კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად

30.04.2019
დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად

„ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“ – ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა 28 აპრილს, „ბათუმობას“, ახალგაზრდების ჯგუფი ბათუმში, ევროპის მოედანზე.

ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი პირებისათვის ლექციას მართავდა.

„არ დაგემართოთ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად. შეინარჩუნეთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ, ვერ შევძელით. ბათუმში მეტი შანსია და შეინარჩუნეთ ეს უნიკალური ქალაქი. ასეთი ქალაქი არ არსებობს არსად ზღვის პირას, დამიჯერეთ. იმდენ ადგილას ვარ ნამყოფი, იმდენი ზღვისპირა ქალაქი მინახავს და ასეთი ჰარმონია არსად არ არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებთ.

ძალიან ძნელია ასეთ დიდ ფულს გაუწიო წინააღმდეგობა, ეს არის დიდი მაფია, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ყველა ქუჩა, ყველა სახლი, ყველა აგური უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. არ არსებობს არამნიშვნელოვანი ისტორიული აგური და შენობა თბილისში, ბათუმში ან საქართველოში, ყველას შენარჩუნება არის აუცილებელი.

აუცილებლად მოგვთხოვენ პასუხს და ვერ გავიმართლებთ თავს, ვერ ვიტყვით, რომ სხვა გზა არ გვქონდა. ყოველთვის არსებობს სხვა გზა, ეს არის ბრძოლის გზა. რამდენსაც ვიბრძოლებთ, იმდენს შევინარჩუნებთ.

თუ გვინდა, რომ ბათუმი იყოს ისეთი, როგორიც გვახსოვს, როგორიც გვიყვარს და როგორითაც ვამაყობთ, უნდა შევინარჩუნოთ და ეს არ არის მხოლოდ ბათუმელების საქმე, სხვათა შორის, ეს ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ძალიან მინდა ჩემმა შვილებმაც ნახონ ის ბათუმი, რომელიც მიყვარდა, რომელიც ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან მახსოვს და რომლისკენაც ყოველთვის მოიწევდა ჩემი გული და ტვინი, იმიტომ, რომ მეგონა, რომ ყველაზე თავისუფალი, ბედნიერი და მშვენიერი ქალაქი იყო და ეს ქალაქი არ დავკარგოთ,“ – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: