ყვავილები, როგორც ჰობი და ბიზნესი


ბათუმში, კერძო სახლის ეზოში მოწყობილ სათბურში პერუს ლილიები, იგივე ასტრომერიები ყვავის. სათბური სულ რაღაც 60 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მერაბ წულუკიძე პროფესიით ჟურნალისტია და საკუთარ ეზოში ყვავილების მოვლა თავდაპირველად განტვირთვის მიზნით წამოიწყო. სამი წლის წინ დაწყებული საქმე უკვე მომგებიან ბიზნესად იქცა. მერაბ წულუკიძის უახლესი გეგმები ამ საქმის გაფართოებას უკავშირდება.

ასტრომერია, იგივე პერუს ლილია

მწვანე ხახვიდან ყვავილებამდე

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, მერაბ წულუკიძე ამბობს, რომ რაც არ უნდა დაღლილი დაბრუნდეს გადაღებიდან, თავის ლილიებს აუცილებლად მოინახულებს. კარგა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ დასვენებას ასე კარგად სხვაგან ვერსად ახერხებს. მის პატარა ბაღში ბევრი ლილია ხარობს. გვიყვება, რომ პერუს ლილიების 30-მდე ფერის სახეობა არსებობს, მას კი, ჯერჯერობით, მხოლოდ 5 ფერის პერუს ლილია აქვს. გვიყვება, რომ მალე სხვა ფერების მოშენებასაც გეგმავს. სათბურს მიღმა დიდ ბაღში მანდარინი, ფეიხოა, მოცხარი, ჟოლო და მწვანილი ხარობს.

მერაბ წულუკიძე – ყვავილები, როგორც ჰობი და ბიზნესი

ბათუმში, კერძო სახლის ეზოში მოწყობილ სათბურში პერუს ლილიები, იგივე ასტრომერიები ყვავის. სათბური სულ რაღაც 60 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მერაბ წულუკიძე პროფესიით ჟურნალისტია და საკუთარ ეზოში ყვავილების მოვლა თავდაპირველად განტვირთვის მიზნით წამოიწყო. სამი წლის წინ დაწყებული საქმე უკვე მომგებიან ბიზნესად იქცა.🎬 ვიდეო: ია ფრანგიშვილი/თამარ ნერგაძე

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 30 აპრილი, 2019

მერაბმა თავიდან სასათბურე მეურნეობაში მწვანე ხახვი მოიყვანა და გაუმართლა კიდეც: უხვმოსავლიანი კილოგრამი მწვანე ხახვის ფასი იმ წელს 20 ლარი იყო. მწვანე ხახვის ფასი ბაზარზე არასტაბილურია, ერთ წელს 20 ლარი, მომდევნო წელს კი შესაძლოა 1 ლარი ღირდეს. ამიტომ მერაბმა სათბურში ყვავილების მოყვანა გადაწყვიტა.

ინტერნეტით გაიგო პერუს ლილიების შესახებ და ინტერნეტითვე შეუკვეთა სასათბურე ჰიბრიდული ყვავილის ბოლქვები. აჭარის ჰავა პერუს ლილიებისთვის იდეალური აღმოჩნდა. როგორც მერაბი გვეუბნება, თუ ჰოლანდიაში, უკრაინასა და რუსეთში თითო ღერო 5, 6 ყვავილს იკეთებს, აჭარაში თითო ძირი პერუს ლილია 15-16 ყვავილს იძლევა. აქვს დიდი მოსავალი, გაცილებით ნაკლებ შრომას მოითხოვს ვარდებთან შედარებით. საღამოს სჭირდება მორწყვა, კვირაში ერთხელ კი ზედმეტი ღეროების ამოცლა – სულ ეს არის.

ყვავილების სათბური – საუკეთესო საქმე სამსახურთან შესათავსებლად

„ყვავილების სათბური ლამაზი ბიზნესია, მომგებიანიც: თითო ყვავილს 1 ლარად ვაბარებ, ერთი ძირი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 ყვავილს იძლევა. კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 6 ძირი ასტრომერია ირგვება, რაც დაახლოებით 200-240 ლარია. არაფერი სოფლის მეურნეობაში ასეთ შემოსავალს არ იძლევა.

ყვავილი არასდროს დამრჩენია. პირიქით ხდება, მაღაზიებს, რომელთანაც ვთანამშრომლობ,  ხშირად მეტი სჭირდებათ და როცა ლილიები აღარ მაქვს, სხვაგან უხდებათ ძებნა. რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს.

21 წელია უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ რეპორტიორად, მინდოდა ჩემს ძირითად საქმიანობასთან რაიმე სასიამოვნო საქმე შემეთავსებინა. პერუს ლილიების სათბური ამისთვის საუკეთესო აღმოჩდა. ხულოში გავიზარდე, მიწა ჩემთვის საკმაოდ ახლობელია. აქ რომ შემოდიხარ, მიწა გმუხტავს, როგორც არ უნდა იშრომო – ისვენებ,“ – ამბობს მერაბ წულუკიძე.

მისი თქმით, ქართველ მეყვავილეებს ერთი ცუდი თვისება აქვთ: ცდილობენ სხვას არ ასწავლონ ამა თუ იმ ყვავილის გახარების წესი და თითქოს ამაში არის ბიზნესის ლოგიკა.

მერაბი კი მიიჩნევს, რომ „ლამაზ ბიზნესს“ გაფართოება სჭირდება და კონკურენციის შიში ამ შემთხვევაში შეცდომაა: საქართველოში ყვავილები ძირითადად თურქეთიდან, ჰოლანდიიდან და სომხეთიდან შემოაქვთ. შესაბამისად, მათი ფასი მაღალია. ყვავილების ადგილობრივი მეურნეობა კი თითქმის არ არსებობს, რაც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა იმპორტირებულ პროდუქციას.

„ყვავილებზე მოთხოვნა საქართველოში დიდია. სჯობს ადგილზე გვქონდეს მეურნეობა და ფასიც ჩვენვე განვსაზღვროთ. ყვავილებით დაინტერესებულ მეწარმეებს გაერთიანება და მეტი კონტაქტი სჭირდებათ,“ – ამბობს მერაბ წულუკიძე.

მერაბ წულუკიძე

„ძალიან უნდა გინდოდეს, რომ გაიხაროს – ასე ვახარებ ყვავილებს“

72 წლის თუნთული გურგენიძე შინ გახარებულ ქოთნის ყვავილებს ბათუმის ბაზარში ყიდის. აქ მას „გამახარეს“ ეძახიან – რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს. თუნთული დილაობით ჩაქვიდან ქუთაისის მატარებელს მიჰყვება რვის ნახევარზე, ჩამოდის იმ სადგურზე, სადაც მინდვრის ბევრ ყვავილს დაინახავს.

72 წლის მეყვავილე

72 წლის თუნთული გურგენიძე 32 წელია მეყვავილეა -"ყვავილის გახარებისთვის გული უნდა გქონდეს სუფთა, ხელიც სუფთა უნდა გქონდეს. სულ ერთი არ უნდა იყოს გაიხარებს თუ არა. უნდა ეცადო რომ გაახარო".🎬 ვიდეო: ია ფრანგიშვილი/თამარ ნერგაძე

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on პარასკევი, 26 აპრილი, 2019

„ნაირ-ნაირ ყვავილს ვაგროვებ გაზაფხულზე, სამტრედიის იქეთაა კარგი ადგილები,  300 კონა ყვავილიც ჩამომიტანია. იასამნები ქარელიდან ჩამომაქვს. ყვავილებით ვაჭრობისას მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, მთავრობა ხან აქეთ გადაგვსვამს ბაზრობის მოვაჭრეებს, ხან – იქით. 32 წელია მეყვავილე ვარ,“ – ამბობს თუნთული გურგენიძე.

ოთახის ყვავილებს ქოთნებში თავად ახარებს, მოვლაში კი შვილი, რძალი და შვილიშვილები ეხმარებიან. გვეუბნება, რომ არსებობს ყვავილები, რომლებსაც არასდროს გაყიდის, მაგალითად, ათწლოვან ბედნიერების ხეს. შინ, ჩაქვში, 14 ჯიშის ნარცისი, 4 ჯიშის ვარდი და 7 სახის ჰორტენზია აქვს.

თუნთული გურგენიძე

როგორც მეყვავილე ამბობს, მისი დახლიდან ყველაზე ხშირად ბალბები, კალანჰოე, ბედნიერების ხე, კლდის ვაშლი და გვირილები იყიდება.

თუნთული გურგენიძის თქმით, ყვავილების გახარება ყველას არ შეუძლია „რამეს რომ დარგავ, შენთვის სულერთი არ უნდა იყოს გაიხარებს თუ არა. ყვავილი რომ გაახარო, ხელი და გული უნდა გქონდეს სუფთა, ძალიან უნდა გინდოდეს, რომ გაიხაროს. ასე ვახარებ ყვავილებს,“ – გვეუბნება მეყვავილე.

თუნთული გურგენიძე ბედნიერების ხის გახარების მეთოდებზე გვიამბობს. ეს მცენარე ბაზარში ყველაზე უკეთ იყიდება.

ბედნიერების ხე ხარობს როგორც ტოტით, ასევე ფოთლით, არ უყვარს ჭარბი წყალი და გამომშრალი ნიადაგი ურჩევნია. ბედნიერების ხის ტოტი შეგიძლიათ წყალში ჩადოთ დაფესვიანებამდე, შემდეგ კი ქოთანში გადაიტანოთ. მცენარის ფოთლით გახარებისას ფოთოლი უბრალოდ ქოთანში ჩარგეთ. მალე მას ფესვები გაეზრდება და მცენარეს ნორჩი ყლორტებიც გაუჩნდება ირგვლივ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან