები. „ბათუმელებმა“ ბაქოს ქუჩაზე ქობულეთისა და თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გამოკითხა. მძღოლების თქმის, მათთვის არავის არაფერი უცნობებია.
ინფორმაციას არ ფლობდნენ არც წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მიკროავტობუსების მძღოლები. მათი დისპეჩერის თქმით, მერიის მითითებას დაემორჩილნენ და წერეთლის ქუჩაზე მიკროავტობუსების რაოდენობა ერთამდე შეამცირეს. სხვა „მარშუტკები“ კი ავტოსადგომებზე გადაანაწილეს. როცა ერთი გაივსება და წავა, მეორე მიკროავტობუსი მხოლოდ ამის შემდეგ ჩერდება წერეთლის ქუჩაზე.
ბათუმის მერიამ მძღოლებს ახალი ავტოსადგურების მოსაძებნად ვადა პირველ მარტამდე მისცა.
ეგრეთ წოდებული ავტოსადგური წერეთლის ქუჩაზეეგრეთ წოდებული ავტოსადგური ბაქოს ქუჩაზე
აჭარის მთავრობამ დღეს, 6 თებერვალს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის კორპუსების აშენება დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს, გადაჭრას ამ ტერიტორიაზე უკანონოდ გაშენებულ დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემა. ადამიანები აქ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკანონოდ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ეკომიგრანტები ან აჭარის მაღალმთიანეთში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები არიან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ამისათვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. მან აღნიშნა, რომ ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმებზეა საუბარი. მას ასევე არ დაუსახელებია, რამდენი ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა.
რა რისკებს შეიცავს მთავრობის გადაწყვეტილება – „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ ბინები გადასცეს? „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება პოზიტიურია იქ მცხოვრები ადამიანებისათვის, თუმცა გარკვეული რისკები არსებობს:
მალხაზ ჭკადუა
„ჩვენ 2013 წლიდან ვეუბნებით აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობას, რომ საჭიროა კვალიფიციური კვლევა, თუ რა ტიპის საჭიროებები უდგათ ამ ადამიანებს, ვინ არიან ეს ოჯახები, რა შემოსავალი აქვთ, დადასტურება, რომ ნამდვილად დგას ის საჭიროებები, რაზეც თვითონ ამბობენ. კვლევა, რითაც მთავრობა დაინახავდა, თუ რა პროექტის განხორციელება შეიძლება, რა დაჯდება ამ პრობლემის მოგვარება. იყო კომისიაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კომისიის ნამუშევარი, ფინალური დოკუმენტი, სადაც წავიკითხავდით რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ არ გვინახავს.
ახლა, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა ასეთი ამბიციური გეგმის შესახებ, რომელიც, ბუნებრივია, პოზიტიურად იმოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე, იმედია, მთავრობას უკვე ხელთა აქვს დოკუმენტი, კვლევა და რაოდენობა იმ ოჯახებისა, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ახალი საცხოვრებელი გარემო. თუ ეს კვლევები ჩატარებული არ არის და თუ მათ არ იციან ეს რამდენ ადამიანს ეხება, მაშინ შეიქმნება ქაოსი, იმიტომ, რომ უნდა განისაზღვროს, ვის აქვს განსაკუთრებული საჭიროება და ვისთან შეიძლება გარკვეულ გადავადებაზე მუშაობა. იმედი მაქვს, რომ მთავრობას აქვს ეს დოკუმენტები, სხვა შემთხვევაში შეიქმნება ძალიან არასასურველი გარემო და არსებობს გარკვეული რისკები.
რისკები არსებობს იმისა, რომ შეიძლება ამ ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს ახლა, როცა უკვე ითქვა, რომ კორპუსები აშენდება. შეიძლება გამოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი აქტორები, რომლებიც შეიძლება იქ არ ცხოვრობდნენ, მაგრამ შეეცდებიან ისარგებლონ ამ მდგომარეობით. ამიტომ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით შესწავლა. ასევე არსებობს რისკი, რომ ის პირველადი თანხა, ათი მილიონი, რაზეც იყო საუბარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან, არ დაიხარჯოს ზედმიწევნითი სკრუპულოზურობით და გაჩნდეს გარკვეული კითხვის ნიშნები. ყველა ეტაპს სჭირდება მონიტორინგი, მონიტორინგს კი სჭირდება დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა. ამ დოკუმენტებზე უნდა ჰქონდეს წვდომა საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მთავრობა, როგორ მიდის და რამდენი ოჯახის დაკმაყოფილებაზეა საუბარი.
იდეალურ შემთხვევაში კრიტერიუმების მონახაზი [თუ რა კრიტერიუმებით გაიცემა ბინები] უკვე უნდა ჰქონდეს აჭარის მთავრობას. მონახაზს იმიტომ ვამბობ, რომ კრიტერიუმების შემუშავების დროს შესაბამისი სპეციალისტები ერთვებიან, რომელებმაც იციან, რამდენსულიან ოჯახს რა ფართობის ბინა სჭირდება, ჩვენ ხომ აქ ერთგვაროვან ოჯახებზე არ გვაქვს საუბარი… არის ოჯახები, სადაც შვიდი სულია, ან – სამი. არის ისეთი ოჯახებიც, სადაც რამდენიმე ადამიანი უკვე თავისი შვილებით ცხოვრობს, ანუ მათ სჭირდებათ სხვა ფართობის ბინები. იმედი მაქვს, კრიტერიუმებზე მუშაობა დაწყებულია და შემდეგ მთავრობამ ეს კრიტერიუმები გააცნო შესაბამის სპეციალისტებს“.
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გაზომვას. შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 28 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 2.1-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.3-ჯერ, ქუთაისში – 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმში – 1.2-ჯერ.
29 იანვარს – თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ, ქუთაისში – 1.7-ჯერ, ხოლო ბათუმში – 1.8-ჯერ.
30 იანვარს – თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.2-ჯერ, ქუთაისში – 1.3-ჯერ, ბათუმში კი – 2.2-ჯერ.
31 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, თბილისში – ყაზბეგის ბამზირზე – 1.3-ჯერ, წერეთლის გამზირზე, ვარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქ.ქუთაისში – 1.5-ჯერ, ხოლო ბათუმში – 1.7-ჯერ.
პირველ თებერვალს თბილისში წერეთლის გამზირზე – 2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.7-ჯერ, ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში – 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში – უმნიშვნელოდ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ეს გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო.
2 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ხოლო 3 თებერვალს გადაჭარბება იყო ქუთაისში 1.2-ჯერ და ბათუმში – 1.1-ჯერ. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზსა და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში – უმნიშვნელოდ.
ამ დღეების განმავლობაში, ასევე, ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში,აბუსერიძის ქუჩაზე – 1.6-ჯერ.
პატიმარმა ლეონიდე მიქაბერიძემ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
ლეონიდე მიქაბერიძე თაღლითობისთვის 2014 წელს გაასამართლეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა იგი ციხეში ჩადენილი დანაშაულისთვისაა ბრალდებული და თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მას მინიმუმ 10 წლით დაუმატებენ თავისუფლების აღკვეთას.
პატიმარი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას, ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას გულისხმობს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევა 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქმის განმხილველ მოსამართლეს კანონი არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად შეაფასოს ყოველი კონკრეტული გარემოება და ამ ინდივიდუალური შეფასების შემდეგ მიიღოს სანქცია,“ – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში პატიმრის ინტერესებს დაიცავს.
პატიმარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლს, სადაც წერია: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა, არაადამიანური, ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
ლეონიდე მიქაბერიძემ ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გასული წლის აგვისტოში შეიტანა, თუმცა ის არ დაარეგისტრირეს – სარჩელი პატიმარმა ციხეში ხელით შეავსო. პატიმარმა პრობლემის შესახებ „ბათუმელებს“ ციხიდან გამოგზავნილი წერილით შეატყობინა. მოგვიანებით პროცესში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო, შესაბამისად, სარჩელიც დადგენილი სტანდარტით მოამზადეს.
ეს პატიმარი აქამდე საერთო სასამართლოში ხანგრძლივი პაემნის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებდა. მან სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიგო სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. ციხის ადმინისტრაცია მას ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას იმ მოტივით არ აძლევდა, რომ ის მსჯვარდებულია, მაგრამ იმავდროულად ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა. კანონის მიხედვით, ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვს.
„მკაფიო უნდა იყოს კრიტერიუმი… ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც იქნება დროში გაწერილი,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენების გარდა, იქ მცხოვრები ადამიანების დასაქმებაზეც უნდა იზრუნოს.
“ოცნების ქალაქში” საცხოვრებელი კორპუსების აშენების შესახებ აჭარის მთავრობის თამვჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 6 თებერვალს განაცხადა.
გია აბულაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ შესთავაზა აჭარის მთავრობას „ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების აშენების იდეა, რაც იქვე სამრეწველო ზონის მოწყობასაც გულისხმობს.
„ჩვენ პასუხი საერთოდ არ მიგვიღია. მოვითხოვთ, რომ ამ პროცესში ჩაერთოს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ ისეთ პროექტზე, რომელიც იქნება საუკეთესო,“ – ამბობს გია აბულაძე. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმაღლესი საბჭოც კი არ ყოფილა ჩართული.
„შესაძლებელია, იქვე მოეწყოს ტრენინგ-ცენტრი, ეს ადამიანები თავად დასაქმდნენ მშენებლობებზე, სამრეწველო ზონის მოწყობით კი, დამატებით შემოსავალი იქნება ბიუჯეტში,“ – აღნიშნა გია აბულაძემ.
შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა.
4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი);
2 – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი);
86 – 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140-ე მუხლი)
„არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. მთავრობის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, რა კრიტერიუმებზეა საუბარი და სად შეეძლებათ მოქალაქეებს მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუკი ისინი ბინას ვერ მიიღებენ.
„კომისია აღარ შეიქმნება. არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს დღეებში დადებს დასკვნას,”- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მან არც ის გვითხრა, ვინ შედის ამ სამუშაო ჯგუფში, მაგალითად, არასამთავრობო სექტორიდან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, უცნობია, ჯამში რა დაჯდება ახალი კორპუსების აშენება „ოცნების ქალაქში“. მისი თქმით, 2019 წელს დაახლოებით 10 მილიონი დაიხარჯება და მალე ტენდერს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს. მისივე თქმით, მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ, 20-30 თვეში დასრულდება.
რატომ არჩია აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ბიუჯეტის ხარჯზე და ვერ შეძლო კერძო სექტორის დაინტერესება? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე თორნიკე რიჟვაძემ გვიპასუხა, რომ „მთავრობამ ყველაფერი სცადა“ და ბოლო დროს ამ დასახლებაში გაჩენილმა ხანძარმა უბიძგა მთავრობას, მიეღო ეს გადაწყვეტილება.
„ბათუმელებმა“ თორნიკე რიჟვაძეს ასევე ჰკითხა რისკის შესახებ, რაც ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს – სხვებმაც დაიკავონ სახელმწიფო ქონება საკუთრების მიღების მიზნით.
„იქნება კონკრეტული ღონისძიებები პრევენციისთვის, რომ ასე არ მოხდეს,“ – მოკლედ გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.
დღეს, 6 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საკადრო ცვლილებები მთავრობაში – კონკრეტულად ხომ არ აპირებს მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების გადაყენებას.
კითხვაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მოარული ხმებია:
„ჩვენ ვართ კონცენტრირებული საქმეზე და ამ ტიპის მოარულ ხმებს არ მივცემთ საშუალებას, რომ დისონანსი შემოიტანოს ჩვენს საქმიანობაში. გუნდი მუშაობს ერთსულოვნად და ბოლომდე, როგორც დღეს, ამ გადაწყვეტილებაში კონცენტრირებულია, მოახდინოს ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, გჯერათ, რომ განათლების მინისტრი შამილიშვილი გამოასწორებს იმ შენიშვნებს, რომლებიც მიიღო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა: „მე მჯერა, რომ გუნდი არის ერთსულოვანი.“
„მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის ასობით ადამიანის ყოფა-ცხოვრებას. მუყაოს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი გახდება ახდენილი ოცნების ქალაქი. სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას და იწყებს მათი პრობლემების მოგვარებას. ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 6 თებერვალს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს, მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანობის პრინციპების დაცვით. პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც.
თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა უყურადღებოდ არ დატოვებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში.
კორპუსების ასაშენებლად მთავრობა, პირველ ეტაპზე, 10 მილიონ ლარს გამოყოფს.
რამდენიმე დღის წინ „ოცნების“ ქალაქში მდებარე სახლები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა გადანომრეს.
ოცნების ქალაქი. ფოტო: როინ გუნდაძე
ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზებზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის და მუყაოს ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ. ამ ადგილს მუყაოს ან ოცნების ქალაქს ეძახდნენ, თუმცა თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.
ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.
შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით შესაძლოა ახალი საკანონმდებლო რეგულაცია დადგინდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ დააკმაყოფილებს. ამ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა დღეს, 6 თებერვალს გაიმართება.
ომბუდსმენი სადავოდ მიიჩნევს სამართლებრივ ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეებს უკრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს, ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის, პლაკატის, ტრანსპარანტის, ან აფიშის განთავსებას.
სარჩელში საუბარია სხვადასხვა შემთხვევაზე, როცა კარვის გაშლის უფლება მოქალაქეებს შეუზღუდეს. სარჩელში საუბარია 2018 წლის 11 სექტემბერზეც, როცა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე შვილმოკლული მამების მხარდამჭერ აქციაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება და განმარტეს, რომ ეს საჭიროებდა სპეციალურ ნებართვას. ინციდენტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
სახალხო დამცველის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის თავისუფლებას, რაც მოიაზრებს შეკრების ადგილას რაიმე ობიექტის განთავსების შესაძლებლობასაც. მოსარჩელის პოზიციით, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, კარვის განთავსება წარმოადგენდეს შეკრების ან მანიფესტაციის უფლების რეალიზებისათვის აუცილებელ საშუალებას (მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში). სადავო ნორმა კი ბლანკეტურად კრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი დროებითი კონსტრუქციის განთავსებას, რის გამოც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს. ფინკა ბანკის 6 სახის დეპოზიტი მომხმარებლების მიზნებზეა მორგებული. საინტერესო პირობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისათვის.
ფინკა ბანკის დეპოზიტებზე, მაქსიმალური ვადის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ასე გამოიყურება:
[checklist]
შემნახველი დეპოზიტი ლარში – ნომინალური 7% (ეფექტური 7.23%). მომხმარებელს შეუძლია თანხის განკარგვის სრული თავისუფლებით ისარგებლოს;
საბავშვო დეპოზიტის ლარში გახსნის შემთხვევაში ნომინალური საპროცენტო სარგებელი -50%- (ეფექტური 11.50%).
[/checklist]
ფინკა ბანკში მოხმარებელბს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ტიპის დეპოზიტი გახსნას. დეპოზიტის გასახსნელად სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო. არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დეპოზიტი გახსნან როგორც ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, ასევე ვებგვერდიდან www.FINCA.ge
ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ფინკა ბანკის 20-წლიან წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას.
გრაფიტი, „არა ქიმიურ ტერმინალს“, რომელიც გუშინ, 5 თებერვალს ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში დახატეს, წაშლილია. ნახატი გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წაშალეს.
„წარწერა წაიშალა და გადაირეცხა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რადგან ამახინჯებდა ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.
გრაფიტი ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ იყო შესრულებული. მოქალაქეები პერმანენტული აქციებით აპროტესტებენ ბათუმის მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მშენებლობას.
პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.
პორტში კარბამიდის ტერმინალის აშენების წინააღმდეგ ბათუმში არაერთი აქცია გაიმართა. მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ პორტში არა მხოლოდ კარბამიდის, არამედ სხვა ქიმიური ნივთიერებების გადატვირთვაც მოხდება, რაც ეკოლოგიური საფრთხეა ბათუმისათვის.