მთავარი,სიახლეები

რა არის საქართველოდან ტვინების გადინების მიზეზი

12.07.2019 • 2387
რა არის საქართველოდან ტვინების გადინების მიზეზი

განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დღეს, 12 ივლისს, პანელის მონაწილე იყო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, სადაც კითხვები დაისვა ქვეყნიდან ე.წ „ტვინების გადინების პრობლემაზე.

მინისტრის მოადგილეს დისკუსიის დროს კითხვა დაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა. მან თქვა, რომ ქვეყნიდან კომპეტენტური და განათლებული ადამიანების გადინების მიზეზი არა მხოლოდ დაბალი ხელფასია, არამედ ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ აძლევს ამ ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობას.

„თუ მთავრობა აპირებს ქვეყნის მშპ-ს 6 პროცენტი დახარჯოს განათლებაზე, მაგრამ ამავდროულად, ხელს აწერ რაღაც შეთანხმებებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მაგალითად, ცირკულარული მიგრაციის შესახებ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის… პრემიერ-მინისტრმა ამაყად გამოაცხადა, რომ მათ მიაღწიეს ამ შეთანხმებას გერმანიასთან, საფრანგეთთან, პორტუგალიასთან, რომ მაღალკვალიფიციური ადამიანებისთვის გაიხსნება მათი ბაზარი, ანუ მიიღებენ სამუშაო უფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაფინანსებთ სხვა ქვეყნის ეკონომიკას? და ეს დიდი პრობლემა“, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი აზრით,  ამ დიდი პრობლემის მიზეზი არის საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა, რადგან მას არ სჭირდება კვალიფიციური ადამიანები.

„თუ ქვეყანაში ტურიზმია წამყვანი სფერო, ქვეყანას არც სჭირდება კვალიფიციური ადამიანები იმიტომ, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა რა კვალიფიკაციას მიიღებენ, თუ ვერ დასაქმდნენ. სწორედ ამიტომ გადიან განათლებული ადამიანები ქვეყნიდან. არა მხოლოდ ხელფასების გამო, უფრო იმიტომ, რომ ელემენტარულად, სამსახურს ვერ შოულობენ“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

ირინა აბულაძის თქმით, ხელისუფლება ვერ შეზღუდავს ადამიანების არჩევანს:

„ჩვენ ვერ მოვახდენთ ლიმიტირებას და ვერ გადავეღობებით ადამიანებს, თუკი მათ აქვთ შანსი მიიღონ უკეთესი განათლება სხვაგან ან დასაქმდნენ. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ,  რომ ახალგაზრდებმა აქ, ამ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება და ყველა სამინისტრო, მუნიციპალიტეტები უნდა ჩაებას ამ მოძრაობაში, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებს დასაქმდნენ“.

ირინა აბულაძის თქმით, ქვეყანას ასევე ძალიან სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. ასეთ შემთხვევაში მიგრაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა, მაგრამ უკვე გვაქვს იურიდიული და სხვა მექანიზმები, რომ  ახალგაზრდებმა მიიღონ მაღალი კვალიფიკაცია უცხოეთში და შემდეგ დაბრუნდნენ ქვეყანაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: