მთავარი,სიახლეები

საია აჭარა TV-ის ფარულ კადრებზე: ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა კანონი

01.05.2019 • 2153
საია აჭარა TV-ის ფარულ კადრებზე: ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა კანონი

„ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის უფროსი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ფარულად ჩაწერილი თათბირის კადრის გავრცელებაზე. სოციალურ ქსელში დღეს, პირველ მაისს, ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გავრცელდა. კადრზე აღბეჭდილია მოკლე ფრაგმენტი, სადაც ჩანს, რომ ნათია კაპანაძე თათბირს ტოვებს და გასვლის დროს კარებში შემხვედრ თანამშრომელს ხელით განზე სწევს. კადრი გამოაქვეყნეს იმის დასადასტურებლად, თუ რა „უხეშად ექცევა“ ნათია კაპანაძე თანამშრომლებს.

„ეს კამერა არის განთავსებული ფოიეში უსაფრთხოების მიზნით. მხოლოდ ერთეულ ადამიანებს მიუწვდებოდათ ხელი ჩანაწერზე,“ – ამბობს გია ქარცივაძე, აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დისციპლინური საქმისწარმოება უკვე დაიწყო და წერილობით მიმართა იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებსაც ამ ჩანაწერებზე მიუწვდებოდათ ხელი. გია ქარცივაძის განმარტებით, აჭარის ტელევიზიას შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს, მაგრამ პოლიცია მხოლოდ ეკრანზე აკვირდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერს. დაცვის პოლიციას ჩანაწერებზე ხელი არ მიუწვდება.

„ჩვენ ასევე მივმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამ პროცესის პარალელურად შესაძლებელია გამოძიების დაწყებაც, რადგან კადრების გავრცელება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,“ – მიიჩნევს გია ქარცივაძე.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების გავრცელებაზე გამოძიება არ დაუწყია. პერსონალურ მონაცეთა დაცვის ინსპექტორის აპარატში კი გვითხრეს, რომ კადრებს უკვე სწავლობენ იურისტები, საქმისწარმოება ჯერ არ დაწყებულა.

საია-ს იურისტის, ანნა მდინარაძის თქმით, პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს, უნდა უზრუნველყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც უზრუნველყოფს მსგავსი ინფორმაციის დაცულობას. იურისტი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა კონკრეტულ სამსახურს დაეკისრება, თუკი დებულებით განსაზღვრულია, რომ ისაა ვალდებული ამ ტიპის ინფორმაციის დაცულობაზე.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს მიღებული გადაწყვეტილებები, როცა გამჟღავნების გამო კი არა, იმის გამოც დაუჯარიმებიათ კონკრეტული ორგანიზაცია, როცა მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე არსებობს. ჯარიმა 500 ლარია,“ – ამბობს ანნა მდინარაძე.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან 19 აპრილს გადააყენეს. მან მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: