ნეტგაზეთი • RU

სუნელები სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მთავარი მიზეზია – ახალი კვლევის შედეგები

უკვე ცნობილია შედეგები კვლევისა, რომელსაც უნდა შეესწავლა იმ ბავშვების საცხოვრებელი გარემო, რომლებსაც, 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა დაუფიქსირდათ.

ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ამბობს, რომ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკვლეულ ოჯახებში, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი არა ჰაერი, ნიადაგი ან წყალი, არამედ სუნელებია.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყვიის მთავარი წყარო არის სუნელები. ტყვიის მაღალი მაჩვენებლები არ დაფიქსირდა არც წყალში, არც ჰაერში, არც საღებავში, გარდა სუნელებისა. საუბარია სხვადასხვა, ბაზარში შეძენილ სუნელებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ურევენ ტყვიის შემცველ საღებავს, რომ უფრო მიმზიდველი, მკვეთრი ფერის იყოს. ეს არ ეხება სახლში დამზადებულ სუნელს, როცა ოჯახში მოჰყავთ მცენარე, ახმობენ და ამზადებენ სუნელს. 

შემოწმდა 25 ოჯახის სხვადასხვა ნივთები, კოსმეტიკა, ბავშვის სათამაშოები, საკვები, ნიადაგი და წყალი.  ეს ოჯახები ცხოვრობენ აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში და 1 ოჯახი – თბილისში. აჭარაში შემოწმდა 7 ოჯახი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“ – ამბობს ლელა სტურუა „ბათუმელებთან“.

კვლევა ჩაატარა ორგანიზაციამ Pure Earth, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გარემოს და მასთან დაკავშირებული ეფექტების კვლევების მიმართულებით. აღნიშნული ორგანიზაცია თანამშრომლობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან და მსგავს კვლევებს ატარებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ლელა სტურუა ამბობს, რომ ახალი კვლევის შედეგი, შესაძლოა, გარკვეულწილად ხსნიდეს იმ გარემოებას, თუ რატომ აღმოაჩნდათ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს სისხლში ტყვიის უფრო მაღალი შემცველობა, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით. მისი აზრით, ამის მიზეზი კვებითი ჩვევაა:

„სუნელებს დასავლეთ საქართველოში უფრო ხშირად მოიხმარენ, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. ბავშვებიც იღებენ საკვებიდან სუნელს და გარდა ამისა, სუნელი თუ არსებობს, ის ჰაერშიც შეიძლება მოხვდეს და ბავშვმა შეიძლება შეისუნთქოს. შესაძლოა იყოს სხვა მექანიზმიც“. 

ლელა სტურუა ამბობს, რომ კიდევ მეტ კითხვას გასცემს პასუხს უფრო მასშტაბური კვლევა მთელ საქართველოში, რომელსაც ახლა გეგმავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იუნისეფთან  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ამჟამად სპეციალისტები მეთოდოლოგიაზე მუშაობენ.

„მათ, ვისაც სისხლში 5 და მეტი მიკროგრამი ტყვია აღმოაჩნდა დეცილიტრზე, ჩაუტარდებათ სხვადასხვა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არა მარტო მათ – მათი ოჯახის წევრებსაც, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო შეისწავლიან გარემოფაქტორებს და სურსათს იმ ოჯახებში, ვისაც სისხლში 10 და მეტი მიკროგრამი ტყვია აღმოაჩნდათ დეცილიტრზე“, – ამბობს ლელა სტურუა.

უნდა გამკაცრდეს თუ არა კონტროლი სუნელებზე? – ლელა სტურუა ამბობს, რომ ეს სხვა უწყებების გადასაწყვეტია: „ეს უკვე არის გარემოს დაცვის და სურსათის უვნებლობის საქმე. ისინი აწარმოებდნენ პერიოდულად სუნელების გამოკვლევას და ალბათ უფრო გაამკაცრებენ. როგორც იცით, სამოქმედო გეგმა მუშავდება და გეგმის დამტკიცების შემდეგ, ალბათ ყველა უწყებას შესაბამისი დავალება ექნება.

ჩემი, პირადი აზრით, ვთვლი, რომ გაგვიმართლა, რადგან სუნელების კონტროლი ბევრად უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ის, რომ ჰაერში ან წყალში ყოფილიყო ტყვიის მაღალი შემცველობა“.

საქართველოში  ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის [Unicef] დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.

კვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, შემდეგ  მოდის გურია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com