განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დღეს, 12 ივლისს, პანელის მონაწილე იყო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, სადაც კითხვები დაისვა ქვეყნიდან ე.წ „ტვინების გადინების პრობლემაზე.
მინისტრის მოადგილეს დისკუსიის დროს კითხვა დაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა. მან თქვა, რომ ქვეყნიდან კომპეტენტური და განათლებული ადამიანების გადინების მიზეზი არა მხოლოდ დაბალი ხელფასია, არამედ ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ აძლევს ამ ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობას.
„თუ მთავრობა აპირებს ქვეყნის მშპ-ს 6 პროცენტი დახარჯოს განათლებაზე, მაგრამ ამავდროულად, ხელს აწერ რაღაც შეთანხმებებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მაგალითად, ცირკულარული მიგრაციის შესახებ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის… პრემიერ-მინისტრმა ამაყად გამოაცხადა, რომ მათ მიაღწიეს ამ შეთანხმებას გერმანიასთან, საფრანგეთთან, პორტუგალიასთან, რომ მაღალკვალიფიციური ადამიანებისთვის გაიხსნება მათი ბაზარი, ანუ მიიღებენ სამუშაო უფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაფინანსებთ სხვა ქვეყნის ეკონომიკას? და ეს დიდი პრობლემა“, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.
მისი აზრით, ამ დიდი პრობლემის მიზეზი არის საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა, რადგან მას არ სჭირდება კვალიფიციური ადამიანები.
„თუ ქვეყანაში ტურიზმია წამყვანი სფერო, ქვეყანას არც სჭირდება კვალიფიციური ადამიანები იმიტომ, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა რა კვალიფიკაციას მიიღებენ, თუ ვერ დასაქმდნენ. სწორედ ამიტომ გადიან განათლებული ადამიანები ქვეყნიდან. არა მხოლოდ ხელფასების გამო, უფრო იმიტომ, რომ ელემენტარულად, სამსახურს ვერ შოულობენ“, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ირინა აბულაძის თქმით, ხელისუფლება ვერ შეზღუდავს ადამიანების არჩევანს:
„ჩვენ ვერ მოვახდენთ ლიმიტირებას და ვერ გადავეღობებით ადამიანებს, თუკი მათ აქვთ შანსი მიიღონ უკეთესი განათლება სხვაგან ან დასაქმდნენ. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ახალგაზრდებმა აქ, ამ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება და ყველა სამინისტრო, მუნიციპალიტეტები უნდა ჩაებას ამ მოძრაობაში, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებს დასაქმდნენ“.
ირინა აბულაძის თქმით, ქვეყანას ასევე ძალიან სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. ასეთ შემთხვევაში მიგრაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა, მაგრამ უკვე გვაქვს იურიდიული და სხვა მექანიზმები, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ მაღალი კვალიფიკაცია უცხოეთში და შემდეგ დაბრუნდნენ ქვეყანაში“.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტებიდან ნიმუშებს იღებენ დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. სპეციალისტები მუშაობას დღეს, 12 ივლისს, დაასრულებენ.
ნეშტები, რომლებიც შესაძლოა 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნოდეს, ორი წელია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში ინახება, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი წელს, აპრილში გახდა.
ეკლესიის სარდაფში დაახლოებით 150 ნეშტია დასვენებული, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ უთხრა, პირველ ეტაპზე დნმ-ის მასალას დაახლოებით 119 ნეშტიდან აიღებენ, რადგან სამარხის გათხრის დროს ნეშტების ნაწილი არასწორად იყო ამოსვენებული.
პირველ ეტაპზე ხდება მასალის აღება, რაც შეეხება დნმ-ის ნიმუშების შედარებას, ამისათვის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გაცილებით დიდი დროა საჭირო.შესაბამისად, მოკლე ხანში ვერ შეადარებენ ნეშტების დნმ-ს მათი შესაძლო შთამომავლების დნმ-თან და ასევე უცნობია, იქნება თუ არა ამაში სახელმწიფო ჩართული.
ნეშტების ნიმუშების აღება დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე
საგანგებოდ ამ საკითხის შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, აღებული ნიმუშები შესანახად გადაეცემა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სავარაუდოდ ახალი სამარხების შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, შესაბამისი დარგის ექსპერტ-სპეციალისტების მონაწილეობით. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს განსახორციელებელი სამუშაო გეგმის შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა.
სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა და სხალთის ეპარქიამ და 150-მდე ნეშტი ამოასვენა. ეპარქია ამბობს, რომ ნეშტები 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირებისაა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია, რადგან სამარხების გახსნაზე არ უმუშავიათ სპეციალისტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამთავრობო კომისიამ უნდა განიხილოს, სწორედ ესაა. ამ კითხვას შეიძლება პასუხი გასცეს ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილმა ახალმა სამარხმა, თუმცა მასზე მუშაობა სპეციალისტებს ჯერ არ დაუწყიათ.
იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ ბათუმში აღმოჩენილ სამარხებში 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირები არიან დამარხული, ეს იქნება დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი საქართველოში.
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს. ამისათვის სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს.
ამ მომსახურების შესასყიდად სამინისტრომ ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, აჭარის მოდის კვირეულზე ორი სტუმარი მილანიდან ჩამოფრინდება, სამი კი – პარიზიდან. სამინისტრო მათ მგზავრობას ორივე მიმართულებით [იქეთ-აქეთ] დააფინანსებს. ტენდერში აღნიშნულია, რომ საჰაერო ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს პირდაპირი ფრენით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 750 ლარია.
სამინისტრო გადაიხდის აჭარის მოდის კვირეულის ფარგლებში მოწვეული ხუთი სტუმრის სასტუმროში განთავსების ღირებულებასაც. ტენდერში აღნიშნულია, რომ სასტუმრო საერთაშორისო ქსელს უნდა ეკუთვნოდეს, ხუთივე ნომერი ერთადგილიანი უნდა იყოს და VIP კლასის. სამინისტრო ხუთ დღეში ხუთი ადამიანის სასტუმროში განთავსებისთვის 10 250 ლარის დახარჯვას გეგმავს – სწორედ ეს თანხაა ტენდერით გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.
აჭარის მოდის კვირეული ბათუმში 26-28 ივლისს არის დაგეგმილი. მოდის კვირეული წელს მეხუთედ იმართება და მისი დამაარსებელი მანანა გოგლიჩიძეა, მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტი.
2017 წელს ბათუმის საკრებულომ აჭარის მოდის კვირეული 30 ათასი ლარით დაფინანსებასმხარი დაუჭირა. მაშინ საკრებულოს რამდენიმე წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დაფინანსების წინააღმდეგნი იყვნენ. 2017 წელს აჭარის მოდის კვირეულს ბათუმის მერიისა და საკრებულოს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და დეპუტატი ფატი ხალვაშიც ესწრებოდნენ.
Adjara Fashion Week-ის დამფუძნებელმა, მანანა გოგლიჩიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ორგანიზაციას თანხა არ ჩარიცხვია და ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხით ხდება მხოლოდ მომსახურების შესყიდვა.
5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.
ფინკა ბანკის საზაფხულო შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს მხოლოდ სესხის საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ.
ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს.
„ეს შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზაფხულის პერიოდში ჰქონდეთ მეტი ფინანსური რესურსი, რადგან ამ პერიოდში ბევრი სხვადასხვა ხარჯი ემატება ოჯახს: დასვენების, რემონტის, სკოლის პერიოდისათვის მზადებაც დაიწყება მალე და ა.შ. დაზოგილი თანხა მათ პირადი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება, ეს მომხმარებლებისათვის არის სესხის გადასახადისგან თავისუფალი 3 თვე”.
ფინკა ბანკის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.FINCA.ge და ასევე სატელეფონო ცენტრის საშუალებით, ნომერზე * 4949.
საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს ბათუმში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორი იქნება ამაზე ხელისუფლების მხარდაჭერა?
პანელზე დასმულ კითხვას ვიცე-პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რა თქმა უნდა, არის ტრანსევროპული პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტებს, საიდანაც შემდეგ დავუკავშირდებით ევროპას. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ევროპელი, აზიელი ბიზნესმენებისთვის, რათა ისინი დაუკავშირდნენ ერთმანეთს საქართველოს გავლით და საქართველოს მეშვეობით.
რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ კერძო კონსორციუმს დავუჭიროთ მხარი, კერძო ბიზნესს, რომელიც ჩაბმულია ამ პროექტის განხორციელებაში და, რა თქმა უნდა, ის შეიცავს როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ ძალისხმევას. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან იმისთვის, რომ შევაგროვოთ საჭირო თანხები და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საუკეთესო გარემო შევქმნათ და საფუძველი და მხარი დავუჭიროთ კერძო ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებაში.
ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ კერძო ინვესტორები, ყველა დაინტერესებული მხარე, გაიღებს გარკვეულ კომერციულ რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც შეარბილებს ამ რისკებს. ხოლო სახელმწიფო ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ სახარბიელო საფუძველი შეექმნას ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კონფერენციის დღევანდელი დილის პანელის მომხსენებლები არიან: მაია ცქიტიშვილი, იური ლავრენუკი – უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვასილ ჰუდაკი – ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და დანიელა მორარი – მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი.
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში გუშინ, 11 ივლისს დაიწყო და დღეს, 12 ივლისს, დაასრულებს მუშაობას. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ: ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი, ასევე, სხვა ოფიციალური პირები.
აჭარის მაღალმთიანეთში წიწვოვანი ტყე ხმება. ხმობის პროცესი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში თვალნათლივ ჩანს. მაგალითად, წიწვოვანი ხეები გამხმარია შუახევში, სოფელ ნენიაში. ხეები ასევე ხმება სოფლებში: ღურტაში, ჩანჩხალოში, ყინჩაურში.
გამხმარი ტყის მასივის ნაწილი იმ არეალშია, სადაც „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბები გაჰყავთ. ადგილობრივი მოსახლეობა ხეების ხმობას სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებს. თუმცა „აჭარისწყალი ჯორჯია“, კომპანია, რომელიც „შუახევი ჰესს“ აშენებს, უარყოფს, რომ ტყეების ხმობის მიზეზი ჰესია.
„ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები მოსახლეობა ყველაფერს ჰესს უკავშირებს, მაგალითად, ფუტკარი დაიხოცა შუახევში, ისინი უკავშირებდნენ ჩვენს პროექტს. მერე აღმოჩნდა, რომ ფაროსანას წამალი რაც გამოიყენეს, იმის გამო იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.
გამხმარი წიწვოვანი ხეები სოფელ ღურტას თავზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ ბათუმელები
ოფიციალური ინფორმაციით, წიწვოვან ხეებს აჭარის მაღალმთიანეთში მავნებელი მწერი – კენწეროს ქერქიჭამია ანადგურებს. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე პროცესს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.
„კლიმატის ცვლილების უარყოფითი მხარე ბოლო სამი წლის მანძილზე გამოისახა ამაში – იქ, სადაც წიწვოვანი ხეებია შუახევსა და ხულოში, ზაფხულში 60-70 დღე წვეთი ნალექი არ მოდის. ამის გამო ძლიერ სიცხეში იქმნება მავნებლის განვითარების ხელშეწყობის პირობები. ნიადაგიდან წყლის უკმარისობის გამო ხეები ვეღარ იღებს წყლის საკმარის რაოდენობას, სუსტდება, მავნებელი ამ დასუსტებულ ხეს პოულობს და ანადგურებს,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
მისივე თქმით, ნაძვნარებში სააგენტო 2014 წლიდან ათავსებს მწერსაჭერ ფერომონებს, რომლებიც მავნებლებს იჭერს და ანადგურებს. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ხეების ხმობა შუახევი ჰესის მშენებლობას, ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ არა.
„უარყოფითი და არასწორი აზრია გავრცელებული, იმიტომ, რომ ბორჯომის ხეობაშიც იგივე მდგომარეობაა, შეიძლება ითქვას, უარესიც. კონკრეტულად აჭარაში, ავიღოთ ნენია, ბუთურაული და ის მხარე, მდინარის გაღმა მხარე, სადაც საერთოდ არ არის გვირაბი, იქაც ხმება წიწვოვანი ხეები. სოფელ ბუთურაულის თავზე მასობრივად ერთ მონაკვეთში ცხრაასამდე ძირი აღვრიცხეთ, სრულად რომ გახმა. საერთოდ, შორსაა ჰესის გვირაბთან. ამიტომ ეს არასწორი აზრია. დაემთხვა ისე, რომ სადაც ჰესია, იქ ხმება, მაგრამ მარტო იმ ზოლში არ ხმება, სხვაგანაც ხმება“.
გამხმარი ტყის ზოლი სხალთის ხეობაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ ბათუმელები
ბათუმის მერია სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 225 ტელევიზორს შეიძენს. ტენდერი შესყიდვაზე მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 61 875 ლარია.
ტელევიზორები სოციალურად დაუცველ იმ პირებს გადაეცემათ, რომლებიც მერიის პროგრამის – მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა – პირობებს აკმაყოფილებენ. ამ პროგრამით გათვალისწინებულია: პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალის შეძენა, ასევე, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობის რემონტი სოციალურად დაუცველი შშმ და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.001-ს; გარდა ამისა, სამი და მეტშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30.001-ს და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1.001-ს.
„შემოდის განცხადებები, სერვისცენტრები სწავლობენ კონკრეტულ მდგომარეობას, ადასტურებენ საჭიროებას და იმის მიხედვით, თუ რაზეა მოთხოვნა, ტელევიზორზე, მაცივარზე, ლეიბებზე თუ ავეჯის შეძენაზე, ცხადდება ტენდერი,“ – ამბობს ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოადგილე.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე, რომელიც „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს“ განიხილავს, შვებულებაში გავიდა. მას საქმის განხილვა ამ დღეებში დასკვნით სხდომაზე უნდა დაესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა. შეთანხმება მერიაში 9 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა.
„ბოლო სასამართლო სხდომაზე შევთანხმდით, რომ 8 ივლისს გაიმართებოდა შეხვედრა მერიაში და სავარაუდოდ 9 ივლისს იქნებოდა სასამართლო განხილვა. მერმა მოუცლელობის მოტივით შეხვედრა რვის ნაცვლად ცხრაში ჩაგვინიშნა. სასამართლოს იმავე დღეს მივმართეთ და ვუთხარით, რომ შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ გვითხრეს, რომ მოსამართლე შვებულებაში გადის,“ – გვითხრა დავით ბერძულმა, მუსლიმი თემის ინტერესების დამცველმა სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე შვებულებაში გავიდა და საქმის განხილვა ამ მიზეზით ჯერ დანიშნული არ არის.
სასამართლოსთვის მუსლიმი თემის მიმართვიდან ორი წელი გავიდა – ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
ბოლო სასამართლო სხდომა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე 12 ივნისს შედგა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კიდევ ერთხელ მისცა ბათუმის მერიას შესაძლებლობა, დალაპარაკებოდა მუსლიმ თემს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
ისინი ერთჯერადად 1-1.5 ტონა ტვირთს ეზიდებიან – მათ ამ სიმძიმით დატვირთული ურიკები ხან 30-ჯერ გადააქვთ ყოველდღიურად, ხან ათჯერ და თუ არ გაუმართლათ – ერთხელ. ამის მიუხედავად, უმუშევრობას ეს ყოფა მაინც ურჩევნიათ – იმიტომ, რომ მხოლოდ ასე შეუძლიათ როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების ფიზიკური გადარჩენა. ქართული კანონმდებლობით ეს ადამიანებიც დასაქმებულებად მიიჩნევიან.
2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 12.7% იყო. საქსტატის მონაცემებით, წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი კლებულობს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმებულებს შორის, ტრადიციულად, ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ბაზარში ურიკებით ტვირთის გადამზიდავებიც. ისინი მცირედი ანაზღაურების სანაცვლოდ, დილის ხუთი საათიდან შუადღემდე, ბაზრის ტერიტორიაზე მძიმე ტვირთს ეზიდებიან.
ემზარ კეკელიძე: ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა და ოჯახების შენახვა, ანაზღაურება კი არის მცირე.
41 წლის ემზარ კეკელიძე მეათე წელია ბათუმის ბაზარში ტვირთის გადამზიდად მუშაობს. თავიდან ურიკას ქირაობდა, დღეში ხუთ ლარს იხდიდა, შემდეგ შეიძინა. მუშაობას გამთენიისას ხუთ საათზე იწყებს – “დილას არიან ბითუმად მოვაჭრეები, მაღაზიები, მარკეტები – ყველას სჭირდება მომარაგება, ჩვენ გადაგვაქვს მათთვის ტვირთი. ეს ტვირთი შეიძლება იყოს 1.2 – 1.5 ტონა. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა და ოჯახების შენახვა, ანაზღაურება კი მცირეა. კომუნალური გადასახადების გარდა, დღის განმავლობაში ჭამა ხომ გინდა? გადაადგილების ხარჯი… ასე 10-30 ლარი მრჩება დღეში, მაგრამ აქ მთავარი შრომის სიმძიმეა”, – ამბობს ის.
ემზარი შუახევიდანაა, ოჯახიც იქ ჰყავს. ბათუმში ძმასთან ცხოვრობს. გადატვირთული გრაფიკის გამო ოჯახს იშვიათად ნახულობს. “მთავარი შემომტანი მე ვარ და კიდევ ჩემი მშობლების პენსია. სხვა არანაირი დახმარება, შემოსავალი არ გვაქვს”, – ამბობს ის. – “გრაფიკი გადატვირთულია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ გამომუშავებით ვმუშაობთ, რაც მეტს ვიმუშავებ, მით მეტი ფულია, თორემ აქ არავის უხარია მოწყდეს ოჯახის სითბოს და დილის ხუთ საათზე ბაზარში გამოვიდეს. სახლში ასვლას თვეში ერთხელ ვახერხებ”.
ემზარ კეკელიძე ამბობს, რომ ამ ბაზარში ხშირად ახალგაზრდა ბიჭებიც იწყებენ ტვირთის გადამზიდავებად მუშაობას. მასაც ორი შვილი ჰყავს, 15 და 19 წლის ბიჭები. ისურვებდა, რომ მათ თაობას უკეთესი სამუშაო ადგილები ჰქონდეთ: “მინდა, რომ დაინტერესდეს ჩვენი ხელისუფლება იმით, რომ ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას, არ უწევდეს ბაზარში ჩამოსვლა, ურიკაზე მუშაობა ან სხვა მძიმე ფიზიკური შრომა. არის ჩვენს ქვეყანაში იმის საშუალება, რომ იყოს წარმოება, ფაბრიკა-ქარხნები, მაგრამ ყურადღების მომქცევი არავინაა”.
ამ ბაზარში ახალგაზრდა მტვირთავებიც არიან, ზოგიერთმა აქ მუშაობა ბავშვობაში დაიწყო. გიორგი (სახელი შეცვლილია) 19 წლისაა, მან თავის სამსახურზე ღიად საუბარი არ ისურვა, თუმცა გვითხრა, რომ ბაზარში 9 წლის ასაკიდან მუშაობს.
“9 წლის ვიყავი, პირველად ამ ბაზარში რომ შემოვედი. თავიდან დავიწყე ტრაილერების დაცლაზე მუშაობა, ვცლიდით ხახვს, კარტოფილს… ეს ყველაზე მძიმე ტვირთია. შემდეგ დავიწყე ურიკაზე მუშაობა და შემრჩა ეს ურიკა, ახლაც ტვირთის გადამზიდად ვმუშაობ”, – ამბობს ის.
გიორგის სამუშაო დღეც გამთენიისას, ხუთ საათზე იწყება. ერთ გადატანაზე ამ ურიკით ტონა-ორასი ან ტონა-ნახევარი ტვირთი გადააქვს. ამბობს, რომ ანაზღაურება შესაძლოა დღის განმავლობაში საკმარისად მოაგროვოს, თუმცა ეს მაინც ვერ იქნება იმ მძიმე შრომის შესაბამისი, რასაც ის და სხვა გადამზიდავები სწევენ.
ტარიელ ლომაძე
63 წლის ტარიელ ლომაძე პროფესიით ქორეოგრაფია, წლების განმავლობაში მუშაობდა ოზურგეთის ქორეოგრაფიულ ანსამბლში, მაგრამ თითქმის 15 წელია ძირითად პროფესიაში შეკვეთები შეუმცირდა, ამიტომ ბაზარში, ტვირთის გადამზიდავის საქმე შეითავსა.
“დღესაც მაქვს საკუთარი აპარატურა, ქორწილებშიც ვუკრავთ, სხვადასხვა დღესასწაულზეც, მაგრამ ვინაიდან სარიტუალო დარბაზები მომრავლდა, მათ კი თავიანთი ბენდი ჰყავთ, საშუალება აღარ იყო, იმ შემოსავლით ოჯახი მერჩინა. იძულებული გავხდი, ხელი მომეკიდა ამ საქმეზე (ტვირთის გადამზიდავი) და ვაკეთებ ამ საქმეს გემრიელად, ტკბილად და კარგად… იმიტომ, რომ ლუკმა პური მივუტანო შვილებსა და შვილიშვილებს სახლში… ზაფხულობით დავდივართ ურეკში, იქაური კაფე-ბარები გვიწვევენ ხოლმე როცა მუსიკოსები სჭირდებათ, მაგრამ ეს სეზონურია”, – ამბობს ტარიელი.
ტარიელ ლომაძის ოჯახში შვიდნი არიან, აქედან სამი ბავშვია. უფროსი შვილიშვილი ანამარია – 7 წლის ხდება – “უკვე ბაბუას ხელოვნებას მიჰყვება, თან მღერის, თან ცეკვავს, პატარაა ისე ჯერ… საბა ხუთი წლისაა, ლუკა – სამის”.
ტარიელ ლომაძის სამუშაო დღეც გათენებისთანავე იწყება და შუაღამემდე გრძელდება, მაგრამ მაინც კმაყოფილია. “დილას ხუთ საათზე გამოვდივარ სამუშაოდ. 11 საათამდე დატვირთული მუშაობაა. საბითუმო მოვაჭრეები არიან ამ დროს, შემდეგ უფრო მცირდება ხალხის რაოდენობა… ვამარაგებთ მაღაზიებს, ხალხს, ეს “ობტავოი” ბაზარია, იტვირთება ჩვენი ურიკა და გადაგვაქვს გარკვეულ მანძილზე, ანაზღაურება – კაპიკები. ხან 15 ლარი მრჩება დღის განმავლობაში, ხან 20-30, მაგრამ გააჩნია, სად მიგაქვს, რა მიგაქვს… რთულია, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ სულ არაფერს – მირჩევნია. სულ სახლში რომ დავჯდე, ერთ თეთრსაც არ ჩამოგიგდებს არავინ ეზოში, არც ერთი მთავრობა და არც მეორე” – ყვება ტარიელი.
დღეს, 11 ივლისს, მოსკოვთან ახლოს, ელექტროსადგურთან მდებარე გაზსადენის მილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რუსული მედია წერს, ცეცხლის ალი 9-სართულიანი შენობის სიმაღლეს აღემატებოდა.
მედიაგამოცემა „მედუზას“ ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 178 ადამიანი, ორი ვერტმფრენი და ორი სახანძრო მატარებელი იყო ჩართული.
ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი – დარაჯი ქალი და დაშავდა 13 პირი.
ახალი ბულვარის ბოლოს, გამწმენდ ნაგებობასთან ახლოს, მდინარე ჭოროხის ნაპირის სამშენებლო მასალებით დანაგვიანების ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა.
ფოტომასალაზე ჩანს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლოს, მდინარეში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია გადაყრილი. მოქალაქის თქმით, როგორც ჩანს, სანაპიროზე დიდი სატვირთო მანქანებიდან ცლიან სამშენებლო ნაგავს, რაზეც ჩამტვრეული ლუქი და ამოვარდნილი ბორდიურიც მიუთითებს.
სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებული გარემო ბათუმში, მდინარის პირას ფოტო: ნუკრი ყველაშვილიფოტო: ნუკრი ყველაშვილი
ბათუმში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „ბათუმელები“ მერიის „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შოთა თოდაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მათ გარემოს დანაგვიანებაზე რეაგირება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ დამნაგვიანებელი იდენტიფიცირებულია.
სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებული გარემო ბათუმში. ფოტო: ნუკრი ყველაშვილი
„თუ ვერ დავადგინეთ ვინ დაყარა, ვის დავუწეროთ ჯარიმა? დაზუსტებით თუ ვინმემ არ დაადო ხელი, არ ვიცით, ისევ ვერ დავაჯარიმებთ. იცით რამდენი მასეთი ფოტო გვაქვს და რამდენი უკანონო ნაგავსაყრელია? რამდენი ფაქტზე დავიჭირე, ჯარიმა დავუწერე, მაგრამ სასამართლოში გამისაჩივრეს,“ – გვითხრა მან.
გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 200 ლარიდან იწყება. „გააჩნია, რა რაოდენობის ნაგავი დაყარა,“ – ამბობს შოთა თოდაძე.
მისივე თქმით, სანდასუფთავების სამსახურს არ აქვს იმის რესურსი, რომ გარემოს დანაგვიანებაზე ხშირი მონიტორინგი აწარმოოს. „საზოგადოების მენტალობის ბრალია ეს. როცა დაინახავენ, რომ ჩაყარა ვიღაცამ ნაგავი, უნდა მოკიდონ ხელი ტელეფონს და დაგვირეკონ,“ – ამბობს თოდაძე.
„ლუდი ბათუმურის“ მოდერნიზებული ლუდსახარშის გახსნას დღეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრიჩეკი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრნენ. საწარმოში ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული უახლესი თანამედროვე მოწყობილობები უკვე დამონტაჟებულია.
მფლობელები საწარმოს შენობისა და დანადგარების მოდერნიზაციაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
ფოტო: ბათუმის მერია
„ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა“ ბათუმში 1951 წლიდან მუშაობდა. ამ ქარხნის მშენებლობა საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა – 1937 წელს დაიწყო და რამდენჯერმე შეწყდა.
ბათუმური ლუდი ცხრა საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელია. ლუდის ქარხანა ახლა კერძო საკუთრებაა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 1-7 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 552 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, შემოწმდა 4 021 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 128 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 15 შემთხვევა და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 409 ფაქტი.
მიხაელ როთი, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში:
„რუსეთი რჩება ჩვენი მეზობელი და შესაბამისად, ჩვენი დიდი ინტერესია, რომ რუსეთი ასრულებდეს კონსტრუქციულ როლს გლობალურ დონეზე სხვადასხვა კონფლიქტში და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის ბაღჩა.
მეამაყება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სურვილი აქვთ, გაიზიარონ ჩვენი ღირებულებები. და თუ ადამიანები გადიან ქუჩაში, ითხოვენ დემოკრატიას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ, ამას მივესალმები. სომხეთშიც იგივე პროცესები იყო, ახლა საქართველოშიც მიმდინარეობს ეს პროცესები და მეამაყება ეს.
მაგრამ არცერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არ უნდა გააკეთოს არჩევანი ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყანას შორის. ეს არის მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით. გეოპოლიტიკური ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზოგჯერ ეს ცოტა ცინიკურადაც ჟღერს.
ევროკავშირი ვალდებულია მკაფიოდ განაცხადოს, რომ ჩვენ გვაინტერესებს ძლიერი, სანდო ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპამ არ უნდა გადაიხადოს ამის საფასური, არასოდეს. ეს ჩემი პირადი აზრია. მე ვიცი, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ევროკავშირში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ევროკავშირისათვის ერთადერთი შანსი, გადარჩეს პოლიტიკურად, არის ის, რომ ერთხმად გამოვაცხადოთ ჩვენი პოზიცია, გვქონდეს ერთიანი მიდგომა ყველაფერზე, რუსეთის ჩათვლით“.
“ევროპაში ყველას უნდა, რომ გაჩნდეს ინტერესი და სურვილი, დაინახოს, როგორ ვითარდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აღმოსავლეთში,” – უთხრა ჟურნალისტებს ვაზილ ჰუდაკმა. იგი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტია და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
კონფერენციის ფარგლებში ვაზილ ჰუდაკმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს, 11 ივლისს, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ევროპის საინვესტიციო ბანკი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში საჯარო სექტორის განვითარების პროექტებს დააფინანსებს. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა კუთხით მიიღებს საქართველო ამ დაფინანსებას.
საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ 5 ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ბანკის მიერ დახარჯულ 8.8 მილიარდი ევროს ეფექტურობაზეც ისაუბრა.
“ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ 8.8 მლრდ ევროს ინვესტიცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელიც მოხმარდა 100-მდე პროექტის დაფინანსებას, როგორც საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე კერძო ბიზნესის განვითარების კუთხით. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ პროექტების პოზიტიურ შედეგებს რეგიონში ადამიანთა ცხოვრების სტანდარტების ამაღლებისა და მათი ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ შედეგებს ვიხილავთ,” – აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.
ამ ბანკის მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, მაგალითად, ამ დრომდე ხორციელდება ქუთაისის წყლის გასუფთავების მექანიკური ქარხნის მშენებლობა, ასევე რიკოთზე შემოვლითი გზის, სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ჩოლოქის გზების მოწყობა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ პროექტების შედეგად 370 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ელის.
მთავარი ფოტო: ვაზილ ჰუდაკი
______
“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება ბათუმში. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, დღეს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ, კითხვა დასვა იმის შესახებ, ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს ლგბტქ პრაიდის ჩატარებას, რაზეც პანელის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა მას უპასუხეს, რომ აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე.
„ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების პოლარიზაციას ლგბტქ პრაიდის საკითხზე. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტქ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. ჩვენ გვაინტერესებს, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, რომ საქართველოს ქუჩებში მსგავსი პრაიდები ჩატარდეს?“- განაცხადა სასულიერო პირმა.
კერსტინ ლუნდგრენმა, რომელიც შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) ვიცე-სპიკერია, სასულიერო პირს ასე უპასუხა: „ჩვენთვის ეს არის ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი და იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური უმცირესობების შესახებ საკითხები, ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი გულისხმობს, თუ როგორ უნდა შევქმნათ დამთმენი, ტოლერანტული საზოგადოება, აი, ეს არის მთავარი მიზანი, ყველა ამ პრინციპის გათვალისწინებით“.
აღნიშნულ კითხვას გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთიმაც უპასუხა: მე მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. მე რელიგიური ადამიანი ვარ და ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ და მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობები და ეს გაუგებრობები რუსი პოლიტიკოსებისგანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასდროს არ უნდა განვასხვავოთ.
ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად პატივისცემას, ტოლერანტობას გამოხატავს უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან, რომ დავადანაშაულოთ სექსუალური უმცირესობები. ეს არის სრულიად და ტოტალურად მიუღებელი“.
კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა – პანელზე: მოდერატორი კატარინა პისაკა, მიხაელ როთი და ზოჰრაბ მნაცაკიანიანი
პანელის მონაწილე კიდევ ერთმა წევრმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკიანიანმაც ისაუბრა სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე: „დღეს ჩვენ ვერ გავექცევით ამ საკითხებზე მსჯელობას. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ის ახალი მეთოდები, რომლის მეშვეობითაც გადავალთ განზოგადებული დებატებიდან კონკრეტულზე. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ექსპერტული ცოდნის დაგროვება სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ შემდეგ ეს საყოველთაო ღირებულებები დავამკვიდროთ.
ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ღირებულებაზე, რომ ადამიანი ხარ, ჩვენს შემთხვევაშიც იყო გარკვეული დისკრიმინაციის ფაქტები, როცა ადამიანებს სდევნიდნენ რწმენის გამო და მე მიმაჩნია, რომ არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს დისკრიმინაციის რომელიმე ფორმას.
არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დასავლური აზროვნება გვაქვს თუ აღმოსავლური. როცა სომხეთი შევიდა ევროსაბჭოში, ჩვენ მაშინ განვიხილეთ ეს საკითხი სერიოზულად. თუ ვინმე ტრადიციული შეხედულებით მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია მისაღებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა დავგმოთ და ეროვნული დებატის დონეზე უნდა ავიყვანოთ ამ თემებზე მსჯელობა. ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გვქოდეს ერთიანი შეთანხმება.
რატომ არ ვსაუბრობთ სხვა ჯგუფებზე და მაინც და მაინც აქცენტს ვაკეთებთ ლგბტქ ჯგუფებზე? ჩვენ ყველას ერთნაირად უნდა ველაპარაკოთ, სადაც კი ვხედავთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.“
დღეს, 11 ივლისს, ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის არსებული ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობაზეა დაფუძნებული.
აღნიშნული ღირებულებები – საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გაფორმებულ ყველა ორმხრივ შეთანხმებას უდევს საფუძვლად.
____
“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება ბათუმში. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
მიხაელ როთმა, გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, დღეს, 11 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ იგი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისინი გაწბილებულნი არიან იმით, რაც დღეს ხდება საქართველოში.
„ევროკავშირი არა მხოლოდ ერთიანი ბაზარია, ეკონომიკური პროექტი, არამედ ეს გახლავთ თემი საერთო ღირებულებებისა და ეს ღირებულებები ყველას ეხება. მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია – ჩვენი საერთო ინტერესია, ეს ჩვენი ახალგაზრდობის ინტერესიც არის და ამიტომაც შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს არ არის რაღაც მეორეხარისხოვანი შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისადმი, ეს არის უფრო რეალისტური მიდგომა სხვადასხვა საკითხისადმი.
ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში დაღლილია, მათაც გადაიარეს ბევრი კონფლიქტი, კრიზისები, ბრექსიტი… მიგრაცია ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, ნაციონალიზმისა და პოპულიზმის ზრდა… ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ევროპაზე, ევროკავშირზე და ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ გაფართოებაზე, პროცესების დაჩქარებაზე.
შეიძლება ჩვენ არ გვიმსჯელია ჯერ სამოქალაქო საზოგადოების როლზე ამ ყველაფერში, მაგრამ ყველა ეს ვალდებულება არ ეკუთვნის მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, მმართველ პარტიებს და მთავრობებს, არა, აუცილებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც იყოს ჩართული.
მე შევხვდი აქ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისინი ძალიან გაწბილებულნი არიან იმით, რაც ხდება ახლა საქართველოში, გაწბილებულნი არიან ამ მოვლენებით საქართველოში და ევროკავშირშიც, მინდა გითხრათ.
დგება ძალიან სერიოზული საკითხი – არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით?! შესაძლებელია თუ არა გავაგებინოთ ყველას, რომ კი, შესაძლებელია, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს. ერთი ვარიანტია რეფორმების დაჩქარება აღმოსავლეთ ევროპაში, აქ, საქართველოში და მეორე ვარიანტია – მთელი ეს ახალგაზრდობა ტოვებს ამ ქვეყანას და ჩამოდის ევროკავშირში. ამ დილით შევხვდი ერთ-ერთ სტაჟიორს, რომელიც მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მან მითხრა, რომ ყველა მისი მეგობარი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს გერმანიაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი, მაგრამ ასეთი ინტელექტის გადინება ძალიან ცუდია ამ მშვენიერი ქვეყნისათვის,“ – განაცხადა მიხაელ როთმა.
„მე ახლა წავიკითხავ ქართველი კლასიკოსის, ვაჟა-ფშაველას ციტატას “ყველა პატრიოტი კოსმოპოლიტია და პირიქით, ყველა კოსმოპოლიტი პატრიოტია. კოსმოპოლიტები თავიანთ ქვეყანას ემსახურებიან და ცდილობენ, აამაღლონ ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური მდგომარეობა“, – ასე დაიწყო დღეს თავისი გამოსვლა დონალდ ტუსკიმ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ამის საპასუხოდ და პროტესტის ნიშნად ბათუმში საინიციატივო ჯგუფმა – „ბათუმი თავისუფლებისთვის“, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციას მართავს და შს მინისტრის, გახარიას გადადგომას ითხოვს, ვაჟა-ფშაველას ბიუსტს თვალი აუხვია წითელი ლენტით. ჯგუფმა თავის ფეისბუქ გვერდზე დონალდ ტუსკისადმი მიმართვის მოკლე ტექსტიც გამოაქვეყნა:
„ბატონო ტუსკი,
– საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!
– ის სამ კვირაზე მეტია, უგუბელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!
– ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!
– საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!
– საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!
გახარია უნდა გადადგეს!“
მიმდინარე კონფერენციის პარალელურად დღეს ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა გახარიას გადადგომის მოთხოვნით.
______
“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება ბათუმში. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
“შეკითხვები აქვთ არამხოლოდ ჩვენს პარტნიორებს და პოლიტიკურ მოკავშირეებს, არამედ პროკურატურასაც,” – ასე გვიპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ კითხვაზე: რა უპასუხეთ ევროპელ პარტნიორებს, როცა მათ სასტუმროსთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო და გახარიას საწინააღმდეგო აქციის შესახებ გკითხეს?
ბათუმში დღეს, 11 ივლისს, საერთაშორისო კონფერენცია “ევროპული გზა” მიმდინარეობს. კონფერენციის პარალელურად აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მთავარი გზავნილია: “გახარია წადი”.
გია ვოლსკის თქმით, ტრიბუნის მიღმა, კულუარებშიც იკითხეს ევროპელმა პარტნიორებმა საპროტესტო აქციის შესახებ, თუმცა მათ არ აქვთ კითხვები საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.
“თქვენ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს პარტნიორებზე და მათი ინფორმირებულობის ხარისხზე. ისინი ითვალისწინებენ ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ინფორმაციას, მაგრამ შეუძლიათ ობიექტური მსჯელობა. დღევანდელი კონფერენციაც ამის გამოხატულებაა. აქციის დაშლაზეც მათ აქვთ სიღრმისეული ინფორმაცია,” – გვითხრა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ ევროპელი პარტნიორების დარწმუნება საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო იმაში, რომ 21 ივნისს მინისტრმა გახარიამ “შეტევა მოიგერია” და “ეს არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ხალხის მიმართ დამოკიდებულება”.
“რაც მოხდა 20 ივნისს, ეს არ არის პოლიტიკის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება… გავრილოვის თემით სპეკულირება უადგილოა,”- აღნიშნა გია ვოლსკიმ “ბათუმელებთან”.
____
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული გზა“ მიმდინარეობს. “ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
საპროტესტო აქცია სასტუმროსთან, სადაც მიმდინარეობს კონფერენცია – საქართველოს ევროპული გზა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მართალია, დღეს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე საჯაროდ არ გამოჩენილა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ბათუმშია, რადგან „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს მისი და ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეხვდრის ამსახველ ვიდეომასალას.
ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას ქართულად ციტირებისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის:
„მახსოვს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას დიდი მადლობა გადავეცი პირადად. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში – როგორც პოზიციას, ისე – ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას.
ზოგადად, დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ჩვენს ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”.
_____
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული გზა“ მიმდინარეობს. “ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე ერთ-ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„იყო დაგვიანების 9 შემთხვევა, სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა, ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა“.
პედაგოგები დღეს გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. გამოცდები გუშინ, 10 ივლისს, დაიწყო. ცენტრის ინფორმაციით, სამივე სესიაზე, დარეგისტრირებულ პედაგოგთა 81 პროცენტი გამოცხადდა.
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება. კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს დაახლოებით 25 ათასამდე პრაქტიკოსი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი იყო დარეგისტრირებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები იწვევს ტურისტების შემცირებას არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.
„ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულად დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და რუსულ ტურიზმზე, მაგრამ ეს მიმართულება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები, ის რიგითი ადამიანები, ვინც ელოდებოდნენ ამ ტურისტებს და დღეს სწორედ ამ პრობლემას ვხედავთ.
ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა და რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ უფრო მეტად იყოს დატვირთული ჩვენი კურორტები“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ზარალზეც, რაც საქართველომ შეიძლება მიიღოს რუსეთიდან ტურისტების შემოსვლის შემცირების შედეგად:
„რომ დაწესებულიყო ემბარგო [რუსეთის დუმა განიხილავდა საქართველოს პროდუქციის აკრძალვას რუსულ ბაზარზე, რასაც პუტინმა მხარი არ დაუჭირა], რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზარალი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს.
ეს არის, პირველ რიგში, 750 მილიონი დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი, რაც უნდა მიგვეღო ჩვენ წლის ბოლომდე რუსი ტურისტების ჩამოსვლის შედეგად; ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც შარშან შემოვიდა და დაახლოებით იმავეს ველოდებით წელსაც და ეს არის ჩვენი ექსპორტი, ღვინის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მინერალური წყლების, რაც აღემატება 300 მილიონ დოლარს წლიურად.
ამ წუთას გამოწვევად რჩება ტურისტული სექტორი, რადგან ფრენები არის შეწყვეტილი და ჩვენ ჯერაც არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ აისახება ეს ტურისტული ნაკადების შემცირებაზე არა მხოლოდ რუსეთიდან, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული ქვეყნის და, რა თქმა უნდა, კითხვები გაჩნდა სხვა ქვეყნების ტურისტების მხრიდანაც. ჩვენთვის ღირებულია თითოეული ტურისტი, ვინც ჩვენთან ჩამოდის და თითოეული საექსპორტო ბაზარი. ასევე ღირებულია თითოეული ფერმერი, რომელიც ვერ გაგზავნიდა თავის მოსავალს საგარეო ბაზარზე, მათ შორის რუსეთშიც“, – განაცხადა ნათია თურნავამ დღეს, 11 ივლისს, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან.
“საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ენერგეტიკის, აგროკულტურის და ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, აქ არის ძალიან კარგი ადამიანური რესურსი, განსაკუთრებით ახალგაზრდები,”- აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ლორენს მერიდიტმა ბათუმში.
დღეს, 11 ივლისს, სასტუმრო “ჰილტონში”, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს. მსგავსი ფორუმი პირველად ტარდება და ევროკომისიამ მისი ჩატარების ადგილად საქართველო შეარჩია.
ფორუმს ხელისუფლების ეკონომიკური რგოლის თანამდებობის პირები, საინვესტიციო წრეებისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმზე არიან: უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვასა და საქართველოს წარმომადგენლები.
ფორუმი ითვალისწინებს ინვესტორების ცალკეულ შეხვედრებს მას შემდეგ, როცა მხარეები ერთმანეთის საინვესტიციო პაკეტებს გაეცნობიან.
“მდგომარეობა საკმაოდ დამაფიქრებელია. ბიზნესიც და პოლიტიკური წრეები ახლა აკვირდებიან იმას, თუ რა მოხდება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ პატარაა და მგრძნობიარე ასეთი რყევებისთვის,”- გვითხრა დავით გვეტაძემ. ის ბიზნესმენია და საფრანგეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. მას ვკითხეთ, რატომ ვერ ახერხებს საქართველო ამ დრომდე ევროკავშირის ბაზარზე გასვლას.
„ეს არ არის მოვლენა. ეს პროცესია, რომელსაც სჭირდება სწავლა, კომპეტენციის ამაღლება,“- გვიპასუხა დავით გვეტაძემ.
დავით გვეტაძის თქმით, ინვესტორები ძირითადად საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით და სასტუმროებით ინტერესდებიან.
საინვესტიციო ფორუმის საქართველოში ჩატარებას მნიშვნელოვან ამბად აფასებს ვახო ჭარაია, “სექტორი სამის” ეკონომისტი.
“ეს ფორუმი იძლევა შესაძლებლობას, უშუალოდ შეხვდნენ ინვესტორები ერთმანეთს, ასევე, ისინი, ვინც საინვესტიციო პოლიტიკას ქმნის… ეს გვაძლევს საშუალებას, კარგად დავინახოთ ჩვენი ადგილი და როლი ამ ქვეყნებს შორის,”- გვითხრა ვახო ჭარაიამ.
“მიმზიდველია ბევრი გარემოება, მაგალითად, გადასახადების მიმართ ლიბერალური მიდგომა,”- აღნიშნა “აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.
ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ წინ, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, ორგანიზაცია „ალტერნატივას“, ენმ-ს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
„თქვენ ხართ პრორუსი მთავრობა, პრორუსი ხელისუფლება, ამიტომ თქვენ არ უნდა ისხდეთ ევროპული, დემოკრატიული განვითარებული ხალხის გვერდით, თქვენ არ გიყვართ საქართველო, რადგან ხელს უწყობთ რუსეთის ინტერესების გატარებას საქართველოში,“ – ასე მიმართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებში [13:30] „შერატონის“ წინ, ვერანდაზე იმყოფებიან.
„თქვენ ხართ პუტინისტები, მოღალატეები და არაფერს აკეთებთ საქართველოს დეოკუპაციისთვის და იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გახარია გადაგეყენებინათ, ხვალ კონფერენციაზე აპირებს გამოსვლას,“ – ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ბონდო თედორაძე.
„თქვენ ვერ გაბედეთ განცხადების გაკეთებაც კი და თქვენ დაისჯებით ამის გამო. ჩვენ, ახალგაზრდებს არ გვინდა თქვენნაირი მთავრობა და დროზე ჩამოეცალეთ სისტემას,“- აცხადებენ აქტივისტები.
დღეს, 11 ივლისს, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრება. კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები. საპროტესტო აქცია დილით, კონფერენციის გახსნის წინაც გაიმართა.
დღეს, 11 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო ევროპული კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრება. დღის პირველ ნახევარში მიმდინარე პანელზე შვედეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დემოკრატიის მნიშვნელობაზე ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა განათლების მნიშვნელობას, რადგან დისკუსიის მონაწილეთა განცხადებით, სწორედ მათზე დგას რეფორმები და ცვლილებები.
„მე კარგად მახსენდება წინა წლები და ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ.
ძალიან რთულია დავარწმუნოთ ადამიანები, რომ სჯეროდეთ საკუთარი პოლიტიკური სისტემების, მედიის და ა.შ. რადგან ადამიანები შეჩვეულები არიან იმას, რომ იტყუება მედია, იტყუებიან პოლიტიკოსები და ა.შ. ამიტომ საჭიროა რეფორმები განათლების გზით“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ დისკუსიის დროს.
მისი თქმით, დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. „დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების, მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ.
დღეს ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები გააჩნიათ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც დღეისთვის ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა, ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძიებაზე და ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა“.
კითხვების დასმის დროს კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ ისაუბრა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე.
„ჩვენი მეზობლის (რუსეთის) ე.წ. რბილი ძალა გვკბენს და გვაწუხებს. შესაბამისად, ჩვენ გვინდა უფრო მეტი პოლონელი, ბულგარელი, ჩეხი და უფრო მეტი ერაზმუსის პროგრამა, რომ ეს ურთიერთობები გაძლიერდეს ევროპასთან“.
პანელის მონაწილის, გერმანიის ბუნდესტაგი ვიცე-პრეზიდენტ კალავდია როთის აზრით, დღეს დეზინფორმაციის ძალიან დიდი ჰიბრიდული საფრთხეები არსებობს. „ამიტომ საჭიროა კრიტიკული აზროვნება, ყველაფერს, რასაც ინტერნეტში კითხულობ არ შეესაბამება სიმართლეს და ადამიანებმა უნდა ისწავლონ ამის შეფასება. ამიტომ საჭიროა ისინი კარგი განათლებით აღვჭურვოთ“.
პანელის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს დემოკრატიული ღირებულებების ერთად შენების და შენარჩუნების მნიშვნელობასაც.
„ჩვენ წინა წლებში მოწმენი გავხდით ევროპული საზოგადოების პოლარიზაციის, საზოგადოებების, რომლებიც დაყოფილი იყო და იკეტებოდნენ თავიანთ ბუშტში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ბუშტი გავხეთქოთ და საზოგადოებები გავაერთიანოთ“, – განაცხადეს დისკუსიის მონაწილეებმა.
კონფერენციაზე განათლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც და განაცხადა, რომ განათლების რეფორმაში ქვეყნის ბიუჯეტის ¼ ჩაიდება. „განათლება გახდება მძლავრი გამძღოლი ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურაში. ჩვენ აგვიყვანს ეს იმ სიმაღლეებზე, რომლსაც ვჭვრეტთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, – თქვა პრემიერმა.
საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ორდღიანია და ხვალ, 12 ივლისსაც გაგრძელდება.
მთავარი ფოტო: ეკატერინა ზაჰარიევა – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში და კლავდია როთი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი
_____
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული გზა“ მიმდინარეობს. “ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
პაველ ფიშერმა, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიაზე – „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ განაცხადა, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არ არის, თუმცა საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა.
„მე ვისაუბრებ ჩეხეთის სენატის სახელით, რადგან ჩეხეთის სენატში საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს.
სოლიდარობა და ნდობა.
ჯერ სოლიდარობას შევეხები. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, რომელზეც მიმდინარეობდა მსჯელობა ევროპის საბჭოში, რამაც გაუხსნა კარი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩემი აზრით ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ბევრი ქვეყანა, ისეთი, როგორიც უკრაინა და საქართველოა, ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სოლიდარობა, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ ევროპის საბჭოში, არის ის, რომ ჩვენ, წევრმა ქვეყნებმა, ერთად უნდა ვიმოქმედოთ, ხელი უნდა შევუწყოთ სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას და ჩვენ სოლიდარობა ვერ გამოვიჩინეთ. ჩეხეთი, უკრაინა და საქართველო სულ სხვა მოსაზრებისა იყვნენ და ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისევ დაბრუნება ევროპის საბჭოში.
იმისათვის, რომ ვენდოთ ერთმანეთს, აუცილებლად უნდა ვიყოთ გულახდილები. არ დავმალოთ რაღაცები, როგორც წევრმა ქვეყნებმა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ევროკავშირის ფარგლებში და ევროსტრუქტურებში ჩვენ არ ვართ მზად გაფართოებისათვის და საქართველოს მიღებისათვის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ვალდებულება, რომ უფრო მეტი რამ გავაკეთოთ, უფრო მეტი რამ შევთავაზოთ საქართველოს და ეს მეტი შეიძლება იყოს ბიუჯეტი, თანხები, რომელიც გამოიყოფა სხვადასხვა პროექტისთვის.
შეიძლება გავაკეთოთ უფრო მეტი იმ მხრივ, რომ მოვიწვიოთ საქართველო უფრო მეტ სექტორული თანამშრომლობის ფორმატებში, ან შევქმნათ ერთგვარი სივრცე, სადაც საქართველოს ექნება შესაძლებლობა ელაპარაკოს სხვადასხვა ქვეყანას იმაზე, თუ როგორ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და როგორ დააკმაყოფილოს ევროკავშირში არსებული მოლოდინები, რადგან თუ ნდობაზე ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რა განსხვავებაა მოლოდინებს შორის, რომელიც დღეს არსებობს და იმ გაბედულ მესიჯებს შორის, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრემიერისგან, პრეზიდენტისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილები და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვისმენთ და ძალიან სერიოზულად უნდა მოვეპყროთ ჩვენს ვალდებულებებს და ამავე დროს უნდა შეიქმნას სივრცე, რაც მისცემს საქართველოს საშუალებას, იმოძრაოს წინ,“ – განაცხადა პაველ ფიშერმა.
პაველ ფიშერი ჩეხი დიპლომატია, იგი 2018 წელს ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა, რუსეთის მიერ საქართველოში გავლებულ მავთულხლართებზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უახლეს ისტორიაზე მიუთითა:
„არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს რამე მიზანს, გაჩერდეს და თქვას, რომ კმაყოფილია და მეტი არაფერი სჭირდება. არა, საჭიროა რეფორმების სრულყოფა ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ უფრო აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“.
კლაუდია როთმა ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და განათლების თემებს:
„დარწმუნებული ვარ, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის წარმატების ისტორია… ჩემთვის კი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყანას შორის ხიდები აიგო. სწორედ ხიდების აგებაა საჭირო და არა კედლების. ამიტომ ეს მიღწევა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.
_____
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული გზა“ მიმდინარეობს. “ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივლისის 21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 13-14 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.
10 ივლისს შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციისმონაწილეებს კარავი დაუნგრიეს და ბანერები გაიტაცეს. აქციას ამ ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები უკვე ორ კვირაზე მეტია მართავენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით.
10 ივლისს აქციის ადგილას დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, შს სამინისტროს ვერსიით კი, მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა დაარბიეს.
შს სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას – ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით – ერთიდან სამ წლამდე.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიებისა და განათლების თემებს.
„ჩვენი ერთ-ერთი რეფორმა ნამდვილად რევოლუციურია, რეფორმა განათლების სექტორში. ახალი რეფორმით მშპ-ს 6 პროცენტი , ¼ ჩვენი ბიუჯეტისა, განათლების სექტორში იქნება ჩადებული და ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით ორციფრიანი აკუმულირება მოხდება მშპ-ში და განათლება გახდება მძლავრი გამძღოლი ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურაში. ჩვენ აგვიყვანს ეს იმ სიმაღლეებზე, რომელსაც ვჭვრეტთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არ არის მარტივი საკითხი და „ეს არის ქართველი ხალხის ცივილიზაციაზე და ღირებულებებზე დამყარებული არჩევანი“.
„საქართველოს გააჩნია ორი მტკივნეული გამოწვევა: ოკუპაცია და სიღარიბე, რაც გახდა ბაზა ყველა რეფორმის, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს. მიუხედავად იმ პოზიტიური სინერგიისა, რომელიც შევქმენით საქართველოში, ჩვენი ქვეყანა კვლავ აწყდება ადამიანის უფლებების გამოწვევას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მილიტარიზაცია სრული ტემპით მიდის და მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხუთჯერ, ექვსჯერ შემცირდა. გაგვაჩნია რუსული უკანონო ბაზები საქართველოს შუაგულში და ყოველდღიურად ვაწყდებით საქართველოს მოქალაქეების მოტაცებისა და მკვლელობის შემთხვევებს… ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან გამყოფი ხაზებით გაყოფილი ოჯახები. მიუხედავად საერთაშორისო სამართლის იგნორირებისა, ადამიანის უფლებათა ასეთი დარღვევები არ იქნება მოთმენილი.
ჩვენი ამოცანა გახლავთ, მივაწოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ჯანდაცვისა და განათლების საშუალებები, ასევე, მივცეთ მიკრობიზნესის წარმოების საშუალება, რათა მათ თავიანთი ოჯახების გამოკვება შეძლონ. ეს გახლავთ ახალი ინიციატივები უკეთესი მომავლისთვის და გვჭირდება ევროპის მხარდაჭერა, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და ევროპელ კოლეგებს და, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ევროპის დახმარება სჭირდება.
“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს ბათუმში კონფერენცია ამ სლოგანით იმართება.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას ესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ.
სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად იმ გემებს, რომლებიც საქართველოს წყლებში ერთი და იგივე შემოსვლის განმავლობაში რამდენიმე ნავსადგურში შევლენ, ნებისმიერ ნავსადგურში პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში საფასური 50%-ით შეუმცირდებათ.
აქამდე არსებული წესის თანახმად გემს საქართველოს თითოეულ ნავსადგურში შესვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადა, რის გამოც გემთმფლობელები თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) დაცლას, რაც ტვირთების მიმღები კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა.
„მე ახლა წავიკითხავ ქართველი კლასიკოსის, ვაჟა-ფშაველას ციტატას “ყველა პატრიოტი კოსმოპოლიტია და პირიქით, ყველა კოსმოპოლიტი პატრიოტია. კოსმოპოლიტები თავიანთ ქვეყანას ემსახურებიან და ცდილობენ, აამაღლონ ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური მდგომარეობა“, – ასე დაიწყო დღეს თავისი გამოსვლა დონალდ ტუსკიმ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.
დონალდ ტუსკიმ ისაუბრა იზოლაციონალიზმის საფრთხეებზე და თქვა, რომ ამ კუთხით ვაჟა-ფშაველას ხედვა, რაც საუკენეზე მეტი ხნის წინ გაჟღერდა, მნიშვნელივანია.
“აი, ეს ხედვა ერთ საუკუნეზე მეტია არსებობს და არის გაფრთხილება იზოლაციონიზმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ევროპასა და მსოფლიოს აწუხებს. მჯერა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხელი შეუწყო ამ უარყოფითი ტენდენციებს და ხელი შეუწყო ურთიერთგაგებას,”- აღნიშნა დონალდ ტუსკიმ.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული გზა“ მიმდინარეობს.
______
“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში წელს მეათედ იმართება, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ თავისი გამოსვლა უკვე დაასრულა. მან თქვა:
„აღმოსავლეთ პარტნიორობა ყოველთვის იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით მისი მიზანი იყო, რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა. სწორი მართლმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმება მის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და თქვენი ევროკავშირში წევრობა არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდი ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც დღის წესრიგში რჩება.
არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელთაც ეჭვი ეპარებათ და მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველასთან ვერ გავრცელდება და ერთად ვერ იმუშავებს. აუცილებელია დე-ფაქტო სოლიდარობა ყველა ამ ქვეყანას შორის.
ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ერთი რამ ძალიან ნათელი და მკაფიოა. ჩვენ გავაგრძელებთ ინკლუზიურ ინიციატივებს ყველა იმ პარტნიორ ქვეყანასთან, გამოვიყენებთ დიფერენცირებულ მიდგომებს ყველა პარტნიორთან მიმართებაში და ვეცდებით, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავაჩქარებთ პოლიტიკურ ასოციაციებს, ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. პრინციპში, ეს იყო პირველადი ამოცანა, რომელიც ადრე დაისვა და ის დღესაც მოქმედია.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში.
გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა, ჩემთვის საქართველო არამხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, როცა მე ვამბობ სიტყვა საქართველოს, მე ვგულისხმობ თავისუფლებას, მე როცა ვამბობ საქართველოს, მე ვგულისხმობ სიამაყეს, როცა მე ვამბობ საქართველოს, მე ვგულისხმობ მამაცობას. თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი, თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, ერთიანი მიზნისთვის გაერთიანდით. თქვენ აშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა.
გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.
_____
“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
“მოვედით იმისთვის, რომ მინისტრი გახარიას ამბავი გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ. დავანახოთ ყველას, რომ ამას არ შევეგუებით,” – გვითხრა აქცის ერთ-ერთმა მონაწილე, ზურაბ ხოზრევანიძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯერჯერობით არ იშლებიან.
„ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.