მთავარი,სიახლეები

ენმ: არ ვაპირებთ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში კანდიდატის დასახელებას

28.10.2019
ენმ: არ ვაპირებთ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში კანდიდატის დასახელებას

დღეს, 28 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი დიასამიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნებში კანდიდატის დასახელებას. ენმ-ს, როგორც ოპოციზიას, უფლება აქვს, თავისი კვოტით ერთი კანდიდატი წარადგინოს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილი კანდიდატებიდან მხარს არავის დავუჭერთ და არც ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს ჩვენი კვოტით. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ,“ – აცხადებს გიორგი დიასამიძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებისთვის ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

„ის, თუ როგორ დაკომპლექტდა საარჩევნო კომისია და წარიმართა პროცესი, აჩვენებს, რომ მრჩეველთა საბჭო იქნება ცალსახად ერთპარტიული, ერთი პარტიის ინტერესზე მორგებული, რომლის მიზანიც არის მმართველმა პარტიამ გავლენა მოიპოვოს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე,“ – ამბობს დიასამიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რჩეველთა საბჭოში სულ ხუთი წევრია. ამჟამინდელ მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხს ეწურება უფლებამოსილების ვადა, სწორედ მათ ადგილებზეა კონკურსი გამოცხადებული.

მმართველი პარტიის ორმა ფრაქციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში თავიანთი კანდიდატები უკვე დაამტკიცეს მრჩეველთა საბჭოში, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ორი კანდიდატი ჰყავდათ დასახელებული, აქედან ერთმა, ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ერთი, ოპოზიციის კვოტა, რომელიც, დღევანდელი განცხადების თანახმად, თავისუფალი დარჩება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით,  სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

მეტი ამ თემაზე: 

საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: