ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს აშენებენ. ექვსი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაგავსაყარიდან, საშუალოდ, 250 მეტრითაა დაშორებული, ითხოვს სახელმწიფომ გაასახლოს და კომპენსაცია გადაუხადოს.

ოთხმა მოსახლემ – ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა მოითხოვა. მათ სამინისტროსგან ნებართვა ვერ მიიღეს.

„პროექტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე ვიყავით წინააღმდეგი ამ მშენებლობის. რადგან პროექტი მაინც ხორციელდება და შეუქცევადი პროცესია ნაგავსაყარის აშენება, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას. თუ ნაგავსაყარი აქ უნდა გაკეთდეს, მაშინ ჩვენ რა ვქნათ?

არამარტო ნაკვეთები, მთლიანად საცხოვრებელი სახლები ექცევა პროექტის ფარგლებში. პირველი დარტყმის წერტილი, თუნდაც ქარის მიმართულებით, ვართ ჩვენ. თუ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ და ვითხოვთ დახმარებას და საშველს,” – ამბობს თენგიზ მგელაძე, სოფელ ცეცხლაურის მცხოვრები. მისი სახლი ერთ-ერთია იმ სახლებს შორის, რომლებიც ნაგავსაყართან 500 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N421 დადგენილების – „ნაგავსაყარის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ – თანახმად საცხოვრებელი სახლებიდან ნაგავსაყარის საზღვრებამდე მანძილი არანაკლებ 500 მეტრი უნდა იყოს.

ცეცხლაურში მცხოვრებმა ოთხმა ოჯახმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს მიმართა.

მოსახლეობა ბიუროსგან ითხოვდა დასკვნის გაცემას, თუ რა მანძილით იყო დაშორებული შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 4 მოსახლის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან. ექსპერტის დასკვნა 17 ფურცლისგან შედგება.

ამ დასკვნის მიხედვით, ნაგავსაყარიდან მოსახლეობა საშუალოდ 250 მეტრში ცხოვრობს. მაგალითად, აღებული აქვთ უახლოესი და უშორესი მანძილი. ყველაზე ახლოს ნაგავსაყართან ზვიად მგელაძის საკარმიდამო ნაკვეთია, 100 მეტრითაა დაშორებული. ყველაზე შორს, – თამაზ მგელაძის საკარმიდამო ნაკვეთი, 321 მეტრითაა დაშორებული. ორივე შემთხვევაში, მათი საკარმიდამო ნაკვეთები 500-მეტრიანი აკრძალვის ზონაშია.

მიიღებენ თუ არა მოქალაქეები კომპენსაციას და მოხდება თუ არა მათი განსახლება? – ამ კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს, თორნიკე კუჭავას მივმართეთ. მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტით დაცული ნაგავსაყარი შენდება, რომელიც მთელ აჭარას მოემსახურება.

„ყველა სტანდარტი, მათ შორის, განსახლების სტანდარტი, მშენებლობის სტანდარტი,  ყველაფერი არის დაცული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ გამოვყოფთ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ადგილზე შეისწავლის საკითხს. შესაბამისად, თუ ვინმეს კანონის ფარგლებში ეკუთვნის და იმ წესის ფარგლებში ეკუთვნის, რომელიც არის დადგენილი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, მათ მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება,“ – ამბობს თორნიკე კუჭავა „ბათუმელებთან“.

4-მა მოსახლემ განცხადებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს.  წერილში მოქალაქეები ითხოვდნენ დაინტერესებული პირის სტატუსით ჩართულიყვნენ ნაგავსაყარის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში. “ბათუმელებმა” ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს ასევე ჰკითხა, გაითვალისწინეს თუ არა მოქალაქეების თხოვნა.

„მე ახლა ასე კონკრეტულად არ ვიცი, რომელ იმაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვიყავით ადგილზე მისული და კონკრეტულად ავუხსენით პროცედურები რაც იყო, კონკრეტული მონახაზები ავუხსენით. ადგილზე იყვნენ დაბარებული და ყველას განემარტათ თავიანთი უფლებები და ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხდება ანაზღაურების გაცემა. ნებისმიერ პირს შეუძლია მოვიდეს და კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს საკითხი,” – გვითხრა თორნიკე კუჭავამ.

ნაგავსაყართან მცხოვრებ ოჯახებს სამართლებრივ დახმარებას უწევს „იურიდიული მრჩეველის“ წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა წარიმართა კანონდარღვევით – დაინტერესებული მხარეები, ადგილობრივი მცხოვრებლები, არ იყვნენ ჩართული ამ  სამართლებრივი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება, საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი დოკუმენტაცია მოგვაწოდეს მას შემდეგ, რაც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო, ანუ ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე ვყოფილიყავით ამ პროცესში ჩართული. შესაბამისად, ვაპირებთ იმ ნებართვის გაუქმების მოთხოვნას, რომელიც ეხება ნაგავსაყარის მშენებლობას, მივმართოთ ზემდგომს – ეკონომიკის სამინისტროს“.

ნაგავსაყარს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია Goksin Insaat-ი აშენებს. მიწის ნაკვეთს, სადაც ნაგავსაყარი უნდა აშენდეს, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ფლობს. პროექტის ღირებულება 7 ევროა. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი