მთავარი,სიახლეები

გერმანელი მინისტრი: ამ მოვლენებით გაწბილებულნი არიან საქართველოში და ევროკავშირშიც

11.07.2019
გერმანელი მინისტრი: ამ მოვლენებით გაწბილებულნი არიან საქართველოში და ევროკავშირშიც

მიხაელ როთმა, გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, დღეს, 11 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ იგი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისინი გაწბილებულნი არიან იმით, რაც დღეს ხდება საქართველოში.

„ევროკავშირი არა მხოლოდ ერთიანი ბაზარია, ეკონომიკური პროექტი, არამედ ეს გახლავთ თემი საერთო ღირებულებებისა და ეს ღირებულებები ყველას ეხება. მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია – ჩვენი საერთო ინტერესია, ეს ჩვენი ახალგაზრდობის ინტერესიც არის და ამიტომაც შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს არ არის რაღაც მეორეხარისხოვანი შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისადმი, ეს არის უფრო რეალისტური მიდგომა სხვადასხვა საკითხისადმი.

ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში დაღლილია, მათაც გადაიარეს ბევრი კონფლიქტი, კრიზისები, ბრექსიტი… მიგრაცია ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, ნაციონალიზმისა და პოპულიზმის ზრდა… ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ევროპაზე, ევროკავშირზე და ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ გაფართოებაზე, პროცესების დაჩქარებაზე.

შეიძლება ჩვენ არ გვიმსჯელია ჯერ სამოქალაქო საზოგადოების როლზე ამ ყველაფერში, მაგრამ ყველა ეს ვალდებულება არ ეკუთვნის მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, მმართველ პარტიებს და მთავრობებს, არა, აუცილებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც იყოს ჩართული.

მე შევხვდი აქ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისინი ძალიან გაწბილებულნი არიან იმით, რაც ხდება ახლა საქართველოში, გაწბილებულნი არიან ამ მოვლენებით საქართველოში და ევროკავშირშიც, მინდა გითხრათ.

დგება ძალიან სერიოზული საკითხი – არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით?! შესაძლებელია თუ არა გავაგებინოთ ყველას, რომ კი, შესაძლებელია, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს. ერთი ვარიანტია რეფორმების დაჩქარება აღმოსავლეთ ევროპაში, აქ, საქართველოში და მეორე ვარიანტია – მთელი ეს ახალგაზრდობა ტოვებს ამ ქვეყანას და ჩამოდის ევროკავშირში. ამ დილით შევხვდი ერთ-ერთ სტაჟიორს, რომელიც მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მან მითხრა, რომ ყველა მისი მეგობარი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს გერმანიაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი, მაგრამ ასეთი ინტელექტის გადინება ძალიან ცუდია ამ მშვენიერი ქვეყნისათვის,“ – განაცხადა მიხაელ როთმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: