წითელი ჯვარი უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე ბათუმში ფოტოგამოფენას მართავს

დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ფოტოგამოფენას მართავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 ფოტო, რომლებიც ასახავს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების გამოწვევებს, საქმიანობას, რომელსაც წითელი ჯვარი ახორციელებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ღირსებით დაკრძალვისათვის.

საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაუსრულებელი გაურკვევლობა, მოლოდინი და ტკივილი მათი ოჯახების წევრებისთვის ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო გავიდა საყვარელი ადამიანის გაუჩინარებიდან. ახლობლის ხვედრის გაურკვევლობა, და მისი პატივით დაკრძალვის შესაძლებლობის არ ქონა ღია ჭრილობად რჩება ოჯახებისთვის და არ აძლევს მათ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამართლებრივი სტატუსის არარსებობა კიდევ ერთი გამოწვევაა მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აწარმოებს რა ორმხრივ დიალოგს ხელისუფლებასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი – გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს სპეციალისტებით დახმარებას, – ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს ქვეყნის სხვადასხვა უწყების  პასუხისმგებლობას გაუჩინარებული ადამიანების ხვედრის დადგენაში. ასევე ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდისა და ჩართულობის მნიშვნელობას. მათ ასევე უნდა შეიმუშავონ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო  და იურიდიული სისტემა ოჯახების ეფექტური მხარდაჭერისთვის.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე თემაზე: 

აჭარაში 63 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

აგვისტოს ბოლო დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან  28  აგვისტოს  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25- 30 გრადუსი
  • ღამით: 18- 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 8-13 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 29 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მომდევნო 2 დღეს,  30-31 აგვისტოს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

___________________________

ფოტო: თამარ ნერგაძე/„ბათუმელები“

ხელვაჩაურის სოფლებში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქე და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა,” – აღნიშნული განცხადება აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფერიის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სოფელ ფერიის ცენტრსა და ახალშენის მეურნეობაში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრა მოსახლეობასთან
შეხვედრა მოსახლეობასთან

მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლის მიწოდება, გზების მოწესრიგება, გარე განათებისა და ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა წარმოადგენდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მოსახლეობას მიწის რეფორმის ახლო მომავალში დასრულებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ზაალ მიქელაძე მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებზე ესაუბრა და მათ მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. „სწორედ თქვენთან, მოსახლეობასთან შეხვედრებისას, თქვენი პრობლემების განხილვისას იქმნება და იწერება პროგრამები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით,“ – აღნიშნა მინისტრმა. მთავრობის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი მოსახლეობას პრობლემების მოკლე დროში მოგვარებას დაჰპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრა
მოსახლეობასთან შეხვედრა

,,თქვენთან შეხვედრები მნიშვნელოვნად გვეხმარება ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში,’’ – განაცხადა აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან შეხვედრისას.

თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სოფელ ახალსოფლისა და თხილნარის ცენტრში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.

მინისტრებმა მოქალაქეებს სამინისტროების მოქმედ და 2020 წლისათვის დაგეგმილ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია
მინისტრებმა მოქალაქეებს სამინისტროების მოქმედ და 2020 წლისათვის დაგეგმილ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია

მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი წარმოადგენდა. მინისტრებმა მოქალაქეებს სამინისტროების მოქმედ და 2020 წლისათვის დაგეგმილ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

მთავრობის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

რა იკრძალება ნადირობის დროს – გარემოსდაცვითი დეპარტამენტის გაფრთხილება

ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს. დეპარტამენტის ცნობით, სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ  გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობის დროს აკრძალულია:

[crosslist]

  • მცენარეთა საფარის დაწვა
  • გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება/გაყიდვა
  • ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა/ განადგურება;
  • ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები (სარეჯგველები);
  • საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები; ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა;
  • სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება;
  • თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
  • ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
  • ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით.

[/crosslist]

ნადირობა აკრძალულია: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

2019 წელს ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 29 თებერვალს დასრულდება.

_________

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ

ბათუმში მცხოვრები ლელა აბესაძე მეხუთე დღეა უწყლოდაა. ის წყლის სისტემიდან „ბათუმის წყალმა“ დავალიანების გამო ჩახსნა. ლელა აბესაძეს 1441 ლარი და 25 თეთრი აქვს გადასახდელი. ის სოციალურად დაუცველია – 67 700 სარეიტინგო ქულით.

„წყლის სისტემა აბაზანაში მოიშალა დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ახალი სისტემა მოაწყვეს. მე ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხე შიდა სისტემის მოწესრიგება და იღვრებოდა წყალი პერიოდულად. ნოემბრიდან ივლისამდე თბილისში ვიყავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ჩამოვედი და წყალი გამითიშეს. მეხუთე დღეა მეზობლებიდან შემომაქვს წყალი ბოთლებით,“ – გვიყვება ლელა აბესაძე.

„ბათუმის წყლის“ პრესცენტრში თავდაპირველად განგვიმარტეს, რომ ლელა აბესაძეს მოსაწესრიგებელი აქვს შიდა კომუნიკაცია და ამას კომპანია ვერ გააკეთებს.

„ბათუმის წყლის“ ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა, შეადგინა შესაბამისი აქტი და აბონენტი ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა შემდგომი გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ აბონენტს ისევ მოუწესრიგებელი ჰქონდა კომუნიკაცია, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება და რადგან არ იყო გადახდილი, შეუწყდა წლის მიწოდება. სემეკის რეგულაციის მიხედვით „ბათუმის წყალი“ ვალდებულია დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს წყალმომარაგება და ხელი არ შეუწყოს ვალის გაზრდას,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

რა გამოსავალს სთავაზობს ბათუმის მერია სოციალურად დაუცველ პენსიონერ და უწყლოდ დარჩენილ მოქალაქეს? – ვკითხეთ ბათუმის მერიას. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეს უხდის ფიქსირებულ კომუნალურ გადასახადს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას მოქალაქე ფარავს. მერიის პრესცენტრის განმარტებით,  პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერის სოციალურად დაუცველი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის შიდა სისტემის მოწესრიგებაში ჩართულიყო. საბოლოო პოზიციის მისაღებად ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელთან დაგვაკავშირა. მარიკა გვიანიძემ გვითხრა, რომ თუ ეს „ძალიან დიდ ხარჯთან“ არ იქნება დაკავშირებული, „ბათუმის წყალი“ მოქალაქეს წყლის შიდა სისტემას მოუწესრიგებს.

„როგორც ჩემი თანამშრომლები მიყვებიან, აქამდე მასთან ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია, რომ შევსულიყავით ბინაში და გადამოწმებულიყო შიდა ქსელი… ზოგადად, ჩვენ არ ვერევით შიდა სისტემაში, მაგრამ გამონაკლისი შეიძლება დაიშვას და ამ სუბსიდიას მერია აუნაზღაურებს. ჩვენ ამ კუთხით არ გვქონია გამოცდილება აქამდე. რაც შეეხება დავალიანებას, შუამდგომლობას გავუწევთ სემეკთან მის ჩამოწერაზე, რადგან წყალი მართლაც შიდა სისტემის მოუწესრიგებლობის გამო იკარგებოდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ.

ლელა აბესაძე
ლელა აბესაძის აბაზანა, სადაც წყლის სისტემა მოიშალა

 

 

ინფექციების კონტროლზე შესწავლილი კლინიკების 50% სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

2016 წელს მონიტორინგი ჩატარდა თბილისის 10 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. მონიტორინგის თანახმად, დაწესებულებების დაახლოებით 50%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციების კონტროლის სტანდარტები – წერია სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის 28 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში. აუდიტმა იმ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტები შეისწავლა, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი ევალებათ.

2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება – ბენეფიციართა სტაციონარულ მომსახურებაზე დახარჯულია 574 მილიონი ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს, რომ  ნოზოკომიური [საავადმყოფო] ინფექციების პრევენციისა და თავიდან აცილებადი ხარჯის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ინფექციების შესახებ არსებული მწირი მონაცემები არ იძლევა.

რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს – სამედიცინო დაწესებულებები შემდეგ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ:

  • ინფექციების კონტროლის სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • სტერილიზაცია/დეზინფექცია;
  • ხელების ჰიგიენა;
  • პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
  • უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა;
  • ნოზოკომიური ინფექციების საინჟინრო კონტროლი.

ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხორციელდება მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები, რომელთა „ეფექტიანი განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ინფექციების კონტროლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას“.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიის მიხედვით, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ნაკლებობა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელების უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორია“, – წერია აიუდიტის დასკვნაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს საკითხი მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი.

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების 5 ძირითადი
გზა. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაცემებით 2016 წელს განხორციელდა 22 199 მსგავსი სახის ქირურგიული ჩარევა. ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს სულ დაფიქსირდა ქირურგიული ჩარევის მიდამოს [ქიჩმ] ინფექციის 37 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის კოეფიციენტის საფუძველზე 2016 წელს საქართველოში, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო ქიჩმის 402 შემთხვევა.
აუდიტი წერს, რომ სწორედ ამის გამო ჯანდაცვის სამინისტრო სტაციონარულ დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას ვერ ფლობს, რის საილუსტრაციოდ უწყება ასევე ციფრებს იშველიებს:

„საქართველოში 3.7 მილიონ მოსახლეზე წლიურად ფიქსირდება, საშუალოდ, 200 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევა, ხოლო ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე − დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა“.

სწორედ აქედან გამომდინარე აუდიტი ასკვნის, რომ „ქვეყანაში დაფიქსირებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა არარეალურად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მის სანდოობას“.

ჯანმო-ს მონაცემებით, „დროის ნებისმიერ მომენტში 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე საშუალოდ 7-10 პაციენტი ინფიცირდება, მინიმუმ ერთი სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციით, რაც „მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ზრდის ფინანსურ ხარჯს სამედიცინო სისტემისათვის“.

აუდიტი ქვეყანაში არსებულ სრულიად საპირისპირო მონაცემზე მიუთითებს და წერს, რომ „დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის [დზეი] მონაცემებით, საქართველოში 2016-2017 წლებში დაფიქსირდა ნოზოკომიური პნევმონიის 133 დადასტურებული შემთხვევა. თუმცა, ამავე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო 513 ნოზოკომიური პნევმონიის შემთხვევა“.

აუდიტის სამსახური კიდევ რამდენიმე ციფრს ასახელებს, რითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ეპიდზედამხედველობის პროგრამაში საერთოდ არ არიან ჩართულები:

„2015-2017 წლის მონაცემით, ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა, იმ დროისათვის მოქმედი 299 სტაციონარული დაწესებულებიდან. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% მოდის ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე… ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% ფიქსირდება 288 სტაციონარული დაწესებულებაზე, რომლებიც არ არიან ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც მიუთითებს იმ რისკზე, რომ სტაციონარული დაწესებულებების მიერ მონაცემები წარმოდგენილია არასრულად“.

2015-2017 წლებში ნებართვა გაცემულია 42 ახალ სტაციონარულ დაწესებულებაზე, საიდანაც 29 დაწესებულებას არ წარმოუდგენია ხარისხის ინსტრუქცია, ხოლო 6 სტაციონარული დაწესებულების ინსტრუქცია შაბლონურია.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებს მონიტორინგში ჯანდაცვის სამინისტრო  თანამშრომლებთან ერთად ჩართულნი არიან პრევენციის ცენტრისა და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები.

დიდი შვიდეული ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად 22 მილიონ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო შვიდეულის ლიდერებმა სამიტზე გადაწყვიტეს, ამაზონის ტყის ხანძრების შესაჩერებლად მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსი გამოყონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ  დიდი შვიდეულის ქვეყნები ხანძრების შესაჩერებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ. მისივე თქმით, პირველ რიგში, სასწრაფოდ შეიძენენ ამ მასშტაბის ხანძრის ჩასაქრობად საკმარის სახანძრო ვერტმფრენებს.

დიდ შვიდეულში კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ შედიან. ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.

რამდენიმე დღის წინ ამაზონის ფართომასშტაბიან ხანძრებს ემანუელ მაკრონმა „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და მოუწოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს, სამიტის პრიორიტეტულ თემად განეხილათ ის.

დიდი შვიდეულის ლიდერები სექტემბერში ამაზონის ტყის დამწვარი ნაწილის აღსადგენ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი, ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები „გაასუფთაონ“.

ბოლსონაროს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება იყო სწორედ ამაზონის პოტენციალის ათვისების ხარჯზე.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ  ამაზონის ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძრების რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

წყარო: BBC 

ფოტო: france24.com

პროკურატურის პასუხი მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომ მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს

საქართველოს პროკურატურაში კითხვას, დაიწყება თუ არა მოკვლევა ან გამოძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომელიც მან ფეისბუქზე გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური პროვოკაციაში დაადანაშაულა, კონკრეტულად არ პასუხობენ.

უწყებაში მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლნენ.

„თუ კი პროკურატურაში შემოვა კონკრეტული განაცხადი დანაშაულზე, ამას პროკურატურის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან.

პრესსამსახურში უპასუხოდ დატოვეს „ბათუმელების“ კითხვა, რატომ არ იწყება მოკვლევა/გამოძიება, მაშინ როცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურატურას აქვს გამოძიების დაწყების პრაქტიკაც კი.

რამდენიმე დღის წინ მედეა ვასაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ 23 აგვისტოს მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის შოვნის სანაცვლოდ. ვასაძე წერს, რომ ამ შეთავაზების უკან სუს-ის უფროსი, გომელაური დგას.

მედეა ვასაძე 2012-2016 წლებში უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. თავდაპირველად იგი პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, თუმცა მან პარტია 2015 წელს დატოვა და 2016 წელს მურმან დუმბაძესთან ერთად პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნა.

ვრცლად ამ თემაზე: 

მედეა ვასაძე წერს, რომ 30 000 დოლარი შესთავაზეს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

 

2,5 მილიონი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 520 ათასი ლარი გამოყო. პროგრამის მიხედვით, 229 სტუდენტი დაფინანსდება [მათ შორის, აჭარიდან 41], რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში ცხოვრობენ და წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. დაფინანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებმაც სწავლისთვის განკუთვნილი გრანტი ვერ ან ნაწილობრივ მოიპოვეს. უპირატესობა „ზოგადი უნარების“ ქულას მიენიჭება.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა სტუდენტებმა რესურსცენტრებს უნდა მიმართონ, სადაც ისინი განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სპეციალურ ფორმას შეავსებენ და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენენ.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვა კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებასაც, თუკი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა სტუდენტებმა ეს თანხა ვერ აითვისეს. დაფინანსება შესაძლოა მიიღონ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებმა, ობლებმა.

ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ

„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს.

ორი კვირის განმავლობაში გრეტა მარტო იჯდა პარლამენტთან და არიგებდა ფურცლებს, რომელზეც ეწერა – „ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, უფროსებს, ფეხებზე გკიდიათ ჩემი მომავალი“.

როცა უფროსები გრეტას შენიშვნას აძლევდნენ, რომ ის ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყო, გრეტა პასუხობდა, რომ მას თან ჰქონდა წიგნები,

„მაგრამ ვფიქრობ, რას ვისწავლი სკოლაში? ფაქტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსები არ უსმენენ მეცნიერებს, მაშ, რატომ უნდა ვისწავლო?“

2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ –  #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია.

სიდნეი, ავსტრალია. სკოლის მოსწავლეების აქცია. ფოტო: insideclimatenews.org
პარიზი, საფრანგეთი. წყარო: Wikipedia
სან ფრანცისკო. სკოლის მოსწავლეების აქცია. წყარო: Wikipedia

2018 წლის დეკემბერში გრეტა შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეების აქციებს.

„ჩემმა თაობამ ვერ შეძლო კლიმატის დრამატულ ცვლილებებთან გამკლავება. ახალგაზრდები ხედავენ ამას, არაა გასაკვირი, რომ გაბრაზებულნი არიან.“ – განაცხადა გუტერეშმა. 

ანტონიო გუტერეში და გრეტა თუნბერგი
გრეტა ევროპის პარლამენტში. 2019 წლის აპრილი. ფოტო: wikipedia

2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა,  2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. თავის დროზე ორგანიზაციის ეს ჯილდო მიიღეს: ვაცლავ ჰაველმა, ნელსონ მანდელამ, პეტერ გაბრიელმა, მალალა იუსაფზაიმ და სხვა ცნობილმა პირებმა.

წელს 16 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი მშვიდობის დარგში.

გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.

„მე ასპერგერის სინდრომი მაქვს, ამიტომაც ჩემთვის სამყარო ძირითადად შავ-თეთრ ფერებად იყოფა. ვუყურებ პოლიტიკოსებს და მიკვირს, როგორ ართულებენ ისინი ყველაფერს. …თუ მე 100 წელი ვიცოცხლებ, 2103 წლამდე ვიცხოვრებ. უფროსები ხშირად არ ფიქრობენ, რა იქნება 2050 წლის შემდეგ. მაგრამ ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, მე ნახევარი სიცოცხლეც არ მექნება განვლილი. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, გავლენას მოახდენს ჩემს და ჩემი მეგობრების სიცოცხლეზე, ჩვენი შვილებისა და მათი შვილიშვილების სიცოცხლეზე,“ – ამბობს გრეტა. 

„თინეიჯერის გაფიცვა პლანეტისთვის“ – გრეტა თუნბერგი „თაიმის“ ყდაზე. გამოცემამ იგი 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში დაასახელა.

2019 წლის ივნისში გამოვიდა გრეტა თუნბერგის წიგნი – „არავინაა ისე პატარა, რომ რამე ვერ შეცვალოს“, რომელიც მისი საჯარო გამოსვლების ტექსტებისგან შედგება.

გრეტა თუნბერგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ტვიტერზე, ფეისბუქზე და 2,5 მილიონზე მეტი – ინსტაგრამზე. მისი პოპულარობა ბევრს აეჭვებს, რომ გრეტას აქტივიზმი კარგად დაგეგმილი პიარკამპანიაა და მას მისი მშობლები მართავენ, თუმცა გრეტას მამა, რომელიც მწერალი და მსახიობია, მედიასთან ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა მომხრე, მის შვილს სკოლა გაეცდინა და აქციები გაემართა, გრეტას დედამ კი, რომელიც ოპერის მომღერალია და 2009 წელს შვედეთს წარადგენდა ევროვიზიაზე, მომღერლის კარიერას თავი დაანება.

სექტემბერში 16 წლის მოსწავლე, გრეტა თუნბერგი, გამოვა ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს შეეხება. იგი ევროპიდან შტატებში არ გაფრინდება, გრეტა უარს ამბობს თვითმფრინავით მოგზაურობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ საჰაერო მიმოსვლა კლიმატს აყენებს ზიანს. მას დახმარება მონაკოს სამეფო ოჯახის წევრმა, გრეის კელისა და პრინც რენიეს შვილიშვილმა, პიერ კაზირაგიმ და ცნობილმა გერმანელმა იახტსმენმა, ბორის ჰერმანმა შესთავაზეს. Malizia II – ეს არის იალქნიანი იახტა, რომლითაც გრეტა აშშ-ში გაემგზავრა.

ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე გრეტამ ასე მიმართა პოლიტიკოსებს:

„ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო. მე უნდა ვიყო სკოლაში ოკეანის სხვა მხარეს. თქვენ ყველანი ჩვენთან, ახალგაზრდებთან მოხვედით იმედისთვის? როგორ ბედავთ ამას! თქვენ მე თქვენი ცარიელი სიტყვებით  ჩემი ოცნებები და ბავშვობა წამართვით. ჯერ – ჯერობით მე ვარ იღბლიანი. ადამიანები იტანჯებიან. ადამიანები კვდებიან. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი განადგურების დასაწყისში ვართ და თქვენ ყველანი საუბრობთ ფულზე და მუდმივ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!

_______________

მთავარ ფოტოზე: გრეტა თუნბერგი. ფოტო: plantbasednews.org 

,,საქართველო უნდა იყოს თავისუფალი” – რას წერდა ჟურნალი „L’image“ 100 წლის წინ

,,საქართველო უნდა იყოს თავისუფალი!“ – ასე ჰქვია საფრანგეთში  გამოცემული ჟურნალის „L’image“-ს 1919 წლის ოქტომბრის ნომერს, რომელიც მთლიანად საქართველოს პირველ რესპუბლიკას მიეძღვნა.

15-გვერდიანი ჟურნალი მკითხველს აცნობს საქართველოს ახალჩამოყალიბებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, ქვეყნის ისტორიას, კულტურას, გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყნის პერსპექტივებს.

„რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დამონება (1801-1917 წლებში) მხოლოდ ეფემერულ ეპიზოდად დარჩა ამ ქვეყნის ისტორიაში.

ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბერძნეთთან და აზიის ქვეყნებთან. ქრისტიანობის გავრცელებამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი კულტურა შექმნა.

ერთდროულად ბიზანტიური, არაბული და ირანული ცივილიზაციის გავლენით, ორი დიდი კულტურის სინთეზის შედეგად, საქართველოში ძლიერი და გავლენიანი ელიტა ჩამოყალიბდა, თუმცა ქვეყანამ უცვლელად შეინარჩუნა ეროვნული სული“, – წერს 1919 წელს ჟურნალი ,,L’Image”.

ცალკე გვერდი ეთმობა ბათუმისა და ფოთის პორტებს, რომელთა ნავსადგურებსაც, როგორც აღნიშნულია, მსოფლიოს იმდროინდელი დიდი ხომალდების მიღებაც შეეძლო.

,,L’Image”-ს ამ ნომერში ნახავთ 1919 წლის 26 მაისს გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ასახავს თუ როგორ აღნიშნეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე პირველად.

გაზეთის ნომერზე ორი ჟურნალისტი –  ჟაკ დე ლეიერი და პიერ ფრანსი  – მუშაობდა.

ჟურნალის ორიგინალი ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურიზმის შესწავლის ცენტის (CSEM) არქივში.

,,L’Image”-ს  ამ ნომრის გამოცემის დროს საქართველოს პირველი რესპუბლიკა წელიწადსა და რვა თვეს ითვლიდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი ქვეყანა საბჭოთა წითელარმიელებმა დაიკავეს, რასაც 70-წლიანი ოკუპაცია, რეპრესიები, გადასახლებები და დახვრეტები მოჰყვა.

ბათუმის ქუჩებში ტრაილერებისა და სხვა მძიმე ტექნიკის განთავსება აიკრძალა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ქუჩებში მძიმე ტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. აკრძალული ტექნიკის ჩამონათვალშია: ტრაილერები, ექსკავატორები, თვითმცლელები, ამწეები, კატაფალკები და ყველა სხვა სახის ტექნიკა, გარდა მიკროავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილებისა.

მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკას გადაიტანენ გოგოლის ქ. #1-ში, სადაც უკვე მოწესრიგდა 6 ჰა ფართობი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან.

მერიის ცნობით, ქუჩებზე, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული, უახლოეს პერიოდში განთავსდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების დგომის ამკრძალავი ნიშნები.

მერიის ინფორმაციით, გათავისუფლებულ ტერიტორიებს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით გააკონტროლებს. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს აღნიშნულის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში აფრთხილებდნენ.

„მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე – [0422] 29 20 06  და ასევე, მიმართონ პატრულს. ტენდერი უნდა გამოცხადდეს და დადგება ამკრძალავი ნიშნები, რომ მძიმე ტექნიკის დაყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება ყოველდღიურად, ას ლარამდეა ჯარიმა,“ – ამბობს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორი ჯუმბერ კობალაძე.

___________

ფოტო: ბათუმის მერია

“რატომ არ დააკავეთ სხვები?” – ბრალდებულის კითხვა გამომძიებელს

“რატომ არ დააკავეთ სხვები, ჩხუბში ხომ 15 კაცი მონაწილეობდა?”-  ჰკითხა ბრალდებულმა რევაზ წ.-მ  გამომძიებელ უჩა კახიძეს.

“ვის მიმართაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, ის დავაკავეთ,” – უპასუხა გამომძიებელმა კითხვას და დარბაზს გახედა.

“კარგით რა, გეყოფათ,” – გაცხარდა ბრალდებული.

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დღეს, 26 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე შეირაღებული პირი – გიორგი ტ. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ჩხუბში მონაწილე 4 პირი კი, ვისაც იარაღი არ ჰქონია, წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ის, ვინც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირი დაჭრა.

ბრალდებულების შეკითხვის დასმამდე გამომძიებელი უჩა კახიძე ვრცლად მოუყვა მოსამართლეს იმის შესახებ, რაც იმ ღამით მოწმეებისგან მოისმინა.

“დაიწყო იმით, რომ შეტყობინება შემოვიდა 112-ზე, ვაჰაბისტები შემოიჭრნენ საავადმყოფოში, მიდის ჩხუბი, დაჭრეს ადამიანებიო…” – დაიწყო გამომძიებელმა.

უჩა კახიძის თქმით, ბრალდებულმა რევაზ წ.-მ თავად დაადასტურა ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა.

“თქვენ გვედავებით ჯგუფურ ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით. ეს წინასწარი შეთანხმება სად ჩანს, სად დაინახეთ?”- იკითხა ისევ ბრალდებულმა რეზო წ.-მ.

გამომძიებელმა განმარტა, რომ ბრალდებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში კონკრეტული ადამიანებისთვის “პასუხის მოსათხოვად” მივიდნენ.

“თქვენც  აღნიშნეთ და ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ მე დანით დაჭრით მემუქრებოდა ადამიანი… მე მას შემდეგ ვიჩხუბე, როცა საფრთხე ვიგრძენი. რატომ მოხდა ასეთი შეფასება, ეს ობიექტური შეფასებაა?” – ისევ მიუბრუნდა გამომძიებელს ბრალდებული რეზო წ.

“მე ვმოქმედებ კანონის შესაბამისად… თქვენ რომ სადმე მინდორში გეჩხუბათ, ეს კვალიფიკაცია არ იქნებოდა, მაგრამ თქვენ იჩხუბეთ საავადმყოფოში ექიმებისა და პაციენტების თვალწინ,” – მიმართა ბრალდებულს გამომძიებელმა.

ბრალდებულების მტკიცებით, გამოძიებამ ” საქმე შეკერა”.

“მე არ ვაწერდი ხელს, მაგრამ შემდეგ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ გამიყვანა და მოვაწერე ხელი, არ ჰქონდა აზრი,” – დაასრულა ბრალდებულმა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მორიგი სხდომის თარიღი ჩანიშნა და დარბაზიდან გავიდა, დარბაზში ბრალდებულების ახლობლები ახმაურდნენ. ბრალდებულ რეზო წ.-ს დამ “ვაჰაბისტების” გაჟღერება გააპროტესტა და დაკავებულების დროულად გათავისუფლება მოითხოვა. შემდეგ კი მან სასამართლოს მთავარი შესასვლელი კარის მინა ხელით ჩაამტვრია.

“მე დამაკავეთ, მე ჩავამტრიე… უსამართლობაა და იმიტომ.გავაკეთე ასე,”- მიმართა აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსს, ირაკლი ჭედიშვილს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ.

ბრალდებულების ახლობლები სასამართლო სხდომის დაწყებამდე

სასამართლოს შენობა ჯერ არ დაუტოვებიათ ბრალდებულებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მთავარ ფოტოზე: აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი ჭედიშვილი და ერთ-ერთი ბრალდებულის დედა.

ამ თემაზე:

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

 

სასამართლოს კარზე ბრალდებულის ახლობელმა მინა ჩაამტვრია – რესპუბლიკურთან ჩხუბის საქმე

ბათუმის საქალაქო  სასამართლოს  შესასვლელი კარის მინა ბრალდებულის ახლობლებმა ჩაამტვრიეს. შემთხვევა დღეს, 26 აგვისტოს,  მოხდა.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე  გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ჩხუბის საქმეს, რომელზეც ოთხი  პირია დაკავებული. ინციდენტი პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.

“მე ჩავამტვრიე და მე დამაკავეთ,” –  მიმართა ბრალდებულ რეზო წ.-ს დედამ იქვე მყოფ აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსს, ირაკლი ჭედიშვილს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ ამ წუთებში ათეულობით პოლიციელია მობილიზებული. იქვე არიან დაკავებულთა ახლობლებიც.

საქმე იმაშია, რომ 2 მარტს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება “ჯგუფურ ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით”  ედავება.

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი პირი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, გირაოთი გაათავისუფლეს. მეორე ბრალდებული, რომელმაც დანით დაჭრა ადამიანები, პოლიციამ ვერ დააკავა. შესაბამისად, პატიმრობაში მხოლოდ ის პირები რჩებიან, რომლებმაც „ხელით იჩხუბეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-მუხლის შესაბამისად, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ზღვაზე თეთრი ალმებია – ბანაობა ყველგან შეიძლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსი იქნება. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

მთელი აჭარის ტერიტორიაზე პლაჟზე თეთრი ალმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა დასაშვებია.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

 

200-ტონიანი გემი თითზე მობმული თოკით ხუთ მეტრზე – რეკორდი ბათუმის ნავსადგურში

საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.

ფედერაციის ორგანიზებით, გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი  „თამარა 2“, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო.

ფედერაციის ინფორმაციით, მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა.

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი  „რეკორდსმენთა თასის“ მფლობელი გახდა.

 

 

ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა

ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

„კოლხობა 2019“ გაიმართა

სარფის სანაპიროზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,კოლხობა’’ გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მიმართეს.

სახალხო დღესასწაული უკვე 40 წელია იმართება. ღონისძიების 10 მონაწილეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ,,კოლხობის’’, როგორც სახალხო დღესასწაულის ტრადიციის ჩამოყალიბებაში, მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიების პარალელურად კოლხობის ამსახველი ფოტო გამოფენა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

,,კოლხობა 2019’’ მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის ტელევიზია და რადიო მეოთხედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მეოთხედ აცხადებს კონკურსს მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად.

განცხადებები მიიღება 26 აგვისტოდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად პირველი კონკურსი 31 მაისს გაიმართა, დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა საბჭოს ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კონკურსი ჩაიშალა მეორედ, 10 ივლისს და მესამედაც – 22 აგვისტოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. დირექტორის ასარჩევად საჭიროა სამი ხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.

ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი – გზების დეპარტამენტი

„ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი. შესაბამისად, კონტრაქტორის მიმართ ორივე ლოტზე გამოცემულია გამოსწორების შეტყობინებები ზედამხედველი ინჟინრების მიერ და კონტრაქტორმა უნდა გამოასწოროს ვალდებულებები. ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო. ჩვენ გვაინტერესებდა დეპარტამენტის პოზიცია კომპანიის უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაისიდან ხულოს მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები უნდა ყოფილიყო დაწყებული, მაგრამ სამუშაოები შეჩერებულია.

„ბათუმელები“ ერთი თვის წინ წერდა, რომ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა რამდენიმე დღეა შეაჩერა. კომპანიაში მაშინ გვითხრეს, რომ გარანტიები წარდგენილი ჰქონდათ ყაზახური ბანკისგან [რაც ადრე დეპარტამენტშიც დაგვიდასტურეს], თუმცა გზების დეპარტამენტი „ტოდინისგან“ გარანტიის წარდგენას ამჯერად ქართული ბანკისგან ითხოვდა. „ტოდინს“ ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო კი დამკვეთისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

ამ სტატიის მომზადების პერიოდში ჩვენს კითხვებზე პასუხები დეპარტამენტისგან ვერ მივიღეთ, რის გამოც 9 აგვისტოს ოფიციალური წერილით მივმართეთ. დეპარტამენტმა წერილობით 23 აგვისტოს გვიპასუხა.

ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოებზე [ლოტი 1 და ლოტი 2] დეპარტამენტსა და კომპანია „ტოდინს“ [Todini Costruzioni Generali S.p.A] შორის ხელშეკრულებები 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა, რის მიხედვითაც კომპანიას უნდა წარმოედგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 28 დღის განმავლობაში. ამავე დოკუმენტით „ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა აღიარებული ბანკის მიერ დამკვეთის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.

დეპარტამენტმა [2019 წლის მაისში] გვაცნობა, რომ „ტოდინის მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი“.

ვინაიდან „ტოდინის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი გარანტიას ქართული ბანკისგან ითხოვდა და ვინაიდან ასეთი ჩანაწერი იყო ხელშეკრულებაშიც, დეპარტამენტს განმარტება წერილობით ვთხოვეთ. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა ადგილობრივი კომერციული ბანკისგან გაცემული გარანტიების წარმოუდგენლობა ხელშეკრულების დარღვევა.

„დეპარტამენტი განმეორებით გიდასტურებთ გარანტიების არსებობას“ [საუბარია TENGRI BANK JSC -ს მიერ გაცემულ გარანტიებზე, რომლებიც ავიზირებულია „საქართველოს ბანკის“ მიერ] – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან 23 აგვისტოს მიღებულ წერილში.

ის, რომ გარანტიები ჯერ მიიღო დეპარტამენტმა და შემდეგ იყო თხოვნა დეპარტამენტისგან, რომ ჩანაცვლებულიყო ქართული ბანკების მიერ გაცემული გარანტიებით – ამაზე დეპარტამენტი გვპასუხობს, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია და პირიქით, კომპანიამ „იკისრა ვალდებულება“ ჩაენაცვლებინა ეს გარანტიები. თუმცა, რატომ იკისრა კომპანიამ ეს ვალდებულება, დეპარტამენტი არ გვწერს.

„დეპარტამენტსა და TODINI Costruzioni Generali S.p.A-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეთანხმების ოქმების შესაბამისად, კონტრაქტორმა იკისრა ვალდებულება ჩაენაცვლებინა მის მიერ უკვე წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, კონტრაქტორისათვის გაგზავნილ იქნა შესაბამისი შეტყობინებები“, – გვწერს გზების დეპარტამენტი და მათ მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ „შესაბამის შეტყობინებების“ შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს.

საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ კითხვები წერილობით 9 აგვისტოს კომპანია „ტოდინსაც“ გაუგზავნა. პასუხი კომპანიისგან ამ დრომდე არ მიგვიღია.

„გარანტიის ცვლილების ავიზირებით „საქართველოს ბანკი“ ადასტურებს მხოლოდ გარანტიის ცვლილების ავთენტურობას/ნამდვილობას და იგი არ არის პასუხისმგებელი გარანტიის ტექსტსა და გარანტიის პირობებზე… აღნიშნული გარანტიის ცვლილება გეგზავნებათ/გადმოგეცემათ „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ 2018 წლის 16 მარტის კორესპონდენციაში, რომელიც გზების დეპარტამენტში გაიგზავნა.

ავიზირებაზე ნდობის უარყოფითი პრეცენდენტი აჭარაში უკვე გვაქვს, როცა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული „კონვენტ ჯორჯიასგან“ „ბაზისბანკის“ მიერ ავიზირებული საბანკო გარანტია მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია ბრიტანულმა Point Bank-მა მისცა. ავიზირების წერილში კი მაშინაც აღნიშნული იყო, რომ „ბაზისბანკი“ არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე „ბაზისბანკი“ არ იღებდა არანაირ ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებას ბენეფიციარის [„კონვენტ ჯორჯიას“] წინაშე.
საბოლოოდ ტენდერში გამარჯვებული გაუჩინარდა, აღმოჩნდა, რომ ბრიტანული Point Bank-ი გადახდისუუნარო იყო, ბათუმის მერიამ დამატებით დახარჯა ფული იურიდიულ მომსახურებაში, ხოლო ზიანის ანაზღაურებას „ბაზისბანკს“ სთხოვს. „იაფი სახლის საქმის“ გამო კი, 2019 წლის 30 მაისს 7 მაღალჩინოსანი დააკავეს.

სახელმწიფოს პრობლემა უშუალოდ „ტოდინმაც“ შეუქმნა სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 3] მშენებლობაზე. ამ შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა, ხელშეკრულების ფარგლებში კი „ტოდინს“ წარმოდგენილი ჰქონდა ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები „ასტანა ბანკისგან“. ამ გარანტიების ამოქმედება უნდა განეხილა ყაზახეთის სალიკვიდაციო კომისიას, ვინაიდან „ასტანა ბანკი“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტში, „დეპარტამენტსა და „ტოდინს“ შორის ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორზე ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კი მთავრობა „ტოდინს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და მას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

ხულო-ზარზმის გზა – „ბათუმელების“ კითხვები დეპარტამენტს და დეპარტამენტის პასუხი

ბათუმელები: არსებობს თუ არა პირველი ლოტით [ხულო – გოდერძის მონაკვეთი] გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი? გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ გეგმა-გრაფიკის [ქართული ვარიანტის] ასლი ელექტრონულად.
გზების დეპარტამენტი: კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილია სამუშაოების პროგრამა, ზედამხედველმა ინჟინერმა აღნიშნული პროგრამა შენიშვნებით დაუბრუნა კონტრაქტორს გამოსასწორებლად.

გამოდის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე, სამუშაოების შეთანხმებული, საბოლოო პროგრამა არ არსებობს.

ბათუმელები: გვაქვს ინფორმაცია, რომ დეპარტამენტში „ტოდინის“ დაჯარიმებასთან ერთად შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიასთან ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულებების [ლოტი1 და ლოტი2] შეწყვეტის საკითხიც. აქვს თუ არა შესაბამისი საფუძველი დეპარტამენტს, გთხოვთ, თქვენს კომენტარს..
გზების დეპარტამენტი: ხელშეკრულების ზოგადი პირობების 8.7 მუხლი ითვალისწინებს კონტრაქტორისთვის დაგვიანების ხარჯის დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორმა სამუშაოები ვერ დაასრულა სამუშაოების დასრულების ვადაში. კონტრაქტორმა სამუშაოები ორივე ლოტზე უნდა დაასრულოს 2020 წლის 1 ოქტომბერს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, კონტრაქტორს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

თუ გავითვალისწინებთ პროექტის მასშტაბურობას, ამ დრომდე შესრულებულ თუ შეუსრულებელ სამუშაოებს და რთულ რელიეფს [გოდერძის უღელტეხილი] სადაც არა თუ სამუშაოები, არამედ თვეობით გზაც კი იკეტება შემოდგომიდან გაზაფხულამდე, სამუშაოებისთვის ფაქტობრივად 10 თვე რჩება კომპანიას ვადაში რომ ჩაეტიოს. ამ დროში კი პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია [გამორიცხული არაა დეპარტამენტმა ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანოს და ეს ვადაც გადაუვადოს კომპანიას ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე].

გასათვალისწინებელია, ისიც, რომ პროექტი, ვადაში უკვე გაიწელა [მიუხედავად იმისა, რომ „ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“]. ასეთ სიტუაციაში კი სახელმწიფოს, თუ დეპარტამენტის ინფორმაციას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს – ან შეგნებულად არ იტოვებს.

ბათუმელები: ხომ არ შესულა რაიმე ცვლილება ამ ხელშეკრულებებში?
გზების დეპარტამენტი: ხელშეკრულებებში ცვლილება არ განხორციელებულა.

ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა, ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო „სამუშაოების პროგრესი“ კი დეპარტამენტის განცხადებით, „არის ძალიან სუსტი“. ეს პროგრესი ეტყობა იმდენად სუსტია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი ორი კვარტლის საქმიანობის ანგარიშში ხულო-ზარზმის გზა საერთოდ არც ახსენა. არადა ეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მასში 110 მილიონი ლარი იხარჯება, რომელსაც სახელმწიფო სესხად იღებს.

ბათუმელები: რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.”-ს 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული N EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების [სამტრედია-გრიგოლეთის გზა] ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით? რას [რა ოდენობის თანხის ანაზღაურებას] ითხოვს სახელმწიფო „ტოდინისგან“? რა სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს ამ კუთხით?
გზების დეპარტამენტი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის [ლოტი 3] სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე დაწყებულია საარბიტრაჟო დავის პროცედურები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოქმედება და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე სახის ინფორმაცია ვერ გაიცემა“.

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულოს მონაკვეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 21 საათიდან 26 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25- 30 გრადუსი
  • ღამით: 18- 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 8-13 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 აგვისტოს, საღამოს და ღამის საათებში, ზოგან მოსალოდნელია წვიმა.

___________________________

ფოტო: არჩილ კახაძე/„ბათუმელები“

ბათუმის უნივერსიტეტმა სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

200 პირზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ლეონიძის #15-ში მაისში გაიხსნა. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი.

სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები.

რეგისტრაცია 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბსუ-ს ცნობით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება:

  • სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (70 000 და ნაკლები ქულა) რეგისტრირებული ოჯახიდან
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრებ სტუდენტებს
  • აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ სტუდენტებს – ხულოს რაიონი, შუახევის რაიონი, ქედის რაიონი, ხელვაჩაურის რაიონის სოფლები: ქვედა ქოქოლეთი, ქობულეთის რაიონის სოფლები: დიდვაკე, ხინო
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილებს
  • საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილებს
  • ობლებს (დედით ან მამით)
  • იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე სტუდენტს
  • მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) ოჯახის წევრს
  • ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახის წევრ სტუდენტს
  • სტუდენტს, რომელიც არის მარტოხელა დედის შვილი
  • ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ მყოფ სტუდენტს
  • სტუდენტს, რომლის და ან/და ძმა არის ბსუ-ს სტუდენტი

საერთო საცხოვრებლის გადასახადი ბსუ-ს სტუდენტისათვის/პროფესიული სტუდენტისათვის ყოველთვიურად 100 ლარია;  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბსუ-ს სტუდენტებისათვის – ყოველთვიურად 100 აშშ დოლარი (აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში);  სხვა პირთათვის/ბსუ-ს სტუმრებისათვის – ყოველთვიურად 100 აშშ დოლარი (აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ხოლო ერთი დღის (მომდევნო დღის 12:00 სთ-მდე) – 20 ლარი.

საერთო საცხოვრებელში შესახლება ხდება წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრის დაწყებისას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების დასაწამლად 369 000 ლარი იხარჯება

ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება.

პროგრამას, რომლის ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსებისა და ბათუმური ეზოების დამუშავება ხდება, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 369 000 ლარია. იმავე პროგრამის ფარგლებში ხდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში.

„ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების დამუშავება მღრღნელებზე პროგრამულადაა გათვალისწინებული, 1080 სახლია, თვეში ერთჯერ კეთდება, არის როგორც მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსები, ასევე იტალიური ეზოები, ხდება დერატიზაცია [მღრღნელების განადგურება]. რაც შეეხება კოღოებს, 730 მისამართზე, თვეში ორჯერ ტარდება გეგმიურად შეწამვლა“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე, სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

კოღოების შეწამვლის ღონისძიებებს მერია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ახორციელებს, ხოლო მღრღნელების დერატიზაციას – მთელი წლის განმავლობაში. ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, მოსახლეობას შეუძლია მერიას მიმართოს მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ნომერზე – 0422 27 69 13. 

რა უნდოდა ტრაქტორს დამსვენებლებით სავსე პლაჟზე – ქობულეთის მერის განმარტება

დამსვენებლებით სავსე ქობულეთის პლაჟზე ტრაქტორი დღეს, 24 აგვისტოს, დილით გამოჩნდა.

პლაჟზე მოსიარულე ტრაქტორის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქობულეთის მერიას განმარტების გაკეთება მოუწია.

„დილით სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს. რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც დამატებით ტექნიკას საჭიროებდა. სანაპირო ზოლზე ტრაქტორის გაყვანა გახდა საჭირო. დამსვენებლებისთვის ხის დიდი კუნძები დისკომფორტს ქმნიდა. გადავწყვიტეთ მაქსიმალურად სწრაფად მოგვეწესრიგებია პლაჟი,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

რა მარშრუტით მოძრაობენ მიკროავტობუსები ბათუმში – 2 ახალი ხაზი და კონკურსი

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ახალ კონკურსს, ახალი პირობებით გამოაცხადებს. კონკურსის გამოცხადების თარიღი, როგორც მერიაში გვითხრეს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ქალაქის სამარშრუტო ხაზებს, ორი ახალი ხაზიც დაემატება – N23 და N27, რომლებზეც მიკროავტობუსები კონკურსის დასრულების შემდეგ იმოძრავებენ. კონკურსის პირობები და ახალი ხაზები ბათუმის საკრებულომ 22 აგვისტოს დაამტკიცა.

მთავარი სიახლე არის ის, რომ კონკურსში არა მხოლოდ კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მიკროავტობუსების მფლობელსაც შეეძლებათ ინდივიდუალურად მონაწილეობა, თუნდაც ერთი მიკროავტობუსი გააჩნდეთ საკუთრებაში. მიკროავტობუსებში კონდენცირების სისტემის ქონა კი სავალდებულო ისევ არ იქნება.

ბათუმში მიკროავტობუსების მოძრაობის მარშრუტები

ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა“.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

რატომ გაჭიანურდა შსს-ს 2 ვერტმფრენის რემონტი, რაშიც 6,5 მილიონი დოლარი იხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის კუთვნილ ორ ვერტმფრენს ბელარუსში, ორშის ავიასარემონტო ქარხანაში არემონტებენ. ქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ორთავე ვერტმფრენის რემონტში სასაზღვრო პოლიციამ 6 574 700 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.

„მი-8მტვ-1“ და „მი-8ამტ“ ვერტმფრენები, სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, ბელარუსში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიგზავნა. ვერტმფრენების რემონტი 2019 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქარხანა ამ ვადის გადაწევას უკვე მეორედ ითხოვს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენის ძრავების მთელი რიგი დეტალები და მაკომპლექტებელი ნაწილები აღმოჩნდა წუნდებული, მთავარი რედუქტორი არ დაექვემდებარა რემონტს და ისინი გახდა ჩასანაცვლებელი, რასაც დასჭირდა დამატებითი დრო.

„ვერტმფრენის დეფექტაციის პროცესში გამოვლენილი რემონტისთვის უვარგისი ბლოკების, აგრეგატების და მაკომპლექტებელი ნაკეთობების (რომლებიც არ ექვემდებარება მომწოდებლის მიერ გამოცვლას), ან ექსპლოატაციის შეზღუდული ვადის მქონე აგრეგატების (რომლებსაც დარჩენილი აქვთ რემონტთაშორის რესურსზე ნაკლები ნაშთი) სანაცვლოდ, სარემონტოდ ვარგისი ბლოკების, აგრეგატების და რემონტთშორისი ექსპლოატაციის მქონე აგრეგატების სარემონტო ქარხნისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას… ორშის ავიასარემონტო ქარხანაში დეფექტაციის დროს, ორივე შვეულმფრენის საავიაციო ძრავების მთელი რიგი ძვირადღირებული აგრეგატები აღმოჩნდა წუნდებული, რომელთა გამოცვლა არ შედიოდა ძრავების კაპიტალური რემონტის ღირებულებაში. მხარეების მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები, განისაზღვრა აგრეგატების, ბლოკების და ნაკეთობების ჩამონათვალი, რომლებიც არ დაექვემდებარა სარემონტო სამუშაოებს. დამატებითი სამუშაოების ჩატარებას დაჭირდა 2 თვე“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში, რომელიც შესყიდვების სააგენტოში გადაიგზავნა – ვერტმფრენების რემონტის დასრულების დროის გადავადების შეთანხმების მიზნით.

„ასევე, „მი-8ამტ“ ვერტმფრენის მთავარი რედუქტორი ВР-14 ორშის ავიასარემონტო ქარხნის მიერ სარემონტოდ ბელარუსიდან გაიგზავნა სს „ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა“-ში (რუსეთის ფედერაცია), იგი არ დაექვემდებარა რემონტს და დაუბრუნდათ უკან. პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, ხელშეკრულებაზე განხორციელდა დამატებითი შეთანხმება და 2019 წლის ივნისის თვეში შემცვლელი მთავარი რედუქტორი საქართველოდან გაიგზავნა ბელარუსში“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მიაჩნია, რომ „ორშის ავიასარემონტო ქარხნის არგუმენტები არის არგუმენტირებული და მათი მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების თავდაპირველი ვადების გაზრდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და „მი-8მტვ-1“ ვერტმფრენის სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა გაიზარდოს 235 კალენდარულ დღემდე (მიწოდებიდან), ხოლო „მი-8ამტ-1“-ის – 295 კალენდარულ დღემდე“. შესაბამისად ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 28 სექტემბრამდე გადაიწევს.

შესყიდვების სააგენტოში სასაზღვრო პოლიციის განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღი კი 2019 წლის 29 აგვისტოა.

ვერტმფრენების ტენდერის გარეშე გარემონტების მიზნით პოლიციამ სააგენტოს 2018 წლის ოქტომბერში მიმართა [შესყიდვის ღირებულებად, განაცხადის მიხედვით, მაშინაც და ახლაც, მითითებულია 6 886 629 აშშ დოლარი].

მაშინდელი განაცხადით სასაზღვრო პოლიცია ამტკიცებდა, რომ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული წესით უნდა მომხდარიყო. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ სასაზღვრო პოლიციის „ბალანსზე არსებული ერთადერთი „МИ“ მოდელის ვერტმფრენის ფრენა-საათების რესურსი იწურება, უახლოეს მომავალში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დარჩება აღნიშნული მოდელის საფრენი აპარატის გარეშე. ფრანგული წარმოების ვერტმფრენები კი, რთული რელიეფისა და კლიმატურ პირობების დროს დავალებების შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ“.

მთავარი ფოტო: “MI-8” ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამავე თემაზე „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

რა შესაძლებლობები აქვს შსს-ის ბალანსზე არსებულ ვერტმფრენებს ხანძრების დროს

შსს 1 წელია იძიებს, ვინ გაქურდა ვერტმფრენები საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე

 

სად არის დაშვებული და სად აკრძალული ზღვაში ბანაობა დღეს აჭარის პლაჟებზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 24 აგვისტოს, აჭარის პლაჟებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია: ბათუმში, ქობულეთსა და ციხისძირში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის [14:40 სთ] აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა დაშვებულია მხოლოდ გონიოს, კვარიათისა და სარფის პლაჟებზე, სადაც, შესაბამისად თეთრი ალმებია აღმართული.

გუშინ, 23 აგვისტოს, ზღვაში შესვლა აკრძალული იყო შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე

 

 

40 ათასი ლარი ფრანების ფესტივალისთვის ბათუმში

ფრანების ფესტივალის ჩატარება ბათუმში 2019 წლის 28-29 სექტემბერს, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ფესტივალის ორგანიზებისთვის კი, ბათუმის სპორტულმა ცენტრმა, რომელიც, მერიის ააიპ-ია, ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია.

ფესტივალზე იქნება ორი DJ. პირობის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭება ცნობილ DJ-ბს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ფესტივალის პერიოდში შესაბამისი მუსიკალური გაფორმება; ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ფრანების მასტერკლასი [გამოცდილი ტრენერები, ჩაუტარებენ მასტერკლასს მოქალაქეებს, ხელნაკეთი ფრანების აწყობაში] ასევე ტრენერები ჩაუტარებენ მასტერკლასს მოქალაქეებს, სამოყვარულო ფრანების ცაში გაშვებაშიც;

ფესტივალზე იქნება გიგანტური ფრანები – ერთი ცალი არანაკლებ 14-მეტრიანი თევზი ფრანი, ოთხი ცალი (ფერადი) არანაკლებ 13-მეტრიანი დელტა ფრანი, ორი ცალი არანკლებ 5 მეტრი რადიუსის მქონე, მეგა ბურთის ფრანი; ასევე სპორტული, მეგა, საშუალო სამოყვარულო და ჩიტი ფრანები [ამ ფრანებთ გაიმართება რამდენიმე საჩვენელი სპორტული შოუ].

ტენდერში წინადადებების მიღება 25 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტოს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ივნისი, 2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

კურორტ ბახმაროში წუხელ ორი სახლი დაიწვა

კურორტ ბახმაროში 23 აგვისტოს, გვიან ღამით, ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დაახლოებით ორ საათში მოახერხა.

კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„რომ არა მეხანძრეები და მაშველები, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა და ადვილი შესაძლებელი იყო ცეცხლი სხვა სახლებზეც გადასულიყო“ – გვითხრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით საჯაიამ.

მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ხანძრის კერა იმ სახლში იყო, სადაც დამსვენებლები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორე სახლი, რომელიც დაიწვა, ცარიელი იყო.

ბათუმში 55 ქუჩას ღამით წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყალის“ განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან 25 აგვისტოს დილის 8:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს:

მაქაცარიას ქუჩას, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩას, ბაქოს ქუჩა (იმედაშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), კანდელაკის ქუჩა, მერკვილაძის ქუჩა, შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა, ფადიმე გოგიტიძის ქუჩა, ქართველ იუნკერთა ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, შალვა იოსელიანის ქუჩა, პაოლო იაშვილის ქუჩა, ლევან ქიქავას ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, სერგი მესხის ქუჩა, გულო აღა კაიკაციშვილის ქუჩა, რაფიელ ერისთავის შესახვევი, რაფიელ ერისთავის 1 ჩიხი, რაფიელ ერისთავის 2 ჩიხი, სერგი მესხი 1 შესახვევი, ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა, ფერიის დასახლება, თედო სახოკიას ქუჩა, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-3 ჩიხი, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-4 ჩიხი, გიორგი წერეთელის ქუჩა, გიორგი ვოლსკის ქუჩა, რეზო თაბუკაშვილის ქუჩა, დანიელ ჭონქაძის ქუჩა, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა, დიმიტრი სვიშევსკის 1 შესახვევი, დიმიტრი სვიშევსკის 1 ჩიხი, დიმიტრი სვიშევსკის მე-2 ჩიხი, ნადიმ ნიჟარაძის 1 ჩიხი, შინდისის ქუჩა, იოსებ ნონეშვილის ქუჩა, იუსუფ ფაღავას ქუჩა, დავით ბაქრაძის ქუჩა, სულეიმან დიასამიძის ქუჩა, ჯემალ ქათამაძის ქუჩა, სულეიმან დიასამიძის ჩიხი, ჯემალ ქათამაძის ჩიხი, თამარ მეფის ქუჩა, თამარ მეფის ჩიხი, შრომის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ჩიხი, ხასან ლორთქიფანიძის ქუჩა, აგარაკის ქუჩა, კაზინეცის ქუჩა, ძმები ნობელების ქუჩა, ძმები ნობელების 1 შესახვევი, ძმები ნობელების მე-2 შესახვევი, სერგი მესხის მე-3 ჩიხი.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის

ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash-მა გაიმარჯვა ბათუმის ავტობუსების ტენდერში, რომლის საფუძველზეც ბელარუსის მხრიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა მოხდება – ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა და მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც განაცხადეს, რომ საბოლოო დოკუმენტაცია ჯერ ტენდერში გამარჯვებულის შესახებ არ მიუღიათ, შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულთან არც ხელშეკრულებაა გაფორმებული.

რა თანხას გადაიხდიან 8 ელექტროავტობუსში, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.

მიმდინარე წლის 13 ივნისს, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) 30 დღის განმავლობაში უნდა განეხილა და გამარჯვებული დაესახელებინა.

ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ტენდერის პირველ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაცია სამმა კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი წინადადებების განხილვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განახორციელეს. პირველი ეტაპი სამივე კომპანიამ გადალახა, თუმცა მეორე ეტაპზე დოკუმენტაცია მხოლოდ ორმა კომპანიამ წარადგინა.

ელექტროავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხითა და მოპოვებული გრანტის საშუალებით ხორციელდება. ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ ასევე განაცხადეს, რომ ელექტროავტობუსების ფერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

____________________

მთავარი ფოტო: მინსკის საავტომობილო ქარხანა / ფოტო: საქართველოს მთავრობა

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

„სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას – უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

____________

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მედეა ვასაძე წერს, რომ 30 000 დოლარი შესთავაზეს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მას პროვოკაციაში ადანაშაულებს. მედეა ვასაძე წერს, რომ დღეს, 23 აგვისტოს, მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის სანაცვლოდ.

„მან შემოსვლისთანავე დააზუსტა ვიყავი თუ არა მარტო, მოკითხვის შემდეგ კი მითხრა, რომ ბოლო ოცი წელი ცხოვრობდა რუსეთში, იყო ერთი თვის დაბრუნებული, ეძებდა სამსახურს, მზად იყო თანხის (30 000 დოლარის) გადასახდელად, რომლის ნაწილიც თან ჰქონდა და დამისახელა რამდენიმე თანამდებობა, აგრეთვე თანახმა იყო იმაზეც, რასაც შევთავაზებდი. ჩემი პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ თუ რაიმე შემეძლო, ამის გარეშეც დავეხმარებოდი, ამ შინაარსის თხოვნას კი კატეგორიულად არ ვღებულობდი. ბატონო გომელაურო, შეწყვიტეთ ეს მაპროვოცირებელი, დაგეგმილი, მართვადი ქმედებები, რომელიც ერთხელ უკვე,”მოსინჯული” გაქვთ მურმან დუმბაძესთან მიმართებაში (2015 წელს), რაზედაც მიმართული გვაქვს პროკურატურისათვის და მეხუთე წელია, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციის მომწყობი თქვენი აგენტი უკანვე “ჩაგაბარეთ”, გამოძიება ადგილიდან დაძრულიც კი არ არის“ – წერს მედეა ვასაძე. 

 

0:4 დინამო ბათუმმა სიონი დაამარცხა

0:4 ამ ანგარიშით დამთავრდა ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი დინამო ბათუმსა და “სიონს” შორის.

პირველი გოლი თამაშში 50-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა “სიონის”  კარში. მეორე  გოლი 71-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა. მერე გოლიდან მალევე, 79-ე წუთზე მესამე გოლი ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა.

თამაშის მიწურულს, 84-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულად და ტაბლოზე ანგარიში 0:4 დაფიქსირდა.

დღევანდელი მოგებით დინამო ბათუმს აქვს 49 ქულა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

„ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ყოფნას“ – საიას თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე 

ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ, სადაც შპს „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს მათაც, ვინც აქამდე პროექტის საწინააღმდეგო აქციებში არ მონაწილეობდნენ. სოციალურ ქსელშიც ბევრმა უწოდა ამ გადაწყვეტილებას „დანაშაული“ და „სამარცხვინო“. თავიანთ პოზიციას იცავენ მომხრეებიც, თუმცა ამ დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ 5 თაუერის მშენებლობას ბათუმის კონცხზე  გაცილებით მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე ეს ამ დრომდე ჩანდა.

ჩვენ დავამტკიცებთ გეგმას და დანარჩენი მერიამ გადაწყვიტოს – დაახლოებით ასე განმარტა საკრებულოს უმრავლესობამ თავისი პოზიცია საკითხის კენჭისყრამდე. რას ნიშნავს ეს პასუხი? –  რამდენად აქვთ  საკრებულოს წევრებს  გააზრებული, საკუთარი ამომრჩევლის პროტესტის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა შემდგომ პროცესებზე; რა გვაჩვენა ამ დამოკიდებულებამ?  – „ბათუმელების“ კითხვებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე პასუხობს.

  • სულხან, როგორ შეაფასებთ საკრებულოს გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როცა უმრავლესობაში  ერთი კრიტიკული პოზიციაც კი არ დაფიქსირებულა პროექტთან მიმართებაში?

საქართველოში, ზოგადად, საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ორგანოებს ორი დიდი გამოწვევა აქვთ, სხვა გამოწვევების პარალელურად. ერთია პოლიტიკური დაკვეთისაგან დისტანცირება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. მეორე ეს არის ფული, როდესაც გავლენიანი ჯგუფი, ეს იქნება ბიზნესი თუ სხვა, ცდილობს ამ ფულის გამოყენებით ან ცოტა სხვა საშუალებების ჩართვითა და მანიპულაციებით სასურველი შედეგის მიღებას. მე მგონია, რომ ერთიც სახეზე იყო და მეორეც, როცა საკრებულო ამ გადაწყვეტილებას იღებდა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არ ეკადრება. არც ერთი ადამიანი, რომელმაც გუშინ, 22 აგვისტოს, არასათანადო და არასრული დოკუმენტების პირობებში მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, არ იმსახურებს იყოს საკრებულოს წევრი.

ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდება ისეთი თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში, როგორიც ბათუმია, მარტივად შეიძლება წარმოვიდგინოთ რა ხდება სხვა საკრებულოებში, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და დაკვეთების შესრულება. არასრული დოკუმენტების ფონზე, როდესაც არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებზე არ არის არგუმენტირებული პასუხები, ამ ფონზე საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საკრებულოში არის შემთხვევით მოხვედრილი ხალხი. ეს არის პარტიულ ერთგულებაზე და არა ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანების ერთობა, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს, რა იქნება ხვალ და ზეგ.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ 1999 წელს ამ ტერიტორიაზე არსებულ კანიონთან დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრი სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა და ამის შემდეგ მაინც იღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა აქვს არანაირი გამართლება – საუბარი ზედმეტია. იმის თქმა, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ამ დოკუმენტს ვამტკიცებთ და დანარჩენი კარგად მერიამ შეისწავლოს… მერია არაფრის გამკეთებელი არ არის, სინამდვილეში, მერიაც და საკრებულოც ერთია.

მერია ისეთივე უსუსური და უპასუხისმგებლო იქნება ამ პროცესში, როგორც  საკრებულო იყო.

მე მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, საერთოდ არ უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები. ეს არის ნამდვილად სირცხვილი ქალაქის ისტორიაში, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს თვითმმართველობის და იმ ქალაქის ისტორიაში, რომელიც გამოცხადდა თვითმმართველ ქალაქად დიდი ხნის წინ.

მაშინ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს [ხმოსნებმა], რომ ქალაქი განაშენიანებულიყო როგორც წესი და რიგია. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული გუშინ არ მომხდარა, ეს იყო მორიგი დემონსტრირება იმისა, რაც ხდება ამ ქვეყანაში. რომ საკრებულო და თვითმმართველობები არ მართავენ ქალაქებს, მათ მართავენ კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები და გავლენიანი ჯგუფები. რაც ყველაზე ცუდი და შემაწუხებელია – ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს შეასრულონ პოლიტიკური დაკვეთა, როდესაც ეს ეხება კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს.

  • გუშინ პროტესტი დააფიქსირეს ადამიანებმა, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ აქციებში. აღმოჩნდა, რომ გაცილებით ბევრს აქვს კითხვები ამ პროექტის შესახებ. დაგეგმილი პროექტის მასშტაბები მოულოდნელი იყო იმ სპეციალისტებისთვისაც კი, რომლებმაც კომპანიის დაკვეთით კვლევები ჩაატარეს. ამ ვითარებაში საკრებულომ თავისი  გადაწყვეტილებით რა გვაჩვენა?  

გვაჩვენა, რომ ისინი არ მიიჩნევენ  თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, ამომრჩევლის წინაშე, მათ არ ენაღვლებათ და არ აინტერესებთ რას ფიქრობენ მოქალაქეები. რეალურად, როდესაც მიდგება საქმე მშენებლობაზე, საზოგადოება უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი, რომ მათ არ მისცენ ამის საშუალება. გვაქვს ამ ქვეყანაში მაგალითები, როდესაც საჯარო სივრცეების შენარჩუნებისთვის საზოგადოებამ წარმატებას მიაღწია და ამის მორიგი დემონსტრირება უნდა იყოს ეს. სინამდვილეში, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთ მათგანს საკრებულოს არჩევნები არ მოუგია.

ამომრჩეველს, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ხმა იმიტომ არ მიუცია, რომ რომელიმე მათგანი იყო კარგი კანდიდატი. ხმა მისცა იმიტომ, რომ პარტიულ ერთგულებაზე იყო საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კლასიკური პარტიები არ არსებობენ. არსებობენ პიროვნებები და პიროვნებებზე მიბმული მთელი არმია, რომელიც ჩვეულებრივი მასაა და არაფერი განსაკუთრებული. ამიტომაც ისინი ვერ აღიქვამენ თავს ანგარიშვალდებულად ამ ადამიანების მიმართ.

ერთ ადამიანსაც კი რომ ეთქვა გუშინ, რას აკეთებთ, ვიდრე ყველა დოკუმენტი არ იქნება, ნუ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებასო… რაზეც უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არასრული დოკუმენტის პირობებში წარსული გამოცდილების პირობებში, ეს საფრთხის შემცველია, მაშინ ნორმალური და წესიერი საკრებულოს წევრი ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭერდა მხარს. მაგრამ ისინი არ მიიჩნევენ, რომ ვინმეს მიმართ ანგარიშვალდებულები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე.

  • ცენტრალური სტრუქტურების პასუხისმგებლობაზეც მინდა გკითხო, როცა  კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ეკონომიკის, ასევე ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში იყო გადაგზავნილი, ყველა სტრუქტურამ მწვანე შუქი აუნთო პროექტს. საზოგადოება საუბრობდა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის აუცილებლობაზე, თუმცა მათ არავინ მოუსმინა.

ვთქვათ ისიც, რომ ცენტრალური სტრუქტურები არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე ბათუმის საკრებულო. როცა ვლაპარაკობთ, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრობლემა არსებობს საქართველოში, სწორედ ამის დემონსტრირებაა, რომ რეალურად დამოუკიდებლობის პრობლემა აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში არსებულ სტრუქტურებს.

ამიტომაც არ მიკვირს, რასაც ვხედავთ ამ პროცესში. მით უმეტეს არ მიკვირს, როცა ვიცით, რომ პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ეს ვიცით და ყველა სტრუქტურა არის მოწყვლადი ასეთ დროს.

არ შეუძლიათ, ეს აღემატება მათ ძალებს, რომ ვინმემ რამე თქვას, რომ თუკი ერთი კონკრეტული შემთხვევა არსებობს და შეიძლება რაღაც პრობლემა გაჩნდეს, ამის გამო, რადგან ამხელა დაკვეთაზეა საუბარი, ამის გამო ჩვენ უნდა ვთქვათ უარი. მე ყველას გავახსენებ პანორამა თბილისის პროექტს, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ამბობდა, რომ ეს მისი პირადი ახირება იყო, რომ ეს პროექტი აშენებულიყო. ჩვენ გვქონდა მაშინ სარჩელი სასამართლოში და ძალიან კარგად გვახსოვს, რა როლს ასრულებს ამ პროცესში მათ შორის სასამართლო.

როდესაც ლაპარაკია პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრობლემაზე, პოლიტიკურ დაკვეთაზე, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, პარლამენტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას,  ეხება სასამართლოს, ეხება თვითმმართველობებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია ასეთ დროს. ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული აქ არ მომხდარა. შესაძლოა ძალიან კარგადაც იციან, რომ ეს პროექტი შეიცავს საფრთხეებს, თუმცა მათთვის ახლა ეს არ არის მთავარი, მათთვის მთავარია, რა არის დაკვეთა და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან მათ იციან, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება ისინი აღარ იყვნენ იმ ადგილებზე, სადაც მუშაობენ. ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დასაქმებულების ადგილზე ყოფნა –  ეს რომ  იყოს სინამდვილეში მიბმული კანონის უზენაესობასთან, მაშინ ის არ იქნება, რაც ახლა ხდება.

  • თუ კონცხზე მართლაც დადგა სავალალო შედეგი, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება?

პასუხისმგებლობას რომ გრძნობდეს რომელიმე უწყება, მაშინ ბევრად უფრო გონივრულად მოიქცეოდნენ. კომპანია გეუბნება, ათი ჰექტარი რადგან არ არის, ამიტომ არ ვაკეთებ გეზეშეს, ამის ვალდებულება არ მაქვსო. პასუხისმგებლიანი კომპანია 3-4 ჰექტარზეც გააკეთებდა ამას, თუკი კითხვები გაჩნდებოდა. მგონია, რომ სხვა ტიპის გარანტიები აქვთ, რომ ეს არ მოხდება. იმდენად დიდ ფულზეა აქ ლაპარაკი, რომ ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი არ მაქვს მოლოდინი, რომ ასეთი რამის გამო ვინმე აგებს პასუხს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ამ ქვეყანაში.

Exit mobile version