მთავარი,სიახლეები

აჭარის მოდის კვირეულზე 5 სტუმრის მგზავრობას და სასტუმროს განათლების სამინისტრო აფინანსებს

12.07.2019
აჭარის მოდის კვირეულზე 5 სტუმრის მგზავრობას და სასტუმროს განათლების სამინისტრო აფინანსებს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს.  ამისათვის  სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს.

ამ მომსახურების შესასყიდად სამინისტრომ ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, აჭარის მოდის კვირეულზე ორი სტუმარი მილანიდან ჩამოფრინდება, სამი კი – პარიზიდან. სამინისტრო მათ მგზავრობას ორივე მიმართულებით [იქეთ-აქეთ] დააფინანსებს. ტენდერში აღნიშნულია, რომ საჰაერო ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს პირდაპირი ფრენით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 750 ლარია.

სამინისტრო გადაიხდის აჭარის მოდის კვირეულის ფარგლებში მოწვეული ხუთი სტუმრის სასტუმროში განთავსების ღირებულებასაც. ტენდერში აღნიშნულია, რომ  სასტუმრო საერთაშორისო ქსელს უნდა ეკუთვნოდეს, ხუთივე ნომერი ერთადგილიანი უნდა იყოს და VIP კლასის. სამინისტრო ხუთ დღეში ხუთი ადამიანის სასტუმროში განთავსებისთვის 10 250 ლარის დახარჯვას გეგმავს – სწორედ ეს თანხაა ტენდერით გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

აჭარის მოდის კვირეული ბათუმში 26-28 ივლისს არის დაგეგმილი. მოდის კვირეული წელს მეხუთედ იმართება და მისი დამაარსებელი მანანა გოგლიჩიძეა, მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტი.

2017 წელს ბათუმის საკრებულომ აჭარის მოდის კვირეული 30 ათასი ლარით დაფინანსებას მხარი დაუჭირა. მაშინ საკრებულოს რამდენიმე წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ამ დაფინანსების წინააღმდეგნი იყვნენ. 2017 წელს აჭარის მოდის კვირეულს ბათუმის მერიისა და საკრებულოს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და დეპუტატი ფატი ხალვაშიც ესწრებოდნენ.

Adjara Fashion Week-ის დამფუძნებელმა, მანანა გოგლიჩიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ორგანიზაციას თანხა არ ჩარიცხვია და ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხით ხდება მხოლოდ მომსახურების შესყიდვა.

___________

ფოტოზე: კოლექციის ჩვენება „აჭარა ფეშენ ვიკის“ გახსნაზე, 2017 წ. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: