მთავარი,სიახლეები

ბათუმის კონფერენციას წელს პირველად ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრება

10.07.2019
ბათუმის კონფერენციას წელს პირველად ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრება

წელს პირველად ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დაესწრება. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

„სხვადასხვა თემა განიხილება, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხები, კარგი მმართველობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ასევე გაფორმდება ორი ფინანსური დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 47 მილიონამდე ევროს დახმარებას მიიღებს. ასევე გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები თავიანთ კოლეგებთან,“ – უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს დღეს, 10 ივლისს, სასტუმრო „შერატონში“, სადაც ჯერ კიდევ საერთაშორისო კონფერენციის სამზადისია.

ორდღიან კონფერენციაზე ცხრა თემატური სესიაა დაგეგმილი. განიხილავენ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ჰიბრიდულ გამოწვევებსაც. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება საინვესტიციო ფორუმიც, რომელშიც 400-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

განიხილავენ თუ არა კონფერენციაზე „გავრილოვის ინციდენტის“ შემდეგ განვითარებულ პროცესებს? – კონსტანტინიდმა გვითხრა, რომ რუსეთთან ურთიერთობის თემა რამდენიმე პანელზე განიხილება, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.

„ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

კონფერენციას ხვალ, 11 ივლისს, გახსნიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

 

 

საერთაშორისო კონფერენციის სამზადისი სასტუმრო „შერატონში“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: