ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას 414 207 ლარით ნაკლებად მიჰყიდა მიწა მწვანე კონცხზე – აუდიტი

12.11.2019 • 2727
მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას 414 207 ლარით ნაკლებად მიჰყიდა მიწა მწვანე კონცხზე – აუდიტი

მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვით, საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად მიჰყიდა, – აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 414 207 ლარით ნაკლებად.

ქონება 2017 წელს გასხვისდა და ფასიც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი, თუმცა სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რვათვიან შუალედში ექსპერტიზამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ფასად შეაფასა – ერთ შემთხვევაში 1 კვ.მ – 109 ლარად, ხოლო მეორე შემთხვევაში – 40 ლარად. სწორედ 40 ლარად მიჰყიდეს „ბიზნეს დეველოპმენტს“ 1 კვ.მ მიწა აუქციონის გარეშე.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე ახალი საბაგირო გზის აშენებას გეგმავს. ეს კომპანია მწვანე კონცხზე [ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე] მრავალფუნქციურ ტურისტულ კომპლექსს – „მაგნოლიასაც“ აშენებს.

დასასვენებელ კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორიც ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქ. ბათუმში, მაგნოლიის ქუჩაზე მდებარე 32,67 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, მწვანე კონცხის დასახლებაში ხუთ საკადასტრო ერთეულზე მდებარე 7944 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული 424,3 კვ.მ ორი ერთეული შენობა-ნაგებობა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების ტოლ თანხად – 686 382 ლარად გაიყიდა [მყიდველი – „ბიზნეს დეველოპმენტი“].

2017 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა კვების ობიექტების, ღია ტიპის საცურაო აუზისა და საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო სადგურის მშენებლობა.

„აღსანიშნავია, რომ საპრივატიზებო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს დაკვეთით, დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ შეფასებულია ხუთივე საკადასტრო ერთეულზე რიცხული მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთ-ერთ საკადასტო რკოდზე მდებარე 6003 კვ.მ მიწის ნაკვეთი [გასხვისებული ნაკვეთებიდან უდიდესი], ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 29 სექტემბრის დასკვნით 240 120 ლარად, ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 40 ლარად შეფასდა.

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების შესაბამისად ირკვევა, რომ მითითებული მისამართის მომიჯნავედ არსებული 11 898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთეული ფართობის ღირებულება, იმავე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით [8 თვით ადრე], 2017 წლის 18 იანვარს 109 ლარად არის შეფასებული.

აღნიშნული შეუსაბამობის მიუხედავად, სამინისტროს არ მოუთხოვია ქონების შეფასების დოკუმენტის გადამოწმება. შედეგად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების
პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით, სავარაუდოდ 414 207 ლარით ნაკლები თანხით განხორციელდა“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშში ნახსენები 109 ლარად [1 კვ.მ] შეფასებული მიწის ნაკვეთი, ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მიმდებარედაა, ხოლო 40 ლარად შეფასებული – იქვე, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ. ორივე ნაკვეთი დღეს „ბიზნეს დეველოპმენტის“ საკუთრებაშია, სასწავლო კორპუსი კი დანგრეულია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს „სილქ როუდ ჯგუფმა“ პროექტი – „რივიერა ბათუმი“, რომელიც ხელოვნური ყურის შექმნასაც მოიცავს იახტების მისაღებად. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ კი 1 ლარად 20 წლით გადასცეს ბათუმის იახტკლუბის ნავსაყუდელი და მიმდებარე ნაკვეთები. აღნიშნული გარიგებით, „სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – აცხადებს აუდიტი.

ამ თემაზე: მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც აჭარის ქონების იაფად გასხვისებაზეა საუბარი, 11 ნოემბერს კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ამ თემაზე: თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

 

მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი, სადაც „ბიზნეს დეველოპმენტი“ „მაგნოლიას“ აშენებს / 2017 წელი / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: