„აუცილებლად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ის სამარხი და ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ნეშტები ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ ჩვენს წინაპრებს“ – ასეთია 1937-1938 წლებში ბათუმში, სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების შთამომავლების პოზიცია. ისინი შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას და თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებას ითხოვენ:
„ისინი ამას იმსახურებენ. ეს ისტორიაა, ჩვენ პასუხები გვჭირდება“ – ამბობენ რეპრესირებულების შთამომავლები.
სამარხის აღმოჩენის შესახებ გასული საუკუნის 37-38 წლებში ბათუმში დახვრეტილი ადამიანების შთამომავლებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ეს ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მათ დამატებითი კითხვები გაუჩინა იმანაც, რომ დახვრეტილების 600-კაციანი სია არსებობს და მხოლოდ 150 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი და იმანაც, თუ რატომ აპირებენ მათ დაკრძალვას 21 აპრილს ისე, რომ რეპრესირებული ადამიანების შთამომავლებს არავინ არაფერი შეატყობინა:
„ჩემი წინაპრები არიან სიაში, თევრათ ალის ძე ჯაში და თევრათ სარიშვილი. ჩვენ არავინ შეგვხმიანებია. არც დნმ-ის დადგენაზე, არც არაფერზე. ვნახე ეპარქიის პოსტი, ჯერ ძალიან აჟიტირებული ვიყავი, შემდეგ წავიკითხე, რომ ექვსასიდან 150 ნეშტი უპოვიათ მხოლოდ, ყველას გვინდა ჩვენი მიცვალებული საპატიოდ დავასაფლაოთ საგვარეულო სასაფლაოზე. თუ საერთო სასაფლაოზე დაასაფლავებენ, დანამდვილებით უნდა ვიცოდე, რომ იქ ბაბუაჩემის საფლავია,“ – ამბობს მაია ჯაში. მისივე თქმით, მისმა ოჯახმა წლების განმავლობაში დანამდვილებით არ იცოდა მათი წინაპარი დახვრიტეს თუ ციმბირში გადაასახლეს: „ბებია ისე გარდაიცვალა, ეგონა მისი ქმარი ციმბირში იყო გადასახლებული“.
რეპრესირებულების შთამომავლები კითხვებზე პასუხებს როგორც ეპარქიიდან, ასევე მთავრობიდან ელიან, მათ შორის ზოგიერთი ამბობს იმასაც, რომ მზად არიან ექსპერტიზის ჩასატარებლად ხარჯები თვითონაც გაიღონ, თუ ამას ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ იმისათვის, რომ ნეშტები შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ:
„აუცილებლად უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, ხომ არსებობენ მემკვიდრეები. რამდენიმესიც რომ დადასტურდეს, ეს იქნება ფაქტი, რომ დახვრეტილები არიან და არა თურქი ჯარისკაცები ან სხვა. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი აქვთ საიდუმლო მასალებიდან, სადაც ადგილის მინიშნებაც იქნებოდა, თუმცა იდენტიფიცირება მაინც აუცილებელია და თუ ამას მთავრობა ვერ გააკეთებს იმიტომ რომ ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ჩვენ ჩაგვრთონ. ბაბუაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი სტუდენტი აჭარიდან, პირველივე გამოშვების ფოტოზეც არის დაფიქსირებული. პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მისი ლექტორები იყვნენ. ეს არის ისტორია და ეს ისტორია მთავრობამ არ უნდა მიჩქმალოს“ – ამბობს ირინე გოგიტიძე.
რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანის შთამომავალია ქეთი გოგიტიძეც: „უკვე დამირეკა ჩემმა დამ და ვილაპარაკეთ ამ საკითხზე, გვაინტერესებს, ასევე, იდენტიფიცირების შემთხვევაში თუ მოგვცემენ მიცვალებულს. გვაინტერესებს ყველაფერი, ამათ დაკრძალვას ერთად აპირებენ? – ჩვენ არაფერი ვიცით და თქვენგან ვითხოვთ ამ ინფორმაციას. მე ვფიქრობ, მთავრობა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.“
ერთ-ერთი რეპრესირებულის შთამომავლის თქმით, მისი ბაბუა ამბობდა, რომ შეძლო იმის გარკვევა, რომ მამამისი ჭოროხისპირას დაუხვრეტიათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ამ საკითხის გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის: ჩატარდა თუ არა კვლევები, ვინ იმუშავა ამ კვლევებზე და სამარხში ნამდვილად არის თუ არა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები.
ვრცლად ამ თემაზე:
ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს
.