მთავარი,სიახლეები

თბილისში შეაჩერეს საქმის განხილვა, რომელმაც ერმაკოვისა და სხვების ბედი უნდა გადაწყვიტოს 

29.10.2019 • 1854
თბილისში შეაჩერეს საქმის განხილვა, რომელმაც ერმაკოვისა და სხვების ბედი უნდა გადაწყვიტოს 

„შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნული ჯერ არ არის,“ – გვითხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში საქმეზე, სადაც ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის საქმეა, რომელზეც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეში“.

ბოლო პროცესი „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა იგი მოსამართლე ნინო მამულაიშვილის ბიულეტენზე გასვლის გამო გადაიდო. 6 სექტემბრის შემდეგ კი, სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „საქმეთა სიმრავლის გამო“ არ დანიშნულა მორიგი სასამართლო სხდომა. ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე კი ამბობს, რომ მას სასამართლოში სხვა მიზეზი უთხრეს.

„მიპასუხეს ცხელ ხაზზე, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ისევ ბიულეტენზეა და მის დაბრუნებამდე სხდომა ვერ ჩაინიშნება,“ – ამბობს ვახტანგ გედენიძე.

პროკურატურა ბათუმის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ყოფილ მერს – გიორგი ერმაკოვს „იაფი სახლის“ პროექტზე 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. ეს ის სახლია, რომელიც ვერ აშენდა. ბათუმის სასამართლოში მიმდინარე ამ სისხლის სამართლის საქმის პარალელურად კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სამართლიანად გასცა თავის დროზე, ანუ 2016 წელს საბანკო გარანტიის დადასტურება „ბაზისბანკმა“. თუ გაირკვა, რომ „ბაზისბანკმა“ არასწორად დაადასტურა საბანკო გარანტიის ნამდვილობა, ზიანის ანაზღაურებაც მას მოუწევს, რასაც ახლა მაღალჩინოსნებს ედავებიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მაღალჩინოსნების საქმის“ განხილვა გრძელდება. ამ ეტაპზე მოსამართლე დავით მამისეიშვილი ისევ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს კითხავს. მხარეები ამ საქმის განხილვის დასრულებას დაახლოებით წლის ბოლოს ელიან.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/214616/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: