მთავარი,სიახლეები

რატომ ხმება წიწვოვანი ტყე აჭარაში

12.07.2019 • 3755
რატომ ხმება წიწვოვანი ტყე აჭარაში

აჭარის მაღალმთიანეთში წიწვოვანი ტყე ხმება. ხმობის პროცესი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში თვალნათლივ ჩანს. მაგალითად, წიწვოვანი ხეები გამხმარია შუახევში, სოფელ ნენიაში. ხეები ასევე ხმება სოფლებში: ღურტაში, ჩანჩხალოში, ყინჩაურში.

გამხმარი ტყის მასივის ნაწილი იმ არეალშია, სადაც „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბები გაჰყავთ. ადგილობრივი მოსახლეობა ხეების ხმობას სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებს.  თუმცა „აჭარისწყალი ჯორჯია“, კომპანია, რომელიც „შუახევი ჰესს“ აშენებს, უარყოფს, რომ ტყეების ხმობის მიზეზი ჰესია.

„ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები მოსახლეობა  ყველაფერს ჰესს უკავშირებს, მაგალითად, ფუტკარი დაიხოცა შუახევში, ისინი უკავშირებდნენ ჩვენს პროექტს. მერე აღმოჩნდა, რომ ფაროსანას წამალი რაც გამოიყენეს, იმის გამო იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

გამხმარი წიწვოვანი ხეები სოფელ ღურტას თავზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ ბათუმელები

ოფიციალური ინფორმაციით, წიწვოვან ხეებს აჭარის მაღალმთიანეთში მავნებელი მწერი –  კენწეროს ქერქიჭამია ანადგურებს. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე პროცესს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.

„კლიმატის ცვლილების უარყოფითი მხარე ბოლო სამი წლის მანძილზე გამოისახა ამაში – იქ, სადაც წიწვოვანი ხეებია შუახევსა და ხულოში, ზაფხულში 60-70 დღე წვეთი ნალექი არ მოდის. ამის გამო ძლიერ სიცხეში იქმნება მავნებლის განვითარების ხელშეწყობის პირობები. ნიადაგიდან წყლის უკმარისობის გამო ხეები ვეღარ იღებს წყლის საკმარის რაოდენობას, სუსტდება, მავნებელი ამ დასუსტებულ ხეს პოულობს და ანადგურებს,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

მისივე თქმით, ნაძვნარებში სააგენტო 2014 წლიდან ათავსებს მწერსაჭერ ფერომონებს, რომლებიც მავნებლებს იჭერს და ანადგურებს. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ხეების ხმობა შუახევი ჰესის მშენებლობას, ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ არა.

„უარყოფითი და არასწორი აზრია გავრცელებული, იმიტომ, რომ ბორჯომის ხეობაშიც იგივე მდგომარეობაა, შეიძლება ითქვას, უარესიც. კონკრეტულად  აჭარაში, ავიღოთ ნენია, ბუთურაული და ის მხარე, მდინარის გაღმა მხარე, სადაც საერთოდ არ არის გვირაბი, იქაც ხმება წიწვოვანი ხეები.  სოფელ ბუთურაულის თავზე მასობრივად ერთ მონაკვეთში ცხრაასამდე ძირი აღვრიცხეთ, სრულად რომ გახმა.  საერთოდ, შორსაა ჰესის გვირაბთან. ამიტომ ეს არასწორი აზრია. დაემთხვა ისე, რომ სადაც ჰესია, იქ ხმება, მაგრამ მარტო იმ ზოლში არ ხმება, სხვაგანაც ხმება“.

გამხმარი ტყის ზოლი სხალთის ხეობაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: