განათლება,მთავარი,სიახლეები

ძველი თაობის ლიდერები არ უსმენენ ახალგაზრდებს როგორც საჭიროა – ევროპული კონფერენცია ბათუმში

11.07.2019 • 1048
ძველი თაობის ლიდერები არ უსმენენ ახალგაზრდებს როგორც საჭიროა – ევროპული კონფერენცია ბათუმში

დღეს, 11 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო ევროპული კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა,  რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრება. დღის პირველ ნახევარში მიმდინარე პანელზე შვედეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დემოკრატიის მნიშვნელობაზე ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა განათლების მნიშვნელობას, რადგან დისკუსიის მონაწილეთა განცხადებით, სწორედ მათზე დგას რეფორმები და ცვლილებები.

„მე კარგად მახსენდება წინა წლები და ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ.

ძალიან რთულია დავარწმუნოთ ადამიანები, რომ სჯეროდეთ საკუთარი პოლიტიკური სისტემების, მედიის და ა.შ. რადგან ადამიანები შეჩვეულები არიან იმას, რომ იტყუება მედია, იტყუებიან პოლიტიკოსები და ა.შ. ამიტომ საჭიროა რეფორმები განათლების გზით“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ დისკუსიის დროს.

მისი თქმით, დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. „დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების, მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ.

დღეს ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები გააჩნიათ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც დღეისთვის ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა, ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძიებაზე და ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა“.

კითხვების დასმის დროს კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ ისაუბრა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე.

„ჩვენი მეზობლის (რუსეთის) ე.წ. რბილი ძალა გვკბენს და გვაწუხებს. შესაბამისად, ჩვენ გვინდა უფრო მეტი პოლონელი, ბულგარელი, ჩეხი და უფრო მეტი ერაზმუსის პროგრამა, რომ ეს ურთიერთობები გაძლიერდეს ევროპასთან“.

პანელის მონაწილის, გერმანიის ბუნდესტაგი ვიცე-პრეზიდენტ კალავდია როთის აზრით, დღეს დეზინფორმაციის ძალიან დიდი ჰიბრიდული საფრთხეები არსებობს. „ამიტომ საჭიროა კრიტიკული აზროვნება, ყველაფერს, რასაც ინტერნეტში კითხულობ არ შეესაბამება სიმართლეს და ადამიანებმა უნდა ისწავლონ ამის შეფასება. ამიტომ საჭიროა ისინი კარგი განათლებით აღვჭურვოთ“.

პანელის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს დემოკრატიული ღირებულებების ერთად შენების და შენარჩუნების მნიშვნელობასაც.

„ჩვენ წინა წლებში მოწმენი გავხდით ევროპული საზოგადოების პოლარიზაციის, საზოგადოებების, რომლებიც დაყოფილი იყო და იკეტებოდნენ თავიანთ ბუშტში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ბუშტი გავხეთქოთ და საზოგადოებები  გავაერთიანოთ“, – განაცხადეს დისკუსიის მონაწილეებმა.

კონფერენციაზე განათლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც და განაცხადა, რომ განათლების რეფორმაში ქვეყნის ბიუჯეტის ¼ ჩაიდება. „განათლება გახდება მძლავრი გამძღოლი ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურაში. ჩვენ აგვიყვანს ეს იმ სიმაღლეებზე, რომლსაც ვჭვრეტთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, – თქვა პრემიერმა.

საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ორდღიანია და ხვალ, 12 ივლისსაც გაგრძელდება.

მთავარი ფოტო: ეკატერინა ზაჰარიევა – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში და კლავდია როთი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

_____

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული გზა“ მიმდინარეობს. “ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: