არქიტექტორები ითხოვენ, მერიამ K2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს

ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [ K2] გაცემის წესში შესაძლო ცვლილების შესახებ მომზადებული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, არქიტექტორებმა კიდევ ერთი ცვლილება მოითხოვეს. მათი მოსაზრებით, მერიამ სამშენებლო პროექტის შეთანხმებისას, K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილის გამოკლებით უნდა დაითვალოს.

სამშენებლო პროექტის მომზადებისას არქიტექტორები პარკინგისთვის, ძირითადად, პირველ ორ სართულს ითვალისწინებენ. „ბათუმი ჭაობიანი ტერიტორიაა და სამშენებლო სამუშაოებისას მიწის სიღრმეში ჩასვლას ვერ ვახერხებთ,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა ცვლილების პროექტის განხილვისას.

მიწის სიღრმეში არსებულ სართულს კი, სადაც, ძირითადად, პარკინგს აწყობენ,  K2 კოეფიციენტის გამოთვლისას ისედაც არ ითვალისწინებენ.

მას შემდეგ, რაც მერიამ 50-ე დადგენილებაში ცვლილება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ საქმიან ზონაში მენაშენეს 120 კვ/მეტრზე ერთი ავტომანქანის ადგილის გათვალისწინება [K2-ის საანგარიშო ფართობზე], ხოლო საცხოვრებელ ზონაში 150 კვ/მ -ზე ერთი ავტომანქანის ადგილის გათვალისწინება დაავალდებულეს, მშენებელს უწევს პირველი ან პირველი ორი სართულის პარკინგის მოსაწყობად გამოიყენოს. ეს ცვლილება 2017 წლის ივლისში  დაამტკიცეს, მანამდე კი მრავალბინიანი სახლები ბათუმში ეზოსა და პარკინგის ადგილის გარეშე შენდებოდა.

განაშენიანების ასეთი სტანდარტები  მომავალში რომ პრობლემას შექმნიდა, ამაზე მოქალაქეები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი მაშინ არც მერიას გაუთვალისწინებია და არც საკრებულოს.

სწორედ ქალაქში შექმნილი მდგომარეობით აუხსნა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და  ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა არქიტექტორებს K2 კოეფიციენტის გაცემის წესში ცვლილების საჭიროება. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, K2 კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობა სამშენებლო ტერიტორიის ფართობის მიხედვით დიფერენცირებული იქნება.

იმ მოტივით, რომ მშენებლები არ დაიჩაგრონ, არქიტექტორებმა შეხვედრაზე მოითხოვეს K2-ის საანგარიშო ფართობიდან პარკინგისთვის საჭირო ორი სართულის გამოკლება, მიუხედავად იმისა, რომ მშენებელი, ხშირ შემთხვევაში, პარკინგის ადგილებსაც ისევე სარფიანად ყიდის, როგორც საცხოვრებელ ფართობს.

ერთ-ერთი მშენებლის აზრით, პარკინგი არა K2-ის საანგარიშო ფართობით, არამედ ბინების რაოდენობით უნდა დაითვალონ. „გეთანხმებით მხოლოდ სასტუმროებთან მიმართებაში, სადაც რესტორნები და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები შედის“, – განაცხადა ამ მშენებელმა. მას მერიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პროექტის შეთანხმების დროს მშენებლები სადარბაზოებში ხშირად ბინების ნაკლებ რაოდენობაზე ჩივიან, შემდეგ ამ ფართობს ყოფენ ორ ან სამ ბინად და მერიისთვის ამის შესახებ ცნობილია.

 

მთავარ ფოტოზე: არქიტექტორები მერიაში შეხვედრაზე.

ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი 

ბოლო პერიოდში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. სწორედ ამიტომ მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია. რამდენით შემცირდა ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია და რამდენით გაიზარდა გასახვევი თამბაქოს მოხმარება, ოფიციალური სტატისტიკა ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს.

ბათუმში სიგარეტი და თამბაქო ბითუმად, ძირითადად,  წერეთლის ქუჩაზე იყიდება. ფილტრიანი სიგარეტით მოვაჭრეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ გაყიდვები თითქმის განახევრდა.

„ბევრი თამბაქოზე გადავიდა, ზოგმა თავიც კი დაანება მოწევას, ალბათ. 50%-ით შემიმცირდა ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით. მარტიდან კიდევ გაძვირდებაო ამბობენ და ეს მაჩვენებელიც განახევრდება და თუ ასე გაგრძელდა, წავალ ალბათ სახლში“, – გვითხრა ფილტრიანი სიგარეტით მოვაჭრემ.

ადგილობრივი [აჭარაში მოყვანილი] თამბაქოს გამყიდველების თქმით, ახლა შედარებით მეტ თამბაქოს ყიდიან, ვიდრე ერთი თვის წინ, მაგრამ ადგილობრივ თამბაქოზე გაცილებით მეტად მოთხოვნა ევროპულ თამბაქოზე გაიზარდა.

ეს დაგვიდასტურა იმ გამყიდველმა, რომელიც აქ ე.წ. ევროპული თამბაქოთი ვაჭრობს: „გაცილებით ბევრი ყიდულობს მას შემდეგ, რაც ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა. თუმცა, დღეს [15 თებერვალს – ავტ.] 50-თეთრით გაძვირდა თამბაქო. კილოგრამი გუშინ 60 ლარი რომ ღირდა, იმ თამბაქოს დღეს 65 ლარად ვყიდი. ფასები სხვადასხვა თამბაქოზე სხვადასხვაა და კილოგრამი 85 ლარიც ღირს“.

„ვეწეოდი შედარებით დაბალფასიან სიგარეტს, რომელიც ღირდა 3,7 ლარი. დღეში ერთი კოლოფი არ მყოფნიდა და თვეში მიჯდებოდა 150 ლარამდე. ეს სიგარეტი ახლახან ისევ გაძვირდა, ამიტომ მთლიანად გადავედი გასახვევ თამბაქოზე. ახლა დღეში, საშუალოდ, თამბაქოში 1,1 ლარს ვხარჯავ, ანუ თვეში გამოდის 33 ლარი. გასახვევი თამბაქო სამჯერაც რომ გაძვირდეს, მაინც მოგებული ვრჩები ფინანსურად, ვინაიდან თვეში დამეხარჯება 100 ლარამდე, 200 ლარის ნაცვლად“, – გვეუბნება ერთ-ერთი მწეველი.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის მიუხედავად, აშკარაა გასახვევ თამბაქოზე მოთხოვნილების ზრდა, ამ უკანასკნელის დაბალი ფასის გამო:

„როცა 2017 წელს ფილტრიანი სიგარეტის აქციზი გაიზარდა, მწეველთა ნაწილი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა, რადგან აქციზის გადასახადი და, შესაბამისად, ფასიც იყო დაბალი. ახლა უფილტრო სიგარეტის აქციზი გაიზარდა და 60 თეთრის ნაცვლად 1 ლარი და 10 თეთრია, ამიტომ უფილტრო სიგარეტიც გაძვირდა. შესაბამისად, მწეველთა ნაწილი უკვე გასახვევ თამბაქოზე გადავიდა. ბაზარზე ასეთი თამბაქოს ფასი საკმაოდ დაბალია, ვინაიდან აქციზის გადასახადს, რაც დაწესებულია კანონით, გასახვევ თამბაქოზე არავინ იხდის“.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, რომ 1 კილოგრამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 35 ლარია, თუმცა ამას, ფაქტობრივად, არავინ იხდის, არც ადგილობრივ თამბაქოზე და არც იმპორტირებულზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის ნედლეულის სახით.

„ნედლეულის სახით შემოტანილი თუ ადგილობრივი თამბაქო, იქნება დაუჭრელი – ფოთლების სახით თუ დაჭრილი და გასახვევად გამზადებული, როცა ბაზარში იყიდება, მასზე გადასახადი უნდა გადაიხადონ. მართალია, ამ გადასახადს არავინ იხდის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონტროლი ამ კუთხით უნდა გამკაცრდეს. არა თუ 35 ლარი, არამედ 1 კილოგრამ გასაყიდ თამბაქოზე გადასახადი 100 ლარი მაინც უნდა დაწესდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწეველს, რომელიც ფილტრიან სიგარეტს ეწევა, ფასის გამო არ უნდა უღირდეს უფილტრო თუ გასახვევ თამბაქოზე გადასვლა“, – ამბობს გიორგი ბახტურიძე.

მისივე თქმით, ადგილობრივი თამბაქო ძალიან ცოტაა, შესაბამისად, თამბაქოს იმპორტი გასულ წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა – „თამბაქო შემოდის სხვადასხვა ფორმით, დაფასოებულიც, რაზედაც იხდიან გადასახადს და ნედლეულის სახითაც – ზოგი მიდის ფაბრიკამდე და ზოგიც ბაზარზე უაქციზოდ იყიდება“.

„35 ლარი რომ გადასახადი გადავიხადოთ, მაშინ ერთი კილო თუთუნი, რომელსაც, საშუალოდ, 50 ლარად ვყიდით დღეს, 100 ლარად უნდა გავყიდოთ და არ მგონია ამ ფასად გაიყიდოს. დავანებებთ ალბათ თავს და წავალთ სახლში. ისე, ვინმე რომ ჩაიბარებდეს თამბაქოს, თუნდაც სახელმწიფო, აქ საერთოდ არ დავდგებოდით“, – ამბობენ ადგილობრივი თამბაქოს გამყიდველები.

ფილტრიან სიგარეტზე მართალია აქციზის გადასახადი არ გაზრდილა, თუმცა სიგარეტი მაინც გაძვირდა. გიორგი ბახტურიძის თქმით, ამის მიზეზი, ძირითადად, ადვალური გადასახადის გაძვირებაა.

საქართველოში სიგარეტზე აქციზის გარდა იხდიან ადვალურ გადასახადსაც, რომელიც სიგარეტის ფასიდან გამომდინარეობს. ეს გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე მისი ღირებულების 10% იყო. მთავრობამ იგი სამჯერ, 30%-მდე გაზარდა. ასეა იმპორტირებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე, ადგილობრივ ნაწარმზე კი ეს გადასახადი კვლავ 10% დატოვა.

გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარეტი კიდევ გაძვირდება „იქედან გამომდინარე, რომ ზოგს ადვალური გადასახადის და აქციზის გაძვირებამდე ჰქონდა სიგარეტი შემოტანილი, რაც ძველი აქციზით იყიდება. ახალი აქციზით რაც შემოვა, იმაზე ფასებიც გაიზრდება“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარში თამბაქოს ნაწარმზე ფასები 20 პროცენტით გაიზარდა.

ამავე სამსახურის მონაცემებით:

2018 წელს საქართველოში 202 943 900 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმია [სიგარეტი, სიგარა და სხვ.] შემოტანილი, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე [113 390 900 აშშ დოლარი].

2018 წელს საქართველოდან გატანილია 160 567 700 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, რაც თითქმის 3,5-ჯერ მეტია 2017 წლის ექსპორტთან შედარებით [47 033 200 აშშ დოლარი].

თუ იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლებს შევადარებთ და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოდან ძირითადად იმპორტირებული თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი გადის, გამოდის, რომ 2017 წელს უშუალოდ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 66 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტირებული თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი დარჩა, ხოლო 2018 წელს გაცილებით ნაკლები  – 42 მილიონი აშშ დოლარის.

