მთავარი,სიახლეები

ბათუმში რუსი ტურისტების 80%-მა სასტუმროს ჯავშანი გააუქმა – რას გეგმავს ტურიზმის დეპარტამენტი

05.07.2019 • 3242
ბათუმში რუსი ტურისტების 80%-მა სასტუმროს ჯავშანი გააუქმა – რას გეგმავს ტურიზმის დეპარტამენტი

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისგან თავის შეკავება ურჩია და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა [8 ივლისიდან] დროებით აუკრძალა, ბათუმში რუსი ტურისტების 80-მა პროცენტმა სასტუმროს ჯავშანი გააუქმა. ეს მონაცემი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დაგვისახელეს. ამავე უწყების მონაცემით, გაუქმებული ჯავშნებით პრობლემა ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს და ასევე იმ სასტუმროებს შეექმნათ, სადაც ნომრების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია. რუსი ტურისტების ძირითადი ნაწილი ამ სექტორს ირჩევდა დასასვენებლად.

„ამ ტიპის სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა გაუქმებულია ან სტატუსი აქვთ შეჩერებული… ჩვენ სამ დღეში ერთხელ ვამოწმებთ მონაცემებს. გუშინ ვამოწმებდით და იყო შემთხვევებიც, როცა იგივე რუსეთის მოქალაქეებს ე.წ. გადაჯავშნები გაუკეთებიათ, თუმცა ასეთი შემთხვევა არ არის ბევრი. პრობლემა არ შეხებია დიდ სასტუმროებს, სადაც ნომრების რაოდენობა 100 და უფრო მეტია, იქ არ ჰქონდათ ბევრი ჯავშანი რუს ტურისტებს,“ – გვითხრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინა ზოიძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაცემი ჯავშნებს გაუქმებაზე ვერ იქნება ზუსტი, რადგან ისინი ძირითადად სასტუმროს მფლობელების მიერ მოწოდებულ ციფრებს ეყრდნობიან. დეპარტამენტის მონაცემებით, სასტუმროები, სადაც 100 და მეტი ნომერია, რუსეთის მოქალაქეებიდან დაახლოებით 20 პროცენტს ჰქონდა ჯავშანი გაკეთებული. რუსი ტურისტებისგან ჯავშნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ საოჯახი ტიპის სასტუმროებშია, სადაც 15 და ნაკლები გასაქირავებელი ოთახი აქვთ.

დეპარტამენტის მონაცემებით, 20 ივნისის პერიოდთან შედარებით, ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 23 პროცენტით შემცირდა მგზავრთა ნაკადი რუსულ ავიახაზებზეც. თინა ზოიძე ხაზს უსვამს იმას, რომ კლების ამ მაჩვენებლის მიუხედავად, მზარდია სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

შეავსებს თუ არა, ან რამდენი პროცენტით, სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა რუსი ტურისტების გაუქმებულ ჯავშნებს?

„რეალურად უნდა აღვიქვათ შექმნილი მოცემულობა. ეს კერძო სექტორზე, რა თქმა უნდა, მოახდენს ზეგავლენას,“ – გვითხრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დეპარტამენტმა მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებები გააძლიერა სამიზნე ქვეყნებში. აჭარაზე მომზადებული სარეკლამო კლიპები წელს პირველად Travel Channel-სა და National Geographic-ზე გავა. თინა ზოიძე ვერ ამბობს, კონკრეტულად რა ოდენობის ზიანი მიადგება რეგიონს, თუკი რუსი ტურისტები აღარ ჩამოვლენ.

ტურიზმის დეპარტამენტში ვერ დაგვისახელეს კონკრეტული ღონისძიება, რაც ალტერნატივა იქნება რუსი ტურისტებისგან ჯავშნების გაუქმების, თუ არ ჩავთვლით შიდა ტურიზმის სტიმულირებას. დეპარტამენტს არც დამატებით საბიუჯეტო თანხა მოუთხოვია მარკეტინგული და სხვა სახის ღონისძიებების გასაძლიერებლად, ან ახლის შესაქმნელად.

„დაგვემატა რეისები ესტონეთის მიმართულებით. სექტემბერში გვექნება ვილნიუსი, ასევე დაგვემატა ბაქო, პოლონეთიდან გვექნება ასევე ფრენები… ჩვენ გავაძლიერეთ პიარკამპანია სამიზნე ქვეყნებში, აქტიურად ვიყენებთ ამისთვის დიდ პლატფორმებს და ასევე ვახდენთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას, აქტიურად ხდება მათი პოპულარიზაცია, ამას აუცილებლად ექნება შედეგი,“ – გვითხრა თინა ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/212504/

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: