მთავარი,სიახლეები

ბახტაძემ ბათუმის კონფერენციაზე ოკუპაციაზე, სიღარიბესა და განათლებაზე ისაუბრა

11.07.2019 • 1121
ბახტაძემ ბათუმის კონფერენციაზე ოკუპაციაზე, სიღარიბესა და განათლებაზე ისაუბრა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოსვლისას  ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიებისა და განათლების თემებს.

„ჩვენი ერთ-ერთი რეფორმა ნამდვილად რევოლუციურია, რეფორმა განათლების სექტორში. ახალი რეფორმით მშპ-ს 6 პროცენტი , ¼ ჩვენი ბიუჯეტისა, განათლების სექტორში იქნება ჩადებული და ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით ორციფრიანი აკუმულირება მოხდება მშპ-ში და განათლება გახდება მძლავრი გამძღოლი ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურაში. ჩვენ აგვიყვანს ეს იმ სიმაღლეებზე, რომელსაც ვჭვრეტთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არ არის მარტივი საკითხი და „ეს არის ქართველი ხალხის ცივილიზაციაზე და ღირებულებებზე დამყარებული არჩევანი“.

„საქართველოს გააჩნია ორი მტკივნეული გამოწვევა: ოკუპაცია და სიღარიბე, რაც გახდა ბაზა ყველა რეფორმის, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს. მიუხედავად იმ პოზიტიური სინერგიისა, რომელიც შევქმენით საქართველოში, ჩვენი ქვეყანა კვლავ აწყდება ადამიანის უფლებების გამოწვევას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მილიტარიზაცია სრული ტემპით მიდის და მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხუთჯერ, ექვსჯერ შემცირდა.  გაგვაჩნია რუსული უკანონო ბაზები საქართველოს შუაგულში და ყოველდღიურად ვაწყდებით საქართველოს მოქალაქეების მოტაცებისა და მკვლელობის შემთხვევებს… ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან გამყოფი ხაზებით გაყოფილი ოჯახები. მიუხედავად საერთაშორისო სამართლის იგნორირებისა, ადამიანის უფლებათა ასეთი დარღვევები არ იქნება მოთმენილი.

ჩვენი ამოცანა გახლავთ, მივაწოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ჯანდაცვისა და განათლების საშუალებები, ასევე, მივცეთ მიკრობიზნესის წარმოების საშუალება, რათა მათ თავიანთი ოჯახების გამოკვება შეძლონ. ეს გახლავთ ახალი ინიციატივები უკეთესი მომავლისთვის და გვჭირდება ევროპის მხარდაჭერა, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და ევროპელ კოლეგებს და, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ევროპის დახმარება სჭირდება.

“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს ბათუმში კონფერენცია ამ სლოგანით იმართება.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას ესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: