მთავარი,სიახლეები

კუ კლუქს კლანი და ჰიტლერი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ ჰელოუინზე

27.10.2019 • 3089
კუ კლუქს კლანი და ჰიტლერი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ ჰელოუინზე

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ფეიქბუგვერდი სტუდენტური ჰელოუინის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ორი სტუდენტი დღესასწაულზე რასისტული ორგანიზაციის, კუ კლუქს კლანის მსგავსი კოსტიუმით მივიდა. ამ ორგანიზაციას უკავშირდება აშშ-ში ფერადკანიანი ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება.

ჰელოუინის ერთი მონაწილე კი კარნავალზე ჰიტლერის კოსტიუმით გამოცხადდა. რამდენიმე ფოტოზე ასახული არიან სტუდენტები ნაცისტური მისალმებით. მსგავსი ნაცისტური მისალმება დანაშაულად მიიჩნევა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

კელტური დღესასწაული ჰელოუინი ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება და მას ბოროტი სულების განდევნის დღესასწაულს უწოდებენ, რომელსაც თან ახლავს ფოიერვერკები და ტკბილეული. ჰელოუინზე ადამიანები სპეციალურ კოსტიუმებს იცვამენ, ირჩევენ საშიშ ფორმებს, თუმცა ძირითადად განასახიერებენ ცნობილი ფილმების გმირებს ან ცხოველებს და არა ისტორიულ პერსონაჟებს ახლო წარსულიდან, რომლებსაც კაცობრიობის წინაშე მიუძღვით დანაშაული.

ფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

სტუდენტური ჰელოუინი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში  სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. თვითმმართველობის პრეზიდენტი ქრისტინე მიქაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ღონისძიება პირველკურსელებმა გამართეს და თვითმმართველობა კოსტიუმების შერჩევაში ჩართული ვერ იქნებოდა:

„ამ ფაქტს მოჰყვა გარკვეული გამოხმაურება, რამდენიმე სტუდენტმა გამოხატა აზრი, იყო რამდენიმე კომენტარი ამასთან [კოსტიუმებთან] დაკავშირებით, მაგრამ განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება არ ყოფილა“ – ამბობს ქრისტინე.

გასულ წელს აშშ-ში, ქალაქ როჩესტერში, სკანდალი მოჰყვა ჰელოუინის ფოტოს, რომელზეც სკოლის მოსწავლეებს კუ კლუქს კლანის ფორმა ეცვათ. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფაქტს იძიებდნენ. ასევე, გასულ წელს მისისიპის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, ბარიდან გააგდეს კაცი, რომელსაც  კუ კლუქს კლანის კოსტიუმი ეცვა ჰელოუინზე. ქალაქის მერმა მხარი დაუჭირა ბარის მეპატრონის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერენ რასიზმს, თუნდაც კოსტიუმირებულ დღესასწაულზე.

newsweek-ი 2018 წელს წერდა შემთხვევაზე, როცა კენტუკის შტატში მოსახლეობის გულისწყრომა გამოიწვია კაცის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ჰელოუინზე ჩაიცვა ნაცისტური ფორმა და შვილსაც ასე ჩააცვა. მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა ასეთი არჩევანისთვის.

„თუ თქვენი კოსტიუმი ადამიანებს ახსენებს მოვლენას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი მოკლეს, შეარჩიეთ სხვა კოსტიუმი ჰელოუინისთვის“ – წერს გამოცემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: