მთავარი,სიახლეები

ეპარქიის წარმომადგენელი: სამარხის გათხრის შესახებ ყველა სტრუქტურა ინფორმირებული იყო

01.05.2019 • 3033
ეპარქიის წარმომადგენელი: სამარხის გათხრის შესახებ ყველა სტრუქტურა ინფორმირებული იყო

დღეს, პირველ მაისს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან სხდომას იღუმენია სიდონია დარჩია და ისტორიკოსი პირიმზე რურუა ესწრებოდნენ.

პირიმზე რურუამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე სამარხების შესახებ, აღმოჩენისთანავე იყო ინფორმირებული მთავრობა:

„იმთავითვე იყო ინფორმირებული გათხრების დაწყების შესახებ ყველა სტრუქტურა, ვისაც კი ხელეწიფებოდა ჩართვა და ჰქონდა ვალდებულებაც ჩართულიყო ამ პროცესებში.

სიები ბატონი რამაზის დამსახურებით არსებობდა [საუბარია მკვლევარ რამაზ სურმანიძის მიერ მოძიებულ, 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილთა სიებზე] სავარაუდო ადგილები არსებობდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო სამარხი.

თავის დროზე თავდაცვის სამინისტრომ გამოყო გამნაღმველები ტერიტორიის განსანაღმად [ტერიტორიაზე, სადაც სამარხი იქნა აღმოჩენილი, წინა წლებში რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობდა] გათხრების პროცესში ჩართული იყო კრიმინალური პოლიცია, მთავრობის თავმჯდომარეც ბრძანდებოდა [გათხრების მიმდინარეობას რომ აჭარის მთავრობის იმდროინდელი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გაეცნო, ეს ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებითაც დასტურდება], აქედან გამომდინარე, ეს ამბავი არც მიჩქმალული იყო, არც დამალული, არც არავისთვის არ იყო რაღაც საიდუმლო. მე ნამდვილად ვიცი, რომ ეპარქიამ მიმართა ისტორიკოსებს და არქეოლოგებს, უბრალოდ არ გავაჟღერებ დეტალებს ახლა, მაგრამ არ ჩართულა არც ერთი სამეცნიერო სტრუქტურა, სამწუხაროდ.

კიდევ ერთი ინფორმაცია. გუშინ იქვე აღმოჩნდა მეორე სამარხი და არავის ხელი არ მოუკიდია. როგორც კი დაფიქსირდა კირის ფენა, მაშინვე დავფარეთ.

საბოლოო ჯამში რატომ ვქმნით ამ კომისიას, თუ შეიძლება დავსვა ეს კითხვა, პირველი – რომ დავასაფლაოთ ბოლოს და ბოლოს ისინი, ვისაც უკვე ცალ-ცალკე ჭურჭელში მივუჩინეთ ადგილი და მეორე – ახალ ეტაპზე გადავიდეთ და გავაგრძელოთ ეს პროცესი, ოღონდ ყველას ჩართულობით.

არა მგონია მაინცდამაინც ასეთი განხეთქილების საგანი იყოს ეს, იმიტომ, რომ ყველა ვთანხმდებით, ამაზე კარგ საქმეს ვერ გავაკეთებთ. მიცვალებულის პატივისცემა ყველა რელიგიისთვის უმთავრესია. ალბათ ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი შეიქმნა, თემა ახალი იყო იმ პერიოდში, როცა გამოჩნდა. ალბათ სჯობს ჯერ გადავწყვიტოთ დნმ-ის ნიმუშების აღების საკითხი და დასაფლავების საკითხი.

დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ბზობის დღესასწაულს რომ ემთხვეოდა და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია [ეპარქიამ დაკრძალვის თარიღად თავდაპირველად 21 აპრილი გამოაცხადა. მოგვიანებით დაკრძალვა გადაიდო]. ეს იყო თავდაცვის მინისტრის მიერ მოწოდებული თარიღი, ანუ როცა მას ეცალა, იმ დღეს მას შეეძლო ჩამოსულიყო, ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდებოდა, ეს არ იყო ეპარქიის მიერ დადგენილი თარიღი და მით უფრო არ იყო ბზობასთან დაკავშირებული.

ამ წუთას მართლა არა აქვს აღმსარებლობას მნიშვნელობა, როცა რეპრესირებულებთან და რეჟიმის სხვერპლთა დასაფლავებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ,“ – განაცხადა პირიმზე რურუამ.

მისივე თქმით, აქამდე აღმოჩენილ სამარხებში ნაპოვნია 1935 წელს გამოშვებული მონეტები, რაც მიუთითებს, რომ სამარხები შესაძლოა სწორედ რეპრესირებულებს ეკუთვნოდეს. სამარხების გათხრებს იღუმენია სიდონია დარჩია უწევდა მეთვალყურეობას.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ნაპოვნია 150 ნეშტი და ეს არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხი. ინფორმაციის გამოქვეყნების დღესვე დაისვა კითხვები: რით დასტურდება, რომ სამარხი ნამდვილად რეპრესირებულ პირებს ეკუთვნის და იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართული სპეციალისტები.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც მიმართა სახელმწიფო ორგანოებს და ეპარქიის წარმომადგენლებს საკითხის შესწავლაში ჩართულიყვნენ სპეციალისტები.

სამარხის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას რეპრესირებულთა შთამომავლებც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, დაკრძალვამდე უნდა მოხდეს ნეშტების იდენტიფიცირება.

საბოლოოდ, სამარხში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო და აჭარის მთავრობაში შეიქმნა კომისია, რომელმაც საკითხი უნდა შეისწავლოს.

ნეშტები ამჟამად ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სარდაფშია დაცული.

__________________________

ფოტოზე: იღუმენია სიდონია დარჩია და ისტორიკოსი პირიმზე რურუა. ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ლიზა თედორაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: