მთავარი,სიახლეები

„მთავარია, გაბედოთ“ – როგორ დააღწია თავი 15 წლის გოგომ ნაადრევ ქორწინებას

14.10.2019 •
„მთავარია, გაბედოთ“ – როგორ დააღწია თავი 15 წლის გოგომ ნაადრევ ქორწინებას

„…ატირებულმა დავურეკე პოლიციას, უკვე ჩამაცვეს საქორწილო კაბა, სად ხართ, აღარ მოდიხათ-მეთქი? მოვიდნენ და წამიყვანეს. მამაც დააკავეს,“ – გვიყვება 19 წლის ჩინარა კოჯაევა. ის თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა და 15 წლის იყო, როცა პირველად დანიშნეს და გათხოვებას უპირებდნენ. ხვალ, 15 ოქტომბერს, 12 საათზე, ორგანიზაცია – „ახალი ინიციატივა, ახალი შესაძლებლობები“ ნაადრევი ქორწინების თემაზე დისკუსიას გამართავს ბათუმში, „მუსლიმთა კავშირის“ შენობაში. ჩინარა იქ საკუთარ ისტორიას მოჰყვება: როგორ დააღწია თავი ნაადრევ ქორწინებას.

ყველა თუ თხოვდება, შენ რატომ არ გინდა… 

15 წლის ვიყავი, როცა დამნიშნეს და მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუთხარი, რომ მე სწავლა მინდოდა. არ ესმოდა ჩემი. არავის ესმოდა. მამა ამბობდა, შეხედე, შენი თანატოლები ყველა თხოვდება, შენ რატომ არ გინდა. ეს არის შენი ბედი, გათხოვდები და ბედნიერი იქნებიო.

ჩემი თანატოლების ქორწილებში დავდიოდი ხშირად, ისინი ისეთი მოწყენილები იყვნენ, არ უნდოდათ გათხოვება.

ჯერ მასწავლებლებს ვუთხარი, დამეხმარეთ-მეთქი, მერე – დირექტორს. დირექტორმა მითხრა, თუ მამაშენს არ უნდა რომ ისწავლო, მე ვერ დაგეხმარებიო. არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. მახსოვს, რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული გოგო ხარ, აღარ შეგშვენისო.

ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ოჯახის უფროსი მამა იყო. სირცხვილი იყო, თუ უკან დაიხევდა მამა, სახელი გაგვიტყდებოდა – მერე აღარავინ წაგიყვანს ცოლად; ნიშანზე თუ უარს იტყვი, გამოდის, არ ხარ კარგი გოგო და რაღაცას თავს არიდებო.

ის ბიჭიც ჩემს სოფელში ცხოვრობდა, ვისზეც დამნიშნეს. ჩემს ძმასთან მოდიოდა სალაპარაკოდ. მე არ დამლაპარაკებია. ერთხელაც ჩემით ვუთხარი, რომ არ მინდოდა მასზე გათხოვება. მითხრა, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, მამაჩემს ეტყოდა. ქორწილი იქნება მალე და მერე ვნახოთ, რას იზამო.

მერე ქორწილიც დანიშნეს.

მე ქართულის მასწავლებელს ვუთხარი, რომ ძალით მათხოვებდნენ და სკოლაში ვეღარ ვივლიდი. კარგად ვსწავლობდი. არ ვიცი, რა ასაკიდან, მაგრამ ბავშვობიდან პოლიციელობა მინდოდა. ბევრჯერ მიფიქრია გულში, ახლა პოლიციელი რომ ვიყო-მეთქი.

მასწავლებელი დამეხმარა. სხვას არავის დახმარებია ასე, ჩემი თანაკლასელები ყველა 15-16 წლისა დაოჯახდნენ. მასწავლებელმა პოლიციას დაურეკა და მე მამაჩემთან ერთად დაგვიბარეს პოლიციის განყოფილებაში. მამას ხელწერილი დააწერინეს, რომ 18 წლამდე ვერ გამათხოვებდა. მამამ არ იცოდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა დარეკა. უკვირდა და სულ ამას დავობდა, ნეტა, საიდან გაიგეს, ყველა ასე ათხოვებს გოგოს და მე რა დავაშავეო.

ქორწილი გადაიდო. მე დავამთავრე მე-9 კლასი და სახლში გამომკეტეს.

თითით საჩვენებელი გავხდი, ეს რა ქნა გოგომ, მამა დააჭერინა

ჩემს სოფელში 9-კლასიანი სკოლაა. მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამამ სხვა სოფელში ვერ გაგიშვებო. მარნეულში მინდოდა გადასვლა, იქ ჩემი მამიდა ცხოვრობს, მაგრამ იქ გოგოებს იტაცებენო. მართლა იტაცებენ გოგოებს დღემდე. ვინც ურეკავს პოლიციას, იმას იჭერენ, ბევრს – არა. სახლში ვიყავი ძირითადად. მხოლოდ ჩემს უფროს დასთან შემეძლო მისვლა, რომელიც ჩემზე უფროსია, ის თავისი ნებით გათხოვდა.

„თავისი ნებით“ რა, უყვარდათ ერთმანეთი, თორემ ის 17 წლის იყო, როცა გათხოვდა.

17 წლის როცა გავხდი, ისევ დაიწყეს ლაპარაკი ქორწილზე, თარიღიც დათქვეს – 9 სექტემბერი. მამამ 6 ათასი ლარი სესხად აიღო, ჩემი სამზითვო ნივთები რომ გაემზადებინა.

მანამდე მეჩეთში ერთი ჟურნალისტი გავიცანი და იმის ტელეფონის ნომერი ჩავიწერე. ვიგრძენი, რომ დამეხმარებოდა. მაგას დავურეკე, მათხოვებენ და არ მინდა-მეთქი. ცხელი ხაზის ნომერი მომწერა და დავრეკე პოლიციაში. კარგი, ჩინარა, მოვალთო, მითხრეს, მაგრამ არ მოვიდნენ.

ქორწილამდე სამი დღე იყო დარჩენილი, საქორწილო კაბა მომიტანეს, ატირებულმა მაშინ დავურეკე ისევ პოლიციას.

თითით საჩვენებელი გოგო გავხდი, ეს რა ქნა გოგომ, მამა დააჭერინაო. დედაც ჩემ წინააღმდეგ იყო. მერე ჩემმა ძმამ დაარწმუნა, რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო.

მე პოლიციელებმა თბილისში, თავშესაფარში გადმომიყვანეს, სადაც ვერ გავჩერდი. თავშესაფრის უფროსმა მითხრა, რატომ ხარ აქ, მე ახლა მეშინია შენი ოჯახის და ახლობლების, აქ არ მომივარდნენ. ვერც იმაში დაგეხმარები, შენ რომ პოლიციელი გახდეო. ორი ღამე დავრჩი იქ, მაგრამ არ მიძინია, სულ ვტიროდი.

მერე „ინოვაციების და რეფორმების ცენტრის“ თავშესაფარში გადამიყვანეს. იქ კარგად მოვეწყე. ქართული და ინგლისური ენის გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, ბოქსშიც დავდიოდი, ვიზაჟი ვისწავლი. ახლა უკვე დამოუკიდებლად ვცხოვრობ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროექტში ვმუშაობ – „მრავალფეროვანი საქართველო“, ასევე „ინოვაციების და რეფორმების ცენტრის“ ერთ-ერთ პროექტში დამასაქმეს. პროფესიულ კოლეჯში დავდივარ და ოფისის მენეჯერობას ვსწავლობ. მინდა, საშუალო სკოლა დავასრულო და მართლა გავხდე პოლიციელი.

მთავარია, გავბედოთ

ძალიან მომენატრა სოფელი. თავდაპირველად ჩუმად მიმიყვანეს, რომ არ გაეგო სოფელს. მაშინ ჯერ კიდევ თავშესაფარში ვიყავი. მერე სოფელში დაბრუნება მომინდა და წამიყვანეს კიდეც. თეთრიწყაროში ავედით და ვთხოვე, მანქანა გაეჩერებინათ. ჩვენ უკან დავბრუნდით, თბილისში.

ახლახან მამა გამოვიდა ციხიდან. ის არასრულწლოვნის ქორწინების იძულებისთვის გაასამართლეს. მამა ვნახე და არაფერი უთქვამს. შევრიგდით. ის უკვე ჩემ მხარესაა. მითხრა, რომ უნდა ვისწავლო და წარმატებული გავხდე.

მამას მეგობარმაც იგივე მითხრა იმ დღეს, ახლა აღარ გაქვს უფლება ცუდად ცხოვრების, უნდა ისწავლო და გაგვახაროო. მერე ჩვენს შვილებსაც იმავეს ვეტყვით – აი, ჩინარა, წავიდა და თავისი ცხოვრება აქვს, სამაგალითო უნდა გახდეო.

ჩემი ქართულის მასწავლებელიც ვნახე. ისე უხარია, რომ ამდენი მოვახერხე.

ძალიან ბევრი მწერს. მწერენ ჩემი სოფლიდან, სხვა სოფლებიდან… ჩემი კლასელებიც მწერენ: ვერავინ ვერ ისწავლა ჩვენი კლასიდან და შენ მოახერხე ყველაფერიო.

ამას წინათ მარნეულში ვნახე ერთი ქალი, 28 წლისაა. იმდენი იტირა ჩემთან, რა მოხდებოდა მეც გამებედა, ასე ადრეულად არ გავთხოვილიყავი და მესწავლა. მეც უდნა გამებედა და წინააღმდეგობა გამეწიაო.

ყველა ვერ ბედავს იბრძოლოს. ამიტომ მთავარია, ვიბრძოლოთ. თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, სხვა არავინ იბრძოლებს ჩვენ ნაცვლად.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/742622422849755/

გადაბეჭდვის წესი