„ტემპერატურის ცვალებადობის გამო აქტიურად არ გამოსულა ჯერ,“ – არ ეთანხმება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ფაროსანას გამოჩენა უკვე აწუხებთ. სოფლად დარდობენ იმასაც, რომ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ხელისუფლება ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების უფასოდ დარიგებას აღარ აპირებს.
„აღარ ვარიგებთ, რადგან მიდგომები შეიცვალა, უფრო მობილური გავხადეთ,“ – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. იგი განმარტავს, რომ თერმული დამუშავებისთვის სპეციალური ტექნიკის გადაადგილება პრობლემა იყო და წელს მხოლოდ კონკრეტული ადგილები შეიწამლება, სადაც გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იქნება. სპეციალისტები სოფლებში ასევე არჩევენ იმ ტერიტორიებს, სადაც ფაროსანას დამჭერი, ანუ ე.წ. ფერომონები უნდა განთავსდეს. აჭარის რეგიონში სულ 5 ათასამდე ფერომონის დამონტაჟება იგეგმება.
მინისტრის მოადგილეც მიიჩნევს, რომ მხოლოდ ფერომონი ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი არ არის. ჯამბულ ხოზრევანიძე მოსახლეობას ურჩევს, სპეციალური ხსნარით დასველებული ზეწრები ბაღებშიც გამოფინონ.
„ეს პრეპარატები არ გამოუყენებია ბევრს… მაშინ იყო არასწორი შეხედულება, რომ თითქოს ეს ფუტკარს ვნებდა. შემდეგ ხალხმა დაიჯერა, რომ ეს მიემართებოდა მხოლოდ ფაროსანას. 2017 წელსაც დავარიგეთ და არ გამოუყენებიათ. მოქმედების ვადა ორი წელია. შეიძლება ისიც გამოიყენონ,“ – გვითხრა ჯამბულ ხოზრევანიძემ.
მინისტრის მოადგილე სხვადასხვა ხერხზე საუბრობს, რითაც მოსახლეობას ფაროსანას განადგურება შეუძლია.
„მაგალითად, აივანზე დადგან მუყაოს ყუთი, შიგ ეკონათურა და ძველი ნაჭრები. ფაროსანა იქ მივა და დილით დაწვავ… ასევე პრეპარატის ხსნარში კარგად დასველებული ზეწრის გამოფენა ბაღებში ისე, რომ ნაჭერი მიწას ედებოდეს. სულერთია, რისი ნაჭერი იქნება, სასურველია, რომ თეთრი იყოს,“ – აღნიშნავს ჯამბულ ხოზრევანიძე.
რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, თუ მან პრეპარატი გასულ წელს უკვე გამოიყენა? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მუშაობს იმაზე, რომ „ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდეს“. ჯამბულ ხოზრევანიძე ზუსტად ვერ ამბობს, რა ეღირება ფაროსანას საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატი, თუმცა მისივე მტკიცებით, მოსახლეობას აღარ სჭირდება იმ ოდენობის წამალი, რაც წინ წლებში სჭირდებოდა. „აპარატებით შესხურება აღარ სჭირდება, რადგან კრიტიკული მასა უკვე აღარ არის…“ – ირწმუნება ის.
რაზე დაყრდნობით მიაჩნიათ სამინისტროში, რომ „კრიტიკული მასა აღარ არის“ და პრეპარატების დარიგება აღარ იყო საჭირო? – ჯამბულ ხოზრევანიძემ გვიპასუხა, რომ ხელისუფლება სპეციალისტების, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების დასკვნას ეყრდნობა.
სპეციალისტების დასკვნაზე აკეთებენ აქცენტს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც. ამ უწყების პრესსამსახურს ჩვენ ვკითხეთ, დადგა თუ არა, ან დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი აუდიტის კრიტიკული დასკვნის შემდეგ? აუდიტის სამსახურმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები არაეფექტურად შეაფასა. დასკვნა წელს დაიდო. აუდიტის დასკვნის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის გააქტიურებას სურსათის ეროვნული სააგენტო არ აპირებს. აქ პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად, „მავნებლის რაოდენობის შემცირებაზე“ არჩიეს საუბარი, რაც ასევე აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში არაეფექტური ხარჯვის კონკრეტული მაგალითების პარალელურად.
„აუდიტის დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ მავნებლის რიცხოვნობა შემცირებულია. აგრეთვე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ და ადგილზეც გაეცნენ ვითარებას, ცალსახად აცხადებენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები იყო მყისიერი და ეფექტიანი. საქართველო კი განიხილება, როგორც მავნებელთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი,“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.
რატომ შეაფასა აუდიტმა ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტურად? – კითხვაზე პასუხი არც ჯამბულ ხოზრევანიძეს აქვს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს. „მაგაზე ვერ გეტყვით, მე არ ვარ კომპეტენტური,“ – გვიპასუხა მან.
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. 2019 წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ამ თემაზე:
ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი