მთავარი,სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი ბათუმში კონფერენციაზე არ გამოჩენილა, მაგრამ დონალდ ტუსკს შეხვდა

11.07.2019 • 1504
ბიძინა ივანიშვილი ბათუმში კონფერენციაზე არ გამოჩენილა, მაგრამ დონალდ ტუსკს შეხვდა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მართალია, დღეს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე საჯაროდ არ გამოჩენილა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ბათუმშია, რადგან „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს მისი და ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეხვდრის ამსახველ ვიდეომასალას.

ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას ქართულად ციტირებისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის:

„მახსოვს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას დიდი მადლობა გადავეცი პირადად. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში – როგორც პოზიციას, ისე – ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას.

ზოგადად, დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ჩვენს ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”.

_____

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული გზა“ მიმდინარეობს. “ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

გადაბეჭდვის წესი