მთავარი,სიახლეები

ტრანსგენდერი გოგო: მარკეტში სახეში დამარტყეს, პოლიციამ მე დამაკავა

12.11.2019 • 2258
ტრანსგენდერი გოგო: მარკეტში სახეში დამარტყეს, პოლიციამ მე დამაკავა

„მარკეტში მე და ჩემს მეგობარს შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სახეში რაღაც დამარტყეს, პოლიციელმა კი, ჯერ მარკეტიდან გამოგვყარა, მერე მანქანის კარზე სახე დამარტყმევინა,“ – ამბობს ტრანსგენდერი გოგო ქეთი მახარაძე. მისი თქმით, კონფლიქტი მარკეტში გუშინწინ, ღამის ორ საათზე იმის გამო მოხდა, რომ ის და მისი მეგობარი ტრანსი ქალები არიან.

„დაბადების დღიდან მოვდიოდით მე და ჩემი დაქალი, ნასვამი ვიყავით… ინასარიძის ქუჩაზე „იალჩინ მარკეტში“ შევიარეთ რაღაც პროდუქტების საყიდლად და იქ ერთმა ბიჭმა დაგვიწყო ხმამაღლა საუბარი, „ესენი გადაცმული პიდარასტები“ არიან, როგორ ყველგან არიან უკვეო… საშინელებებს ამბობდა. ჩვენ რომ გამოვეპასუხეთ, მერე მარკეტის თანამშრომელი ქალებიც გამოესარჩლნენ იმ ბიჭს. ირაკლი ერქვა. როგორც გავიგე, მენეჯერი შემცვლელი იყო. ქალები გვეძახდნენ, უსქესოები ხართ თქვენ, ურჯულოებიო. ერთმანეთს მივაყენეთ მე და იმ ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მერე იმან რაღაც გამომიქნია, არ ვიცი რა იყო, სახეში მომხვდა და ნაკაწრი მაქვს, მე პოლიცია გამოვიძახე,“ – გვიყვება ქეთი.

მისი თქმით, პოლიციელმა კონფლიქტის მონაწილე კაცი გაიყვანა და პოლიციის მანქანაში ჩასვა, პოლიციის სხვა მანქანაში ჩასვეს ქეთიც.

„პოლიციელს სიტყვით არაფერი უთქვამს, მაგრამ დამოკიდებულებაში ეტყობოდა აგრესია. ისე მომკიდა ხელი, ვუთხარი, მეტკინა, მოტეხილი მაქვს-მეთქი… შეურაცხყოფა მივაყენე პოლიციელსაც, ვაღიარებ და სასამართლოშიც ვთქვი ეს. ბორკილების დადების დროს სახე მანქანის კარს მივარტყი, ისე ძლიერ შემომაბრუნა,“ – აღნიშნავს ქეთი. მისივე მონათხრობის მიხედვით, მან მარკეტთან დატოვა მეგობარი ქალი, რომელსაც კონფლიქტის დროს მარკეტში ნაყიდი პროდუქტი ტროტუარზე დაუცვივდა. ქეთის თქმით, მის მეგობარს ვინაობის გამხელა არ სურს.

ქეთი მახარაძე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ქეთი მახარაძეს გუშინ, 11 ნოემბერს, ერთი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ადვოკატი არ ჰყავდა.

რით დასაჯეს კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარე?

ტრანსგენდერი ქალის თქმით, ბიჭს ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, თუმცა ამას არ ადასტურებს არც სასამართლო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ქალი მარკეტიდან პოლიციას არ გამოუყვანია და იგი „იალჩინ მარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. პოლიციას იქვე სხვა პირი არ დაუკავებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ მოუწოდებია ინფორმაცია, რა გამოარკვიეს სამართალდამცველებმა მარკეტში მომხდარ კონფლიქტზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის თქმით, „იალჩინ მარკეტში“ მომხდარ ინციდენტზე მხოლოდ ერთი – ტრანსგენდერი გოგოს საქმე განიხილა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ და მას ერთი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

„მე პოლიციელებმა მითხრეს, რომ იმას ორი კვირა მოუწევს პატიმრობაო… სასამართლო პროცესს როცა ველოდებოდით, ჩემ წინ მანქანაში იჯდა, მაშინ მითხრეს. სასამართლოზე მე ბოდიში მოვიხადე, რომ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. მოსამართლე ლმობიერი აღმოჩნდა და მხოლოდ ერთი დღით დამაპატიმრა. მერე აღარ ვიცი, ტელეფონიც ჩამომართვეს და მთელი ღამე ვეღარ დავიძინე იზოლატორში“, – გვითხრა ქეთი მახარაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „იალჩინ მარკეტის“ ერთ-ერთ მენეჯერს, რომელმაც გვითხრა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდა. მან ჩვენთან საუბრის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიისგან განსხვავებით, დაადასტურა ის, რომ კონფლიქტი მარკეტში მოხდა და ამის ამსახველი ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერიც არსებობს. მარკეტის მენეჯერის თქმით, ბიჭი, რომელსაც ტრანსგენდერ გოგოებთან კონფლიქტი ჰქონდა, მარკეტში მუშაობას აგრძელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: