მთავარი,სიახლეები

რისი ეშინია რუსეთს – დისკუსია ნეიტრალიტეტზე ბათუმში

28.10.2019 • 1891
რისი ეშინია რუსეთს – დისკუსია ნეიტრალიტეტზე ბათუმში

„სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესის ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“… ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ. რა არის ნეიტრალიტეტი და რას მიიღებს ქვეყანა, თუკი იგი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს? – ეს იყო დღეს, 28 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული დისკუსიის თემა. შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ მოაწყო.

ნეიტრალიტეტის თემა ბოლოს „პატრიოტთა ალიანსმა“ გაააქტიურა. ამ პარტიამ ბათუმში სამხედრო მიუმხრობლობის საკითხზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის დროს პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი აქცენტს აკეთებდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებსაც სამხედრო მიუმხრობლობა აქვთ გამოცხადებული.

„ნეიტრალიტეტი ძვირი სიამოვნებაა, მაგალითად, შვეიცარია ყოველწლიურად 4 მილიარდზე მეტს ხარჯავს თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. მეორეც არის, ვინ უნდა დაესხას თავს შვეიცარიას?“ – იკითხა კორნელი კაკაჩიამ. ის შეხვედრის მონაწილეებს ასევე ესაუბრა ისტორიულ მოცემულობაზე, როცა ქვეყნებს ნეიტრალიტეტი გამოცხადებული ჰქონდათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის, მორიგი თავდასხმის განსახორციელებლად.

„ვინ დაგვიცავს ნეიტრალიტეტის შემთხვევაში?“ – ეს შეკითხვა  ალექსანდრე მილორავამ [მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“] მერაბ ბლადაძეს დაუსვა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“.

„ასეთი ლოზუნგი იყო ჩემს ბავშვობაში, რომ ჩვენი მიზანი არის კომუნიზმი. ეს არის მიუღწევადი. უნდა შევეგუოთ იმას, რომ გამოვაცხადოთ მიუმხრობლობა და დავიწყოთ მოლაპარაკებები, ჩვენ ნაცვლად დასავლელი ქვეყნები ვერ ისაუბრებენ რუსეთთან…“- უპასუხა შეკითხვას დეპუტატმა.

„ვერავინაც ვერ დაგიცავს, თუკი ნეიტრალური იქნები,“ – მიმართა დეპუტატს დარბაზში მყოფმა მოქალაქე ირაკლი გობაძემ და „სლაიდისკენ“ გაიშვირა ხელი, სადაც დეტალურად იყო ჩამოწერილი ნეიტრალური სახელმწიფოს პირობების შესახებ.

პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ ამ კითხვის პასუხად თქვა: „მიხეილ სააკაშვილსაც იმედი ჰქონდა, რომ დაალაგებდა სიტუაციას, მაგრამ მაშინ და ახლაც საქართველოს და რუსეთის ეროვნული ინტერესები არის წინააღმდეგობაში. ეს არ არის პერსონალიების პრობლემა. შეიცვალა სააკაშვილი, მაგრამ შეიცვალა რამე? ოცნებამ დაიწყო „ნორმალიზების პოლიტიკა“, რომელმაც მოიტანა გარკვეული შედეგი, მაგალითად, მიმოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ წინ ვერ წავიდა და ჩიხში შევიდა. პრობლემა ის არის, რომ რასაც დღეს რუსი პოლიტიკოსები გვთავაზობენ, არის მიუღებელი. ჯერ ერთი, მე არ გამიგია, პირდაპირ რამე მკაფიოდ ეთქვათ რუსეთში, ჩურჩულით გეუბნებიან და შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა უნდათ… ბუნებრივია, ყველა ქართველი დაინტერესებულია, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.

რაც უფრო თმობ, რუსეთს ეს მიაჩნია სისუსტედ და უფრო მეტს აკეთებს. შევარდნაძის დროსაც იგივე არ იყო? შევარდნაძე გამოხატავდა აბსოლუტურ მზაობას, რომ დათმობებზე წასულიყო. საქართველო კრასნოდარის მხარესავით ხომ არ შეუერთდებოდა რუსეთს? თანაც, გაითვალისწინეთ, რომ შევარდნაძეს ესმოდა მათი ენა, ის იყოს საბჭოთა პოლიტიკოსი. პირველად სწორედ შევარდნაძემ დაიწყო ევროინტეგრაციაზე ფიქრი და ნაბიჯებიც გადადგა. დაჩოქილი მოდი და მემთხვიეო, ასე არ გამოვა, მით უმეტეს, კავკასიაში. მე მაინც მგონია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი შიდა სამზარეულო უნდა მოვაწესრიგოთ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მეტი დემოკრატია და მეტი ევროპეიზაცია…“

ირაკლი გობაძე, მოქალაქე: „ნეიტრალიტეტი არის რუსული ხაფანგი, რომელსაც „მეხუთე კოლონა“ ავრცელებს, ამ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსი“. თუ ამას მიიღებ, მერე მიიღებ სხვა ხაფანგებს.

გიორგი მასალკინი, „შენების მოძრაობა“, ბსუ-ს პროფესორი: „ვუშვებ იმას, რომ შესაძლოა ეს თემა გააქტიურდეს, თუკი ხელისუფლებაში არ იქნება რადიკალური ძალა, ასე ვთქვათ, ექსპერტების წრეებიდან იქნებიან და შეიცვლება საზოგადოებრივი აზრიც… მე, პირადად, ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ ნეიტრალიტეტი არ გამოდგება, მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ დავრწმუნდე… ვთქვათ, რუსეთმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი, წამოვიდა დათმობაზე იმ პირობით, თუ ჩვენც წავალთ დათმობაზე. ეს ცალსახა ხაფანგია, თუ შეიძლება მოიძებნოს ამაში საღი აზრი?“

„საგარეო პოლიტიკა ისეთია, რომ მუდმივი სიტუაცია არ არსებობს, ცვალებადია, ახლაც ერეკლე მეორეს პოლიტიკას ვერ გაატარებ. ვინმე იფიქრებდა დავუშვათ 5 წლის წინ, რომ ამერიკას და ევროპის ქვეყნებს შორის იქნებოდა დაძაბულობა, ან რუსეთი შეიყვანდა საკუთარ ჯარებს სირიაში? წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავთ. ჰიპოთეტურად თუ დავუშვებთ, ნეიტრალური პოლიტიკა ცუდი არ არის, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ჩვენ ნეიტრალურობას ვიცავთ, მაგრამ მე მაქვს პრობლემა კონკრეტული მოცემულობასთან, თუ რას მკარნახობს სახელმწიფო ინტერესი.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი რუსეთთან, განსხვავებაც ბევრია, მაგალითად, სტუდენტების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობს, მათთვის დემოკრატია არ არის ლიტონი სიტყვა… პრობლემა მდგომარეობს უკვე არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობიდან დანახული პერსპექტივით, არამედ ევროპულ ღირებულებებს და იმას შორის, რასაც რუსეთი გვთავაზობს. მე რასაც ვხედავ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი არა მგონია თანახმა იყოს იცხოვროს ისეთ გარემოში, როგორშიც რუსეთის დიდი ნაწილი. ადამიანის უფლებები და ღირებულებები მნიშვნელოვანი გახდა ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად ეს აღიზიანებს რუსეთს,“ – უპასუხა შეკითხვას კორნელი კაკაჩიამ.

„ჩვენ არ ვამბობთ უარს ნატოზე, მაგრამ ნატო არ გვიღებს… ამიტომაც, ამ მწარე ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე შევთავაზეთ ჩვენ საზოგადოებას სამხედრო მიუმხრობლობა…“ – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ მერაბ ბლადაძემ.

დეპუტატის ამ შეხედულებას კორნელი კაკაჩიამ ასე უპასუხა: „ბალტიისპირელთა ლიდერებსაც ეუბნებოდნენ დასავლეთში, ვერ გახდებით ნატოს წევრიო, კარს უკეტავდნენ პრაქტიკულად, მაგრამ ფანჯრიდან შედიოდნენ და საბოლოოდ, მათ ეს შეძლეს. მე მაინც ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. გახსოვთ, ალბათ, ანგელა მერკელთან თბილისში შეხვედრა. ის საუბრობდა ჩვეული დიპლომატიური ენით, თუმცა ბოლოში ჩემმა სტუდენტმა უთხრა, პირდაპირ გვითხარით, კონკრეტულად როდის ვიქნებით ნატოშიო. ანგელა მერკელმა თქვა ის, რასაც სხვა დროს არ იტყოდა… დღეს რომ უარს გეუბნებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია შენსკენ არ შემოტრიალდება, როგორც ჭადრაკშია. გააჩნია, როგორ მოიქცევი, შენ უნდა იყო მზად.

თანაც, რუსეთი ამბობს, რომ არ დაუშვებს, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს ჯარები იყოსო, მაგრამ დაშვებული აქვს უკვე: ავიღოთ ნორვეგია ან ბალტიისპირეთის ქვეყნები. მას ეშინია, რომ საქართველოს არ მიჰყვნენ სხვა სახელმწიფოები ამ რეგიონში“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: