შაჰინ შაჰ ამრანს პოლიციამ მოსთხოვა, რომ ქვეყნა რამდენიმე დღეში დატოვოს. ის ბანგლადეშიდანაა და ბათუმში ბიზნესი 2011 წლიდან აქვს. შაჰინისთვის არავის აუხსნია, საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, რატომ აღარ აძლევენ ქვეყანაში დარჩენის უფლებას – მას დროებით ბინადრობაზე იუსტიციის სახლმაც უარი უთხრა.
„იუსტიციის სახლმა დროებით ბინადრობაზე უარი 2017 წელს მითხრა. მანამდე არ იყო პრობლემა: მივდიოდი ყოველ 6 თვეში და ბინადრობის მოწმობას ვიღებდი. 2017 წელს კი მითხრეს, რომ ქვეყანაში დარჩენის მოწმობას მხოლოდ 10 დღით მაძლევდნენ… ვითხოვე განმარტება, რის გამო მეუბნებოდნენ უარს, მაგრამ არაფერი აუხსნიათ. მას შემდეგ არალეგალად ვითვლები, როგორც ძალიან ბევრი უცხოელი, ვისაც საქართველოში ბიზნესი აქვს. იუსტიციის სახლისთვის აღარ მიმიმართავს,“ – გვიყვება შაჰინი.
შაჰინ ამრანს ძველ ბათუმში, ნაქირავებ ფართობებში, მასაჟის რამდენიმე სალონი აქვს მოწყობილი, ასევე აქვს ჰოსტელი და ინდური რესტორანი. რამდენიმე დღის წინ შაჰინი საპატრულო პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა.
„ჩემი მანქანის მარცხენა ხედვის სარკე გამიტეხეს და პოლიციას მივმართე“, – განაგრძობს შაჰინ ამრანი. – „პოლიციელმა ნახა, რომ საერთაშორისო მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ მისი ვადაც ამოწურულია. დამაჯარიმა და მითხრა, რომ ემიგრაციის სამსახურს უნდა მივმართო. მან ასევე გამაფრთხილა, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანა უნდა დავტოვო“.
შაჰინ ამრანის თქმით, მსგავსი პრობლემა სხვა უცხოელებსაც აქვთ და ბოლო პერიოდში დროებითი ბინადრობის მიღება გართულდა. უცხოელ ბიზნესმენს შეკითხვა აქვს საქართველოს მთავრობასთან:
„თავის დროზე აქ ჩამოვედი, რადგან ვიცოდი, რომ ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა. თავიდან არ იყო პრობლემა, მაგრამ ახლა მომხმარებელიც მკვეთრად შემცირდა და ჩვენც უარს გვეუბნებიან ბიზნესზე, თან არ ვიცით მიზეზი – რატომ? არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, ცოლს მისცეს საქართველოში დარჩენის უფლება, ქმარს კი დეპორტაცია გაუკეთეს… მითხრეს, რომ ჩემთვის იოლია ბიზნესის შეწყვეტა, მაგრამ მე ზოგიერთ ფართში წინასწარ მაქვს რამდენიმე თვის ფული გადახდილი, უნდა მოვასწრო ყველაფრის გაყიდვა, ამას რამდენიმე დღეში ვერ მოვასწრებ. მე მაქვს შეკითხვა: რატომ არ სურთ, რომ ჩვენ ბიზნესი გვქონდეს აქ?“
რატომ არ აძლევენ საქართველოში ბინადრობის უფლებას შაჰინ ამრანს და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებას ბინადრობაზე უარის დასაბუთების ვალდებულება – კითხვით იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი, თორნიკე წულუკიძე, საგანმანათლებლო პროექტის – „მიკსიკე-საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. ის ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად ესტონეთში გაემგზავრება. თორნიკესთან ერთად ესტონეთში, ქალაქ კილინგი-ნიმეში, კიდევ ერთი ბათუმელი, მეხუთეკლასელი ლუკა წულუკიძეც წავა.
კონკურსი „მიკსიკე-საქართველო“ 2016 წლიდან ტარდება საქართველოში, პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
თორნიკე წულუკიძე „ბათუმელებს“ მათემატიკური კონკურსის შესახებ მოუყვა. ის ამ კონკურსში უკვე მეორე წელია მონაწილეობს და წელს ფინალისტიც გახდა.
„კონკურსი სამი ტურისგან შედგება, შეგიძლია ონლაინდარეგისტრირდე და სახლიდანაც ითამაშო. ოღონდ კონკრეტული საათებია მითითებული და იმ საათებში უნდა შეხვიდე ონლაინ. პირველ ტურში არის მიმატება, გამრავლება და შედარება, მეორე ტურში არის გამოკლება, გაყოფა და ჩასმა, ანუ განტოლებები უნდა ამოხსნა, მესამე ტურში კი შეგვიძლია თვითონ ავირჩიოთ, რას გავაკეთებთ“, – გვეუბნება თორნიკე.
თორნიკეს თქმით, რაც უფრო რთულ ამოცანებს ამოხსნი, მით უფრო მაღალ ქულას აიღებ. „საუკეთესო ორი ქულის შედეგით წყდება, ვინ გადავა ფინალში. იქ უკვე ხუთი მანიპულაცია უნდა შეასრულო – მიმატება, გამოკლება, გაყოფა და ჩასმა“.
ფინალში გადასული მონაწილეები ესტონეთში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის რამდენიმე ქვეყანა მიიღებს დასკვნით ტურში მონაწილეობას. საერთაშორისო ფინალი 27 აპრილს გაიმართება.
თორნიკემ კიდევ ერთ მათემატიკურ კონკურსში 2018 წელსაც გაიმარჯვა და ამ მიმართულებით უკრაინაში გამართულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.
თორნიკეს ყველაზე მეტად მათემატიკა და ფიზიკა აინტერესებს. ამბობს, რომ სამომავლოდ პროგრამისტობა უნდა. მისი აზრით, სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება მის ინტერესებს ამ საგნების მიმართ არ შეასუსტებს.
„სკოლაში რასაც ვსწავლობ, მომწონს, გაკვეთილების შემდეგ დამატებით სამი საათი კიდევ ვმეცადინეობ ამ საგნებში. მეცადინეობები ისევ სკოლაში გვიტარდება, ამიტომ ჩემთვის საინტერესოა ეს პროცესი. ვმსჯელობთ ახალ მეთოდებზე“, -გვეუბნება თორნიკე.
პროექტის ფარგლებში საქართველოს სკოლებისთვის შეიქმნა ქართული საიტი, რომელიც მომხმარებლისთვის მისაწვდომი და უფასო იქნება.
როგორც პროექტის ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, პროგრამა ავტომატურად ირჩევს და აჩვენებს ეკრანზე სხვადასხვა მათემატიკურ მოქმედებას, მონაწილემ კი სწრაფად უნდა გასცეს სწორი პასუხი.
„რაც უფრო სწრაფად და უშეცდომოდ უპასუხებს მომხმარებელი, მით მეტ ქულას დააგროვებს ის. შედეგი მყისიერად აისახება ცხრილში, სადაც მონაწილე დაინახავს საკუთარ ქულებს და დაკავებულ ადგილს“.
კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, მეხუთეკლასელი ლუკა წულუკიძე ბათუმიდან.
მთავარი ფოტო: თორნიკე წულუკიძე, ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
„ჩვენ, მოსამართლეებს, გვჭირდება დაცვა… თქვენ რომ უკან დაიხიოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მართლმსაჯულება ჩამოიშლება,“ – მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავით მამისეიშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.
დღეს, 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში მართავს. სხდომაზე განიხილავენ 9 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს.
ამ შეხვედრაზე დავით მამისეიშვილმა იუსტიციის საბჭოს ცნობილი წევრების მსგავსად, საბჭოს არამოსამართლე წევრები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გააკრიტიკა.
„თქვენ ამბობთ ჩვენს სათქმელს, მე არ შემიძლია გამოვიდე და ვინმეს დავუპირისპირდე, ამის ლეგიტიმაცია გაქვთ თქვენ, საბჭოს წევრებს… სასამართლოს ესხმიან თავს, მოსამართლეებს ეძახიან მკვლელებს, მოსამართლეებს ეძახიან მონებს და ამას პასუხი ვინ უნდა გასცეს, ბატონებო?… პასუხი უნდა გასცეს საბჭომ, სხვათა შორის, ქალბატონმა ანამ, ქალბატონმა ნაზიმ ჩვენ უნდა დაგვიცვას, მაგრამ ისინი არ გვიცავენ ჩვენ, ისინი ციხეში გვიშვებენ, ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, იცით რა, ამ მოსამართლეებს არ ენდოთ…“ – აღნიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.
დავით მამისეიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დამოუკიდებელია და ბათუმის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში ვერავინ დაასახელებს საქმეს, სადაც მოსამართლემ პოლიტიკური ზეწოლით მიიღო გადაწყვეტილება.
„10 ათასზე მეტ გადაწყვეტილებას იღებს წელიწადში ბათუმის საქალაქო სასამართლო განჩინებების, გადაწყვეტილებებისა და განაჩენების სახით. გთხოვთ, ერთი გადაწყვეტილება დაასახელოთ, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს რომელიმე მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ან ვინმეს ზეწოლით მიიღო გადაწყვეტილება… 10 ათასი გადაწყვეტილებიდან 1 დაასახელეთ, გთხოვთ. არ არის ასეთი, უსაგნო მსჯელობაა…
მათ უნდათ, რომ დასაჯონ სასამართლო. რატომ უნდა დასაჯონ, იმიტომ, რომ არ სჭირდებათ დამოუკიდებელი სასამართლო. მაშინ საქმე ვისთან უნდა ჩააწყონ. ამას იმიტომ ვამბობ, ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ ჩვენი თავის დაცვის გარდა, ვერავინ ვერ გადაგვარჩენს,“ – თქვა დავით მამისეიშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს კანონების მიღებისთვის, ტელევიზიები კი გააკრიტიკა. „მადლობა უნდა ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ ისეთი კანონები შექმნა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო მეტად გავაძლიეროთ, რომ არ ვიყოთ არავისზე დამოკიდებული… საზოგადოების 90 პროცენტი სასამართლოში არ დადის, საზოგადოების 90 პროცენტი ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან, ტელევიზიაში ჩვენ რას ვხედავთ, მკვლელები, მონები.. არ არის საერთოდ საუბარი იმაზე, რომ მოსამართლემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო… ვისაც ჩვენთან აქვს ურთიერთობა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ გვენდობა, მათ იციან, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და თავისუფლები, იციან, რომ მე არ ვემორჩილები არავის და ვიღებ მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილებას“, – მიმართა დავით მამისეიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
დავით მამისეიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/279 გადაწყვეტილებით, დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ. დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა 2013 წლიდან. ამ დროისთვის იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელის – დავით მამისეიშვილს თბილისის საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა სურს.
2012 წლამდე დავით მამისეიშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო, 2008-2009 წლებში კი – ქედის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
მიუხედავად იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკა არსებობს, პაციენტების უმრავლესობა, ვისაც გული აწუხებს, მაინც დაბნეულია: – კლინიკები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და პაციენტს, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე სერვისს სთავაზობენ. მკურნალობის ძირითად ფორმად რჩება მედიკამენტები და ინვაზიური ჩარევები (სტენტი, შუნტირება, კარდიოსტიმულატორი).
ნუთუ არ არსებობს ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება მხოლოდ საწყის ეტაპზეა და იწყებს პროგრესირებას. როცა ამ პრობლემას ჩავუღრმავდით და მოვიძიეთ – აღმოვაჩინეთ კლინიკა „მარჯი“, რომელიც გულის დაავადებების კვლევისა და მკურნალობის განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა და ამ ეტაპზე ერთადერთია. „მარჯი“ თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე, საპატრიარქოს ტელევიზიასთან ახლოს მდებარეობს.
აღმოჩნდა, რომ უმნიშვნელო ჩივილების დროსაც კი, შესაძლებელია ამ დაავადებების გამოვლენა, მარტივი არაინვაზიური, კომპიუტერული კვლევით – კარდიოვიზორით. ეს არის სკრინინგის ზუსტი და იდეალური ვერსია. პაციენტი საკუთარი თვალით ხედავს თავისი გულის მდგომარეობას დინამიკაში. მას არ სჭირდება ამისათვის სპეციალური განათლება.
კვლევასთან ერთად „მარჯში“ დანერგილია “უსისხლო შუნტირების“ მეთოდი, რომლის ეტაპობრივად გამოყენება აღადგენს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროსაც კი (ეს არის სისხლის მიმოქცევის არაინვაზიური დამხმარე საშუალება, რომელიც განტვირთავს გულს და ხელს უწყობს ახალი კაპილარული ქსელის წარმოქმნას).
მეთოდი დაიხვეწა შვეიცარიაში და წარმატებით გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. იგი ასევე არის ბუნებრივი ანტისტრესული საშუალება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დაძაბულ, აგრესიულ გარემოში (უცხოეთში ამ პროცედურებით ხშირად სარგებლობენ საქმიანი და წარმატებული ადამიანები).
„მარჯში“ შექმნილია მშვიდი გარემო. პროცედურა კი სასიამოვნო და კომფორტულია…
მარჯის მისამართი: ქ. თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა #23.
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტომანქანა 30 წლამდე კაცს დაეჯახა. დაშავებული ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანეს.
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავის არეში ჰქონდა დაზიანებები და ის შეკითხვებს ბუნდოვნად პასუხობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 13-14 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში მაშველებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამავე სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შვიდ სავაჭრო ობიექტში კი რა ვითარებაა, მფლობელებმა არ იციან – სამაშველო სამსახური მათ ობიექტებში შესვლის უფლებას, ჯერჯერობით, არ აძლევს. სამაშველო სამსახურმა ხანძრის პერიოდში მხოლოდ ერთი კომერციული ობიექტიდან გამოიტანა ნივთები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დღეს, 11 თებერვალს, დაახლოებით ერთი საათის წინ ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ამ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შვიდ მაღაზიაში კი წყალი ჩავიდა და, სავარაუდოდ, საქონელი დასველდა.
ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, მერია ზარალს დაითვლის და ნაწილობრივ აანაზღაურებს. რაც შეეხება კომერციული ობიექტებს, მერია მათ რემონტში დაეხმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი და 200 კვ. მ. სასხვენო გადახურვა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორსართულიან სახლში ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სახლის პირველ სართულზე მაღაზიებია.
ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა. დაზიანდა სახურავი. ამ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ 7 სავაჭრო მაღაზიაში წყალი ჩავიდა და, სავარაუდოდ, საქონელი დასველდა.
ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, მერია ზარალს დაითვლის და ნაწილობრივ აანაზღაურებს. რაც შეეხება კომერციული ობიექტებს, მერია მათ რემონტში დაემხარება.
ხანძარი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მანანა ქველიაშვილის ფოტოხანძარი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მანანა ქველიაშვილის ფოტოხანძარი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მანანა ქველიაშვილის ფოტოხანძარი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის.
ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 932 787 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს შეწყდება. სამუშაოები სრულად უნდა შესრულდეს გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 480 დღეში.
ტენდერის ტექნიკურ პირობებში აღნიშნულია:
ჯავახიშვილის ქუჩაზე – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მიმდინარეობს სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა. შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა მშენებარე სანიაღვრე კოლექტორის არსებული პროექტის ცნობილი პარამეტრები. ამ ტერიტორიაზე ეწყობა საკომუნიკაციო ჭები ერთმანეთთან დამაკავშირებელი მილებით, სავალი ნაწილის პერპენდიკულარულად. ქუჩის ამ მონაკვეთში ხელახლა მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფილები, ბაზალტის ბორდიურები, ასფალტობეტონის საფარი, სავალი ნაწილის მონიშვნა, მწვანე კორდი, გარე განათების ბოძები. [ჯავახიშვილზე დღეს, ტბელ აბუსერიძიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს – ავტ.].
„ჟილინის არხის“ მიმდებარე ქუჩაზე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, გრუნტის დამუშავება და ნაყარში გატანა, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, სათვალთვალო ჭის ნიშნულზე მოყვანა, სანიაღვრე ქსელის მოწყობა, გარე განათების მოწყობა.
ინასარიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში სკვერისა და პარკირების მოსაწყობად ჩასატარებელია სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოები: სანიაღვრე სისტემისა და ჭების მოწყობა, პლასტმასის სანიაღვრე მილების მოწყობა, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მოწყობა ა/ბეტონის საფარით, დეკორატიული და ტაქტილური ფილების მოწყობა. აევე გაკეთდება ბავშვთა სათამაშო მოედანი, მოეწყობა ბაზალტის ანაკრები და რკ/ბეტონის მონოლითური ბორდიურები, სანაგვე ურნები, მწვანე კორდი, გარე
განათება და ჩატარდება ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.
შალვა ინასარიძის ქუჩის გაგრძელებაზე [კობალძის ქუჩიდან 26-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით] მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, პლასტმასის სანიაღვრე მილები, ს/გზის სავალი ნაწილი ა/ბეტონის საფარით, დეკორატიული ფილები, ბორდიურები, დეკორატიული მოაჯირები, მწვანე კორდი.
რამდენად არიან სკოლები საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი რეაგირებისთვის? – სწორედ ეს იყო 2019 წლის 7 თებერვალს, ბათუმის №9 საჯარო სკოლაში დისკუსიის საგანი.
შეხვედრა თემაზე – „უსაფრთხო სკოლა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებსმნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნეს. დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ
როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო სკოლა; რამდენად იციან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება სკოლის პედაგოგებმა ან მოსწავლეებმა; რამდენად არიან ინფორმირებული როგორ უნდა მოიქცნენ საჭიროების შემთხვევაში; თეორიული და პრაქტიკული სწავლების როგორი დონეა; ტარდება თუ არა სიმულაციური ვარჯიშები და ა.შ.
შეხვედრაზე მოსწავლეებს განუმარტეს განსხვავება ცეცხლის კერასა და ხანძარს შორის, აუხსნეს, რა მოიაზრება საგანგებო სიტუაციაში. მოსწავლეებმა უკვე ისიც იციან, რომ ხანძართან ბრძოლა მათი საქმე არ არის, ამ დროს ისინი უნდა გაერიდონ ადგილს. ამისთვის არსებობს სწორედ შესაბამისი წესები. მაგალითად, ქცევის პირველი წესი გვეუბნება, რომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში. ცეცხლის კერის დროს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ნომერზე – 112, რომლის შემდეგაც მოდიან შესაბამისი სამსახურები.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, აგრეთვე „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ გადაცემა ჰეშთეგისა და ვებგამოცემა „ბათუმელების“ წარმომადგენლები.
დისკუსიის შემდეგ ნაწილში დაისვა შეკითხვები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები მიწისძვრის დროს. ასევე, განიხილეს თუ როგორ იგეგმება სიმულაციური ვარჯიშები.
ლელა დუმბაძე, „ბათუმელები“: ბუნებრივია, ჟურნალისტებსაც გვიწევს საგანგებო სიტუაციების გაშუქება, გვაქვს გარკვეული ინსტრუქციები, როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთ სიტუაციებში ისე, რომ არც საკუთარ თავს შევუქმნათ საფრთხე და არც გარშემომყოფებს.
შესაძლოა გაგვიგია, რომ მიწისძვრის დროს უნდა შევძვრეთ მაგიდის ქვეშ, ვიცით, რომ ხანძრის დროს ლიფტში არ უნდა შევიდეთ – ასეთი დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ როცა მოვხვდებით კონკრეტულ სიტუაციაში, იქ შეიძლება ან არ გაგვახსენდეს ეს ყველაფერი, ან დავიბნეთ. რამდენმა იცით თქვენი სკოლის საევაკუაციო გეგმა? ცეცხლმაქრის გამოყენება? კანონი ავალდებულებს ყველა საჯარო დაწესებულებას, რომ ცეცხლმაქრები ჰქონდეს. ბევრგან მინახავს ცეცხლმაქრი დაკიდული, მაგრამ პრაქტიკულად მისი გამოყენება შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ამიტომ მგონია, რომ არა მარტო თეორიული ცოდნის მიცემაა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, არამედ პრაქტიკულიც. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა, როგორც სკოლების, ისე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების, ყოველთვის არ არის ისე კარგად მოწყობილი, რომ ადამიანებმა შეძლონ თავის დაღწევა უსაფრთხოდ.
მამუკა თურმანიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: როდესაც ვატარებთ სიმულაციურ სწავლებას, სკოლას ვაძლევთ სამოქმედო გეგმას, სადაც დეტალურად გაწერილია, ვინ რას აკეთებს, პირველი ვინ რეკავს 112-ში, ვინ აღებს სათადარიგო კიბის უჯრედს, ამის შემდეგ როდესაც გადაწყვეტს სკოლის დირექცია ჩაატაროს სიმულაციური ვარჯიში, ჩვენ ვესწრებით და ვაკვირდებით.
თემურ ქოქოლაძე, მოსწავლე: ამ თემაზე ინფორმაციის მიღება კიდევ საჭიროა. მე მქონდა შემთხვევა, ლამის ზვავში მოვყევი. თხილამურებით ვსრიალებდი და მცირე ზვავი წამოვიდა, ვეცადე, რომ სასწრაფოდ გავრიდებოდი იმ ადგილს. როდესაც ასეთ სიტუაციაში ხარ, ყველაფერი გახსენდება. მეორე შემთხვევა იყო როდესაც მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი აფეთქდა. ამ დროს ცეცხლმაქრით სასწრაფოდ ჩავაქრეთ.
თაკო გადილია, მოსწავლე: სკოლა გვაძლევს იმ დონის განათლებას, რომ ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში. პიროვნებაზეც არის დამოკიდებული, როდესაც მოხდება ასეთ სიტუაციაში, რამდენად გაახსენდება როგორ უნდა მოიქცეს. თუ ემოციურია, შეიძლება დაიბნეს.
ივანე ბაკურაძე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი: დიდი გამოცდილება მაქვს ამ თემაზე მუშაობის. დავდივარ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეებში, უნივერსიტეტებში, საბავშვო ბაღებშიც ვამოწმებდით უსაფრთხოებას. სამწუხაროდ მედიის ძალიან დიდი დანაშაული შეიძლება იყოს ის, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია როცა ვიხილეთ, შემდეგ უფრო გააქტიურდა გაშუქება. უფრო მეტი ყურადღება მანამდე რომ დათმობოდა, შეიძლება უფრო მაღალი ცნობიერების დონე ყოფილიყო. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებას, მინდა გამოვყო სახანძრო სტენდი, სადაც არის ხელსაწყოები, ცეცხლმაქრები, რომლის გამოყენება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხებს სახანძრო სამსახური დროულად მოსვლას და მანიშნებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ფოსფორის, დაკვამლიანების ან სიბნელის შემთხვევაში, რომ გაყვეთ მათ და გახვიდეთ გარეთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ტიპის ცეცხლის ერთი და იმავე ცეცხლმაქრით ჩაქრობა არ შეიძლება.
ფრიდონ ფარსენაძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ცეცხლმაქრი არის აგრეგატი, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ცეცხლის კერას და არაა იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ხანძარს. ცეცხლის კერა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, სწრაფადაალებად ნივთიერებეზე. ცეცხლმაქრები იყოფა ძირითადად სამ კლასად: მყარი ნივთიერების, თხევადი და სწრაფადაალებადი და შემდეგ მოდის მაღალი ძაბვის საქრობი აგრეგატი. ჩვენს პირობებში ძირითადად გვხვდება ხელში დასაჭერი. სამივე კლასს მიეკუთვნება ის, რომლის ქილასაც აწერია ABC. მასში ისეთი ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება სამივე სახის ცეცხლის ქრობას. მასში მოთავსებულია ფხვნილი, რომელიც შედგება ცარცისგან, ის ასევე შეიცავს მინარევებს და დაწნეხილ ჰაერს. ყველა ფხვნილის ცეცხლმაქრს გააჩნია მანომეტრი, მასში სამი უჯრაა. პირველი უჯრა მიგვანიშნებს, რომ წნევა არ არის, მეორე უჯრა მეტყველებს გამართულ ცეცხლმაქრზე, მესამე უჯრა კი გვეუბნება, რომ გადამეტებული წნევაა. გარდა ამისა გვაქვს ნახშირორჟანგის გაზის ცეცხლმაქრი. ნახშირორჟანგს შეუძლია -60 გრადუსამდე დაწიოს ტემპერატურა. ეს ცეცხლმაქრი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩამქრალი ნივთების გასაგრილებლად. სკოლებში ძირითადად გვხდება ნახშირორჟანგისა და ფხვნილის ცეცხლმაქრები. მესამე კლასის ცეცხლმაქრი არის ქაფის, რომელიც ძირითადად ბენზინგასამართ სადგურებსა და საწყობებში აქვთ. ის ეფექტურია ნებისმიერი სახის ცეცხლისთვის.
ელისო სურმანიძე, მოსწავლე: არიან ბავშვები, ვისაც აქვთ გავლილი მსგავსი კურსი, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებიც არც მსგავს შეხვედრებს ესწრებიან და მე ვფიქრობ, რომ სკოლაში საჭიროა ასეთი შეხვედრები მასობრივად ჩატარდეს. პირველი, მეორე, მესამე კლასის ბავშვებიც უნდა ერკვეოდნენ. შეიძლება სკოლაში გვასწავლიან, გვეუბნებიან რაღაცებს, მაგრამ როგორც საჭიროა ისე არა.
მამუკა თურმანიძე: მთავარი არის პრევენცია. ეს ნიშნავს არ იყო გულგრილი ამა თუ იმ საკითხზე. როდესაც დაინახავთ რომ სადარბაზოში არის გაზის სუნი, არ უნდა ჩაიაროთ, უნდა დარეკოთ 112-ზე. უნდა გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით.
______________
დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.
ნინო ქათამაძე და ნატალია კონცელიძე ბათუმში ყოველდღიურად 7 – 8 ოჯახში მიდიან. ისინი „შინმოვლის პროგრამის“ ექთნები არიან. ნინოს ჯამში 50 პაციენტი აბარია, ნატალიას – 49. ვეკითხები, როგორ ახერხებთ ამდენ პაციენტის მომსახურებას-მეთქი. მპასუხობენ: „შევეჩვიეთ, სხვა რა გზა გვაქვსო.“ ნატალია კონცელიძე ამბობს იმასაც, რომ მისი 49 ბენეფიციარიდან 15-ის მდგომაროება რთულია და მათ ყოველდღე სჭირდებათ შინმოვლა. „დღეჩაგდებით ვახერხებ მისვლას“, – დასძენს ექთანი.
შინმოვლის პროგრამას ბათუმის მერია საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა ბათუმში მცხოვრები 100 ადამიანის ბინაზე მომსახურებას ითვალისწინებს. მერია ამ პროგრამაში მედიკამენტებისა და ჰიგიენური ნივთების შეძენას აფინანსებს. წელს ამისთვის ბიუჯეტიდან 64 800 ლარი დაიხარჯება. ამდენივეს დახარჯავს ფონდი „კარიტასი“ ორი ექთნის ხელფასისა და მგზავრობის ანაზღაურებაზე.
შინმოვლის პროგრამის ექთნის ხელფასი ხელზე 624 ლარია. ექთნებს აძლევენ მგზავრობის თანხასაც, თვეში – 37 ლარს. ნინო ქათამაძე მესამე წელია შინმოვლის პროგრამაშია ჩართული.
„დღეში დაახლოებით 6-7 ოჯახში მივდივარ… ახლა 97 წლის ქალთან მოვედი, მძიმე მდგომარეობაშია, ხანდახან ღამეც მიწევს გამოსვლა, როცა მირეკავენ, აბა, გათენებას ხომ ვერ დაველოდები?“ – გვიყვება ნინო ქათამაძე გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთი პაციენტის ოჯახში. მას ჩვენ მომსახურების გაწევის შემდეგ გავესაუბრეთ.
ექთანი თითო ოჯახში დაახლოებით 40 წუთს რჩება. მან პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურა უნდა ჩაუტაროს, ასევე, უნდა დაეხმაროს და ასწავლოს პაციენტის მომვლელს, მაგალითად, წნევის გასინჯვა, მედიკამენტების მიღების წესები ან ნაწოლის დამუშავება… პროგრამის მიხედვით, ექთანმა თვეში მინიმუმ სამჯერ უნდა მოინახულოს თითოეული ბენეფიციარი.
შინმოვლის პროგრამაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმებიც. ექთნების თქმით, ოჯახის ექიმთან ხშირად პაციენტის ნაცვლად მათ უწევთ მისვლა იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტისთვის რეცეპტი მიიღონ, შემდეგ აფთიაქშიც გაიარონ და პაციენტთან წამლებით ხელში მივიდნენ. პროგრამაში ჩართული არ არის სოციალური მუშაკი, არც ფსიქოლოგი.
„ერთი სოციალური მუშაკის დამატებაც იქნებოდა კარგი, რომელიც მსგავს პრობლემებს მოუგვარებს პაციენტებს… ყველა ერთ უბანში არაა. ზოგი ურეხშია, ზოგი – აეროპორტის დასახლებაში. ერთი მაინც რომ იყოს დამხმარე, კარგი იქნება, თუნდაც პამპერსების შეძენაში ვინც დაგვეხმარება,“ – ამბობს ნინო ქათამაძე.
ექთანს ზოგჯერ ფსიქოლოგის როლში ყოფნაც უწევს. ნინო ქათამაძის თქმით, პირიქით, სიამოვნებს კიდეც, როცა ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე გულწრფელად უყვებიან…
„ეჩვევი ადამიანს, ისიც გეჩვევა. ბოლოს 33 წლის რამაზ ჭაღალიძე გარდაიცვალა, ორი წელი ავადმყოფობდა, ძალიან განვიცადე… ხშირად ხდება ასე, ეჩვევი ადამიანს, მერე კვდებიან, ნერვიულობ, განიცდი, გენატრება, მე მათი ყოველი დღე მაინტერესებს,“ – გვიყვება ნინო ქათამაძე.
ნინო ქათამაძე პროფესიით ექთანია. მას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და უფროსი ვაჟიც. ამბობს, რომ ხელფასი არსებული პირობების გათვალისწინებით საკმარისი არ არის, მაგრამ სამსახურით კმაყოფილია.
ნინო ქათამაძე
ხელფასზე საუბარი ეუხერხულება ნატალია კონცელიძესაც. მას ბაგრატიონის ქუჩაზე შევხვდით ჟუჟუნა კომახიძის ოჯახში. ოთახში შესვლისთანავე ექთანმა ის პროცედურები აგვიღწერა, რასაც ყოველდღე, თითოეულ პაციენტთან აკეთებს, მერე ლოგინზე ჩამომჯდარ პაციენტს გახედა და თქვა:
„ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი… ქალბატონი ჟუჟუნაც მარტოა ახლა. ისეა, თავის სატკივარს არასდროს შეგადერდებს. ზოგი ისე გისაყვედურებს, გული დაგწყდება, ჩვენს საქმეზე კი არა, ისე. რაღაც პრობლემა აქვთ, ან ოჯახის წევრს და აგრესიული ხდება. ზოგიერთს საერთოდ არ აქვს მადლიერების გამოხატვის უნარი, თუმცა საბოლოოდ ყველას ვუმეგობრდებით,“ – ამბობს ნატალია კონცელიძე.
განსაკუთრებით ბავშვები ახსოვს ექთანს, ვისთანაც დადის. ასეთი სულ 17-ია. ნატალია კონცელიძე გვიხსნის, რომ პაციენტთან მისვლა და უცებ წამოსვლა არ გამოვა, ამიტომ შეადგინა ასეთი განრიგი – დღეგამოშვებით მიდის მძიმე პაციენტებთან.
გყოფნით მგზავრობისთვის გამოყოფილი თანხა? – ნატალია კონცელიძეს შეკითხვა ღიმილს ჰგვრის. „როცა ჰიგიენური ნივთები ჩამოდის, პამპერსები და ასე შემდეგ, მაშინ ვიყენებ ამ ფულს, ტაქსს ვქირაობ და ოჯახებში ერთიანად მიმაქვს,“ – ამბობს ის.
ექთნებს მუშაობა უწევთ არასამუშაო საათებშიც, მათ შორის, შაბათ-კვირასაც. ნატალია კონცელიძე პროგრამაში ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებასაც ხედავს:
„როცა დავიწყე მუშაობა, ძალიან დავიძაბე ამ პაციენტებს, ბავშვებს როცა ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ვერ ვიმუშავებდი, ვერ გავართმევდი თავს. შემდეგ ფსიქოლოგმა ჩაგვიტარა ტრენინგი და დავიწყე სხვანაირად ფიქრი. მე კმაყოფილი ვარ ამ სამსახურით,“ – გვითხრა ნატალია კონცელიძემ.
ნატალია კონცელიძე
განსხვავებულად აღწერენ შინმოვლის პროგრამის გამოწვევებს ბათუმის მერიაში. ჯანდაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნინო ლომთათიძის თქმით, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის საჭიროების საკითხი აქამდე არავის დაუსვამს. ნინო ლომთათიძემ ასევე უარყო ის ციფრები, რაც ექთნებმა დაგვისახელეს მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით.
„15 და 16 პაციენტი არც ერთს არ ჰყავს… ისეთი პაციენტი, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება მოვლა, თითოს ეყოლება მაქსიმუმ ხუთი,“ – გვითხრა მან.
ბათუმის მერიის თანამშრომელს არ აქვს ინფორმაცია, რა ანაზღაურებას იღებენ ექთნები მერიის „შინმოვლის პროგრამაში“. იგი ირწმუნება იმასაც, რომ მონიტორინგს ახორციელებს და მადლობის წერილებსაც იღებს.
„ჩვენ ხელფასის ნაწილში არ შევდივართ. მთავარია, პაციენტებს არ აკლიათ მომსახურების ხარისხი, ამის მოთხოვნა არ დამდგარა. არც „კარიტასს“ და არც ექთნებს ამისთვის არ გაუსვამთ ხაზი. ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ უმაღლეს დონეზე და არის ნორმალური შედეგი, მადლობის წერილებიც იყო,“ – აღნიშნა ნინო ლომთათიძემ.
„შინმოვლის პროგრამაში“ ჩართვა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აწუხებთ და 100 ათასამდე ქულა აქვთ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. პროგრამით ასევე სარგებლობენ შშმ პირები და ასაკით პენსიონერები, რომლებსაც მომვლელი არ ჰყავთ.
ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ რიგში მხოლოდ ორი ადამიანია და ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. მერიას ასევე აქვს შინმოვლის პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის, რომელსაც „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ ახორციელებს.
ქართული ფილმის – “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ 9 თებერვალს, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული მთავარი პრიზი მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. ის ნომინირებული იყო წლის აღმოჩენის სექციაში. ოპერატორის წარმატება ბათუმში განხილვის საგანი გახდა, რადგან ფილმზე რეალურად ორი ოპერატორი მუშაობდა – გიორგი შველიძე და მამუკა ჩხიკვაძე. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ASC-ის დაჯილდოების ნომინანტი კი მხოლოდ გიორგი შველიძე გახდა.
ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომელი მიხეილ გაბაიძე ფეისბუქზე წერს: “გულდასაწყვეტია თუ მეტი არა, როცა ქართული კინოს, ოპერატორული ოსტატობის ამდენად დიდი გამარჯვებისას მამუკა ჩხიკვაძის სახელი არ ისმის, ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მიერ დაჯილდოვებულის გვერდით… თუ ამას საკუთარ თავზე არ გამოცდი ალბათ ვერ გაიგებ რა ფიქრები ტრიალებს „ჭოჭის“ [მამუკა ჩხიკვაძე] გულში”.
მიხეილ გაბაიძე არ არის ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე დღეს საჯარო თუ დახურულ შეხვედრებზე საუბრობს ბათუმში. სწორედ ამიტომ დავუკავშირდით ფილმის რეჟისორს, ზაზა ხალვაშს და ვკითხეთ, გიორგი შველიძესთან ერთად ნომინაციაზე რატომ არ იყო წარდგენილი კიდევ ერთი ოპერატორი – მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც ასევე მუშაობდა „ნამეს“ გადაღებაზე.
რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე უკვე განმარტა ფეისბუქზე და გვთხოვა, ჩვენც ეს განმარტება გამოვიყენოთ. ზაზა ხალვაშის თქმით, იმ კომენტარით, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ამ თემაზე საუბარი ამოწურა.
“როგორც ჩანს, ეს საკითხი უკვე უნდა დავაზუსტოთ: გიორგი შველიძე ფილმის დამდგმელი ოპერატორია, ხოლო მამუკა ჩხიკვაძე (ჭოჭი) – მეორე ოპერატორი. ძალიან “გულდასაწყვეტია, თუ მეტი არა”, რომ ამის ახსნა მიხდება თქვენთვის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ინგლისურ ტიტრებიან ვერსიაში ორივე ერთად წერია, რაც თავად შველიძის დაჟინებული მოთხოვნით გაკეთდა, ხოლო ოფიციალურად და ქართულ ვერსიაში კი ეს სუბორდინაცია ამ სახით არის წარმოდგენილი, როგორც მოგახსენეთ. ამერიკის კინოაკადემიამ, რა თქმა უნდა, დამდგმელი ოპერატორი წარადგინა პრემიაზე და გავიმარჯვეთ! და ეს არა მარტო ერთი პიროვნების წარმატებაა, ფილმის მხატვრული ღირებულების ჩამოყალიბებაში ყველას თავისი წილი მიუძღვის, მათ შორის ჩემს მეგობარს, მამუკა ჩხიკვაძეს. ამიტომ წუხილი იმის გამო, რომ ვიღაცას არ მიაგეს სათანადო ყურადღება, უსაფუძვლოდ მიმაჩნია,” – წერს ზაზა ხალვაში.
“ბათუმელები” დაუკავშირდა ოპერატორ მამუკა ჩხიკვაძეს. ის ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და არც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს.
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.
ეროვნულმა კინოცენტრმა „ნამე“ 2019 წლის „ოსკარზე“ წარადგინა უცხოენოვანი ფილმების სექციაში, თუმცა იგი უცხოენოვანი ფილმების საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი – „ნამე“ არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აჭარაშია. მინისტრი ბათუმსა და ქობულეთში პოლიციელებს შეხვდა და განახლებული საპოლიციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაცია მინისტრის ვიზიტის შესახებ მედიისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. გიორგი გახარიას აჭარაში ვიზიტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
პრესსამსახურის ცნობით გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებებში ვიზიტისას სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა.
კერძოდ, კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
“საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური ახალი ბალისტიკური სკანერით, დოკუმენტებისა და ხელნაწერების ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სპეციალური მიკროსკოპით აღიჭურვა. ახალი ტექნიკური შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საგამოძიებო პროცესის სწრაფ და ეფექტიან წარმოებას,” – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები პირველ მოადგილესთან კახა საბანაძესთან და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კოტე ანანიაშვილთან ერთად გამართა.
9 თებერვალს, 20:59 საათზე თვითმკვლელობა სცადა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა შოთა შანიძემ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური დაწესებულება ავრცელებს. უწყების ცნობით, შოთა შანიძე დაწესებულების თანამშრომლებმა გადაარჩინეს. შოთა შანიძეს 15-წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი ბათუმელი გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე. გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს.
„1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა. შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველჰყოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – წერია უწყების მიერ დღეს, 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
შოთა შანიძის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი 2015 წელს გაასამართლეს გიგა ფარტენაძის მკვლეობაზე. გარდაცვლილის ოჯახს მიაჩნია, რომ გიგა ფარტენაძის მკვლელობის დროს მის საკანში ამ სამი პირის გარდა სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, ეგრეთ წოდებული მაყურებლები, მაგრამ მათ გამოძიებამ ხელი დააფარა.
საუბარია გეგუთის ციხის ყოფილი დირექტორზე და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელზე დიმიტრი დარბაისელზე. გიგა ფარტენაძის ოჯახი ახლაც ითხოვს ციხის მაშინდელ ადმინისტრაციისა და ბადრაგს წევრების მკვლელების მფარველობისთვის დასჯას.
შოთა შანიძე გიგა ფარტენაძის მკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ მან 3 იანვარს შიმშილობა გამოაცხადა. პენიტენციური დაწესებულების ცნობით, შოთა შანიძე „ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. მსჯავრდებულმა შანიძემ შიმშილობა შეწყვიტა 7 თებერვალს“.
შოთა შანიძე 2014 წლის მკვლელობის ფაქტამდეც მძიმე მუხლებით იყო გასამართლებული და მას 33-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ქართული ფილმის “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზი მიიღო. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.
გიორგი შველიძესთან ერთად წლის აღმოჩენის სექციაში ფილმ “მხედარის” ოპერატორი ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი და ფილმ “გოგონას” ოეპრატორი ფრანკ ვან დენ იდენი იყვნენ ნომინირებულები. გამარჯვებულები 9 თებერვალს, ღამით გამოავლინეს და ეს რიგით 33-ე ცერემონიალი იყო.
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.
ფილმს, რომელსაც არაერთი წარმატება ხვდა წილად, ორი ოპერატორი ჰყავს – გიორგი შველიძე და მამუკა ჩხიკვაძე. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ASC-ის დაჯილდოების ნომინანტი მხოლოდ გიორგი შველიძე იყო.
“ნამე” საქართველოს კინოცენტრმა ასევე წარადგინა „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა TUEREST 2019 – ში მონაწილეობს. დეპარტამენტის სტენდზე დამთვალიერებელს აჭარის რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მიმართ ესტონელი მოგზაურების ინტერესი მზარდია. 2018 წელს რეგიონს წინა წელთან შედარებით ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანი შეხვედრა განათლებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.
11 თებერვალს, ჩაქვში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში თავისი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს მოსახლეობას წარუდგენს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და დეპუტატს კითხვები დაუსვას.
დღეს, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა. მოძრაობის წევრები სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, დღის 12 საათზე შეიკრიბნენ. “სიტყვის კაცებში” მაჭახლის ხეობის ყველა ასაკის მცხოვრები გაწევრიანდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მოქალაქეები ამ ფორმით ხეობაში შესაძლო ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც “სიტყვის კაცების” აქტივისტებმა “ბათუმელებს” უთხრეს, მოძრაობაში მაჭახლის ხეობის ხუთი სოფლის – ზედა ჩხუტუნეთის, ქედქედის, აჭარის აღმართის, ცხემლარასა და ქვედა ჩხუტუნეთის მცხოვრებლები გაწევრიანდნენ. ისინი მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა “სიტყვის კაცებში” მახაჭლის ხეობის ყველა სოფლის მცხოვრები გაერთიანდება ფოტო: უშანგი ნაგერვაძე
გუშინ, 8 თებერვალს, მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა [გუნდარიძე]. მომღერალმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ჰესების საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა.
“მაჭახლელებო! აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის, ვითარდება ეკონომიკა და სოფელი, დამიჯერეთ, მთელ თურქეთში მაჭახლის ხალხს საქმიან და სიტყვის კაცებად გვიცნობენ, ვიცი, რომ თქვენც არ გინდათ, მაქ თქვენც გაერთიანდით და ერთად დადექით. თუ ერთად იქნებით, ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით, ჩვენც დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით და ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ.
ჩვენ, აქაური მაჭახლელები ვუერთდებით მოძრაობას, მაჭახელა ჩვენია, არა ჰესების მშენებლობას მაჭახლის ხეობაში. აბა თქვენ იცით, ჩვენ თქვენთან ვართ,“ – აცხადებს მომღერალი თავის ვიდეომიმართვაში.
მოძრაობა “სიტყვის კაცებში” ქალები და ბავშვებიც გაწევრიანდნენ ფოტო: უშანგი ნაგერვაძე
ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს.ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია]. „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩა #65-ში მცხოვრები 14 ოჯახი სახელმწიფოს ალტერნატიულ საცხოვრებელს ფართს სთხოვს.
ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა დღეს, 9 თებერვალს, საპროტესტო აქცია გამართეს. საქმე იმაშია რომ ოპიზრების ქუჩაზე ახალი ავტომაგისტრალი გადის, რომელიც იქ მცხოვრებთა თქმით „ფაქტობრივად ჩიხში აქცევს 14 ადამიანის საცხოვრებელს“.
„ავტომაგისტრალი გადის, რომლის გამოც 10 მეტრიანი მიწაყრილი კეთდება. ჩვენ ჩიხში ვრჩებით და არ გვინდა ჩიხში ცხოვრება, მოწყვეტილი ვიქნებით გარესამყაროსთან. ნორმალური საცხოვრებელი პირობები არ გვექნება. ჩვენ ვითხოვთ გასახლებას. როგორც ადრე დააკმაყოფილა მოსახლეობა მთავრობამ, ისე დაგვაკმაყოფილონ ახლაც,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში აქციის მონაწილე დარეჯან მორთულაძე.
აქციის მონაწილეებთან ხელისუფლებიდან ან ხელვაჩაურის მერიიდან ამ დრომდე [13:05] არავინ გამოჩენილა.
ეს არ არის პირველი აქცია, რომელსაც ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები მართავენ. ანალოგიური მოთხოვნით აქცია 30 იანვარსაც გაიმართა.
აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ავრცელებს. სააღრიცხვო ბარათი სწორედ სააგენტოს ინიციატივით მომზადდა. ამჟამად “ბორანოს” სტატუსის განხილვა მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ბორანო აჭარის მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი კერძია. ამზადებენ ქედაში, ხულოსა და შუახევში.
ბათუმში ორი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.
სახლების მშენებლობისთვის სატენდერო თანხა 2 461 751 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.
ოთხი კორპუსი, ე.წ. იაფი სახლები, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ აშენდება. აქ ორი [„გ“ და „დ“] კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, ახალი ტენდერით კი, დანარჩენი ორი სახლი [„ა“ და „ბ“ კორპუსები], ხელშეკრულების დადებიდან 360 დღეში უნდა აშენდეს.
მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის შესყიდვა შეეძლებათ პირებს:
ვისი ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც არის რეგისტრირებული ბათუმში;
ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დადგენილია დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში;
ოთხი და მეტსულიანი ოჯახისთვის სტაბილური შემოსავალი თვეში 800-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს;
ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური;
ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართობი (10 კვადრატულ მეტრზე მეტი);
ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის” ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას.
„გ“ და „დ“ კორპუსებსჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი აშენებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება, 2 349 999 ლარზე, 2018 წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა.
დღეს, 8 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში, ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე იმყოფებოდა. მან ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტთან ერთად ბაზაზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.
ფოტო: სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზეფოტო: სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზეფოტო: სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზეფოტო: სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზეფოტო: სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე
ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებს ალტერნატიული ადგილის მოძებნა მოუწევთ. მერიამ გადამზიდავ კომპანიებს ვადა პირველ მარტამდე მისცა.
საქმე ეხება ქობულეთის, ასევე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ბათუმიდან მოძრავ მიკროავტობუსებს, რომლებიც ოფიციალური ავტოსადგურების მიღმა აპარკინგებენ ტრასნპორტს მგზავრების შევსებამდე.
ბათუმის მერია სწორედ ამ მიკროავტობუსების მძღოლებს აფრთხილებს, რომ მათი საქმიანობა გახადონ ლეგალური, ანუ გადავიდნენ იმ ავტოსადგურებში, საიდანაც ნებადართულია მგზავრების გადაყვანა. ბათუმში ასეთი სულ სამი ავტოსადგურია.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა დაუჯდებათ გადამზიდავ კომპანიებს ლეგალურ სადგურებში გადასვლა და იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი მგზავრობის ტარიფზე.
ე.წ. სადგური ბაქოს ქუჩაზე, ბათუმის კათოლიკურ ეკლესიასთან, შპს „ხუტას“ კუთვნილებაშია. ამ კომპანიის მიკროავტობუსები ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მოძრაობენ. კომპანიის მფლობელის, ავთანდილ ხინიკაძის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის სამარშუტო ხაზზე სულ 60 მანქანა მუშაობს, მათგან 30 ყოველდღიურად. ხინიკაძის თქმით, სიტუაცია ისე მიდის, მოუწევთ მგზავრობა გააძვირონ და 1.50-ის ნაცვლად 2 ლარი გახადონ.
ავთანდილ ხინიკაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არაერთხელ ჰქონდა მერიას მცდელობა მათი სადგურის მოშლის, რამდენჯერმე შევიდნენ კიდეც მისი მანქანები ბათუმის ავტოსადგურში, თუმცა ისევ უკან დაბრუნდნენ.
ავთანდილ ხინიკაძე: „შევედით ავტოვაგზალში და დაიწყო ქაოსი. ხაზზე გამოვიდნენ ე.წ. ხიშნიკები და დაიწყეს ჩვენ ყოფილ ადგილზე მუშაობა. თუ მობილიზება ხელმეორედ ხდება, მანდ მე გარანტირებული მაქვს ადგილი. გვარიშვილის ავტოსადგურში შევალ, მაგრამ ერთი პირობით, ავტოვაგზლიდან გამოსულმა სხვა ტრანსპორტმა მანთაშევის „პერიეზდი“ არც ერთმა არ უნდა გადმოკვეთოს. ვგულისხმობ გურიის, იმერეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს. რატომ? იმიტომ, რომ ეს მგზავრები გამოვლენ და ისარგებლებენ მაგ „მარშუტკებით“, ჩვენ დავრჩებით საშრობად ავტოვაგზალზე“.
„ჯერჯერობით არავინ მოსულა ჩვენამდე, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუკი მოვლენ, სიამოვნებით მივიღებთ,“ – ამბობს გიორგი შარაშიძე, „ბათუმი ცენტრალის“ დირექტორი.
მისი თქმით, ნებისმიერი გადამზიდავი კომპანიისთვის ოფისის საიჯარო ქირა 200 დოლარის ეკვივალენტია ლარში. გარდა ამისა, ფასიანია პარკინგიც. თუმცა, თუ რა თანხას და როგორ გადაიხდიან პარკინგისთვის, ეს ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხია.
ერთი ლარია პარკინგზე ერთი მანქანის დგომის საფასური „მეტროს“ ახალ ავტოსადგურში. რაც შეეხება საოფისე იჯარას, როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, გადამზიდავი კომპანიები ამ საკითხზე ინდივიდუალურად უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას. გარდა ამისა, „მეტროს“ აქვს გარე პერიმეტრზე მოწყობილი პარკინგი, სადაც დგომა უფასოა და მისით სარგებლობა მძღოლებს თავისუფლად შეუძლიათ.
განსხვავებით სხვა სადგურებისგან, ბათუმის ძველ ავტოსადგურში, მძღოლები გადასახადს გაყიდული ბილეთებიდან იხდიან.
„გადასახადი არის ბილეთის ღირებულებიდან პროცენტი. სხვადასხვა რეისიდან გამომდინარე, ზოგი იხდის 10 %-ს, ზოგი 15 %-ს და ზოგიც 20 %-ს. გააჩნია რამდენად კარგი რეისია,“ – ამბობს ზაურ სოლომონიძე, ბათუმის ავტოსადგურის დირექტორი.
სოლომონიძე ამბობს, რომ მისთვის, ჯერჯერობით, არავის მიუმართავს ავტოსადგურში გადასვლის თხოვნით.
„ვერავინ ვერ გადმოვა ჩვენთან ჩვენი სურვილის გარეშე. ისინი, ვინც, ფაქტობრივად, ხელს გვიშლიდნენ ამდენი წლის განმავლობაში და აბსოლუტურად ფეხებზე ეკიდათ ავტოსადგურის მუშაობა, ახლა გადმოვლენ ჩვენთან და იმუშავებენ? ჩემთან არავინ ყოფილა სასაუბროდ და ვერც მოვლენ. ერმაკოვის [ბათუმის ყოფილი მერი] დროს ძალიან ვიბრძოდი, რომ ეგ სადგურები არ ყოფილიყო და ახლაც ვიბრძვი,“ – ამბობს ზაურ სოლომონიძე.
წერეთლის ქუჩაზე მოწყობილი ე.წ. სადგური შპს „მბ“-ს ეკუთვნის. მისმა მეპატრონემ მერიის თხოვნა გაითვალისწინა და წერეთელზე გაჩერებული მიკროავტობუსების რაოდენობა ორამდე შეამცირა.
ე.წ. ავტოსადგურების გაუქმების შესახებ განცხადება ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ გააკეთა.
„უკანონო ავტოსადგურებს რომ ვეძახით, რომლებიც საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დადიან, იმათ აღებასაც დავიწყებთ, გაუქმებას და მათ შეყვანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ახლა დღეში საშუალოდ 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ამით კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა,“ – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
შპს „სტადიონმა“, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარია. როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ ტენდერით სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მთლიანად დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები და სხვა.
სამუშაოს შესრულების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდი.
ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს შეწყდება.
ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს კომპანია ანაგი აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე], საიდანაც კომპანიისთვის ამ დროისთვის უკვე გადახდილია 61 779 561 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 62%].
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონში“ განაცხადეს, „ანაგთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყობა სტადიონის გადახურვა [რაც დაწყებულია], ასევე განათება, სკამები და მწვანე საფარი.
ბათუმის მერი ამბობს, რომ ვერ გაზიარებს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, კონკრეტულ ნაკვეთზე სახალხო დამცველის რეკომენდაციას ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე. ლაშა კომახიძეს სახალხო დამცველისთვის ამის შესახებ წერილობით უცნობებია კიდეც. სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბათუმის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მიიღო საკითხის გამოკვლევის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ამიტომაც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ლაშა კომახიძე კი ამტკიცებს, რომ ნაკვეთს, რომელსაც ზონის სტატუსი შეუცვალეს, დამტკიცდა განაშენიანების გეგმა და გაიცა 28-სართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვა, სინამდვილეში მწვანე კონცხთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„რეალურად არ არის საუბარი მწვანე ზოლზე, ეს არ არის ის ნაწილი, რომელსაც წარმოიდგენენ ადამიანები მწვანე კონცხზე საუბრის დროს. ნაკვეთი არის ქობულეთის გვირაბთან, კიდევ უფრო გაცილებით ქვემოთ. ამ ტერიტორიიდან 200 მეტრში უკვე აშენებულია მაღლივი სახლი. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრმა არ იცის, სად არის ეს ადგილი ფიზიკურად. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებისას ვმოქმედებდით ყველა ნორმისა და კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად, ვერ ვიზიარებ სახალხო დამცველის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იყო რაღაც დარღვევასთან კავშირი. რეალურად ამაზე ვიმსჯელებთ თუ არის სხვა მოსაზრებები და არა ამ კუთხით. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოშია [საკითხი] დავუტოვოთ გადაწყვეტილება სასამართლოს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება სასამართლოს, მწვანე კონცხის გამწვანებულ სივრცეში მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა [EMC] არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ.
EMC იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში საკრებულომ 28-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა დაუშვა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპის” საკუთრებაში არსებულ 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის ასაშენებლად დაამტკიცეს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ).
ამ გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქცია და არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, რაც მაღალი ინტენსივობის მშენებლობის ზონად გადაქცევას ნიშნავს.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ქალს და კაცს, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 თებერვალს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სპეცოპერაციით დააკავეს.
ვიდრე მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბრალდებულმა მუსტაფა ქ-მ მოსამართლეს უთხრა: “არსად გაქცევას აპირებს… ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს”. ის თურქეთის მოქალაქეა.
მოსამართლისთვის არაფერი უთქვამს მეორე ბრალდებულს – იამზე მ-ს. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მისი სამი შვილი ქუთაისში ცხოვრობს, თვითონ კი ბოლო პერიოდი – ბათუმში, ნაქირავებ ბინაში.
მუსტაფა ქ-ს წინასწარ პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მოსამართლეს ადვოკატმა გირაო – 10 ათასი ლარი შესთავაზა, იამზე მ-ს შემთხვევაში – 2 ათასი.
“მისი სოციალური მდგომარეობა მძიმეა, არავინ ჰყავს… თუ გირაოს შეუფარდებთ, 50 დღეში შეძლებს ამის გადახდას,” – დასძინა ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ. მისივე თქმით, ბრალდებული ქალი “ნანობს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან” .
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ჯგუფურად იძენდნენ და ასაღებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ჯერ 29 იანვარს გაყიდეს ნარკოტიკი, შემდეგ კი – 6 თებერვალს, როცა ისინი დააკავეს. საუბარია ჯერ 0.04, ხოლო მეორე შემთხვევაში – 0.224 გრამი ბუპრენორფინის შეძენასა და გასაღებაზე.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, იამზე მ-ს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, მუსტაფა ქ.-ს კი, 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ.
სასამართლო პროცესს მხოლოდ იამზე მ-ს ახლობლები ესწრებოდნენ. ბრალდებულის ქალიშვილი პროცესს ვერ დაესწრო, რადგან ის სასამართლოში მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა.
“ვერაფერს გეტყვით… ვიცით, რომ ის ამას არ იზამდა. ეს კაცი ორჯერ იყო სტუმრად, ეს ვიცით…”- გვითხრეს ბრალდებულის ახლობლებმა, ვიდრე ისინი სასამართლოს შენობას დატოვებდნენ.
დანაშაულის ჩადენის არც ირა სმიკოვას სჯერა. ის ბათუმში ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობდა.
“ჩვენ შვიდი წელია ვიცნობთ ერთმანეთს… ის პერიოდულად გადადიოდა და თამბაქოზე ვაჭრობდა, ხანდახან ტანსაცმელიც გადმოჰქონდა… აიძულეს ალბათ აღიარება. ვიცი, რომ წიგნი მისცეს საზღვარზე და იმაში აღმოჩნდა ნარკოტიკი. შეიძლება, ვერ გააცნობიერა რა მოხდა,” – გვითხრა ირა სმიკოვამ.
აჭარის სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების განცხადებების მიღებას შაბათს, 9 თებერვალს, დილის 11 საათიდან დაიწყებს. განცხადებებს, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თავად დასახლებაში მიიღებენ: „იქ არის ფართობი, სადაც მოგვეცემა მუშაობის საშუალება“.
„ოცნების ქალაქში“ სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო ცენტრი უკვე გაიხსნა.
განცხადებების მიღება კვირას და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
„დასახლებაში სამივე ლოკაციაზე სულ 1727 ჯიხურია აღწერილი და დანომრილი. აქედან ალბათ 10-15%-ში არ ცხოვრობს არავინ. ამ ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყება და ამ პროცესს ვერავინ შეუშლის ხელს. სახლების მშენებლობაზე ტენდერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს“ – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.
ვინ მიიღებს ბინებს პირველ რიგში და რა კრიტერიუმებით შეირჩევა ეს ოჯახები? – ამ კითხვაზე კომისიაში ამბობენ, რომ ყველაფერი განცხადებების მიღების პროცესის პარალელურად დაზუსტდება.
„როცა დავიწყებთ განაცხადების მიღებას, იქ გამოიკვეთება ვის რა პრობლემები აქვს. ამოსავალი წერტილი იქნება უსახლკარო ოჯახები, ეკომიგრანტები და სხვადასხვა კატეგორია, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. თუმცა, წინასწარ კატეგორიებზე და კრიტერიუმებზე ვერ დავიწყებთ საუბარს. შესაბამის გადაწყვეტილებებს კომისია მიიღებს. კომისიაში არიან მთავრობის აპარატის, სამინისტროების და სხვა უწყებების წარმომადგენლები. კომისიაში ჩართვა, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის.“ – გვითხრა რამაზ ჯინჭარაძემ.
მთავარ ფოტოზე: საინფორმაციოცენტრი „ოცნების ქალაქში“. ფოტო: აჭარის მთავრობა
ეთნიკურად ქართველი, მომღერალი ბაიარ შაჰინი [გუნდარიძე], რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ, როგორც ქართული ფოლკლორის შემსრულებელს, აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მცხოვრებლებს მიმართავს და მაჭახელას ხეობაში ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება. ვიდეომიმართვა მომღერალმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ სტილის დაცვით გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.
„ჩემო მაჭახლელებო, ეხლა სტამბულში ვარ. გავიგე, რომ მდინარე მაჭახელაზე ჰესის აშენება უნდათ. ძალიან შევწუხდი და მოგმართავთ თქვენ. ჰესის აშენება-არ აშენება ჯერ თქვენი გადასაწყვეტია, რადგან მაქ ცხოვრობთ თქვენ. ჯერ თქვენდა დაგეკითხონ, გინდათ თუ არა.
ზემო მაჭახელშიც უნდოდათ ჰესების გაკეთება, ხალხს არ უნდოდა – ერთად დადგა. ბევრი ვიბრძოლეთ, რამოდენიმე წელი ვიბრძოლეთ, მთელი თურქეთის მაჭახლელები გავერთიანდით ჰესების წინააღმდეგ. მთავრობას ავუხსენით, რომ აქ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ხელუხლებლად უკეთესია. მთავრობამაც დიგვიჯერა და ზემო მაჭახელის ექვსი სოფელი იუნესკოს დაცვის ზონადაა გამოცხადებული.
მაჭახლელებო! აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის, ვითარდება ეკონომიკა და სოფელი, დამიჯერეთ, მთელ თურქეთში მაჭახლის ხალხს საქმიან და სიტყვის კაცებად გვიცნობენ, ვიცი, რომ თქვენც არ გინდათ, მაქ თქვენც გაერთიანდით და ერთად დადექით. თუ ერთად იქნებით, ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით, ჩვენც დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით და ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ.
ჩვენ, აქაური მაჭახლელები ვუერთდებით მოძრაობას, მაჭახელა ჩვენია, არა ჰესების მშენებლობას მაჭახლის ხეობაში. აბა თქვენ იცით, ჩვენ თქვენთან ვართ,“ – აცხადებს მომღერალი.
ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს.ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია]. „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.
ბათუმის მერია დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 944 809 ლარია. ტერიტორიით, სადაც ეს შენობა დგას, კერძო კომპანიაცაა დაინტერესებული.
დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობდნენ, ინვესტორს, რომელიც თავდადებულის ქუჩის მხარეს სახლის ფასადს ინარჩუნებდა, ამ ადგილზე „პიაცას“ ტიპის კვარტალის აშენება სურდა.
„გელა მახარაძე [კომპანიის ყოფილი მესაკუთრე, რომელიც ამ ტერიტორიაზე კვარტალის აშენებას გეგმავდა] ამ სახლის ფასადის შენარჩუნებას აპირებდა და შიდა მხარის მოშლას. ახლა არ ვიცით რას აპირებს. ჩვენთვის სულერთია, მერია იქნება თუ კერძო ინვესტორი, სახლი იშლება“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
შპს „ექსელენტ დეველოპმენტის“ 100% წილი გელა მახარაძემ 2018 წლის მარტში ათას ლარად მიჰყიდა ნარიმან თურმანიძეს, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, დღეს კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორია.
ეს კომპანია დემეტრე თავდადებულის N33, N35 და N37-ში გარკვეულ ფართობებს უკვე ფლობს და აქვს აღებული ვალდებულებები მესაკუთრეთა ბინებით დაკმაყოფილებაზეც. რეესტრის მიხედვით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები მოქალაქეებსა და კომპანიას შორის სხვადასხვა დროს არის დადებული.
„ბათუმელები“ „ექსელენტ დეველოპმენტს“ ვერ დაუკავშირდა.
მიმართა თუ არა კომპანიამ ბათუმის მერიას აღნიშნულ მისამართებზე მშენებლობის ნებართვისთვის და რას გეგმავს კონკრეტულად კომპანია? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ექსელენტ დეველოპმენტს“ ბათუმის მერიისთვის დღემდე არც პროექტის შესათანხმებლად და არც ნებართვისთვის მიუმართავს.
დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე მერია 944 809 ლარის დახარჯვას გეგმავს, შესაბამისი პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით არის მომზადებული და ტექნიკურ პირობებთან ერთად თან ახლავს სატენდერო დოკუმენტებს.
დოკუმენტების მიხედვით:
სარეაბილიტაციო შენობა წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ ნაგებობას მაღალი სხვენით. შენობა გეგმაში გონიოს ფორმისაა, გაბარიტული ზომებია: 17 მ ქუჩის მხარეს და 30 მ ეზოს სიღრმეში. შიდა სივრცე გადაკეთებულია. II სართულის ახალი სართულშუა და სასხვენო გადახურვები ცუდი ხარისხით და შეუსაბამო მასალებითაა შესრულებული. ქუჩისპირა ფასადზე აღინიშნება არქიტექტურული დეტალების დანაკარგები. საჭიროა მათი აღდგენა ადგილზე შემორჩენილი ნიმუშის, ისტორიული ფოტოსა და ანალოგების მიხედვით. შენობის ეზოს ფასადის ხის კონსტრუქციის თავდაპირველი აივნები, რომლებიც დაზიანებული და დეფორმირებულია ხანდაზმულობისა და მოუვლელობის გამო, მოითხოვს სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია, მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის აღდგენით და თავდაპირველი სახის დაბრუნებით. სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მისაღები მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული შენობა უმძიმეს ფიზიკურ მდგომარებაშია, მას მხატვრული გამომსახველობა არ დაუკარგავს.
ძეგლზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს შეწყდება.
სატენდერო მოთხოვნით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობის ან/და საკულტო ან/და საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლ(ებ)ის რეაბილიტაცია ან/და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლ(ებ)ის შიდა და გარე რესტავრაცია] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 ლარის ოდენობით; ხოლო ერთ კონკრეტულ ობიექტზე ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით – არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით.
ბათუმი, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი / 8.02.2019ბათუმი, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი / შიდა ეზო / 8.02.2019
საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე მრავალფეროვანი მაღაზია „ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს სრულ კოლექციაზე 10-დან 70 %-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ.
„ჯივილი“ ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციასა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე.
„როდესაც მოვიდნენ შემოწმებაზე, დადეს დასკვნა, რომ შეუსაბამობა იყო კვადრატულობა, ფართობი, რაც კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. რემონტის დაწყება კი ნიშნავდა იმას, რომ სამი თვით ბაღი უნდა დაგვეხურა. ეს ხდებოდა ნოემბრის თვეში. ჩვენთან 315 აღსაზრდელია. მშობლებთან გასაუბრებისას წავაწყდით მათგან წინააღმდეგობას. შევთანხმდით, რომ რემონტი ზაფხულის არდადეგების დროს გაგვეკეთებინა და არ შეგვეწყვიტა სააღმზრდელო პროცესი. სარემონტო სამუშაოების ჩატარება ევალება ბაღების გაერთიანებას, ამიტომ დაჯარიმდა არა ბაღი, არამედ გაერთიანება, რომელმაც გადაიხადა კიდეც ეს თანხა. ჩვენ, ვინაიდან გადავწყვიტეთ ზაფხულს დავლოდებოდით, ფაქტობრივად, თანახმა ვიყავით გამოეწერათ ეს ჯარიმა“, – აღნიშნა ირმა ნაკაშიძემ.
ბათუმის მე-4 ბაღის გამგის განცხადებით, შეუსაბამობა, რაც შენობის [სამზარეულოს] გაფართოებას შეეხებოდა, 2018 წლის ზაფხულში აღმოიფხვრა: „რემონტს სამი თვეც არ ეყო და დაგვიანებით განვაახლეთ მუშაობა. უშუალოდ ბაღის ადმინისტრაციას რაც შეეხება, ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია – ეს იქნება ჰიგიენა, სურსათის ხარისხი, მათი შენახვა, უსაფრთხოება თუ სხვა. ამ კუთხით პრობლემა არ დაფიქსირებულა. კვადრატულობაში იყო შეუსაბამობა და ეს ჯარიმა რომ არა, შეიძლება არც გარემონტებულიყო ბაღი – ათწლეულებია ეს პრობლემაა“.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უდევს ინფორმაცია – „საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღების 2018 წლის სახელმწიფო კონტროლის შედეგები“ და ატვირთული აქვს მონაცემები დაჯარიმების შესახებ. ამ მონაცემებით ბათუმში, აღმაშენებლის 14-ში [N10 საბავშვო ბაღი] და მელიქიშვილის 8-ში [N4 საბავშვო ბაღი] ბიზნესოპერატორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება დაჯარიმდა.
„ბათუმელები“ N10 საბავშვო ბაღის გამგესაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბაღი გასულ წელს არ დაუჯარიმებიათ. „არავითარი შეუსაბამობა ჩვენს ბაღში არ დაფიქსირებულა. პირადად არანაირ ჯარიმის ქვითარზე, თუ ოქმზე ხელი არ მომიწერია. ზოგადად, არაკრიტიკული შეუსაბამობები, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და სწორდება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ეკა კიწმარიშვილმა.
„N10 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, სურსათის სააგენტოში მოვიკითხე და მითხრეს, რომ შეცდომაა გაპარული და მათ ვებგვერდზე ამას გაასწორებენ. რაც შეეხება N4 ბაღს, იქ დაგავაჯარიმეს, მაგრამ არა სუბიექტური მიზეზების გამო, არამედ ისეთი ვადა მოგვცეს, რომ ჩვენ სამი და ოთხი თვით ბაღს ვერ გავაჩერებდით, სხვა გამოსავალი არ იყო. არაკრიტიკული შეუსაბამობებია მაგალითად ის, რომ ვთქვათ მაცივრის ფეხია დაჟანგული, მაგიდაა გასალაქი… ესაა, ამის იქეთ არ მიდის ჩვენი შენიშვნები“, – განაცხადა მამუკა შამილიშვილმა, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
მაისში შუალედური არჩევნები რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის, ხულოში, სადაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე გასული წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. არჩეული მერის გარეშე ქვეყანაში კიდევ ორი მუნიციპალიტეტია – ზუგდიდი და ჭიათურა. აქაც ახალ მერებს მაისში აირჩევენ.
მერის არჩევნები შესაძლოა სხვა მუნიციპალიტეტშიც გაიმართოს, თუკი რომელიმე არჩეული მერი განცხადებას დაწერს და 15 თებერვლამდე პოსტს დატოვებს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მაისის შუალედური არჩევნები იმ საარჩევნო ოლქებს შეეხება, სადაც არჩეული მერებს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდებათ. შუალედური არჩევნები კანონით გათვალისწინებულია ოქტომბერშიც, თუკი რომელიმე მერი თანამდებობას 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე დაემშვიდობება.
ცესკოს ინფორმაციით, მაისის შუალედურ არჩევნებში საკრებულოს წევრებსაც აირჩევენ. საუბარია, მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრებზე, რომლებსაც უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდათ. საკრებულოს ახალ წევრებს ამჯერად: ოზურგეთის, საგარეჯოს, ჭიათურას, ტყიბულის, წყალტუბოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების კონკრეტულ საარჩევნო უბნებში აირჩევენ.
მაისში პარლამენტის ახალ დეპუტატსაც აირჩევენ – სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, რომელიც პრეზიდენტი გახდა. ამ დროისთვის პარლამენტის რომელიმე სხვა დეპუტატს უფლებამოსილება არ შეწყვეტია.
როდის გაიმართება კონკრეტულად შუალედური არჩევნები? – ცესკო-ში განმარტავენ, რომ არჩევნების კონკრეტულ თარიღს ცესკო დანიშნავს საპარალამენტო არჩევნების შემთხვევაში არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საკრებულოს და მერების შემთხვევაში კი – 50 დღით ადრე.
პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე საირახონ მირბობიევა დამნაშავედ ცნო.
„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
___________
მთავარ ფოტოზე: უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები“, ჯაბა ანანიძე.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 თებერვალს, H1N1 გრიპის ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა.
მას ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდგინდა, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, გარდაცვლილი კაცი, სხვა ქრონიკული დაავადებებით იწვა საავადმყოფოში.
„ვფიქრობთ, გრიპის ვირუსი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო იმ ქრონიკული დაავადებების, რაც ამ ადამიანს ჰქონდა,“ – გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ოფიციალური ინფორმაციით, წელს აღნიშნული ვირუსით აჭარაში სულ რვა ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ამ ეტაპზე H1N1 გრიპის ვირუსის კლების ტენდენციაა, „ამ დროისთვის რეანიმაციაში ხუთი პაციენტი წევს H1N1 ვირუსით“.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებს შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ.
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.
შეღავათი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.