„ისე იქცევიან, როგორც 1937 წელს…“ „დავიწყებული გვქონდა, გაგვიცოცხლეს და ხელახლა გვიკლავენ“, „რატომ გვიმალავდნენ აქამდე?“ – ეს ფრაზები ისმოდა დღეს, 11 აპრილს, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი პირების შთამომავლები შეიკრიბნენ. „ჭოროხის პირას დახვრიტეს…“ – ყველა ისტორია ასე იწყებოდა.
„ხასან დიშლიოღლი ჩემი მამამთილი იყო…,“ – გვიყვება ეთერ ბერიძე, – „მუშა კაცი ყოფილა და გონიოში ცხოვრობდა. იქ მაღაზიაში მოუტანიათ კალოშები, მაგრამ ამას არ მოსწევია. ვინც უსაქმური იყო, იმან დაასწროო. ჩემს მამამთილს უთქვამს, რას ვნერვიულობ, გადავალ თურქეთში და იქ ვიყიდიო. ლაზი იყო ისე, ხოფაში დაბადებული.
მეორე დღეს გონიოს ციხესთან სამხედროებს გაუჩერებიათ, ხასან დიშლიოღლის ვეძებთო. წაუყვანიათ. მეტი არაფერი ვიცით. დედამთილმა გადმოცემით იცის, რომ ის ჭოროხის პირას დახვრიტეს და ბულდოზერით მიაყარეს მიწა. 1904 წელს იყო დაბადებული ჩემი მამამთილი და 33 წლის იყო, როცა დახვრიტეს.
ჩემი ქმარი ახლა მძიმედ ავადაა. ეს ამბავი გაიგო და მითხრა, იქნებ შენ წახვიდე იმ შეხვედრაზეო. გაგვიცოცხლეს ყველაფერი და ასე გვტოვებენ. ან საერთოდ, რატომ გამოაჩინეს, ან რატომ მალავდნენ ორი წელი. ისე იქცევიან, როგორც 1937 წელს,“ – გვითხრა ეთერ ბერიძემ.
„ჩემი ბაბუა, ოსმანი, ჩირუხში დაუკავებიათ, თან თურმე შვილიშვილი ახლდა, ჩემი ძმა. თურმე ბაბუა იძახდა, ბავშვი დაიკარგება ტყეში, მიხედეთო. ის მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ ხოჯა იყო, სასულიერო პირი,“ – ყვება მერაბ აბესლამიძე. ის მამის მონათხრობს იხსენებს.
„მამა გვიყვებოდა, კი გავიგე, რომ ბაბაი დაიჭირეს, მაგრამ მის ალსა და კვალს ვეღარსად ვაგნებდიო… მერე მიუღია ინფორმაცია, რომ ბაბუას დახვრეტდნენ ჭოროხის პირას. მამაჩემი და მისი ძმა თურმე შორიდან უყურებდნენ შენობას, სადაც ადამიანები შეიყვანეს. არაფერი დაგვინახავს, მაგრამ ზუსტად ათჯერ ცალ-ცალკე გავიგონეთ გასროლის ხმა რაღაც შენობიდანო. მერე სატვირთო მანქანას გაუვლია და ესენი შიგნით შესულან… მიწა ამოვიდოდა და ჩავიდოდაო, ანუ ნახევრად ცოცხლები დამარხესო… მამაჩემს მიწის თხრა დაუწყია, მაგრამ ამ დროს ისევ მოუნათებია მანქანას… მამაჩემი და ბიძაჩემი გამოქცეულან და მდინარე ჭოროხში დამალულან. ისინი ძაღლებით გვეძებდნენ, მაგრამ ვერ გვიპოვეს, ჩვენ ღამით თითქმის გავიყინეთ ჭოროხში, მაგრამ გადავრჩითო. მერე მდინარეს ჩამოვუყევით ზღვამდე და სახლში დავბრუნდითო,“ – იხსენებს მერაბ აბესლამიძე.
„მე არაფერი დამრჩა მოსაგონარი. ბიძაჩემი, ომერ კახაძეც დახვრიტეს, მაგრამ 80 წელია აღარ არის, მისი შთამომავლები ახლა ტაშკენტში არიან… რატომ გააცოცხლეს, იქნებ ეს მითხრას ვინმემ? ან თუ გვიცოცხლებენ, ახლა კიდევ 2 ათას ლარს გვთხოვენ?“ – კითხულობს ნოდარ კახაძე. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ერთი დნმ ანალიზი 1600 ლარი ჯდება.
შეკრებილებმა კითხვები დავით ჯიშკარიანსაც დაუსვეს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს. მან შეკითხვებს „სკაიპის“ საშუალებით უპასუხა.
„ეს ნეშტები საფლავის ნაცვლად უნდა გადაიტანონ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში… რაც დარჩა იმ ადგილას არქეოლოგიური ვანდალიზმისგან, უნდა მივუშვათ პროფესიონალი არქეოლოგები. რაც შეეხება ხარჯებს, შსს-მ უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში ჩატარებული დნმ-ის კვლევებში მოსახლეობას არაფრის გადახდა აღარ მოუწევს,“ – აღნიშნა დავით ჯიშკარიანმა.
ისტორიკოსი ასევე მიჩნევს, რომ ადგილზე, სადაც, სავარაუდოდ, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები აღმოაჩინეს, ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხი. ეპარქიის განცხადებამ, რომ ნეშტების დაკრძალვას აპირებს 21 აპრილს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ. ეპარქიამ ვერ დაასახელა ექსპერტები, რომლებიც ჩართული იყვნენ ნეშტების შესწავლაში.
10 აპრილს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ სახელმწიფოს მიმართა, მოთხოვნით – მიეცეთ საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნეშტები. 11 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც სამარხს შეისწავლის და შესაძლოა, ნეშტების დაკრძალვის თარიღი შეიცვალოს.