მთავარი,სიახლეები

„როცა ოჯახის შექმნაზე მიდგება საქმე, ყოველთვის ახსენდებათ ჩემი ნასამართლობა“

28.10.2019 • 1786
„როცა ოჯახის შექმნაზე მიდგება საქმე, ყოველთვის ახსენდებათ ჩემი ნასამართლობა“

გიორგით მოვიხსენიოთ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა სახელი ჰქვია. აჭარის მაღალმთიანეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, 31 წლისაა და საპატიმროში ორი წელი გაატარა. ეს წლები მისთვის ხან დასაქმებისას იქცევა პრობლემად, ხანაც  წინაღობად, როცა საქმე ოჯახის შექმნას ეხება – ამიტომ პირობითად „გიორგი” გვთხოვს, მისი სახელი და გვარი არ გავთქვათ.

ციხიდან ახალგამოსული იყო, როცა ერთ-ერთმა ბენზინგასამართმა სადგურმა ვაკანსია გამოაცხადა და გასაუბრებისას ჰკითხეს, იყო თუ არა ნასამართლევი. მას შემდეგ, რაც გიორგიმ თქვა, რომ ციხიდან ახალგამოსული იყო, დამსაქმებლებს მისთვის აღარ დაურეკავთ.

178-ე მუხლის მეორე ნაწილით, ძარცვის მცდელობისთვის გაასამართლეს. საპატიმროში, სადაც სასჯელს იხდიდა, მისი თქმით, 2013-2016 წლებში რეფორმების კვალი უკვე იგრძნობოდა – გახშირდა სამედიცინო შემოწმებები, პატიმრებს ასწავლიდნენ ხელობას და კვებაც ნორმალური იყო.

„თუმცა უფლებებშეზღუდული, ჩაკეტილი როცა ხარ, ამაზე ცუდი არაფერია, ეს არის პერიოდი საკუთარი შეცდომების გასაცნობიერებლად. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობ, დაპატიმრებამდე მხოლოდ მე ვმუშაობდი ოჯახში, ჩემი ციხეში ყოფნისას მშობლებს ხელიდან გამოვეცალე”, – ამბობს გიორგი.

ციხეში მოხვედრამდე მდინარეზე ქვებს აგროვებდა და საბუხრეებს, სამწვადეებს ამზადებდა. გათავისუფლების შემდეგ მიხვდა, რომ რამე კიდევ უნდა ესწავლა და გაუმართლა: ნათესავმა ავეჯის საამქროში დასაქმება შესთავაზა, ხისა და ლამინატის ავეჯის დამზადება შეასწავლა, ისწავლა რკინის კარკასების, ტყავისა და ღრუბლის მასალაზე მუშაობაც და ახლა ამბობს, რომ საკუთარი საქმით კმაყოფილია.

,,ავეჯის საამქროში მხოლოდ ერთ მასალაზე ვერ იმუშავებ, ბევრი სხვადასხვა უნარი გჭირდება. სხვადასხვა მასალის დასამუშავებლად კი სხვადასხვა ხელსაწყო ნაკრები გამოიყენება. დემოკრატიის ინსტიტუტი ამ მხრივ ძალიან დამეხმარა და ხელსაწყოები მათი დახმარებით შევიძინე, გავიარე ასევე ბიზნესადმინისტრირებისა და სოციალური მედიის ტრენინგები”, – ამბობს ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის” ბენეფიციარი. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს.

გიორგი მიიჩნევს, რომ ბათუმში ხელოსნისთვის უამრავი საქმის გამოძებნაა შესაძლებელი, თუკი დასაქმების რეალური სურვილი არსებობს.

,,ყოველთვის ვცდილობ ყველას სტიმული მივცე, 16 წლიდან ვმუშაობ და ჯერ არ მქონია შემთხვევა მუშაობა მინდოდეს და საქმე ვერ მეპოვოს. ბათუმში იმდენი საქმეა, ერთი რომ მიიხედ-მოიხედო აუცილებლად იპოვე რამეს, დღეში 20-30 ლარი მაინც რომ გამოიმუშავო. მთავარია, ხელობა იცოდე”, – ამბობს გიორგი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: