მთავარი,სიახლეები

ინვესტორები 6 ქვეყნიდან ბათუმში შეიკრიბნენ

11.07.2019 • 955
ინვესტორები 6 ქვეყნიდან ბათუმში შეიკრიბნენ

“საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ენერგეტიკის, აგროკულტურის და ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, აქ არის ძალიან კარგი ადამიანური რესურსი, განსაკუთრებით ახალგაზრდები,”- აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ლორენს მერიდიტმა ბათუმში.

დღეს, 11 ივლისს, სასტუმრო “ჰილტონში”, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს. მსგავსი ფორუმი პირველად ტარდება და ევროკომისიამ მისი ჩატარების ადგილად საქართველო შეარჩია.

ფორუმს ხელისუფლების ეკონომიკური რგოლის თანამდებობის პირები, საინვესტიციო წრეებისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმზე არიან: უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვასა და საქართველოს წარმომადგენლები.

ფორუმი ითვალისწინებს ინვესტორების ცალკეულ შეხვედრებს მას შემდეგ, როცა მხარეები ერთმანეთის საინვესტიციო პაკეტებს გაეცნობიან.

“მდგომარეობა საკმაოდ დამაფიქრებელია. ბიზნესიც და პოლიტიკური წრეები ახლა აკვირდებიან  იმას, თუ რა მოხდება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ პატარაა და მგრძნობიარე ასეთი რყევებისთვის,”- გვითხრა დავით გვეტაძემ. ის ბიზნესმენია და საფრანგეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. მას ვკითხეთ, რატომ ვერ ახერხებს საქართველო ამ დრომდე ევროკავშირის ბაზარზე გასვლას.

„ეს არ არის მოვლენა. ეს პროცესია, რომელსაც სჭირდება სწავლა, კომპეტენციის ამაღლება,“- გვიპასუხა დავით გვეტაძემ.

დავით გვეტაძის თქმით, ინვესტორები ძირითადად საქართველოში  ინფრასტრუქტურული პროექტებით და სასტუმროებით ინტერესდებიან.

საინვესტიციო ფორუმის საქართველოში ჩატარებას მნიშვნელოვან ამბად აფასებს ვახო ჭარაია, “სექტორი სამის” ეკონომისტი.

“ეს ფორუმი იძლევა შესაძლებლობას, უშუალოდ შეხვდნენ ინვესტორები ერთმანეთს, ასევე, ისინი, ვინც საინვესტიციო პოლიტიკას ქმნის… ეს გვაძლევს საშუალებას, კარგად დავინახოთ ჩვენი ადგილი და როლი ამ ქვეყნებს შორის,”- გვითხრა ვახო ჭარაიამ.

“მიმზიდველია ბევრი გარემოება, მაგალითად, გადასახადების მიმართ ლიბერალური მიდგომა,”- აღნიშნა “აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

 

გადაბეჭდვის წესი