ამ თემაზე: სიგარეტის მოვაჭრეები: სიგარეტი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება

 2018 წლის მაისიდან ძალაში შევიდა კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, რაც მთელ რიგ აკრძალვებსა და მოთხოვნებს ითვალისწინებს. ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

„სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად“ – მოსწავლის ესეი

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ორგანიზებით საქართველოს რეგიონებში სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებული აინურ ახმედოვა გახდა,მე-12 კლასის მოსწავლე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალიდან. კონკურსში სულ 144 მოსწავლე მონაწილეობდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის ესეის. 

______________

აინურ ახმედოვა, მარნეული, სოფელი ზემო სარალი

ბებია მიყვებოდა, შენი დაბადება მამაშენს ისე გაუხარდა, შამპანურების ზალპი მოაწყოო სამშობიაროს ეზოში…

ბებიას ეს მოგონება ყოველთვის სიამაყითა და სიხარულით მავსებდა და მჯეროდა, რომ მამაჩემს ძალიან ვუყვარვარ და ჩემთვის და ჩემი კეთილდღეობისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ბებიაჩემის სიტყვები მაგრძნობიებდა, რომ ამ სამყაროს ძალიან საჭირო ადამიანი მოევლინა ჩემი სახით. ეს ფაქტი, ამასთანავე, პასუხისმგებლობით მავსებს, რომ მე ჩემი სწავლითა და შრომით ვალდებული ვარ, ამ სამყაროში რაღაცა შევცვალო უკეთესობისკენ. ეს სიტყვები ყოველდღე მახსენდება და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის უნდა გავაკეთო ყველაფერი. ჩემი ცხოვრების მეგზურიც ისეთი ვიპოვო, რომელიც ხელს კი არ შემიშლის, დამეხმარება, რომ ჩემი ხალხისთვის ცხოვრება გავხადო უკეთესი…

დღეს ქართული ენის გაკვეთილზე ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე და მასწავლებელმა უამრავი მაგალითი მოგვიყვანა უფლებაშელახულ გოგონებზე. ვერაფრით ავხსენით, როგორ შეუძლიათ მშობლებს თავიანთი საყვარელი შვილების ტანჯვისთვის გაწირვა. რამდენიმე მიზეზი გამოვყავით: მშობელი შვილს უყურებს ისე, როგორც საკუთარ თავს – თვლის, რაც მისთვისაა კარგი, შვილისთვისაც კარგი იქნება; მშობელი ცდილობს, შვილი კომფორტულ გარემოში მოახვედროს ფინანსურად სტაბილური სიძის შერჩევით; მშობელი ფიქრობს, ცხოვრებაში მთავარი შვილები და სტაბილური ოჯახია; ბედნიერება ფული და სიმდიდრეა…

ჩემთვის არც ერთი ეს ვარიანტი მისაღები არაა. მე ვფიქრობ, მთავარი მიზნის ასრულება და შენი შესაძლებლობების რეალიზაციაა. ჩემთვის ბედნიერება ოცნებებზე დაყრდნობილი წარმოსახვითი სამყაროა. ადამიანის მთავარი მისია ისაა, ცხოვრება გახადოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის. ამ მიზნის შესასრულებლად ცოდნა და გამოცდილება მჭირდება, რომლის მისაღებადაც ძალიან დიდი შრომა მომიწევს…

დღეს, დებატებზე ქალთა უფლებების შესახებ, მთელი კლასი და მასწავლებელი შევთანხმდით, რომ მშობლებს დიახაც უპირობოდ უყვართ შვილები და თუ შვილი გოგონა მოინდომებს, მათ დაარწმუნებს თავისი არჩევანის სისწორეში და ისინიც უარს იტყვიან ნაადრევად მისი დაოჯახების განზრახვაზე.

სახლში მისულს კი ასეთი ამბავი დამხვდა: სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი და გავლენიანი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად. ისინი ძალიან მდიდრები არიან, ჩვენ კი ჩვეულებრივი, უბრალო ოჯახი გვაქვს, სადაც მარტო მამაჩემი მუშაობს და ძალიან უჭირს ჩემი და ჩემი პატარა და-ძმის აღზრდა. აი, ამიტომაც „სტუმრები“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე უარს არ ვიტყოდი მათ ვაჟზე დაქორწინებაზე. საუბრისას კი ამბობდნენ, რომ საჭიროა, ოჯახში იყოს სახელმწიფო ენის კარგად მცოდნე ადამიანი და ამიტომაც უნდოდათ თავიანთ ვაჟზე ჩემი დაქორწინება…

ჩემთვის ყველაზე მძიმე კი ის იყო – მამაჩემიც ასე ფიქრობდა. მამა მიმტკიცებდა, ეს ნაბიჯი კარგია შენი ცხოვრებისთვისო. მარწმუნებდა, იქნები ძალიან ბედნიერი, არც ერთი პრობლემა არ გექნებაო. მან რა იცის, მე რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ და რა არის ჩემთვის კარგი?! ის არ ითვალისწინებს ჩემს სურვილს. არ ფიქრობს, მათთვის რაც კარგია, ის ჩემთვის ბავშვობის ოცნებებზე უარის თქმა და წარმატებული მომავლის კარის დახურვაა. მთელი ღამე ვტიროდი და ბრაზს ვერ ვიკავებდი. გადავწყვიტე, მამაჩემისთვის მეთქვა: ან ვისწავლი, ან თავს მოვიკლავ-მეთქი…

არ დავნებდები და არავის მივცემ ჩემი ოცნებების დამსხვრევის უფლებას.

არასდროს მდომებია გოგოდ არყოფნა. მაგრამ ბიჭი რომ ვყოფილვიყავი, ზუსტად ვიცი, ნაკლები სირთულე შემხვდებოდა ჩემი ცხოვრების გზაზე.

___________________

მთავარ ფოტოზე: აინურ ახმედოვა

კონკურსი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) მხარდაჭერით და მისი მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა. კონურსში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – აინურ ახმედოვა [მარნეული],  II ადგილი – ანი თუთისანი [ოზურგეთი], III ადგილი – თამარ თურაძე [ბათუმი]. 

„იქნებ მოაწყოთ ჩემს სახლში საბავშვო სტუდია ან ბაღი და ოჯახი აღარ დამენგრევა“ 

სასამართლოს გადაწყვეტილებით 60 წლის მალხაზ ბაკურიძეს ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად 20 აპრილს შინიდან გამოსახლება ემუქრება. მალხაზ ბაკურიძის ვალი ჯამში 65 000 $ -ია.

იპოთეკით დაზარალებულთა შეკრებაზე, მან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელ ქალბატონს მიმართა, რომ შემოსავალი არ აქვს. ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს და ტაქსის მძღოლობას ვეღარ ახერხებს, გამოსახლების შემთხვევაში კი წასასვლელი არსად აქვს. ბიუროს წარმომადგენელმა, ბაკურიძის თქმით, მას მცირეწლოვანი ბავშვების ბავშვთა სახლისთვის მიბარება ურჩია.

მალხაზ ბაკურიძე დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. როგორც ის ყვება, 90-იანი წლების ბოლოს ოჯახმა ბანკისგან 5000 დოლარის სესხება გადაწყვიტა, ამავე ბანკის კრედიტოფიცერმა კი მათ შესთავაზა, რომ დააჩქარებდა სესხის დამტკიცების პროცესს, თუკი ოჯახი მისთვისაც გამოიტანდა დამატებით 2500 $-ს. ბაკურიძეებმა მართლაც 7500 $ სესხი აიღეს.

მალხაზ ბაკურიძის თქმით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრედიტოფიცერმა ბევრ სხვა მსესხებელსაც სთხოვა იგივე და ბოლოს ქვეყნიდან გაიქცა.

ბანკმა მხედველობაში არ მიიღო ეს მომენტი და ოჯახს მიუთითა,  რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან შეეძლოთ თანხის გამოტანა სესხის გადასაფარად.

„პირველად 15 000 $ გამოვიტანეთ. ყოველი გადახდისას მიჰქონდათ მომსახურების საკომისიო, იტოვებდნენ პროცენტს, პროცენტს ხან ვიხდიდით, ხან ვერა. ბოლოს მოვედით იქამდე, სახლი მესამედ დავტვირთეთ იპოთეკით.

დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩემი ვალი შეადგენს $50 000 + 15000, რაშიც შედის სესხის ძირი თანხა და პროცენტი. 9000 $ გადახდილი გვაქვს პროცენტი, თუმცა ეს აღარაფერში ითვლება. საქმე საბოლოოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.

ეზო მოვაწესრიგე სპეციალურად, რომ საბავშვო სტუდია მოვაწყო, ან კერძო ბაღს მივაქირავო სახლი. მერიაში, ჩვენი იპოთეკარების სიაა შეტანილი, რომ მოგვცენ საშუალება ავიღოთ დაბალპროცენტიანი სესხი ვალის დასაფარად, რაც ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. თუმცა ამ ვალსაც მერე დაფარვა უნდა და ამიტომაც მინდა სახლი ბაღს მივაქირავო ან სტუდია გავხსნა“, – ამბობს ბაკურიძე.

მას ორი გზა აქვს: მიჰყიდოს ინვესტორებს ქალაქის ცენტრში მდებარე სახლი, გაისტუმროს ვალი და მიიღოს ბინაც, ან სახლი მიაქირავოს კერძო ბაღს, სკოლას. ფიქრობს, რომ დიდ, ხეხილიან ეზოში კოტეჯების ჩადგმაც მომგებიანი იქნებოდა, რადგან ზაფხულობით გაქირავებას თავისუფლად შეძლებდა და სესხს გადაიხდიდა.

„ბათუმს ამახინჯებენ, ვისაც როგორ უნდა ისე აშენებს, ძველი ბათუმი აღარაა, სანაპირო აღარაა, კლიმატი იცვლება, ადრე რომ პირველ სართულზე იყო ნესტი, ახლა მეორეზეც ისეთივე ნესტია. დაირღვა ზღვის და მთის ჰაერის კავშირი. ჩემს სახლში სოფლის იდილიაა, დილით ძაღლი ყეფს, მამალი ყივის – ეს მირჩევნია იმხელა კორპუსებში ცხოვრებას“, – ამბობს გამოსახლების მოლოდინში მყოფი 60 წლის ყოფილი პატიმარი.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ მალხაზ ბაკურიძეს არ სურს სახლის მცირე ფასად ინვესტორისთვის მიყიდვა და ურჩევნია შინ, ბაბუისეულ ეზოში, სადაც მრავალწლოვანი ხეხილი და ბაღია, გასაქირავებლად კოტეჯები ჩადგას, ამის საშუალება მას არ აქვს და დახმარებას ითხოვს.

„ჩემი ოჯახი დანგრევის პირასაა. მეუღლე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ახლა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მეუბნება, რომ თუ გაგვასახლებენ, ბავშვებს წაიყვანს თავის ქვეყანაში და წავა. გამოდის, რომ სახლის დაკარგვასთან ერთად ოჯახიც მენგრევა, რა ვქნა?“ – კითხულობს ყოფილი პატიმარი.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

2017 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის მოზარდებში კიბოს 110 შემთხვევა გამოვლინდა

2017 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის ბავშვებში კიბოთი ავადობის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობის 1%-ს შეადგენს – ასეთია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. აქვე ვკითხულობთ, რომ 2015-2017 წლებში ავადობის მაჩვენებელი 100 000 ბავშვზე 13-18-ის ფარგლებში მერყეობდა, სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი კი დაახლოებით თანაბარი იყო.

ამ საკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები მოსდევდა (20%).

დღეს, 15 თებერვალს, ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. 2019 წელს ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის ძირითადი გზავნილია – „არა ტკივილს“ და „არა დანაკარგს“ კიბოს დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.

ყოველწლიურად მსოფლიოში 300000-ზე მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი ავადდება კიბოთი, რომელთა შორის ყოველი ათიდან რვა ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში და მათი გადარჩენის მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებში მერყეობს; მაშინ როცა, მაღალემოსავლიან ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. ჯანმოს ბავშვთა კიბოს გლობალური ინიციატივის ძირითადი სამიზნე ტკივილის ელიმინაცია და 2030 წლისთვის კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისთვის 60%-იანი გადარჩენის მაჩვენებლის მიღწევაა.

ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%-ს შეადგენს. გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტობის მაჩვენებელი 50-დან 200-მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე.

ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. რაც შეეხება, ძუძუს, ფილტვების, მსხვილი ან სწორი ნაწლავების კიბოს, რომლებიც წამყვანი ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენენ მოზრდილთა კიბოთი ავადობის სტრუქტურაში, ბავშვებში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

2018 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დააანონსა ახალი ინიციატივა – დაბალ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის ბავშვთა კიბოს გადარჩენის განსხვავებული მაჩვენებლების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

 

_________

მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: 0  – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას და ორშაბათს, 17-18 თებერვალს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ელექტრონულად ხელმოუწერელი დოკუმენტის გამო 2,6-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი იმ მიზეზით არ შედგა, რომ პრეტენდენტმა კომპანიამ დოკუმენტი ელექტრონული ხელმოწერის გარეშე ატვირთა სისტემაში. სამინისტროს სატენდერო კომისიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

საქმე ეხება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს. სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად 2 696 300 ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილე კომპანია კი სკოლის აშენებას სამინისტროს 2 157 041 ლარად სთავაზობდა.

სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, „პრეტენდენტის მიერ [დამატებით] წარმოდგენილი დაზუსტებული ფასების ცხრილი შეესაბამება სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს… პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე კი, რომელსაც ხელს აწერს პროექტის ხელმძღვანელი, არ არის აღნიშნული ამ პირის ელექტრონული ხელმოწერა“, რის გამოც კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

კომისიის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ „კომისია  შეიკრიბოს  ყველაზე  დაბალი  ფასის  წინადადების  მქონე  მომდევნო პრეტენდენტის [ასეთის არსებობის შემთხვევაში] სატენდერო წინადადების განსახილველად“, თუმცა, როგორც შესყიდვების სისტემიდან ჩანს, ტენდერში სხვა არავინ მონაწილეობდა, ამიტომ ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით.

დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერის არარსებობის გამო უარყოფითი შედეგით დასრულებული 2,6-მილიონიანი ტენდერი სამინისტრომ ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა და პირობები იგივეა. აქედან გამომდინარე, სკოლის მშენებლობის დაწყება იმ პერიოდით დაგვიანდება, რაც ახალი ტენდერის პროცედურებს – გამარჯვებულის გამოვლენას და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას დასჭირდება. სკოლა 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს.

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

ამ თემაზე:

ხულოს სოფელ ბეღლეთში ახალი სკოლა აშენდება – 2,6-მილიონიანი ტენდერი

შსს: სარფში გასაყიდად გამზადებული ავტომატი და ვაზნები ამოვიღეთ

ჩაქვში ავტოავარიით 19 წლის სტუდენტი გოგო დაიღუპა

დღეს, 14 თებერვალს, საღამოს, ბათუმთან ახლოს, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად 19 წლის  გოგო დაიღუპა.  გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, მძღოლმა დაზიანებები მიიღო.

რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, ჩვენთვის უცნობია – ამ დროისთვის ვერ ვუკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.

„შევძელი“ და ქართული ღვინის სხვა უძველესი ეტიკეტები გამოფენაზე ქედაში

დღეს, 14 თებერვალს, ,,აჭარულ ღვინის სახლში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ღვინის ეტიკეტები იყო წარმოდგენილი.

„უძველესი ღვინის ეტიკეტი, რომელიც 1907 წლითაა დათარიღებული და ჩვენთან ინახება, არის „დანელია და კომპანიას“ მიერ გამოშვებული“, – ამბობს აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე.

მისივე თქმით, ამ ეტიკეტებიდან ირკვევა, რომ აჭარაში ჯერ კიდევ მანამდე აკრავდნენ ღვინოს ეტიკეტებს, სანამ ის სავალდებულო გახდებოდა მეწარმეებისთვის.

„ზოგ ეტიკეტზე მცირე სლოგანია დატანილი. მაგალითად, „დანელია და კომპანიას“ გამოტანილი აქვს სიტყვა „შევძელი“. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მეოცეს დასაწყისში, ისეთი სერიოზული კონკურენციის დროს, როდესაც როტშილდი და მანთაშევი თავიანთ ბიზნესს ავითარებდნენ, ვლადიმერ დანელიამ შეძლო თავისი ღვინის ბიზნესის განვითარება და ლოგოზეც დაგვიწერა – „შევძელი“. ეტიკეტზე ასევე გამოსახა ჯვარი, ფუტკარი და ფიჭა, დაარქვა საეკლესიო ღვინო. ამით მომხმარებლებს უთხრა, რომ მარხვის დროს შეგიძლიათ ქარხნული ღვინოც კი მიიღოთ თავისუფლადო. იმიტომ, რომ დანარჩენი ქარხნული ღვინოები იფილტრებოდა ჟელატინით, რაც შეიცავდა ცხოველურ ცხიმებს,“ – ამბობს თამარ ორაგველიძე, მუზეუმის დირექტორი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოებული ღვინის ეტიკეტები

ხარიტონ ახვლედიანის ფონდების მთავარი მცველი ნანა ქორიძე გვიყვება, რომ მათ მუზეუმში სხვადასხვა ეტიკეტის კოლექციაა დაცული. მათ შორის თამბაქოს, ლიქიორის, არყისა და ღვინის.

„ეს ეტიკეტები იმით არის მნიშვნელოვანი კიდევ, რომ 1920-1930 წლების ეტიკეტები იბეჭდებოდა ბათუმში, ხვინგიას სტამბაში, ყოფილი ლუქსემბურგის ქუჩაზე, რომელიც ახლა მერაბ კოსტავას ქუჩის სახელს ატარებს.

ეტიკეტებს უკვეთავდნენ როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ისე მთელი დასავლეთი საქართველოდან. ეს კიდევ მანიშნებელია იმის, თუ ღვინის როგორ ძლიერ კულტურასთან გვაქვს საქმე. 150-ზე მეტი სახეობის ყურძნის ჯიშია დაფიქსირებული აჭარაში,“ – ამბობს ნანა ქორიძე.

მისივე თქმით, ეტიკეტების ნაწილი მუზეუმში კერძო კოლექციებიდან მოხვდა, ნაწილი კი – მუზეუმმა შეიძინა.

დღეს გამართულ გამოფენაზე აჭარის მუზეუმსა და აჭარულ ღვინის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამომავლოდ მუზეუმი და ღვინის სახლი ერთობლივ, სხვადასხვა საგამოფენო, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებს შესთავაზებს დამთვალიერებელს. აჭარული ღვინის სახლის ტერიტორიაზე კი დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული მუზეუმის დაარსება.

იმერული ღვინის ეტიკეტი
ღვინო “წითელი ოქტომბერი”
მეოცე საუკუნეში წარმოებული ღვინის ეტიკეტები
ღვინო “ხუცუბანი”

ღვინო “ზვარე”

საგამოძიებო სამსახური აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებს იკვლევს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბოლო პერიოდში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებული დოკუმენტები გაითხოვა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა  აუქციონის წესით გასხვისებული კიდევ ერთი ქონებით. ამ თემაზე სამინისტროში კითხვებს არ პასუხობენ. „საგამოძიებო სამსახურს ჰკითხეთ“, – გვითხრეს უწყებაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კითხვები აქვს ბათუმში, მემედ აბაშიძის #40-ში მდებარე შენობის გასხვისების, ასევე,  შენობის იმ ფორმით რესტავრირებაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რა ფორმითაც ეს პროცესი მიმდინარეობს.

ამ კონკრეტული ქონების თაობაზე მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა დაგვიდასტურა. მისივე ინფორმაციით, ამ შენობასთან დაკავშირებით კითხვები მასაც დაუსვეს:

„აინტერესებთ გაყიდვის საკითხი – ეკონომიკის სამინისტრომ [აჭარის] გაასხვისა და ისინი ვარაუდობენ, რომ დაბალ ფასად გაასხვისა და ასევე, დაირღვა თუ არა ნებართვის გაცემის პროცედურები. სამსართულიანი შენობის დემონტაჟი შეიძლებოდა თუ არა ხუთსართულიანის მშენებლობის მიზნით. ამასთან დაკავშირებით მიდის მოკვლევა, დაკითხვაზე ვიყავი ორჯერ“.

ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ეს ქონება აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტრომ  ელექტრონული აუქციონის წესით 1 მილიონ 755 ათას ლარად და პირობით გაყიდა. 1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი – 35 ათასი ლარი. ქონება ერთი ბიჯით გაიყიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რუსლან კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მყიდველმა ქონება ერთი ბიჯით, ანუ 1 მილიონ 755 ათას ლარად იყიდა.

შენობა აუქციონზე ადრეც რამდენჯერმე გაიტანეს, თუმცა არ გაიყიდა. აღნიშნული ქონება ბოლოს აუქციონზე გაცილებით ძვირად – 2 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გამოტანილი. პირობებს შორის იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მოწყობა და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან უკვე შეთანხმებული პროექტის რენდერის [ვიზუალური მასალა] მიხედვით, მესაკუთრე ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენას არ გეგმავს. შენობას შესასვლელში შუშის ფოიე ემატება, სადაც ე.წ. ზამთრის ბაღის მსგავსი სივრცე მოეწყობა და ფუნქციურად კაფეს დატვირთვა ექნება. გარდა ამისა, მინით შეიფუთება ფასადის ნაწილი მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან, საერთო ჯამში კი, შენობის მასშტაბები ორი სართულით გაიზრდება. შენობის ამ ფორმით რესტავრირებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მყიდველისთვის მისი პირვანდელი სახით აღდგენის ვალდებულება სამინისტროს აუქციონის პირობებით არ დაუვალდებულებია.

მყიდველის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ. 

 

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია – რას მოუყვნენ ჟურნალისტები მოსწავლეებს

8 თებერვალს ბათუმის №25 საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ამავე  სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მსგავსი დისკუსიების მიზანია აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და აუდიტორიასთან საკუთარი აზრის გამოთქმის უნარების გამომუშავება.

ამ საკითხზე თავიანთი გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიარეს ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტმა მარი ბოლქვაძემ.

მარი ბოლქვაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო: ძალიან საინტერესო თემაა დეზინფორმაცია, ჩემი მიზანია პატარ-პატარა ხრიკები გასწავლოთ, თუ როგორ გამოვიცნოთ ის.

ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებული იყო დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ – თითქოს იქ ამუშავებენ წითელას, გრიპის ვირუსს და მიზანმიმართულად ავრცელებენ საზოგადოებაში. ამ ლაბორატორიაზე იწერებოდა რუსულ მედიაშიც. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო მიზანმიმართული დეზინფორმაცია. Facebook-ზეც შეგხვდებოდათ უამრავი ჯგუფი, სადაც წერდნენ, რომ ვირუსების პერიოდში უნდა დალიო წყალბადის ზეჟანგი. თუმცა ექიმები ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე კარგი გამოსავალი. მსგავს ჯგუფებს უნდა ერიდოთ, ყველაზე მეტად აქ ვრცელდება დეზინფორმაცია.

ჩვეულებრივი დეზინფორმაციისგან რომ განვასხვავოთ მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ამისთვის საჭიროა განათლება. საჭიროა მუშაობა იმაზე, თუ ვის ვენდოთ. ჟურნალისტებსაც გვიჭირს ამის განსხვავება… მთავარია, დავსვათ ბევრი კითხვა.

ძალიან მარტივია, ადამიანებმა დაიმახსოვრონ დეზინფორმაცია. ლუგარის ლაბორატორიის სიკეთეებზე დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგაც გამოქვეყნდა, თუმცა ეს არავის ახსოვს. ადამიანები უფრო მეტად იჯერებენ დეზინფორმაციას.

ჟურნალისტებმა – მარი ბოლქვაძემ და ჯაბა ანანიძემ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს

ჯაბა ანანიძე, batumelebi.ge: ერთია, მცდარი ინფორმაცია ინტერნეტში და მეორე მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომ შეიქმნას წარმოდგენები, თითქოს ევროპა არის ცუდი და რუსეთი არის კარგი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, როგორ განვასხვავოთ მიზანმიმართული დეზინფორმაცია და მცდარი ინფორმაცია.  

ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, თითქოს თბილისში არსებობს „ირანის ქუჩა“, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფოტომონტაჟი, სინამდვილეში მსგავსი ქუჩა არ არსებობს. როცა ერთხელ ვნახეთ, რომ საიტმა მსგავსი დეზინფორმაცია გაავრცელა, მის მიერ გავრცელებულ სხვა ამბებს უკვე ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.

პირველი დეზინფორმაცია არის უფრო ეფექტური, ვიდრე შემდეგ დაწერილი სწორი ინფორმაცია. მაქვს რამდენიმე რჩევა: შეამოწმეთ წყაროს სანდოობა, გადაამოწმეთ ავტორის ვინაობა, გამოცემის საკონტაქტო ინფორმაცია. გადაამოწმეთ მასალაში მოწოდებული ციტატების სისწორე. თუკი, ვთქვათ, აჭარაში გავრცელდა რაღაც ინფორმაცია, ამას მარტო აჭარის ტელევიზია ვერ გააშუქებს, ამაზე დავწერთ ჩვენ – „ბათუმელები“ და ამაზე მხოლოდ ერთი მედია არ ისაუბრებს. შესაბამისად, რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი თუ მხოლოდ ერთ მედიას უწერია, უნდა დავიწყოთ ამ ამბის ძიება სხვა გამოცემებშიც.

ანა გორგოშაძე, მოსწავლე: განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა გამოცდების გაუქმების შესახებ ინფორმაციას. თავდაპირველად არ დავიჯერე, ისეთი მედიასაშუალებები წერდნენ ამის შესახებ, არ იწვევდა ჩემში ნდობას.

დისკუსია ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში, რუსული პროპაგანდა

მარი ბოლქვაძე: ხშირად ე.წ. „მანდარინობის“ სეზონზეა ხოლმე მითქმა-მოთქმა, რომ თუ არა რუსეთი, სად უნდა გავიდეს მანდარინი. სინამდვილეში ყველაზე დიდი რაოდენობით  ქართული პროდუქტი – 70%-მდე, გადის ევროპის ბაზარზე.

ჯაბა ანანიძე: ბევრი ფაქტორია, თუ რატომ ვერ გადის ჯერჯერობით ქართული მანდარინი დიდი რაოდენობით ევროპაში. მაგალითად, ხარისხსა და სტანდარტს  უნდა აკმაყოფილებდეს, უნდა იყოს დიდი რაოდენობით მიწოდება, ამისთვის ქართველმა ფერმერებმა უნდა მოიძიონ პარტნიორები და გაერთიანდნენ.

დისკუსია ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში, რუსული პროპაგანდა

დეზინფორმაციის მიზანი არის სკანდალის შექმნა, რეიტინგის მოპოვება, ადამიანების შეცდომაში შეყვანა. მეორე ნაწილია, პოლიტიკური საკითხი. ხშირად, მედიით სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ცდილობენ ნდობის მოპოვებას, ისინი ხშირად ამბობენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულები არიან. მათგან ვიღაც პირდაპირ არ ამბობს, რომ რუსეთი არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ამბობს, რომ თურქეთი მტერია და ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის. ხშირად ამბობდნენ, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებით აჭარა მოექცევა თურქეთის ტერიტორიაზე. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის.

დისკუსიის პროცესში ჟურნალისტების კითხვაზე რას გრძნობენ, როდესაც ხვდებიან, რომ დეზინფორმაცია დაიჯერეს, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ნდობა ეკარგებათ მედიის მიმართ და ძალიან ბრაზდებიან საკუთარ თავზე.

დისკუსია ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში, რუსული პროპაგანდა

ჯაბა ანანიძე: ინფორმაციაში იხარჯება ბევრი ფული. ხშირად გავლენიან მედიასაშუალებებს უხდიან დიდ თანხას პროპაგანდისთვის. რუსეთია ძალიან მსხვილი გადამხდელი, რომ შეიქმნას ყალბი ნიუსები. ბევრი აგრესიული ამბავია. ეს დასავლეთის მედიაშიც ხდება, თუმცა, იქ მეტია სიზუსტე, გადამოწმება. რთულია გამოცნობა, ამა თუ იმ მედიასაშუალების უკან ევროპული ღირებულებები დგას თუ ანტიდასავლური. ხშირად აშკარაა რუსეთის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების ნიუსები, თუმცა ასე ცალსახად შეფასებაც რთულია.

დისკუსიის ბოლოს საუბარი ასევე შეეხო გავრცელებულ წარმოდგენას,  თითქოს საქართველოში უძრავ ქონებას მასობრივად ყიდულობენ თურქეთის,  ირანისა და ერაყის მოქალაქეები. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელმა და  დისკუსიის მოდერატორმა, ქეთი ადეიშვილმა, მოსწავლეებს ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებული კვლევა  გააცნო.

ქეთი ადეიშვილი: გამოქვეყნდა კვლევა,  რომელშიც ნათქვამია, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან თურქი, ერაყელი, ირანელი მოქალაქეების მხოლოდ 2% ყიდულობს უძრავ ქონებას. 53% არის რუსეთის მოქალაქე. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აჭარის ტელევიზია და „ბათუმელები“ ხშირად ამზადებს მასალებს  დეზინფორმაციისა და არსებული მითების შესახებ.

დისკუსიის ქვეყნდება შემოკლებით. სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე. 


დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

 

ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი დღეს, 14 თებერვალს, უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 6 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობენ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ისინი უვადოდ გაამწესეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის სასამართლოებში მუშაობდა. ის მოსამართლეა 2005 წლიდან.

სალიხ შაინიძე კი, 1999 წლიდან არის მოსამართლე. ამ პერიოდიდან 2009 წლამდე იგი შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა, შემდეგ იგი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/339057/

დევნილი დედა-შვილი: შემწეობა მოგვიხსნეს, 80 ლარით გვიწევს თავის გატანა

„დევნილობისთვის დედა-შვილს ერთად 80 ლარს გვაძლევენ. ამ თვეში კი, მარტო გაზის ფული 51 ლარი გვაქვს გადასახდელი, ამდენი არასდროს მოსულა,“ – ამბობს ბათუმში, ჩოლოყაშვილის 84-ში მცხოვრები გაიანე ავჯიანი. აქ მდებარე კორპუსში რამდენიმე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ბუნებრივი აირის გასული თვის – იანვრის საფასურს გაიანეს მეზობლებიც აპროტესტებენ.

გაიანე ავჯიანს სხვა პრობლემაც აქვს – ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. შემწეობის შეწყვეტის მიზეზი კი, შვილის დროებითი სამსახური გახდა. დედა-შვილი ამბობს, რომ ორივეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებს. გაიანეს და ედგარს სოციალური შემწეობის მიღება 2016 წელს შეუწყდათ, როცა ედგარმა მუშაობა დაიწყო.

„მე წლების განმავლობაში ბათუმში ავტობუსის კონდუქტორად ვმუშაობდი,“ – განაგრძობს თხრობას გაიანე, – „მერე ეს სისტემა გააუქმეს და კონტროლიორები არიან ახლა. მე აღარ შემეძლო, სულ ფეხზე უნდა იდგე და სახლში წამოვედი… ორი წლის წინ ჩემმა შვილმა დაიწყო მუშაობა ელექტროტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში. მუშაობა დაიწყო თუ არა, შემწეობა მოგვიხსნეს. ახლა ჩემი შვილიც აღარ მუშაობს, სოციალურ სააგენტოს ხელახლა მივმართე, მაგრამ დახმარებას აღარ გვაძლევენ… 80 ლარი მარტო წამლებში არ მყოფნის. ნახეთ, ჩემი მაცივარი, იქ მხოლოდ წამლებია…“

სოციალური დახმარების სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ოჯახი ბოლოს გასული წლის დეკემბერში გადამოწმდა და ოჯახის სოციალური მდგომარეობა 122 ათასი ქულით შეფასდა. სოციალური სააგენტოს მიერ მოპოვებული მონაცემებით, გაიანეს შვილი ისევ დასაქმებულია, ხოლო ამ ქულების მიხედვით ოჯახი შემწეობას ვერ მიიღებს. სოციალური სააგენტოს განმარტებით, სააგენტომ შემოსავლების ერთიან ბაზაში გადაამოწმა ოჯახის მდგომარეობა, სადაც ედგარის სამსახური ისევ ფიქსირდება.

სოციალურმა მუშაკმა ჩვენთან საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ თუკი ედგარი აღარ მუშაობს, მან სააგენტოში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა უნდა წარადგინოს.

გაიანე ავჯიანს იმის დასაზუსტებლად დავუკავშირდით, თუ რატომ ვერ მოხერხდა სააგენტოში სამსახურიდან გათავისუფლების ცნობის წარდგენა: „მივმართეთ იმ კომპანიას და ბოლოს პარასკევისთვის დაგვპირდნენ ცნობის მოცემას… მოხსნით უცებ ხსნიან და ცნობას არ გაძლევენ,“ – გვითხრა მან.

განახლება: გაიანე ავჯიანი დაგვიკავშირდა დღეს, 23 მაისს და შეგვატყობინა, რომ სოციალური დაცვის სააგენტოდან 110 ათასი ქულა მიიღო და მისი ოჯახი შემწეობას ისევ ვერ მიიღებს. „არ ვიცი, რატომ მოვიდა ამხელა ქულა. მივედი და მითხრეს, ჩვენ არ ვიცით, პროგრამა ითვლისო… ჩემი შვილი რომ აღარ მუშაობს, ეს ცნობა წარვადგინე, მაგრამ ახლა მე ვმუშაობ ავტობუსში კონდუქტორად კვირაში ორი დღე, ჩემი ხელფასი 160 ლარია. ისეთი ქულა მაინც მოეცათ, რომ უფასო სასადილოთი მესარგებლა…“ – გვითხრა გაიანემ.

„ჩვენ არ ვიცით, პროგრამა ითვლის…“ – აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ორგანიზაციის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფუტკარაძემ. მისი განმარტებით, გასაჩივრების მექანიზმი არ არსებობს, ხოლო ოჯახს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეუძლია სააგენტოში განაცხადის შეტანა.

 

 

 

სოციალური სახლი ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე

 

მერია „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებს პასუხობს

საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმის“ მიერ დღეს, 14 თებერვალს, გამართული ბრიფინგის საპასუხოდ ბათუმის მერია განმარტავს, რომ ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება. როგორც კი დასრულდება ეს  პროცესი, მერია გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას.

რაც შეეხება ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხვალ, 15 თებერვალს, გაიმართება გაფართოებული მსჯელობა შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობით, გადაწყვეტილებას ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებენ:

„ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნების მიზნით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ასევე სხვა ფონურ შენობებთან მიმართებაში. რაც შეეხება წლების წინ შეთანხმებულ პროექტებს [პროექტის ეტაპების შეთანხმება], იმ შემთხვევებში, როცა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მომართვა განხორციელდა მერიის მიერ ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ [ძველი ბათუმის ტერიტორიაზე 12 მეტრიანი შეზღუდვა], მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. შესაბამისად, მერიას ნებართვის გაცემაზე უარის თქმის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია“, – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპროტესტო აქცია დააანონსეს. აქცია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევას და ჩაბეტონებას“ გააპროტესტებს, ბათუმში კვირას, 17 თებერვალს,  14:00 საათზე, ვარდების სკვერში [გორგილაძის ქუჩა] გაიმართება.

მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე ასევე გააჟღერეს სამი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნებია:

  1. შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური საბჭო 
  2. რივიერას ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში
  3. ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ მოაწეროს ხელი გზშ-ს ანგარიშის გარეშე.

შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს

დაშლის პირას მყოფ სინაგოგას ბათუმში კერძო პირები აღადგენენ

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უვლის, კერძო პირები აღადგენენ. სინაგოგა რამდენიმე წელია უკვე მიტოვებულია და დანგრევის პირასაა. ძეგლის აღდგენის ინიციატორები სამომავლოდ შენობაში მუზეუმის გახსნის იდეასაც განიხილავენ.

სინაგოგა ბათუმში

სინაგოგის აღდგენის ინიციატორებს შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. შენობის გადარჩენის მიზნით ის დაფინანსების მოპოვებას დიდი ხანი ცდილობდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, „ზოგიერთს ამ ადგილზე ბიზნესცენტრის მშენებლობა უნდოდა“. ძეგლის აღსადგენად საჭირო თანხის მოძიებაზე თანხმობა ჯგუფმა იციკ მოშესგან უკვე მიიღო. ის თბილისში „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელია.

„ის [იციკ მოშე] ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი ნამუშევარი – როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ვთხოვოთ ამაში მონაწილეობა, ასევე, იმ კომპანიამაც უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელმაც გვერდით მიმდინარე სამუშაოების დროს დააზიანა ძეგლი“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

იციკ მოშესგან თანხმობის მიღების შემდეგ ინიციატორებმა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროშიც განიხილეს: „გავიარეთ, თუ ვინ უნდა ჩაერთოს ამაში, ვინ იმუშავებს აღდგენის პროექტზე, ვისაუბრეთ სპეციალისტების ჩართვაზე და ასე შემდეგ“.

საინიციატივო ჯგუფი ახლა გეგმავს სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თბილისსა და ბათუმში დაგეგმილია ებრაელთა სათვისტომოების საერთაშორისო კონფერენციები. ამ კონფერენციებზე იციკ მოშე სხვა დაინტერესებულ პირებსაც შესთავაზებს ძეგლის აღდგენაში მონაწილეობას.

შენობა ბათუმში, 9 მარტის ქუჩის #8-ში, 2015 წელს, მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც გვერდით ქართულმა კომპანია „გუმბათი ჯგუფმა“ თურქული კომპანიის – „ინშაათის“ დაკვეთით მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამავე წელს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [ფოტო]

მოპედი ავტომანქანას შეეჯახა, მოპედის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მოპედი მსუბუქ ავტომანქანს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, მოპედის მძღოლმა შეჯახების შემდეგ ბორდიურს დაარტყა თავი.

მოპედის მძღოლი, 25 წლამდე ბიჭი, რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავზე ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ქალი, რომელიც გაძარცვეს: ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“

„ისე კულტურულად შემოვიდნენ ეს ბიჭები, რას ვიფიქრებდი რამეს…“ – გვიყვება ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ხუტა ბელქანია, აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ქალი. ხუტა ბელქანია ჩოლოყაშვილის 84-ში, სოციალურ სახლში 2009 წლიდან მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია.

გუშინ, 13 თებერვალს, ხუტა ბელქანია გაძარცვეს. გუშინვე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად ამ საქმეზე ძარცვის ბრალდებით ორი ბიჭი დააკავეს.

ხუტა ბელქანიას თქმით, ორი ახალგაზრდა ბიჭი მასთან დაახლოებით დღის პირველ საათზე მივიდა.

„გავაღე კარი. ბიჭებმა მითხრეს, „სოკარის“ თანამშრომლები ვართ, უნდა გადავამოწმოთო. შემოვიდნენ და რაღაცას ნახულობდნენ… მითხრეს, რომ რაღაც პრობლემაა, თქვენ ნომერს ჩავიწერთ და მალე მოვალთო. მაშინ აქ ჩემი მეგობარი იყო და არ დარჩენილან დიდხანს. მე ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და წავიდნენ.

მერე დამირეკეს, ჩვენ ვართ ისევ და ხომ შეიძლება მოვიდეთო. მკითხეს, მარტო ხართო, კი-მეთქი და მაშინვე მოვიდნენ… ისევ კულტურულად შემოვიდნენ და დასხდნენ. მითხრეს, ზედამხედველს ველოდებითო. მე ყავა და მანდარინი მივართვი… ამ დროს მითხრეს, ტელევიზორი „რუსთავი 2“-ზე ჩართეო…“- იხსენებს მომხდარს ხუტა ბელქანია.

მოხუცს თხრობის გაგრძელება უჭირს. სამზარეულოდან პირდაპირ ჩანს მისაღები ოთახის მაგიდაზე ჩართული ტელევიზორი. მოხუცი ხელით მანიშნებს ტელევიზორის წინ დადგმულ სკამზე.

„წავედი ტელევიზორის გადასართავად და უცებ უკნიდან მომხვია რომელიღაცამ ხელი… პირი „გამისკოჩეს“, მერე ხელები და ფეხებიც…“ – გვიყვება მოხუცი.

საუბარში მეზობლის ქალი ერთვება: „ამ დროს მეც გამოვიარე და გარედან ფანჯარაზე მივუკაკუნე… სად ხარ ხუტა-მეთქი. ხმა არ გამცა, ვიფიქრე, ჩაეძინა ალბათ-მეთქი. თურმე ამ დროს დამფრთხალან და გაქცეულან. მე ხუტასთან აღარ შევსულვარ, სახლში დავბრუნდი…“ – ამბობს ის.

ხუტა ბელქანიას თქმით, მისთვის ახალგაზრდებს არაფერი მოუთხოვიათ და თავად ეძებდნენ ძვირფას ნივთებს:

„თავიდან დივანზე ვიჯექი და ვწვალობდი, გადმოვსრიალდი რამდენჯერმე და დავეცი იატაკზე. მერე სკამზე დამსვეს ძალით… მეზობელმა რომ დააკაკუნა, უცებ წავიდნენ. ძვირფასი ნივთები წაიღეს… მეზობლის ქალი აღარ შემოსულა. მარტომ ვიწვალე ალბათ ერთი საათი… სულ სისხლიანი ვიყავი, ძლივს გავაღწიე გარეთ და შველა ვითხოვე,“ – დაასრულა თხრობა ხუტა ბელქანაიამ და გვთხოვა, მეტს ნუღარ მკითხავთ, დილის ხუთზე დამაბრუნეს სახლში გამომძიებლებმაო.

ხუტა ბელქანიამ მომხდარი შემთხვევის შემდეგ გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს კლინიკაში გაყოლაზე უარი უთხრა. გვიან საღამოს ის „მედცენტრში“ გადაიყვანეს, რადგან წებოვან ლენტს განსაკუთრებით მოხუცის სახე დაუზიანებია. მოხუცი ამბობს იმასაც, რომ მან ბრალდებულები უკვე ამოიცნო და გამომძიებლებისგან მიიღო პირობა, რომ ძვირფას ნივთებს მალე დაუბრუნებენ.

კერძო პირებს 568 365 ლარს თვითნებურად დაკავებულ მიწაში გადაუხდიან – ბათუმის ზოოპარკი

ბათუმის ზოოპარკის გადასატანად 13 ოჯახს ნახევარ მილიონზე მეტი ლარის კომპენსაციას გადაუხდიან. 568 365 ლარი ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში უნდა აისახოს, შემდგომში „ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხის გასაცემად“.

ბათუმის მერია ამ თანხას აჭარის ბიუჯეტიდან ელოდება. ბათუმის ზოოპარკის გადატანაზე გადაწყვეტილების მიღების დროს კი ოფიციალურად ითქვა, რომ ზოოპარკის გადატანას ბიუჯეტის ფული არ დასჭირდებოდა და მთლიანად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებდა.

„საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცების შემდეგ საკომპენსაციო თანხა [ჯამში 568 ათას 362 ლარი. 1კვმ – 7 ლარი] უნდა აისახოს ბიუჯეტში, რის შემდეგაც დაიწყება თანხების გაცემა. საკომპენსაციო თანხა 13 ოჯახზე გაიცემა, რის შემდეგაც დაიწყება ტერიტორიის გამოთავისუფლება ზოოპარკის მოწყობის მიზნით“, – გვითხრეს დღეს ბათუმის მერიაში.

აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბათუმის მერია ჯამში 3 446 352 ლარს ელოდება.

იმ პროექტის მიხედვით, რაც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, აღნიშნული თანხის გადანაწილებას ქალაქის მერია შემდეგნაირად გეგმავს:

[checklist]

  • 1 999 987 ლარი – ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები
  • 878 000 ლარი – ლერმონტოვის ქუჩაზე N96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა
  • 568 365 – ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხის გასაცემად

[/checklist]

თანხის ასეთი გადანაწილება „საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. პროექტის ავტორი ბათუმის მერიაა.

საკითხს ქალაქის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი [თანხის გამოყოფაზე] აჭარის მთავრობა მიიღებს.

რატომ უხდის ბათუმის მერია მიწის „თვითნებურად დამკავებელ პირებს“ კომპენსაციას? – „ამ ოჯახებს მიწის ნაკვეთები ფაქტიურ მფლობელობაში აქვთ და იყენებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით [მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები]“, – მოგვწერეს მერიიდან.

ბათუმის ზოოკუთხის გადატანის შესახებ განცხადება ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ფეისბუქით 2018 წლის 5 აპრილს გაავრცელა. მისი თქმით, ბათუმის ზოოკუთხე ბოტანიკურ ბაღთან ახლოს უნდა გადავიდეს.

ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტში აღნიშნული იყო, რომ ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე, ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა, საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევდა და საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებდა.

ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის განსაზღვრისა და მშენებლობასთან დაკავშირებით, დაგეგმილი პროექტი ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილეს. „როგორც სხდომაზე ითქვა, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის გადატანა და ახალი ზოოპარკის მშენებლობა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს, ასევე, უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და  მშენებლობაში,“ – აღნიშნული იყო საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ზოოპარკის გადატანისთვის საკომპენსაციო თანხის გარდა, საჭიროა თუ არა დამატებითი ხარჯები ბიუჯეტიდან.

„რაც შეეხება ხარჯებს, ფონდი „ქართუ“ უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ზოოპარკის მშენებლობის დაფინანსებას,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

რას უპირებს მერია იმ ადგილს ცენტრალურ პარკში, სადაც დღეს ზოოკუთხეა განთავსებული?

„…გაჟღერდა, კომახიძე ცდილობს ზოოპარკის გადატანასო. დიახ, ვცდილობ იმიტომ, რომ იქ მცხოვრები ოჯახებისთვის უკვე აუტანელია სუნი და ხმაური. გარდა ამისა, იქ მყოფი ცხოველებისთვის აუტანელია იმ პირობებში ყოფნა, ამიტომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ მოვძებნოთ შესაბამისი გარემო. აქვე მინდა შიში მოვუხსნა ყველას – იქ არ აშენდება კორპუსები. იქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული ზონა, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა. მე ვგულისხმობ კაფე-ბარებს, ატრაქციონებს და სხვა საშუალებებს“, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, 2018 წლის მარტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – მძღოლები კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, 26 მაისის და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანებში მხოლოდ მძღოლები ისხდნენ.

დაშავებული მძღოლები სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა “მედცენტრსა” და რეფერალურ საავადმყოფოში.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიწყო.

ავარია ბათუმში

 

პოლიციამ მობილურის ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აჭარაში ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ნ.კ. და 2003 წელს დაბადებული მ.ა. ამხილა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები იმავე დღეს დაადგინეს, ამხილეს და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს

დღეს, 14 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევას და ჩაბეტონებას“ გააპროტესტებს, ბათუმში კვირას, 17 თებერვალს,  14:00 საათზე, ვარდების სკვერში (გორგილაძის ქ.) გაიმართება.

მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე ასევე გააჟღერეს სამი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნებია:

  1. შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური საბჭო 
  2. რივიერას ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში
  3. ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ მოაწეროს ხელი გზშ-ს ანგარიშის გარეშე

„სამწუხაროდ, ჩვენ ვართ რეალობაში, სადაც ჩვენ მიერ დაქირავებული ბიუროკრატია ქალაქის სწორად განვითარების ნაცვლად შერჩევით, რამდენიმე ინვესტორის ინტერესებს  ემსახურება. გვრჩება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ან კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული, ან ვერ იჩენენ საკმარის გამბედაობას – გათავისუფლდნენ გავლენებისგან და მიიღონ  კეთილსინდისიერი, კანონშესაბამისი და ქალაქისთვის სასარგებლო  გადაწყვეტილებები.

ამის მაგალითია ის,  თუ როგორ შეცვალა ბათუმის მერიამ „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე მომზადებული დოკუმენტი „ისტორიული ზონის საზღვრების დადგენის შესახებ“. ახლა არსებობს ამ დოკუმენტის ორი ვერსია. ერთის მიხედვით რივიერას ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონას განეკუთვნება, ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტით კი, ეს ტერიტორია ამ ზონიდან ამოღებულია. ცნობილია, რომ„სილქ როუდ ჯგუფი“ აქ ექვსი მაღლივი კორპუსის აშენებას აპირებს. ამ პროექტს კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ინვესტირების ფონდი“ აფინანსებს. ბათუმის მერიამ ვერ გაბედა უარი ეთქვა ინვესტორისთვის, უფრო მეტიც, მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და კონკრეტულ ბიზნესს  მოარგო დოკუმენტი. ისტორიული საყრდენი გეგმის, ისტორიული დაცვის ზონის კვლევებზე და პროექტების  მომზადებაზე სხვადასხვა დროს ბიუჯეტიდან  ჩვენი ფული – დაახლოებით 400 000 ლარია დახარჯული. რა საჭიროა ქალაქგეგმარებით დოკუმენტები თუ ინვესტორის მოთხოვნის შემთხვევაში საკრებულო მუდმივად შეიტანს ცვლილებებს, შეცვლის ზონის სტატუსებს და იმოქმედებს თვითნებურად?

ასე, რომ ჩვენ ვუერთდებით ორგანიზაცია „ბათომის“ მოთხოვნას: ბათუმის მერიის და საკრებულოს მიერ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი მათ მიერ მიღებული ვერსიის ნაცვლად „გეოგრაფიკის“კვლევებზე დაფუძნებული დოკუმენტი დაამტკიცონ.

ასევე, მოვუწოდებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, დაუყოვნებლივ გააუქმოს უკანონო ზონალური საბჭო, რომლის მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს საბჭო დაკომპლექტებულია ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკებით; არქიტექტორებით, რომელთაც, სავარაუდოდ, ახალი მშენებლობის მიმართ  სარგებლის მიღების ინტერესი გააჩნიათ. ისინი სამშენებლო ბიზნესში (არქიტექტურის კუთხით) აქტიურად ეწევიან საქმიანობას. რამდენიმე დღის წინ საბჭოს რეკომენდაციით მაზნიაშვილის #17-სა ჟორდანიას #27-ში არსებული ისტორიული სახლების დანგრევაზე თანხმობა გაიცა და შპს „ალიანსს გრუპის“ 5-სართულიანი სასტუმროს აშენების ნებართვა მიეცა. ვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიუმი საბჭოს მიერ უკვე გაცემულ გადაწყვეტილებებზე.

მესამე მოთხოვნა: თქვენ გახსოვთ რომ ჩვენ, მოქალაქეებმა ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს 5 თებერვალს მივმართეთ საჯარო წერილით, რომ ხელი არ მოეწერა ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვისთვის, რადგან კომპანის არ გაჩნდა ახალი გზშ-ს ანგარიში. ჩვენ შევთავაზეთ მერიას გაეკეთებინა საჯარო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და პროცესი გამჭირვალე ყოფილიყო. როგორც ჩანს, ქალაქის მერი არ მიიჩნევს სერიოზულად ასეულობით ჩვენი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ განცხადებას.

ჩვენ მოქალაქეები მოვითხოვთ, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის და ე.წ. საბჭოების წარმომადგენლებისგან, შეცვალოს გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება ქალაქის ისტორიის და მისი მომავლის მიმართ. მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს შევიკრიბოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნები“, – ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

მოძრაობაში – „დაიცავი ბათუმი“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებულნი.

 

ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე.

ბანკში განხორციელებული ცვილილებების შედეგად გამარტივდა სესხის აღების პროცედურები. 4 000 ლარამდე სესხები, თუ ის არის ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით, გაიცემა ადგილზე ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებელს საშუალებს აძლევს თანხა 30 წუთში, სწრაფად და მარტივად მიიღოს.

ცვლილება შეეხო გირაოს და თავდებობის მოთხოვნის პირობებსაც – 30 000 ლარამდე სესხები ფინკა ბანკში გაიცემა თავდების გარეშე, ნებისმიერი მიზნობრიობით.

როგორც ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, ცვლილებების მიზანი მომხმარებლისთვის სესხის პროცედურების გამარტივება იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა აგრო სეზონი ახლოვდება. „ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლების ინტერესები და საჭიროებებია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული უკუკავშირის გაანალიზების შედეგად მივხვდით, რომ აუცილებელი იყო სესხის გაცემის პროცედურების გამარტივება. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება მოხდა არა მარტო პროცესების, არამედ საპროცენტო განაკვეთების მხრივაც და უკვე შეგვიძლია მომხმარებლებს განახლებული საპროცენტო განაკვეთები შევთავაზოთ სესხებზე“.

ფინკა ბანკში სესხის აღება შესაძლებელია როგორც დისტანციურიად, ისე სერვისცენტრში ვიზიტით. სესხის განაცხადის შევსება კი შესაძლებელია ვებგვერდზე www.FINCA.ge და ცხელი ხაზის საშუალებით *4949.

„ფარული კადრების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფარული ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი – ზაალ ლატარია დააკავეს. ის ზუგდიდში ცხოვრობს და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს ასევე აცხადებს, რომ გამოძიება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით ისევ გრძელდება. გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება.

„ფარული კადრების გავრცელების საქმეზე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 18 პირი დააკავა. აქედან 4 პირი სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს.

 

სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – ძარცვის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად [დაახლოებით 20:00 საათი] 2 პირი დააკავეს.

“გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დავაკავეთ ორი პირი. მათ ახლობლის ბინას შეაფარეს თავი… დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით,” – უთხრა ჟურნალისტებს კოტე ანანიაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სამსართულიან სახლში ორი ახალგაზრდა ბიჭი ახლახანს დააკავეს. ამ დრომდე შესასვლელი კარი გამოკეტილია. კართან მდგომმა სამართალდამცველმა გვითხრა, რომ სახლის შიგნით საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება.

საუბარია ბათუმში, დღეს, 13 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე – ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სახლი გაძარცვეს, სახლში მყოფი ქალი კი წებოვანი ლენტით სკამზე დაბმული დატოვეს. მას პირიც აკრული ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

სპეცოპერაცია ხელვაჩაურში
სპეცოპერაცია ხელვაჩაურში

საფრანგეთში ქალაქის მერმა ძაღლებს ყეფა აუკრძალა

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ფოკერში, მერმა ადგილობრივ ძაღლებს ოფიციალურად აუკრძალა ხმამაღლა ყეფა. დაშვებულია მხოლოდ ხმადაბალი წკმუტუნი, რაც მეზობლებისთვის არ იქნება შემაწუხებელი. კანონდამრღვევი ძაღლების პატრონებს კი ჯარიმა – 68 ევრო დაეკისრებათ.

ცხოველთა დამცველებისთვის ეს კანონი მიუღებელია. მერი კი აღნიშნავს, რომ ძაღლების საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს და აკრძალვა არც იმას გულისხმობს, რომ უწყინარ ყეფაზე დააჯარიმებენ ძაღლების პატრონებს.

ქალაქის მერი ჟან-პიერ ესტენი ირწმუნება, რომ აკრძალვა დროული და აუცილებელი იყო, რადგან ქალაქში ძაღლები დღე-ღამის განმავლობაში დაუსრულებლად ყეფენ და მოსახლეობას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ.

აკრძალვა ძალაში ქალაქის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით შევიდა. კანონდამრღვევების დაჯარიმების საკითხი მხოლოდ მაშინ დადგება, თუ მათ წინააღმდეგ მეზობლები შეიტანენ სარჩელს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა პეტიციით მიმართეს ქალაქის საბჭოს და მერიას სთხოვეს მოეგვარებინა პრობლემა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები ქმნიდა – ის შინ უვლიდა რამდენიმე დიდ ძაღლს, რომლებიც გამუდმებით ყეფდნენ.

ფოკერი არ არის საფრანგეთში ერთადერთი ქალაქი, სადაც ძაღლებს ყეფა ეკრძალებათ. იგივე აკრძალვა 2012 წლიდან სენ-ფუა-ლა გრანდშიც მოქმედებს.

შვეიცარიაში კო მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ძაღლმა საზოგადოებაში ქცევის კურსები უნდა გაიაროს. მათ ასევე ეკრძალებათ სკოლისა და საბავშვო მოედნების ახლომახლო გავლა.

 

წყარო: BBC    leparisien.fr

 

მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის

ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას დღემდე არ გამოუყენებია. მოქალაქემ ბათუმის მერისგან ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ მიწას მოქალაქეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან ის უკვე საპრივატიზაციოდ მზადდება.

„ეს არის საკუთრების უფლების დარღვევა. მე ჩამომართვეს მიწა, სახელმწიფოს სჭირდებაო და იძულებით დამათმობინეს. აღმოჩნდა, რომ მიწა სახელმწიფოს არ სჭირდება, ახლა მერია ამას გაყიდის და ვიღაც სხვა ნახავს სარგებელს,“ – გვიყვება ლიანა დუმბაძე. იგი 1960 წლიდან ადლიის ქუჩა #13-ში ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობდა. ექსპროპრიაციის შემდეგ ლიანა დუმბაძის სახლი დაანგრიეს და მის ადგილზე აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებელი გზა მოეწყო. ახალი გზის მიღმა დარჩენილი მიწის ნაკვეთი კი გამოუყენებელი დარჩა.

„აქ მქონდა ადრე ბოსტანი, სიმინდიც მომყავდა, ბოსელიც იყო… ეს ხეებიც ჩვენი დარგულია… სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2010 წელს 2 035 კვადრატული მეტრი მიწა ჩამოგვართვეს და თითო კვადრატში 67 ლარი გადაგვიხადეს. ახლა თავისუფალია 1265 კვ. მეტრი მიწა. მერიას მივწერე, დამიბრუნეთ ჩემი მიწის ნაკვეთი და იმ თანხას დაგიბრუნებთ, რაც თავის დროზე გადამიხადეთ-მეთქი… დამსახურებული აგრონომი ვარ და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი სულ, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე… სასამართლოში საქმის მოგების იმედი მაქვს,“ – ამბობს ლიანა დუმბაძე.

რა მიზნით ჩამოართვა თავის დროზე მერიამ მოქალაქეს მიწის ნაკვეთი? – სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომლითაც ექსპროპრიაციის უფლება მერიას მიენიჭა, წერია, რომ კონკრეტულ მოქალაქეებს და, მათ შორის, ლიანა დუმბაძეს მიწის ნაკვეთი „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი სავალი გზის მშენებლობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული გზის აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებლად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ ჩამოართვეს.

„2010 წელს, ვიდრე ჩემს სახლს დაანგრევდნენ, მერიის თანამშრომლები მეუბნებოდნენ, რომ ამ მხარეს საერთოდ არ იქნებოდა სახლები, აეროპორტთან ახლოს არის და არ უნდა იყოსო, მაგრამ მხოლოდ ჩემი სახლი დაანგრიეს ამ ზოლში. სხვებს, ჩემს მეზობლებს, ექსპროპრიაცია არ შეხებიათ და ახალი სახლები, სასტუმროები ააშენეს,“ – გვითხრა ლიანა დუმბაძემ.

ადლიის დასახლებაში  მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად ბათუმის მერიამ სასამართლოს 2010 წელს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის მოთხოვნა იმავე წლის 27 მაისს დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე აწერს ხელს და აღნიშნულია, რომ მოსამართლემ საქმე „ზეპირი მოსმენის გარეშე“ განიხილა.

სასამართლოში მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე დაიცავს. ის ახლა სარჩელზე მუშაობს და ჯერ ზუსტად არ იცის, რა იქნება სასარჩელო მოთხოვნა.

„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი კანონმდებლობა, რა უნდა ხდებოდეს მსგავს ვითარებაში, არც პრაქტიკა ყოფილა. ფაქტია, რომ მოქალაქის მოთხოვნა სამართლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელის მაოთხოვნა იქნება ალბათ ის, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნიოს მერიის 2010 წლის მოთხოვნა, როცა სახელმწიფო საჭიროების მოტივით ჩამოართვეს მოქალაქეს ქონება. მერიას ასევე მივედავებით უსაფუძვლო გამდიდრების კუთხით,“ – აღნიშნავს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე.

ბათუმის მერია კი მოქალაქისთვის გაგზავნილ წერილში კონკრეტულ ნორმატიულ აქტზე მიუთითებს – „საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ“ – რომლის მიხედვითაც, „კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზით შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, დაუშვებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. მხარეებს არ ევალებათ დააბრუნონ ის, რაც მიიღეს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე“.

ბათუმის მერმა მოქალაქეს ასევე აცნობა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აღარ აქვს, მას სტატუსი შეეცვალა და მიწის პრივატიზების საკითხს ბათუმის საკრებულო უახლოეს დღეებში განიხილავს.

 

სადავო მიწის ნაკვეთი ადლიაში

ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში მოამზადეს ინიციატივა, რომელიც k2 კოეფიციენტის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი] გაცემის წესის შეცვლას გულისხმობს. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით [კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში], k2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას აღარ მისცემენ მშენებელს, რომელსაც მშენებლობა დაგეგმილი აქვს 600 კვადრატულ მეტრზე ან უფრო მცირე ზომის ნაკვეთზე.

ცვლილების მიხედვით:

  • იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართი 600-1200 კვ.მ.-ია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის k2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს კონკრეტული ზონისათვის დადგენილი ოდენობის 50 %-ით.
  • მიწის ნაკვეთებისათვის, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 1200-1800 კვ.მ-ს – შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით.
  • 1800-2500 კვ.მ. – ზონისთვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზ­ღვრული შესაბამისი პირო­ბების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით, მერია ერთსა და იმავე ნაკვეთზე k2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხს ხელმეორედ აღარ განიხილავს.

„განაშენიანების ინტენსი­ვობის კოეფიციენტის k2-ის გაზრდის თაობაზე, დაუშვებელია ხელმეორედ იქნეს განხილული, იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის k2-ის გაზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართის 40 %-ით ან/და მეტი ოდენობით გაზრდა’’, – ნათქვამია განკარგულების პროექტში.

ცვლილება შეეხება ავტომანქანებისთვის ადგილის რაოდენობის დადგენის საკითხსაც. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მშენებელს ექნება ვალდებულება საზოგადოებრივ საქმიან ზონაში 150 კვ.მ-ზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის k2-ის საანგარიშო ფართობზე [სასარგებლო – სამყოფი ფართი] არანაკლებ ერთი ავტომანქანის ადგილი მოაწყოს.

საცხოვრებელ ზონაში 180 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის k2-ის საანგარიშო ფართზე მშენებელ კომპანიას, ასევე არანაკლებ ერთი ავტომანქანის ადგილის მოწყობის ვალდებულება ექნება.

სასტუმროს დანიშნულების ობიექტებისათვის კი [მათ შორის მცირე დროით დამკავებელთათვის]  ნებისმიერ ფუნქციურ ზონაში 200 კვ.მ-ზე განაშე­ნიანე­ბის ინტენსივობის კოეფიციენტის k2-ის საანგარიშო ფართზე – არანაკლებ  ერთი ავტომანქანის ადგილი უნდა გაითვალისწინონ.“

მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დღეს, 13 თებერვალს, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელმა არქიტექტორებს მიაწოდა. მირიან მეტრეველი ამბობს, რომ მათ შენიშვნებს მოისმენენ.

პროექტი საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნეს. საკრებულო ამ საკითხის დამტკიცებაზე, სავარაუდოდ, მომავალ სხდომაზე იმსჯელებს.

ოზურგეთში მოსკოვის ქუჩისათვის „გურიის პრეზიდენტის“ სახელის მინიჭებას ითხოვენ

მოქალაქე გურამ მიქელაძე პეტიციით მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვს, ოზურგეთში მდებარე მოსკოვის ქუჩას ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი ეწოდოს. პეტიცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ამ დროისათვის მას 83 ხელმომწერი ჰყავს.

პეტიციაში ვკითხულობთ:

„ვფიქრობთ ძალიან ბევრი ობიექტური გარემოება არსებობს იმისათვის, რათა ქ. ოზურგეთში მოსკოვის ქუჩას სახელწოდება შეეცვალოს. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში უამრავი გეოპოლიტიკური მოვლენების გადაფასების და გადააზრების შემდეგ შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება. მიუხედავად პატივისცემისა იმ ქვეყნის, ნეიტრალური და არაიმპერიალუსტური აზროვნების მქონე ადამიანთა მიმართ, რომლის დედაქალაქის სახელსაც ატარებს ჩვენი ქალაქის ერთერთი პატარა ქუჩა, მიზანშეწონილია მოხდეს მისთვის სახელწოდების ცვლილება და დაერქვას ის სახელი, რომელიც ჭეშმარიტად გამოხატავს კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების ანარეკლს. ეს იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც პასუხობს რეალობას, ღირებულებებს და პატივს მიაგებს იმ ადამიანებს და იმ თაობას, რომლებიც პირველ რიგში ცხოვრობს ამ პატარა ქუჩაზე, ასევე ეს იქნება ჩვენ მიერ უდიდესი პატივისცემის გამოხატულება გურიაში და არა მარტო აქ დაბადებული ეროვნული გმირების და სხვა საზოგადო პოლიტიკურ მოღვაწეთა მიმართ, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა პრინციპულად დაეცვათ ეროვნული ინტერესები იმპერიალისტური აზროვნების მქონე სისტემის წინააღმდეგ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქუჩას უნდა მიენიჭოს ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი.

ბენიამინ ჩხიკვიშვილი დაიბადა 1879 წელს, ოზურგეთის მაზრაში, სოფელ საყვავისტყეში. 1900-იანი წლების დასაყისში ის იყო გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ლიდერი, „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა ნასაკირალის ბრძოლას 1905 წელს. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ბენიამინ ჩხიკვიშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, იყო სოხუმის მერი, თბილისის მერი, ბათუმის ოლქის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოზურგეთის პირველი თვითმმართველობის ორგანოს – ოზურგეთის სამაზრო ერობის წევრი. ბენიამინ ჩხიკვიშვილი დახვრიტეს 1924 წელს ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადების გამო. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

ბენიამინ ჩხიკვიშვილი ჩვენთვის ერთი მხრივ არის თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო, ხოლო მეორე მხრივ, მისი პიროვნება და ბიოგრაფია უშუალოდაა დაკავშირებული გურიასთან, ოზურგეთთან და 1905 წლის მოვლენების გამო კონკრეტულად იმ გეოგრაფიულ არეალთან, სადაც მდებარეობს მოსკოვის ქუჩა.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 86-ე მუხლის; საქართველოს მთავრობის დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ პეტიცია ქ. ოზურგეთში მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.“

______________

მთავარ ფოტოზე: ბენია ჩხიკვიშვილი. ფოტო: რესპუბლიკა100/fb 

12 წლით პატიმრობა ტრეფიკინგისთვის – ბათუმის სასამართლოს განაჩენი

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გულრუხ სოლიევას. მას გამოძიება ტრეფიკინგის ჩადენას ედავებოდა. მსჯავრდებული უზბეკეთის მოქალაქეა.

გამოძიების ვერსიით, გულრუხ სოლიევამ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში გოგო. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ბათუმში, ნაქირავებ სახლში, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. დაზარალებულ ქალს გადაადგილებას უკონტროლებდნენ, სცემდნენ, ემუქრებოდნენ და იძულებით ჩააბეს პროსტიტუციაში.

ბრალის წარდგენამდე გულრუხ სოლიევამ მიმალვა მოახერხა და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალის წარდგენიდან დაახლოებით 2 თვეში გულრუხ სოლიევა სამართალდამცველებმა ახალციხეში იპოვეს. დაკავებული ქალი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
„ჩვენ ვითხოვდით გამამართლებელ განაჩენს. რეალურად დაზარალებულად ცნობილმა იცოდა, რისთვისაც მოდიოდა ბათუმში და იძულებას ადგილი არ ჰქონია,“ – გვითხრა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ.
სასამართლო ადამიანით ვაჭრობის ამ შემთხვევას დახურულ სხდომებზე განიხილავდა. ადამიანით ვაჭრობის მუხლის მესამე ნაწილი 12-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელეს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა  lametayel.co.il ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. 2018 წელს ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებგვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი წვმდომა და ძებნა ჰქონდა. ვებგვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს ელჩს ისრაელში  თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გადასცეს.

პოპულარული სამოგზაურო ვებგვერდი Lametayel-ი მოგზაურობის  შესახებ 500 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 ვებგვერდს ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული. Lametayel-ს ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე  ხშირად ეძებენ. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

„2018 წელს 4 ავიაკოპანია ასრულებდა ფრენებს თელავივიდან ბათუმის მიმართულებით  და 55,3%-ით მეტი მოგზაური ესტუმრა რეგიონს ისრაელიდან.  ის, რომ წამყვანი სამოგზაურო ვებგვერდი ბათუმს 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ასახელებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აჭარის მიმართ ინტერესი ისრაელში დიდია, რაც, თავის მხრივ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

_________________

მთავარი ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 

ბათუმის მერიის განმარტება ცენტრალურ პარკში მწვანე საფარის ჩაბეტონებაზე

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. ბათუმის მერიის განმარტებით, იმ ადგილას, სადაც ახლა ბეტონია, კაუჩუკის ზედაპირი დაიგება.

„ცენტრალურ პარკში საბავშვო სათამაშო მოედანი ეწყობა.  მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი იგება კაუჩუკის საფარი. კაუჩუკის ზედაპირის მოწყობის მიზნით, დაგებულია ბეტონის საფარი, რომლის სათანადოდ გაშრობისთვის საჭიროა 6-7 დღე. საბავშვო სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში უნდა დასრულდეს,“ – განმარტავს ბათუმის მერია.
სამუშაოები საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მას ფიზიკური პირი, ეკატერინე ნიკოლაიშვილი ახორციელებს.

ამავე თემაზე:

ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

N12 ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები ამბობენ, რომ ავტობუსები ხშირად ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია, განსაკუთრებით დილით და საღამოს საათებში. მოქალაქეების თქმით N12 ავტობუსი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გაჩერებაზე ნახევარ საათში ერთხელ მიდის და ეს, მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი აცხადებენ, რომ ამ ხაზზე ყოველდღიურად 8 ავტობუსი მოძრაობს 14-წუთიანი ინტერვალით და უახლოეს მომავალში ავტობუსის დამატება არ იგეგმება.

თუმცა, კომპანიის ვებგვერდზე „ავტობუსების მოძრაობა LIVE“-ის მიხედვით, დღეს, 13 თებერვალს, ხაზზე მოძრავი მხოლოდ 6 ავტობუსი ჩანს.

„ამ ლაივის განახლება ხდება, ხშირად ზუსტი მონაცემები არ ჩანს… Google-ზე არის პრობლემები, მიწერილი გვაქვს მათთვის წერილი, რომ ხარვეზები აღმოფხვრან,“ – გვითხრა ბესიკ დათიაშვილმა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, „ხალვაშის გამზირზე ყოველ 2-3 წუთში მიკროავტობუსები მოძრაობს და მოძრაობაც გადატვირთულია, მაგრამ მგზავრს პრობლემა არ ექმნება გადაადგილებაში. უბრალოდ, პიკის საათებში ლოდინი არავის უნდა, ყველა ცდილობს ერთ ავტობუსში შევიდეს, მერე მთელი დღის განმავლობაში ხშირად ავტობუსები ცარიელი მოძრაობს. სამომავლოდ, როგორც კი საშუალება გვექნება, გვაქვს გეგმაში მაგ ხაზზე ადაპტირებულმა ავტობუსებმაც იაროს, ასეთი მოთხოვნაც არის. ვმუშაობთ ამ საკითხზე“.

„ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ, პიკის საათებში სხვა ხაზებზეც იზრდება მგზავრთა რაოდენობა, მაგრამ ვინაიდან ამ ეტაპზე ავტობუსის დამატების საშუალება არ არის, შესაძლოა არსებულმა ავტობუსებმა შეცვლილი ინტერვალით იმოძრაონ [თუნდაც პიკის საათებში], „მაგრამ ამას თავისი პრობლემები აქვს“ და, ზოგადად, რეგულაციებზეც მუშაობენ.

უახლოეს პერიოდში ბათუმის მერიამ „ზონდას“ სამი ავტობუსი ოზურგეთს, ხოლო ხუთი ავტობუსი ფოთს გადასცა. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ავტობუსების დამატება რომელიმე საქალაქო ხაზზე? – ბესიკ დათიაშვილის თქმით: „არ ვიცით, რას ჩაუტარებენ და როგორ გააკეთებენ, მაგრამ  ჩვენ იმისთვის გავაჩერეთ ეგ ავტობუსები, რომ ბათუმისთვის უკვე გამოუსადეგარი იყო“.

ბათუმში N12 მუნიციპალური ავტობუსი ბონის დასახლებასა [ავტოსადგური „მეტრო“ გოგოლის ქუჩაზე] და ხელვაჩაურს [მახოს ხიდი] შორის მოძრაობდა. 2018 წლის თებერვლიდან კი მარშრუტი მერიამ, პორტთან ესტაკადის მშენებლობის გამო, შეცვალა და ავტობუსი დღემდე მახოს ხიდსა და თბილისის მოედანს შორის მონაკვეთში მოძრაობს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, N12 ავტობუსის დაბრუნება მაიაკოვსკი-გოგოლის ქუჩებზე აღარ განიხილება.

N12 მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 13.02.2019

40 მეტრი სიმაღლის შენობა ისტორიულ ბათუმში – ზონალური საბჭო თანახმაა, რას გადაწყვეტს მერი

კომპანია „გრინკო“ ბათუმის ისტორიულ ზონაში 40 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებაზე ნებართვას ითხოვს. საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ უკვე განიხილა და დადებითად გადაწყვიტა. საბოლოოდ, ნებართვას ხელი ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ უნდა მოაწეროს. ის ერთ-ერთ მისივე ორგანიზებულ შეხვედრაზე შეჰპირდა ძეგლების დამცველებს, რომ ისტორიულ ბათუმში, უკვე დადგენილი საზღვრების შიგნით, 12 მეტრზე მაღალი შენობები არ აშენდებოდა. მართალია, ისტორიული დაცვის ზონა ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, მაგრამ ეს სამართლებრივად, მერს პირობის შესრულებაში ხელს ვერ შეუშლის.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა #21 – ერთსართულიანი ბელეტაჟები
ეს ორსართულიანი სახლიც, რომელიც ბათუმის ბულვარს უყურებს რუსთაველის #21-ში მდებარეობს. იმ შემთხვევაში თუ შპს „გრინკო“ მშენებლობის ნებართვას მიიღებს, მას დანგრევა ემუქრება

შპს „გრინკო“ ბათუმში, რუსთაველის #21-ში რამდენიმე ერთსართულიანი ბელეტაჟისა და ქუჩის პირას მდებარე ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

წინასწარი მონაცემებით, გამოთავისუფლებულ 978 მეტრ მიწის ნაკვეთზე, ძეგლის დაცვის ზონაში, კომპანია 40 მეტრი სიმაღლის 12-სართულიან შენობას ააშენებს.

საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ უკვე განიხილა და კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ მერიამ მიიღო რეკომენდაცია, მოთხოვნილ პარამეტრებზე მშენებლობას ბათუმის ცენტრალურ უბანში, ზღვასთან ახლოს, დასთანხმდეს და ნებართვა გასცეს. ეს, თავისთავად, არსებული შენობის დემონტაჟსაც გულისხმობს. ამ ადგილზე არსებულის სახლის დანგრევას და მაღლივი კორპუსის მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ ეწინააღმდეგება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანიამ რუსთაველის #21-ში მდებარე ტერიტორიები, ნასყიდობის გაფორმებამდე არსებული შეთანხმების შესრულების პირობით შეისყიდა.

შპს „გრინკო“ ისრაელის მოქალაქემ თამარ კობრინსკიმ 2016 წელს დააფუძნა. თავდაპირველად კომპანიას არჩილ ჯანყარაშვილი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის ლევან წივწივაძემ ჩაანაცვლა. ის ხელმძღვანელობს ასევე თამარ კობრინსკის მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიას „ბი აი სი“-ს, რომელმაც ბათუმში რამდენიმე მაღლივი კორპუსი ააშენა. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის, ასევე გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული მრავალბინიანი სახლი, რომელიც სამ კორპუსს აერთიანებს და მთელი კვარტალი უჭირავს. ამ სახლთან ახლოს კომპანიამ სამთავრობო პროგრამის არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდიაციის პროგრამის  ფარგლებში კიდევ ერთი მრავალბინიანი სახლი ააშენა.

 

ბათუმში სახლი გაძარცვეს, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძარცვა მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა, თუმცა ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში, ასევე, გვითხრეს, რომ ქალს პირზეც ჰქონდა აკრული წებოვანი ლენტი, რომელიც მეზობლებმა ექიმების მისვლამდე მოხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის (ძარცვა) შესაბამისად. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

რა უპასუხა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვას „ბათომის“ ღია წერილზე

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოება „ბათომის“ ღია წერილთან  დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ინვესტიციების მოზიდვა ქალაქის ისტორიული  ნაწილის ნგრევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ისტორიული არქიტექტურა და ის სიმდიდრე, რომელიც გვაქვს და რა თქმა უნდა, არც ერთი ინვესტიცია არ უნდა ხორციელდებოდეს ისტორიის ხარჯზე – ეს არის ჩემი შეფასება და შემდეგ მთავრობის სხდომაზე  მინისტრს ვთხოვ, დეტალურ მოხსენებას ამ საკითხზე და ისიც გააკეთებს თავის განმარტებას,“ – განაცხადა ბახტაძემ.

კითხვა „ბათომის“ წერილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს „აჭარის ტელევიზიამ“ დაუსვა.

„ბათომის“ ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

Exit mobile version