მთავარი,სიახლეები

თურნავა: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის უსაფრთხოება

11.07.2019
თურნავა: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის უსაფრთხოება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები იწვევს ტურისტების შემცირებას არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

„ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულად  დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და რუსულ ტურიზმზე, მაგრამ ეს მიმართულება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები, ის რიგითი ადამიანები, ვინც ელოდებოდნენ ამ ტურისტებს და დღეს სწორედ ამ პრობლემას ვხედავთ.

ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა და რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ უფრო მეტად იყოს დატვირთული ჩვენი კურორტები“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ზარალზეც, რაც საქართველომ შეიძლება მიიღოს რუსეთიდან ტურისტების შემოსვლის შემცირების შედეგად:

„რომ დაწესებულიყო ემბარგო [რუსეთის დუმა განიხილავდა საქართველოს პროდუქციის აკრძალვას რუსულ ბაზარზე, რასაც პუტინმა მხარი არ დაუჭირა], რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზარალი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს.

ეს არის, პირველ რიგში, 750 მილიონი დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი, რაც უნდა მიგვეღო ჩვენ წლის ბოლომდე რუსი ტურისტების ჩამოსვლის შედეგად; ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც შარშან შემოვიდა და დაახლოებით იმავეს ველოდებით წელსაც და ეს არის ჩვენი ექსპორტი, ღვინის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მინერალური წყლების, რაც აღემატება 300 მილიონ დოლარს წლიურად.

ამ წუთას გამოწვევად რჩება ტურისტული სექტორი, რადგან ფრენები არის შეწყვეტილი და ჩვენ ჯერაც არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ აისახება ეს ტურისტული ნაკადების შემცირებაზე არა მხოლოდ რუსეთიდან, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული ქვეყნის და, რა თქმა უნდა, კითხვები გაჩნდა სხვა ქვეყნების ტურისტების მხრიდანაც. ჩვენთვის ღირებულია თითოეული ტურისტი, ვინც ჩვენთან ჩამოდის და თითოეული საექსპორტო ბაზარი. ასევე ღირებულია თითოეული ფერმერი, რომელიც ვერ გაგზავნიდა თავის მოსავალს საგარეო ბაზარზე, მათ შორის რუსეთშიც“, – განაცხადა ნათია თურნავამ დღეს, 11 ივლისს, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: