მთავარი,სიახლეები

ბათუმის ზონების დამტკიცების თაობაზე მერია „გეოგრაფიკს“ შეხვდება

02.05.2019
ბათუმის ზონების დამტკიცების თაობაზე მერია „გეოგრაფიკს“ შეხვდება

ბათუმის მერიისგან ჯერ ისევ არ გვაქვს არც დაზუსტებული და არც სავარაუდო პასუხი კითხვაზე, როდის გააგზავნის ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამ დროისთვის არც კვლევაა დაწყებული დოკუმენტის იმ ნაწილის განახლებისთვის, რის გამოც, როგორც მერი, ლაშა კომახიძე ხსნის, მისი დამტკიცება ჯერ სასურველი არ არის.

როგორც მერიაში განმარტავენ, გასაახლებელია რუკების ნაწილი, რადგან ის არ ასახავს დღევანდელ რეალობას. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდანაც მიიღო. სააგენტოს სპეციალისტები კი იმასაც ამბობენ, რომ მერიას შეუძლია დაამტკიცოს დოკუმენტი და პარალელურად მის განახლებაზე იმუშავოს.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში დაზუსტებით ჯერ არც ის იციან, როდის გამოცხადდება შესაბამისი კვლევის შესყიდვაზე ტენდერი. სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, ჯერ დოკუმენტის ავტორთან – „გეოგრაფიკთან“  გეგმავენ შეხვედრას:

„ჩვენ გვაინტერესებს, რა დრო დასჭირდება განახლებას, ან რა თანხასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით. რადგან მათი მომზადებულია დოკუმენტი, ამიტომაც ვგეგმავთ „გეოგრაფიკთან“ კონსულტაციას“.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების დაჩქარება ძველი ბათუმის დამცველების ინტერესებშია – გამომდინარე იქედან, რომ ზონა მეტ შეზღუდვას აწესებს დადგენილი საზღვრების შიგნით, რამაც ისტორიული განაშენიანების მენაშენისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.

როგორ განსაზღვრავს მერია მშენებლობის პარამატრებს ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დამცავი ზონების საზღვრებში? – მირიან მეტრეველის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ძველი ბათუმი დაკონსერვებული არ არის, აქ მშენებლობის საკითხს მერია კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყვეტს: „თუ საბჭო ჩათვლის, რომ მიუღებელია [ამ შემთხვევაში ზონალური საბჭო] და უარს იტყვის, მშენებელი მიიღებს უარს. თუ დადებით პასუხს გასცემს, მიიღებს დადებითს“.

რაც შეეხება ზონაში მშენებლობის სტანდარტს, მირიან მეტრეველი მიიჩნევს, რომ ზონაში მისაღებია ქუჩების განაშენიანების  უკვე არსებული პარამეტრები. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში კი მიაჩნიათ, რომ ეს სტანდარტები დასადგენია. 

„ამ დროისთვის არ გვაქვს თავისუფალი დაგეგმარების ტერიტორია. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ გეოგრაფიკი იქნება თუ სხვა, განახლების შემთხვევაში, კონკრეტულ უბანში ქუჩების მიხედვით უნდა გაკეთდეს კვლევა და განისაზღვროს შენობების სიმაღლეები ინდივიდუალურად. თუ ინდივიდუალურად  ვერ მოხერხდება, ძირითადი მაინც“, – განმარტავს მირიან მეტრეველი. მისივე ინფორმაციით, „გეოგრაფიკთან“ შეხვედრა დახლოებით ერთ კვირაში უნდა შედგეს.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებაზე ბათუმში აქტიური მსჯელობა 2018 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება – გეოგრაფიკის მიერ მომზადებული და შემდეგ დაკორექტირებული დოკუმენტი მერიამ სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილს გადაუგზავნა.

 

მერი VS კმდეს – ვინ აჯანჯლებს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცებას

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: