პროკურატურა: კაცმა ყოფილ ცოლს სცემა და სახლში გამოკეტა – სასამართლო განხილვა


“როცა რაღაცებზე პასუხი ვერ მივიღე მისგან, რაღაც მომენტში ხელი ავიღე, მაგრამ გამეტებით ვერ გავიმეტე…” – ასე აღწერა ყოფილ ცოლზე ძალადობა შოთა ა.-მ. მან დღეს მოწმის სახით მისცა ჩვენება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, ვიდრე ის განაჩენს გამოიტანდა. პროკურატურა შალვა ა.-ს ოჯახში ძალადობას და ყოფილი ცოლის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, შოთამ რამდენიმე თვის წინ ყოფილ ცოლთან შერიგება სცადა, რასაც კამათი მოჰყვა, შემდეგ კი მუშტი ხუთჯერ დაარტყა სახეში. პროკურატურის მტკიცებით, შოთამ ყოფილი ცოლი რამდენი საათით სახლში გამოკეტა, მობილური წაართვა და წავიდა, მოგვიანებით კი, ოთახში მასთან ერთად განმარტოვდა და ოთახი შიგნიდან გამოკეტა.

“როგორ ჩავკეტავდი? ეს იტალიური ეზოა და შეუძლებელია ადამიანის გამოკეტვა, თუ არ დააბამ. მე ის არ დამიბამს,” – მიმართა ბრალდებულმა პროკურორ ზურაბ კონცელიძეს.

“თუ არ იყო გამოკეტილი, რატომ გაუგზავნა მაშინ საკუთარ შვილს sms-ი, მიშველე, მომაკითხეო?” – დაინტერესდა პროკურორი და საქმიდან სატელეფონო ჩანაწერი ამოიღო.

შოთას ვერსიით, მისი ყოფილი ცოლი ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ “კამათი დაიძაბა”.

“რა თემაზე ჩხუბობდით?” – იკითხა ადვოკატმა პაატა ნაკაიძემ.

“ვერ გეტყვით,” – მოკლედ ჩაილაპარაკა ბრალდებულმა, თუმცა პაუზის შემდეგ მოსამართლეს გახედა და თქვა:

“ეს პირად ცხოვრებას ეხება და ამაზე არავისთან მითქვამს… ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ყველა ნორმალურ მამაკაცს ამაზე რეაქცია ექნებოდა,” – დაასრულა ბრალდებულმა.

შოთას თქმით, ყოფილი ცოლი ჩხუბის წინა ღამეს მასთან დარჩა და კამათი დაახლოებით ღამის თორმეტზე დაიწყეს. სახეში დარტმის შემდეგაც ქალი მასთან დარჩა, ხოლო დილით შოთა იმ სასტუმროში მივიდა, სადაც დაზარალებული ქალი მუშაობდა.

“ტელეფონზე ვერ დავუკავშირდი მენეჯერს და ამიტომ მივედი იქ… ვუთხარი, რომ სამსახურში ვერ მოვიდოდა,” – აღნიშნა შოთამ და დასძინა, რომ აფთიაქშიც შეიარა, ცოლისთვის წამალი რომ წაეღო.

“არა უშავს, გამივლისო, ასე ამბობდა,” – დაამატა შოთამ.

“და რა უთხარით სასტუმროს მენეჯერს, რატომ ვერ მოდისო?” – ჩაეძია პროკურორი ბრალდებულს.

“ვუთხარი, რომ ბულვარში ვსეირნობდით, კვადროციკლი დაეჯახა და დაშავდა,” – უპასუხა შეკითხვას ბრალდებულმა.

ადვოკატ პაატა ნაკაიძის თქმით, ოჯახში ძალადობას ბრალდებული აღიარებს, თავისუფლების უკანონო აღკვეთას – არა. მისი მტკიცებით, იტალიურ ეზოში და ტელეფონით ხელში ვერავის გამოკეტავ.

მას შემდეგ, რაც დაზარალებული ქალის და ბრალდებულის შვილმა ტელეფონზე გზავნილი მიიღო, ის კონკრეტულ მისამართზე მივიდა. ამ დროისთვის შვილი, რომელიც ახლა უკვე სრულწლოვანია, მამის ოჯახში აღარ ცხოვრობდა.

“ვუთხარი, რომ ეს ჩვენი პრობლემა იყო და არ უნდა ჩარეულიყო… მან დედის სახე დაინახა და, რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონა… მერე ვისაუბრეთ და წავიდა. მე არ მეგონა, თუ ის ბიძას დაურეკავდა…” – განაგრძო თხრობა ბრალდებულმა.

“თუ გამოკეტილი არ იყო, მაშინ რატომ მისწერა ტელეფონზე დედამ ამ დროს შვილს ეს: არ წახვიდე, გთხოვ” – ბოლო ფრაზა განსაკუთრებული აქცენტით წაიკითხა პროკურორმა.

ბრალდებულმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას ყოფილი ცოლი გამოკეტილი არ ჰყოლია და კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.

“ჩვენ ოთახში ვიყავით და უცებ საძინებლის ფანჯრის მსხვრევის ხმა გავიგონე, მაშინ გავაღე კარი და ვნახე, პოლიცია მოსულიყო,” – დაასრულა შოთა ა.-მ.

დაზარალებულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება აღარ მიუცია. ის სამუშაოდ იტალიაშია წასული. ქვეყნის დატოვებამდე დაზარალებულმა მოსამართლეს აცნობა, რომ “თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონდა”.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იძულების მუხლზე გადააკვალიფიცირა, რომლის პირველი ნაწილიც ერთი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ოჯახში ძალადობისთვისაც შოთა ა.-ს ერთი წელი მიუსაჯეს. სასჯელების შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მას საბოლოო ჯამში ერთი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი