აჭარის მთავრობამ ქონების ფასი 4,9 მილიონით შეამცირა და ისე გაყიდა – აუდიტი


სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის მთავრობის შესაბამისი ბრძანებებით, „ყოველგვარი არგუმენტების გარეშეა“ შემცირებული.

მარტო 5 ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუდიტორის მიერ შეფასებული ქონების საერთო ღირებულება, მთავრობის მიერ 5 მილიონამდე ლარითაა შემცირებული და ისე არის გასხვისებული.

ინფორმაცია საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების შესახებ [აუდიტის ანგარიშიდან]:

აუდიტი აცხადებს, რომ „ცხრილში მოყვანილ შემთხვევებში, ექსპერტის მიერ შეფასებული ქონების ღირებულება, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ჯამში შემცირებულია 4 913 055 ლარით“.

„აუქციონები ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში წარიმართა, რის შედეგად აღნიშნული ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით ნაკლები თანხით განხორციელდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ სრულდება ან/და ქონება დატვირთულია იპოთეკით, რაც საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების არაეფექტურობაზე მიუთითებს და საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელების რისკებს შეიცავს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ ფიქსირდება საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა. კერძოდ:

„ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირის N291-ში მდებარე 26213 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, მიწის ნორმატიული ღირებულებით (1 კვ.მ − 55 ლარი), 2017 წელს მოითხოვა შპს „რანჩომ“, რომლის წინადადება არ იქნა გაზიარებული.

შპს „ალიანსის“ თხოვნის შემთხვევაში კი, აუდიტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტის“ მიერ 1 790 760 ლარად შეფასებული ქონება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით 367 260 ლარით შემცირდა და 1 423 500 ლარით განისაზღვრა (1 კვ.მ − 54,3 ლარი).

აუქციონი გამოცხადდა შპს „ალიანსის“ მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით [ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში, არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმროს, სპა ცენტრის, ბავშვთა გასართობი სივრცის, ღია სპორტული მოედნის და კვების ობიექტების მშენებლობას და ექსპლუატაციაში გაშვება; აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება], რის გამოც შესაძლოა შეიზღუდა კონკურენცია. 2018 წლის 12 მარტს ჩატარებული აუქციონი უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ერთადერთი პრეტენდენტის, შპს „ალიანსის“ გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოტივით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ, 2018 წლის 12 აპრილს, კომპანიამ მოითხოვა უძრავი ქონების საკადასტრო ერთეულებად დაყოფა და ვალდებულების გარეშე გაყიდვის უფლება, რაზედაც უარი ეთქვა. ამასთანავე, წარმოდგენილი ასაშენებელი ობიექტის ვიზუალური ესკიზი, სამინისტრომ არ მოიწონა და მოთხოვნილია გაუმჯობესებული არქიტექტურული გადაწყვეტისა და იერსახის მქონე პროექტის წარმოდგენა“.

„სამინისტროში არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება… საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების საკითხთან მიმართებით, ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, რაც შესაძლოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის რისკებს შეიცავდეს. სამინისტრომ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, პრივატიზების/სარგებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით განსაზღვრავს ქონების საწყის საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულებას. ამასთანავე, საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემცირება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერის მიზნით,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

2017-2018 წლებში სამინისტროსა და მერიის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ანგარიში, აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.

– – –

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, დღეს, 11 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ამ თემაზე:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com