მთავარი,სიახლეები

ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს

12.07.2019 • 2392
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილნეშტებიდან ნიმუშებს იღებენ დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. სპეციალისტები მუშაობას დღეს, 12 ივლისს, დაასრულებენ.

ნეშტები, რომლებიც შესაძლოა 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნოდეს, ორი წელია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში ინახება, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი წელს, აპრილში გახდა.

ეკლესიის სარდაფში დაახლოებით 150 ნეშტია დასვენებული, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ უთხრა, პირველ ეტაპზე დნმ-ის მასალას დაახლოებით 119 ნეშტიდან  აიღებენ, რადგან სამარხის გათხრის დროს ნეშტების ნაწილი არასწორად იყო ამოსვენებული.

პირველ ეტაპზე ხდება მასალის აღება, რაც შეეხება დნმ-ის ნიმუშების შედარებას, ამისათვის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გაცილებით დიდი დროა საჭირო. შესაბამისად, მოკლე ხანში ვერ შეადარებენ ნეშტების დნმ-ს მათი შესაძლო შთამომავლების დნმ-თან და ასევე უცნობია, იქნება თუ არა ამაში სახელმწიფო ჩართული.

ნეშტების ნიმუშების აღება დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

სამხარაულის ბიუროს ექსპერტი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე

საგანგებოდ ამ საკითხის შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, აღებული ნიმუშები შესანახად გადაეცემა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სავარაუდოდ ახალი სამარხების შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, შესაბამისი დარგის ექსპერტ-სპეციალისტების მონაწილეობით. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს განსახორციელებელი სამუშაო გეგმის შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა.

სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა და სხალთის ეპარქიამ და 150-მდე ნეშტი ამოასვენა. ეპარქია ამბობს, რომ ნეშტები 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირებისაა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია, რადგან სამარხების გახსნაზე არ უმუშავიათ სპეციალისტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამთავრობო კომისიამ უნდა განიხილოს, სწორედ ესაა. ამ კითხვას შეიძლება პასუხი გასცეს ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილმა ახალმა სამარხმა, თუმცა მასზე მუშაობა სპეციალისტებს ჯერ არ დაუწყიათ.

იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ ბათუმში აღმოჩენილ სამარხებში 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირები არიან დამარხული, ეს იქნება დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი საქართველოში.

ვრცლად ამ თემაზე: 

რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: