მთავარი,სიახლეები

 აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე: „არ არის გამორიცხული, სხვა კადრებიც გავრცელდეს“

02.05.2019 • 1613
 აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე: „არ არის გამორიცხული, სხვა კადრებიც გავრცელდეს“

„ამ ჩანაწერზე წვდომა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს შეეძლო. არ არის გამორიცხული, რომ სხვა კადრებიც იყო დაკოპირებული და გავრცელდეს,“ – ამბობს ჯემალ გვეტაძე. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა ტექნიკური მიმართულებით. მას ვკითხეთ, ხომ არ უნდა ველოდოთ სოციალურ ქსელში ტელევიზიაში გადაღებული ახალი ფარული კადრების გავრცელებას.

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 14:00 საათზე ფეისბუქით გავრცელდა. კადრზე აღბეჭდილია ფრაგმენტი, სადაც ჩანს, რომ ნათია კაპანაძე თათბირს ტოვებს და გასვლის დროს კარებში შემხვედრ თანამშრომელს ხელით განზე სწევს. კადრი გამოაქვეყნეს იმის დასადასტურებლად, თუ რა „უხეშად ექცევა“ ნათია კაპანაძე თანამშრომლებს.

„ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ზედამხედველობას უწევს სათვალთვალო კამერებს, ეს წერია ტექნიკური სამსახურის დებულებაში“, – ამბობს იურისტი გია ქარცივაძე, აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. იგი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, დებულება უფრო დაზუსტებული ყოფილიყო, თუმცა ეს ჩანაწერიც უზრუნველყოფს იმას, რომ სათვალთვალო კამერებსა და ჩანაწერებზე „მესამე პირებს“ დაშვება არ ჰქონდეთ.

ტექნიკური სამსახურის უფროსის მოვალეობას ამჟამად ჯემალ გვეტაძე ასრულებს, ტელევიზიის დირექტორის მოადგილე.

„არ მესმის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ… პასუხს ითხოვთ იმის გამო, რომ ადამიანები საქმეს აკეთებენ?“ – კითხულობს ჯემალ გვეტაძე. მისი თქმით, არსად არ არის გაწერილი, თუ ვისი პასუხისმგებლობაა ჩანაწერების დაცვა. ის ტელევიზიის შიდა სამუშაო პროცესის ან სხვა ქმედების ამსახველი კადრების გავრცელებაშიც ვერ ხედავს პრობლემას, თუკი იგი შეურაცხმყოფელი არ არის.

ჯემალ გვეტაძე, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე: „ვალდებულებებში ეს არაა არსად გაწერილი… ტექნიკური სამსახური პასუხისმგებელია აპარატურის ტექნიკურ გამართულობაზე. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ძირითადად, ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებს სთხოვენ ჩანაწერის ამოღებას, როცა ეს საჭიროა ან ვინმე ოფიციალურად მოგვმართავს და ჩვენ ვაწვდით. კომპიუტერში ეს ჩანაწერი ერთი კვირა ინახება, შემდეგ ავტომატურად იშლება. ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, 15 აპრილსაა გადაღებული. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის დადგენის საშუალება, რა მოხდა. თუ ვინმე ამას დაადგენს, გამიხარდება…

რა კადრები უნდა გავრცელდეს? ტელევიზიაში რაც ხდება ის კადრები თუ გავრცელდება, მერე რა ხდება?… პირადი და შეურაცხმყოფელი თუ არის, ეს პრობლემაა… ზოგადად, კადრების გავრცელებას არ ვემხრობი ნებართვის გარეშე… ისეთი რაღაცები არ ხდება ტელევიზიაში, რომ საყოველთაო ინტერესის საგანი იყოს. ეს კამერა აფიქსირებს ჩვეულებრივ მუშა პროცესს,“ – გვითხრა ჯემალ გვეტაძემ.

„მოკვლევის შედეგად უნდა მოხდეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირის გამოვლენა,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი თქმით, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა გააკეთოს. ინსპექტორი აჭარის ტელევიზიის კადრების გავრცელებაზე მოკვლევას დღეს იწყებს. გამოძიება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე საუბრობს პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაზეც, თუკი გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების ფაქტებს დაადგენს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეს და ტექნიკური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ასევე ვკითხეთ, ვინ არის პასუხისმგებელი, თუკი ტელევიზიის დაახლოებით 350 თანამშრომელს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერზე და მის გავრცელებაზე მიუწვდება ხელი.

„არაერთხელ იყო საუბარი ამ თემაზე, რომ გაკეთებულიყო ცალკე ტექნიკური ოთახი, სადაც არავის შეეძლებოდა შესვლა კონკრეტული პირების გარდა. ჩვენი შენობის კონფიგურაციიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა, რესურსი ვერ მოიძებნა… ეს მთლიანად მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა,“ – აღნიშნა ჯემალ გვეტაძემ „ბათუმელებთან“.

ერთ-ერთი პირველი, ვინც გუშინ, პირველ მაისს, კადრები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა, ნერონ აბულაძეა. ის „აჭარის ტელევიზიის“ ყოფილი თანამშრომელია. მასთან თანამშრომლობა ნათია კაპანაძემ 2017 წლის ბოლოს შეწყვიტა. ნერონ აბულაძე ამზადებდა პროექტს „ტელესპექტაკლი“ . მაშინ ამ გადაწყვეტილებამ თეატრალების ერთი ჯგუფის პროტესტი გამოიწვია. ნერონ აბულაძე უარყოფს იმას, რომ კადრები მან მოიპოვა და თავდაპირველად თვითონ განათავსა სოციალურ ქსელში.

„მე არ გამივრცელებია თავდაპირველად… ამ ჩანაწერზე ხელი არ მიმიწვდებოდა, მით უმეტეს, თანამშრომელი არა ვარ. რაც ვნახე გვერდზე, ის გადმოვწერე და ავტვირთე,“ – გვითხრა ნერონ აბულაძემ.  ის საუბრობს ფეისბუქგვერდზე – TV ajara 2019, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა. ამ გვერდზე მხოლოდ ნათია კაპანაძის რეპუტაციის შემლახველი პოსტები ვრცელდებოდა. ეს გვერდი სოციალურ ქსელში დღეს გააუქმეს. უცნობია, ვინ შექმნა გვერდი. ნერონ აბულაძემ კი პირად ფეისბუქგვერდზე ვიდეო 14:19 საათზე გამოაქვეყნა.

რატომ დასჭირდა ნერონ აბულაძეს ჩანაწერის გადმოწერა სპეციალური პროგრამის დახმარებით და მისი ხელახლა ატვირთვა, როცა მას ამ მასალის პირდაპირ გაზიარება მარტივად შეეძლო?

„ეს რაში გაინტერესებთ? ხომ მაქვს უფლება, რომ ჩანაწერი გადმოვწერო და ავტვირთო?“ – გვიპასუხა ნერონ აბულაძემ.

ტელევიზიის კადრების გავრცელებას დღეს ნათია კაპანაძეც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კადრების გავრცელება არის „მედიაორგანიზაციაში მომხდარი ფაქტების გასაჯაროვება, ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩოს დარღვევით“.

„მამალი მგლების არ გვეშინია” – თეატრის წარმომადგენელი აჭარის ტელევიზიის დირექტორს [ვიდეო]

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: