მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს სტუდენტები: პარტიულ კანდიდატს არ მივიღებთ – თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები

28.10.2019 • 3304
ბსუ-ს სტუდენტები: პარტიულ კანდიდატს არ მივიღებთ – თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები

დღეს, 28 ოქტომბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, რასაც თვითმმართველობის ზოგიერთი წევრი აპროტესტებს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის წევრების მცირე ჯგუფმა, მათი ინფორმირების და ჩართულობის გარეშე მიიღო ცვლილება, რამაც სხვა კანდიდატებს არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, დავით ზოიძე მონაწილეობს. სტუდენტები არჩევნების შედეგების გაბათილებას სასამართლოში აპირებენ.

„ჩვენ ვაპირებთ სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში და სამართლებრივი გზით მოვითხოვოთ შედეგების გაუქმება“, – ამბობს თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი დავით მარკოიძე.

დავით მარკოიძე მხარდამჭერებთან ერთად. ის ამბობს, რომ მას კანდიდატად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ მიეცა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

სტუდენტების თქმით, 25 ოქტომბერს, თვითმმართველობის საერთო კრებაზე საკითხების განხილვის დროს არ იყო ნახსენები ის ინიციატივა, რომლის გამოც მათ კანდიდატი ვერ დაარეგისტრირეს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ავთანდილ დიასამიძე, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის წევრია, ამბობს, რომ თვითმმართველობის სხდომა საღამოს, 19:00 საათზე მიმდინარეობდა, შესაბამისად, სხდომის მსვლელობის დროს კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა.

„სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საკითხები, ამ ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. როცა სხდომა დასრულდა და უმრავლესობა წამოვედით, შემდეგ მიიღეს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ თურმე სხდომის მიმდინარეობისას უნდა დარეგისტრირებულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ყველა კანდიდატი, რაც აბსურდია. სხდომაზეც რომ გაეჟღერებინათ ეს საკითხი, მაინც არაგონივრული დრო ეძლეოდა კანდიდატს დასარეგისტრირებლად“.

სტუდენტების ერთი ჯგუფი ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებს აპროტესტებს

მისი თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ, არ ჰქონდათ უფლება განეხილათ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი.

„არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებს მონაწილეობას და სტუდენტების მცირე ნაწილს აქვს გარკვეული ინტერესი ამ კანდიდატის და იმ ინტერესების მიმართ, რომელსაც ის ატარებს უნივერსიტეტში“, – ამბობს ჯუმბერ ქათამაძე, საბუღალტრო-საგადასახადო ბიზნესადმინისტრირების მე-3 კურსის სტუდენტი, რასაც სხვა სტუდენტებიც იზიარებენ.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით პარტიულ კანდიდატს. აუდიტორიაც სიმბოლურად არის შერჩეული – 41“, – ამბობენ სტუდენტები.

ოფიციალურ კრებას 82 სტუდენტი ესწრებოდა, სტუდენტურ თვითმმართველობაში სულ 103 წევრია, აქედან მინიმუმ 52 ხმაა საჭირო, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.

„52 სტუდენტის ხელმოწერა გვაქვსო გვეუბნებოდნენ, მაგრამ როცა ვარკვევდით, სტუდენტები გვეუბნებოდნენ, რომ ღამის 3 საათზე ურეკავდნენ თვითმმართველობის წევრებს და სთხოვდნენ ამ დოკუმენტზე ხელისმოწერას“, – ამბობს სტუდენტი, არჩილ ბერიძე.

აუდიტორიის გვერდით, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობდა, დავით ზოიძესა და ზოგიერთ სტუდენტს შორის კამათის დროს ერთ-ერთმა სტუდენტმა მას უთხრა: „შენ იკადრე ის, რომ სხდომა დაასრულე და შემდეგ მოაწერინე ხელი დოკუმენტზე სტუდენტებს“.

დავით ზოიძე (მარცხნიდან მეორე), მხარდამჭერებთან ერთად
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ბათუმელების“ კითხვაზე, იზიარებდა თუ არა სტუდენტების პრეტენზიებს არჩევნების მიმდინარეობაზე, დავით ზოიძე ამბობს, რომ ინიციატივა სამმა სტუდენტმა წამოაყენა და „მოტივაცია იყო ის, რომ არ გაყალბებულიყო ხელმოწერები, ამიტომ ითხოვდნენ, რომ დღის ბოლომდე დასრულებულიყო კანდიდატთა რეგისტრაცია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: